№21 რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ბედნიერება, სიყვარული და სიმდიდრე ხელიდან არ გაუშვათ და რა გიხსნით უბედურებისგან ექსტრემალურ სიტუაციაში
ბედნიერებას ყველა ელტვის, მაგრამ მის მისაღწევად ყველა როდი ირჯება. ბევრს ჰგონია, ბედნიერება და უზრუნველი ცხოვრება თავისით მოვა და კარზე მოგვიკაკუნებს: აქა ვარ და მიიღე, რაც გინდაო. თუმცა, როცა მივხვდებით, რომ ცხოვრებაში ასე არ ხდება, უკვე გვიანია: „მატარებელმა ჩაიარა...” ჰოდა, შანსი ხელიდან რომ არ გავუშვათ და ფუჭ ლოდინში არც ბედის „მატარებელმა” გაგვასწროს, თვალი და ყური უნდა გავაფაციცოთ და „წუთისოფლის გამოცანა” უპასუხოდ არ დავტოვოთ. თუ რა მინიშნებებია ბედნიერების მომტანი ცხოვრებაში და რა სახის რიტუალებს შეუძლია, სიყვარულსა და გამდიდრებაში ხელის შეწყობა, ამაში გაგვარკვევს, გამოცდილი ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა.
– რა მინიშნებებია საყურადღებო – ისეთი ბანალური, როგორიცაა, მაგალითად, ჩიტის ექსკრემენტი?
– რა არის იმაზე უსიამოვნო, ჩიტი რომ დაგასკლინტავს და თავისი ექსკრემენტებით გაგალამაზებს, მაგრამ ამაშიც შესაძლებელია დადებითის დანახვა. როგორც ამბობენ, ამით ის წარმატებაზე მიგანიშნებთ. ცხოვრებაში ბევრია მსგავსი ბანალური, თუ ერთი შეხედვით, ისეთი მოვლენა ან ფაქტი, რომელსაც ბედნიერებასთან საერთო არაფერი აქვს – უფრო პირიქით, უსიამოვნო და ზოგჯერ საშიშიც კია. მაგალითად, ერთ ასეთ ამბავს გავიხსენებ. ჩემს ახლობლებს აგარაკზე ძველი სახლი ჰქონდათ. ერთ ზაფხულსაც, დასასვენებლად რომ ჩავიდნენ, რამდენიმე დღე ძლივს გაძლეს და იმ პაპანაქება სიცხეში იძულებული გახდნენ, ბავშვებიანად თბილისში დაბრუნებულიყვნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ სახლის სხვენში ღამურები დაბუდებულიყვნენ. დაღამდებოდა თუ არა, მთელ სახლში დაფრთხიალებდნენ და ბავშვებს აშინებდნენ. ისმოდა გაუთავებელი წივილ-კივილი... ის კი არადა, ისე დაფრთხნენ, იქაურობის გაყიდვაც კი გადაწყვიტეს. ალბათ, ასეც მოიქცეოდნენ, რომ არ გაეგოთ, ღამურებს სახლის პატრონისთვის წარმატება მოაქვსო – თურმე ნუ იტყვით და ეს არცთუ სასიამოვნო არსებები სახლს დადებითი ენერგიის გამო ეტანებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბედნიერება გარდაუვალია. მართლაც იმ წელს, სრულიად მოულოდნელად, ახალწამოწყებულ ბიზნესში ისე გაუმართლა ხსენებული ოჯახის უფროსს, რომ უკვე მეორე ზაფხულს იმ ძველი, მოფახფახებული სახლის ნაცვლად, მდიდრული ვილა წამოჭიმა აგარაკზე. ასე რომ, თუ მარცხენა ყური ხშირად გექავებათ? ნუ წაუყრუებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენზე ლაპარაკობენ, ოღონდ დადებით ასპექტში და უახლოეს მომავალში რომანტიკული შეხვედრა გელით ან ერთგულ მეგობარს შეიძენთ.
– მაგიური ციფრებიც ხომ არის და მათგან რომელია ბედნიერი რიცხვი?
– მაგიური რვიანი თქვენი „ბედნიერი ბილეთია” – თუ „8” ხშირად ფიგურირებს თქვენს ცხოვრებაში, ესე იგი წარმატება აქვეა ჩასაფრებული და ხელი კარგად ჩაავლეთ. ეს ეხება ჩვევებსაც, მაგალითად, თუ ტანსაცმელს ხშირად უკუღმა იცვამთ – უცნაურია, მაგრამ, როდესაც უნებურად, ეს გემართებათ, თურმე სამყარო ამით მიგანიშნებთ, რომ ბედნიერება გიახლოვდებათ. ასევეა, ჩხვლეტა მარცხენა ხელში – უპირველესად უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს რაიმე დაავადების სიმპტომი არ არის. თუ მოყინვა ან ნევროლოგიური პრობლემები გამოირიცხა, მაშინ ჩათვალეთ, რომ მარცხენა ხელი ფინანსური წარმატების შესახებ გაუწყებთ. რაც შეეხება სახლს, თუ მის კედლებს სურო მოედო, ნამდვილად გაგიმართლათ. გარდა იმისა, რომ ეს სასიამოვნოა ესთეტიკური თვალსაზრისით, ენერგეტიკულადაც ფრიად სარგოა ანუ – პოზიტიური... და ეს ეხება არა მარტო სუროს, თუ სახლში მცენარეები ლაღად ხარობენ, ესე იგი, დადებითი ენერგია საკმარისია წარმატებისთვის. ეზოში კი, თუ უპატრონო ცხოველი შემოგეჩვიათ – კატა ან ძაღლი, ესე იგი, დადებითი ენერგიის შესახებ იყნოსეს და მალე მათ სტუმრობას ბედნიერება და წარმატებაც თან მოჰყვება.
– სიყვარულით გულდაისრულებს რას ურჩევდით?
– სიყვარულმა რომ გვერდი არ აგიაროთ და ცხოვრებაში ბედს ეწიოთ, სცადეთ და შეასრულეთ ეს მარტივი რიტუალი. წარმოსახვაში მიმართეთ თქვენს მფარველ ანგელოზს – დადექით სარკის წინ ხის სავარცხლით; მერე დაივარცხნეთ თმა ნელა და თან, გაიმეორეთ: მე მზად ვარ მივიღი სიყვარული მთელი გულით. მე ველი სიყვარულს! დე, შეყვარებულის გული უნისონში ძგერდეს ჩემს გულთან ერთად. ჩემო სიყვარულო, მე გელოდები შენ!” გაიმეორეთ ეს რიტუალი ძილის წინ 7 დღის განმავლობაში და მერვე დღეს უკვე იგრძნობთ, რომ თქვენი სიყვარული სადღაც ახლოსაა. რამდენიმე დღეში კი, მიხვდებით, ვისზეა ლაპარაკი და ახლა უკვე ბედნიერება თქვენსავე ხელშია.
– უბედურებისგანაც შეგვიძლია თავდაცვა?
– მონათლულ ადამიანს შეუძლია, უხმოს ანგელოზს და დაცვა შესთხოვოს. ამისთვის კი საჭიროა ჰაერში გამოსახოს ჯვარი და თქვას: „ჩემო მცველო ანგელოზო და ერთგულო მშველელო, დაიცავი ჩვენი ოჯახი უბედურებისა და უსიამოვნებებისგან, რომ ჩვენ შორის არ მოხდეს განხეთქილება – თანხმობა, ბედნიერება სუფევდეს სულ. ამას გთხოვ და გევედრები მთელი სულითა და გულით.” ეს შელოცვა შველის ძალიან მალე და გათვალისწინებულია ექსტრემალური სიტუაციისთვის. თუ უბედურება გემუქრებათ, წარმოთქვით ეს სიტყვები მშვიდად, გააზრებულად და მიზანმიმართულად. ანგელოზები თქვენს ხმას აუცილებლად გაიგონებენ და დაგიცავენ. სიყვარული სიკეთისა და ნათელი საწყისისადმი, დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ ნებისმიერ უსიამოვნებას.
– სიმდიდრე, ფული... ამას როგორღა მოვიზიდავთ?
– სიმდიდრე, ფული, ფუფუნება – ყველა მას ელტვის. მაგრამ, აქვს კი ყველას ის? ანდა, შეუძლია, ბევრ ფულს სულიერად აამაღლოს ადამიანი? თუმცა, უდავოა, რომ სიმდიდრე გაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობას, აკეთო ის, რაც გინდა. ზოგს თუ ის ოჯახის გასაბედნიერებლად უნდა; სხვას სურს, სიმდიდრე ქველმოქმედებისთვის გაიღოს; მაგრამ არიან ისეთებიც, ფულით ბედნიერების, სიყვარულისა და უზრუნველი ცხოვრების ყიდვა რომ უნდათ. ცხოვრება გვაძლევს შანსს, გამოვავლინოთ საკუთარი თავი. ფული სულიერი სიძლიერის გამოცდაა. თუ სიკეთისთვის გინდათ, ყველაფერი გექნებათ, მაგრამ თუ მხოლოდ გამდიდრებისთვის იღვწით, თავს დაკარგავთ... რაც შეეხება რიტუალს, ეს უნდა ჩაუთქვათ პარასკევს საღამოს, 12 საათზე. თან, აუცილებლად იქონიეთ ერთი მუჭა მონეტები და წარმოთქვით: „გამარჯობა, სპილენძის, ვერცხლისა და ოქროს განმგეო, დაბინავდი და გამრავლდი ჩემს საფულეში... აი, გასაღები და საკეტი!” ფული რომ სახლში არ გამოილიოს, აიღეთ სამი წითელი ვაშლი და სამჯერ გაიმეორეთ: „სიღარიბე მოგონებად დარჩა, სიმდიდრე და ჯანი კი სულ თან მდევდეს!” ვაშლები წაიღეთ სასაფლაოზე და დააწყვეთ ძველ, უპატრონო საფლავზე.