№21 რა უთხრა კახური პირდაპირობით პიკასოს ელენე ახვლედიანმა და რატომ დაუბრუნა უკან საჩუქარი მას მოდელიანიმ
„როდესაც გიმნაზიაში ყველა გოგონა გადაწეული თმითა და ნაწნავებით დადიოდა, ელიჩკა ერთ დღეს მოკლედ შეკრეჭილი თმით გამოცხადდა და მთელი გიმნაზია შეძრა. ლამაზ და მოუსვენარ გოგონას უყვარდა კიბეების მოაჯირზე ჩასრიალება, არ იკლავდა თავს რევერანსებით, როცა სხვებისთვის ეს აუცილებელი იყო პედაგოგებთან შეხვედრისას...“ (წყარო: ს. ლილუაშვილი ambioni.ge) ეს დღიურები ელენე ახვლედიანს ეკუთვნის, იმ ელენე ახვლედიანს, რომელსაც არა მხოლოდ თავისი უზადი ნიჭით, ექსცენტრიკულობითა და სითამამითაც ბავშობიდანვე აღფრთოვანებაში მოჰყავდა ფართო საზოგადოება – თუნდაც პიკასო, რომელმაც პარიზში მის პერსონალურ გამოფენაზე ერთ-ერთი სურათის შეძენა რომ დააპირა, ელიჩკამ კახური პირდაპირობით მიახალა, ვერ მოგყიდიო. სამაგიეროდ, მოდელიანის მიჰყიდა სიმბოლურ ფასად თავისი სხვა ნახატი, მაგრამ გაიგო რა, რომ მოდელიანიმ უსახსრობის გამო ვერ შეძლო ნამუშევრის შეძენა, მან სახლში მიუტანა და დაუტოვა. მოდელიანიმ უკან დაუბრუნა, ელენემ ისევ გაუგზავნა და ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ ორივე კომპრომისამდე არ მივიდა. მხატვრის სპეციფიკურ ბუნებასა და ხასიათს უკავშირდება ისიც, რომ შემდგომში, თბილისის მთავარი არქიტექტორი – შოთა ყავლაშვილი ძველი თბილისის უბნების რესტავრაციისას, სწორედ ელენე ახვლედიანის ჩანახატების მიხედვით ხელმძღვანელობდა. მაშ ასე, მოგონებებში გაცოცხლებული არაჩვეულებრივი, არაორდინარული ელენე ახვლედიანი.
ელიჩკას ორი გატაცება
ელენე ახვლედიანი 1911 წლამდე თელავის წმიდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ: მწერალი ვასილ ბარნოვი, კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი და მხატვარი ვალერიან სიდამონ-ერისთავი. მის პირველ დიდ გატაცებად მუსიკა იქცა, რაც სულხანიშვილთან ურთიერთობამ გამოიწვია. უკვე შემდგარ მხატვარს – ელენე ახვლედიანს ოცნებად ჰქონდა ქცეული მის ქორალებზე ფერწერული სერიის შექმნა. „ხატვა ბავშვობიდან მიტაცებდა, მაგრამ მუსიკა უფრო მეტად მიყვარდა. თუ სახლში ვარ, მუსიკის გარეშე არ ვხატავ,” – ამბობდა მხატვარი. მისი ნახატების პირველი შემფასებელი ვასილ ბარნოვი აღმოჩნდა. „თელავში დავიწყე ხატვა. პირველად ჩემი ნაცოდვილარები მამამ აჩვენა ვასილ ბარნოვს, რომელსაც გაოცებულს უთქვამს: „მიეცით ელენეს გზა, ხატოს, ეგების მისი სახით საქართველოს მოევლინოს მხატვარი.” მეორე დღეს, როდესაც კლასში შემოვიდა, ფეხზე ამაყენა და მთელი კლასის წინაშე თქვა: ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე ამონაქარგით ვიცით. შენ კი, ელენე, ხატე… თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდებაო,” – იხსენებდა მოგვიანებით მხატვარი.
აქტიური და ინიციატივიანი
1911 წლიდან ახვლედიანების ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და ელენემ სწავლა ქალთა მეორე გიმნაზიაში განაგრძო. მის სიმწიფის ატესტატში ხუთიანი მარტო ხატვაშია, არადა ელიჩკას ყველა საგნის კარგად სწავლა მთელი ოჯახის ინტერესს წარმოადგენდა, რადგან ამ შემთხვევაში, მამისგან თითოეული მათგანი დასაჩუქრდებოდა. გიმნაზიისა და სკლიფასოვკის სტუდიაში სწავლის პარალელურად და მისი დამთავრების შემდეგ, ის აქტიურადაა ჩართული დედაქალაქის ცხოვრებაში. 1919 წელს ახვლედიანი მონაწილეობს ქართველ მხატვართა პირველ გამოფენაში. 1922 წლიდან მხატვრების ჯგუფთან ერთად იწყებს მუშაობას თბილისის ძველი უბნების ფიქსირებაზე. სწორედ ამ პერიოდში იკვეთება მისი შემოქმედების წამყვან თემად ძველი თბილისი. 1922 წელსვე ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში გიგო გაბაშვილის კლასში, მაგრამ აკადემიაში დიდხანს ვერ გაძლო. ელენე ახვლედიანს ეკუთვნის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის იდეა: ქართული თოჯინის, ბავშვთა სურათების გალერეის, ორიგინალური ღია ბარათების, მუზეუმის საგანმანათლებლო ფუნქციის აქტივიზაციის, ძველი თბილისის „გაცოცხლების” და ასე შემდეგ.
პარიზული წარმატებები
ელენე ახვლედიანი პარიზში 1924 წელს ჩადის და კოლაროსის სამხატვრო აკადემიაში ინტენსიურ მუშაობას იწყებს. მხატვარი პარიზს თავიდანვე მოერგო. 1925-1927 წლებში მონაწილეობს „დამოუკიდებელთა სალონის” გამოფენებში. 1926 წელს კი გალერეაში „ოთხი გზა” მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენას ესტუმრა პიკასოც, რომელიც განსაკუთრებით მოუხიბლავს სურათს „ზამთარი თელავში” და ქართველი მხატვრისათვის საკუთარი ნამუშევარიც უჩუქებია. ამავე გამოფენიდან ახვლედიანის ერთ-ერთი სურათი პოლ სინიაკსაც შეუძენია. „ოთხი გზა” პარიზში ყველაზე პრესტიჟულ გალერეად მიიჩნეოდა და მის მიმართ კრიტიკა ყოველთვის დაუნდობელი იყო. მაგრამ, ახვლედიანის ნამუშევრები სათანადოდ დაფასდა. 1927 წლის გამოფენამ კი დააგვირგვინა მისი პარიზული წარმატებები და თბილისში დაბრუნდა. დაბრუნებულმა აქტიურად დაიწყო ბრძოლა კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. საკუთარი სახელოსნო „პატარა საქართველოდ” აქცია.
თეატრი და კინო
ელენე ახვლედიანის თეატრში მოღვაწეობა კოტე მარჯანიშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც მხატვარი ქუთაისის თეატრში მიიწვია. ფერმწერისთვის მარჯანიშვილთან მუშაობა უდიდესი სკოლა იყო, სადაც თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობის სპეციფიკას ეზიარა. ხუთი წლის განმავლობაში მან 20-ზე მეტი სპექტაკლი გააფორმა. 1930-იან წლებში ახვლედიანი, ძირითადად, თეატრის მხატვრობით გახლდათ დაკავებული, რადგან უცხოეთიდან დაბრუნებული ცენზურის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ამ პერიოდში ინტენსიურად მუშაობს თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ და რუსულ თეატრებში, სომხურ და ალექსანდრე გრიბოედოვის რუსულ თეატრში, ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1954 წლიდან იწყებს მოღვაწეობას კინოში. ელენე ახვლედიანი კოსტუმების მხატვარია ფილმებში: „ჭრიჭინა” (1954), „ეთერის სიმღერა” (1956), „შეწყვეტილი სიმღერა”(1960).
ექსცენტრიკული და თამამი
ერთხელ, ელენე ახვლედიანმა რაიონებიდან ჩამოსული მხატვრების დასახმარებლად მეგობრები და მუსიკოსები შეკრიბა და თელავში ფასიანი კონცერტის ჩატარებაზე დაითანხმა. თვითონ დახატა კონცერტის აფიშა, რომელზეც პირველ განყოფილებაში ზუსტად ჩაწერა ყველა მუსიკალური ნომერი. მეორე განყოფილებაში კი ძალიან პოპულარული მოცეკვავის გვარი შეიტანა. დარბაზი ხალხით გაივსო. პირველი განყოფილების შემდეგ, მხატვარი კითხულობს ვითომ მოცეკვავის მიერ გამოგზავნილ დეპეშას, რომ მან, თითქოს, გზაში ფეხი მოიტეხა და თელავში ვერ ჩავიდა. მხატვარი თავად სთავაზობს მაყურებელს ყველა თანამედროვე ცეკვას. სტუმრებს აღარ ახსოვდათ მუსიკალური ნომრები, მაგრამ დაუვიწყარ მოგონებად ექცათ ელენე ახვლედიანის მიერ შესრულებული „ფოქსტროტი” და „ტანგო”.
ტანია კაკაბაძე იხსენებდა: „ერთხელ, ღამის პირველ საათზე ელიჩკამ ლოგინიდან წამოგვყარა და კაფე „ჟოკეიში” წაგვიყვანა. მაშინ მოდაში იყო ბიჭურად შეკრეჭილი თმა, მგონი, მარტო მე არ ავყევი მოდას. „ჟოკეიში” გამომეცხადა ერთი ზანგის ბიჭი მაკრატლით ხელში: ქალბატონო, თმა უნდა შეგჭრათო. გაჯავრდა ელიჩკა: მითხარი, ვინ გაბედა შენი გამოგზავნაო. ბიჭმა მაგიდასთან მჯდომ მამაკაცზე მიუთითა. ელიჩკა მასთან მიიჭრა და წყალი ცხვირ-პირში შეასხა. „მსხვერპლი” ფრანგი მხატვარი პოლ სინიაკი აღმოჩნდა.”
წასვლა
1975 წლის 30 დეკემბერს ელენე ახვლედიანის ინიციატივით მოეწყო მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა ფინანსთა სამინისტროს შენობაში. სიტყვით გამოსვლის დროს მხატვარი მოულოდნელად ჩაიკეცა. „მოკვდა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეფერებოდა სიკვდილი… მისივე თაოსნობით მოწყობილი გამოფენის დახურვის დროს, თავისი მეგობრებისა და პატივისმცემლების წრეში, როცა მადლობისა და სიყვარულის სიტყვებით მიმართავდა საზოგადოებას, უცებ ჩაიკეცა და ისე წავიდა ამქვეყნიდან, გრძნობაზე არც მოსულა. წავიდა სიხარულის წუთებში,” – წერს ვახტანგ ბერიძე.