№21 რატომ გეგმავდა გერმანული დაზვერვა სტალინის ლიკვიდაციას ჯერ კიდევ 1915 წელს
მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა წარმატებულად შეძლო და ყოველგვარი მარქსისტული დოგმების საპირისპიროდ, მოახერხა „ცალკეულ ქვეყანაში“ (საბჭოთა კავშირი) სოციალიზმის აშენება, საბჭოთა ბელადი რევოლუციონერ-იდეალისტი იყო და სამომავლოდ „მსოფლიო რევოლუციას“ გეგმავდა, როგორც ეს ორთოდოქსულ მარქსიზმში წერია... პროფესორი ავრიელ ვოსენცოვი წერს: „განათლებულ, მაგრამ სულსწრაფ და ამპარტავან ტროცკისგან განსხვავებით, „მსოფლიო პროლეტარულ რევოლუციას“ სტალინი ბევრად უფრო ფაქიზად და საქმიანად უდგებოდა. თუკი ტროცკი მხოლოდ გაჰყვიროდა – მსოფლიო რევოლუციის ცეცხლი უნდა დავანთოთო და ამით ბურჟუაზიას აფრთხობდა, ახალგაზრდა საბჭოეთის წინააღმდეგ რაზმავდა, სტალინი აბსოლუტურად საპირისპიროდ იქცეოდა.
სტალინის ყოფილი მდივანი ბაჟანოვი წერდა: „ტროცკის სიტყვები არასდროს სცდებოდა ყბედობას. სტალინს არასდროს უღრიალია მსოფლიოს გასაგონად – დედამიწა პროლეტარული რევოლუციის ცეცხლში უნდა გავახვიოთო. სამაგიეროდ, ყოველმხრივ ხელს უწყობდა სხვა ქვეყნებში პროლეტარული რევოლუციური მოძრაობების გაძლიერებას და მათ როგორც ფინანსურად, ასევე იდეურ-ადამიანური რესურსებითაც აძლიერებდა“.
სტალინს საკუთარი ფორმულა ჰქონდა მსოფლიო იმპერიალიზმთან საბრძოლველად. საბჭოთა ბელადს მიაჩნდა, რომ მსოფლიო იმპერიალიზმი მათივე ფულით უნდა დაემარცხებინა და ხშირ შემთხვევაში, წარმატებითაც ართმევდა თავს ამ ამოცანას. ვიაჩესლავ მოლოტოვი, რომელიც გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის (პრემიერ-მინისტრი) პოსტს იკავებდა, წერდა: „სტალინის ფორმულა იყო – მტრებს მათივე იარაღით დასცხეო, რაშიც, ამ შემთხვევაში, ფული იგულისხმებოდა. 1930 წლის 14 თებერვალს მან თავისთან დამიძახა და მითხრა:
– როგორ ფიქრობ, საბოლოო, ნათელი მიზნის მისაღწევად შეიძლება, რომ კომუნისტური, საყოველთაოდ დეკლარირებული პრინციპი დროებით დავარღვიოთ?
– დროებით შეიძლება, კობა, – ღიმილით მივუგე სტალინს და დავძინე, – მაინც, რას აპირებ, რას რისთვის არღვევ?
– ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი უნდა დავარღვიოთ. კაპიტალისტებს ჩვენს რესურსებთან მისასვლელი უნდა გავუხსნათ. მხოლოდ ამის შედეგად შევივსებთ ჩვენს სავალუტო მარაგს, მივიღებთ საჭირო ტექნოლოგიებს. შემდეგ კი, მათივე მოცემული ფულით გამოვუთხრით ძირს და მათი გაუმჯობესებული ტექნოლოგიებით მოვუსწრაფებთ სიცოცხლესო.
ეს მარტივი ფორმულა გენიალური აღმოჩნდა და მიჰქონდათ რა კაპიტალისტებს საბჭოთა ნავთობი, მარგანეცი და სხვა სტრატეგიული ნედლეული, რის სანაცვლოდაც, უამრავი ვალუტა შემოედინებოდა ხაზინაში, მისი ათი პროცენტი საბჭოთა დაზვერვის მეშვეობით, უცხოეთის არალეგალური რევოლუციური მოძრაობების სალაროებში ირიცხებოდა. ეს პროსაბჭოთა, პროკომუნისტური მოძრაობები კი დიდ ზარალს აყენებდნენ თავიანთ ბურჟუაზიულ მთავრობებს. ამის პარალელურად, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უცხოეთში მივლინებულ საბჭოთა ინჟინრებს მათი მოწინავე ტექნოლოგიები ჩამოჰქონდათ. ამ ტექნოლოგიებს შემდეგ საწარმოებში ვნერგავდით და სწორედ იქ დამზადებული იარაღით ვიცავდით ჩვენს ქვეყანას, ვამარცხებდით მტერს და ფარულად ვაწვდიდით ამ იარაღს ჩვენს მომხრე არალეგალურ სამხედრო ჯგუფებს...“
თავის მონათხრობში მოლოტოვი, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ სტალინმა მთელ ევროპაში, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე, კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული მეხუთე კოლონები ჩამოაყალიბა. თანაც, ეს, ფაქტობრივად, ამ ქვეყნების მთავრობებსა და ოლიგარქებს დააფინანსებინა, რაც იმდენად დიდი წარმატება გახლდათ, რომ ომის მოგების ტოლფასიც კი იყო. იმავე მოლოტოვის მოგონებებში ვკითხულობთ: „სტალინის ყველა მოქმედება ყოველთვის კარგად იყო გაანგარიშებული. მართალია, ზოგ შემთხვევაში, ამ კომბინაციების აზრს მაშინვე ვერ ვხვდებოდით, რადგან პირველი შედეგი გარკვეული დროის შემდეგ უნდა დამდგარიყო და ის წინასწარ, მხოლოდ სტალინმა იცოდა... სტალინი ხშირად მიმეორებდა ფრაზას: „ორთოდოქსული მარქსიზმის საბოლოო მიზანს რომ მივაღწიოთ, ზოგიერთი მისი ძირითადი პოსტულატის დარღვევა აუცილებელია...“
ომის შემდეგ, როდესაც სტალინის ტრიუმფმა პიკს მიაღწია და გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ერთ მეექვსედს მართავდა, მისი სატელიტი ქვეყნების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი უინსტონ ჩერჩილი გაზეთ „გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობდა: „სტალინი თუნდაც იმიტომაა გენიოსი, რომ მან ჩვენივე დაკნინება ჩვენვე დაგვაფინანსებინა...“ დაკნინკბაში „ბრიტანელი ლომი“ ევროპული იმპერიალისტური სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი) შესუსტებას, საბჭოთა კავშირის უზომოდ გაძლიერებასა და გაფართოებას გულისხმობდა. ტერმინი „ევროპის გაწითლებაც“ სწორედ ჩერჩილს ეკუთვნის და „ცივი ომის“ ნათლია (ჩერჩილი), მომენტს არ უშვებდა ხელიდან, თავის გამოსვლებში, სტალინის საფრთხესა და „ევროპის გაწითლებაზე“ არ ელაპარაკა აუდიტორიის წინაშე. შეურიგებელი ანტიკომუნისტობისა და ანტისაბჭოელობის მიუხედავად, ჩერჩილი პირადად სტალინს უდიდეს პატივს სცემდა. თავის ცნობილ მემუარებში მან დაწერა: „მართლაც რომ უდიდესი გამართლება, თუ გნებავთ, ღმერთის წყალობა გახლდათ, რომ რუსეთს, ამ ჩამორჩენილ, ნახევრად ფეოდალურ, უზარმაზარ ქვეყანას სტალინი ჩაუდგა სათავეში...“ ძალიან საინტერესო და ფრიად საგულისხმო საბუთს მიაგნო დაცემულ ბერლინში საბჭოთა დაზვერვმამ, როდესაც განადგურებული ფაშისტების საიდუმლო არქივს დაეპატრონა. 1915 წლით დათარიღებულ ანალიტიკურ წერილ-რეკომენდაციაში, კაიზერული გერმანიის მაღალჩინოსანი მზვერავ-ანალიტიკოსი, ფრანც ფიშმანი თავის შეფს წერს: „მოგახსენებთ, რომ ჩემმა სამუშაო ჯგუფმა გულდასმით შეასრულა მოცემული დავალება, რომლის მიზანიც იყო, ჩვენთვის მომავალში საშიში რუსი რევოლუციონრების გამოვლენა. გაცნობებთ, რომ მათ შორის, ყველაზე დიდ საშიშროებას 36 წლის იოსებ ჯუღაშვილი (პარტიული ფსევდონიმი „კობა“) წარმოადგენს ამ საბუთში ჩამოთვლილია კობას ყველა თვისება და ბოლოში ასეთი რეკომენდაციით მთავრდება – რეკომენდაციას გაძლევთ, რომ განხორციელდეს კობას ლიკვიდაცია“. გერმანული დაზვერვა რომ რუსეთში ყოველთვის ძალიან აქტიური იყო და ლენინი გერმანული ფულით ამხობდა რომანოვებს, უკვე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. მაგრამ, მათ რომ ჯერ კიდევ კობას გასტალინებამდე დაინახეს მისი საფრთხე გერმანიისთვის და ჯერ კიდევ 1915 წელს გეგმავდნენ მის თავიდან მოშორებას, გერმანული სპეცსამსახურის უდავო სიძლიერეზე მეტყველებს. თუმცა, სტალინის „ჩეკაზე“ რომ არაფერი ვთქვათ, ჯერ კიდევ 36 წლის კობას ერთგული „ინტერჯგუფი“ (ასე ერქვა რევოლუციონერ იოსებ ჯუღაშვილს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურს) იყო ისეთი ძლიერი და ფესვებგამდგარი, რომ თავის უფროსს (სტალინს) დროულად შეატყობინეს მასზე გამიზნული ტერაქტის შესახებ, რაც თავიდან იქნა აცილებული... მომავალში, როცა სტალინი გენერალური მდივანი გახდა, ძერჟინსკის ჩეკისტებმა ფრანც ფიშმანი ჰამბურგის პორტიდან გაიტაცეს, საბჭოეთში ჩამოიყვანეს და სტალინის ბრძანებით, ფარულად დახვრიტეს. იგივე სტალინის პირადი მდივანი, გაქცეული ბეჟანოვი წერდა: „სტალინი არასდროს არავის აპატიებდა მისი სიცოცხლის ხელყოფას და მართალია, ფიშმანი მისი ყოფილი კოლეგა არ ყოფილა ტროცკივით, მაგრამ ორივემ ერთნაირი ბედი გაიზიარეს“.
სტალინს მთელი თავისი არაერთგვაროვანი, თავის ქვეყანაზე მორგებული ქმედებების მიუხედვავად, ერთი თვისება ჰქონდა. საბჭოთა ბელადი უაღრესად მიმზიდველი იყო და ანდამატივით ერთნაირად იზიდავდა როგორც მომხრეებს, ასევე მტრებსაც.“