№20 რომელი პროდუქტი წმენდს სახის კანს
სტრესული მდგომარეობის, დამღლელი სამუშაო გრაფიკის, უძილობის, კვების მოუწესრიგებელი რაციონის შედეგია აკნე, რომელიც, საკმაოდ არასახარბიელო დაავადებაა. ის ადამიანს აკარგვინებს მომხიბვლელობას, თავდაჯერებას და უფუჭებს განწყობას. სწორად შერჩეული კვების რაციონი კი, ლამაზ კანს და ახალგაზრდულ იერს შეგინარჩუნებთ.
როგორ გავიწმინდოთ სახის კანი
ამაში თქვენი კვების რაციონი დაგეხმარებათ. არსებობს პროდუქტები, თქვენი კანის სტრუქტურას საგრძნობლად რომ შეცვლის.
კიტრი – დამატენიანებელი ენზიმებითაა სავსე და კანის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს. ის ახალგაზრდულ, გლუვ კანს გინარჩუნებთ. კიტრი მდიდარია B და C ვიტამინებით, თუთიით, რკინით, ფოლიუმის მჟავათი, კალციუმით, მაგნიუმით და კალიუმით. ამას გარდა, ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს.
კომბოსტო – A, C და E ვიტამინების წყაროა. ის ახალი უჯრედების ზრდას უწყობს ხელს. კომბოსტოს დაბერების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მდიდარია მაგნიუმით და კალციუმით. შეგიძლიათ, მისგან წვენი მოამზადოთ და ცოცხლად მიიღოთ, რაც კანისთვის ძალიან სასარგებლოა.
პაპაია – მისი ფორთოხლისფერი შეფერილობა ბეტა-კაროტინის მაღალი შემცველობითაა განპირობებული. პროდუქტი ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს.
გოგრის თესლი – ვიტამინებით მდიდარია. ის აუცილებელი საკვებია თმის, ფრჩხილებისა და კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. გოგრის თესლი, ასევე, მდიდარია მინერალებით, როგორიცაა თუთია. თუთიის დეფიციტს კი აკნეს გამოწვევა შეუძლია.
ლიმონი – დაუმატეთ მისი წვენი სალათას, ჩაის, სასმელ წყალს. ლიმონის ფერმენტები ღვიძლის ქსოვილებს აღადგენს. მდიდარია C ვიტამინით.
ბროწეული – სისხლის მიმოქცევას აუჯობესებს. რამდენიმე ჭიქა წვენი დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კანის სტრუქტურას. კანი რბილდება და ტენიანდება. გაქრება წვრილი ნაოჭები.
მწვანე ჩაი – სახეზე წითელ ფერს მწვანე ჩაი მოგაშორებთ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების შემცველობა, რაც წითელ ფერს ამშვიდებს და კანს ერთ ტონს უნარჩუნებს. ყველასთვის ცნობილია, რომ მწვანე ჩაი ანთების საწინააღმდეგოდაც გამოიყენება. ეფექტისთვის, სასურველია, დღეში ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი მაინც დალიოთ.
შვრიის ფანტელი – ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. შეარჩიეთ ნაკლებად დამუშავებული შვრია. ასე, მისი თვისებები უფრო შენარჩუნებული და გაცილებით სასარგებლოა კანისთვის. ის არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას, ანდროგენების რაოდენობას, ჰორმონებს, რაც ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს.
იოგურტი – შეგიძლიათ, ნაოჭების სამკურნალოდ გამოიყენოთ. ცილის შემცველობა კანს უფრო მკვრივს ხდის. მისი ყოველდღიურ რაციონში შეტანით, სახის კანის მოშვების რისკი საგრძნობლად შემცირდება.
შეეცადეთ, მიიღოთ ზემოჩამოთვლილი პროდუქტები და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ წყალი. სასურველია, დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყალი მაინც დალიოთ.