№20 რა მნიშვნელოვანი ეტაპი დგას შოთიკო ნოზაძის ცხოვრებაში და როგორ გადაურჩა მსახიობი სიკვდილს
მსახიობ შოთიკო ნოზაძის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ყველასთვის ცნობილი „თენგო“ მალე მამა გახდება. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, მაინც ახერხებს, რომ ფეხმძიმე მეუღლეს მაქსიმალურად დაეხმაროს და თუნდაც, საოჯახო საქმეეები თანაბრად გადაინაწილონ. როგორც თავად ამბობს, ჯერ კარგად ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის თავს, როგორი მამა იქნება და ბავშვის დაბადებას მოუთმენლად ელოდება.
შოთიკო ნოზაძე: ამ ეტაპზე, პროფესიული თვალსაზრისით, მხოლოდ სერიალით ვარ დაკავებული. როგორც ხედავთ, საკმაოდ ხშირად ჩანს ჩემი პერსონაჟი და შესაბამისად, გადაღებებს დიდი დრო მიაქვს. მომწონს, რომ თენგო სოფლელ ბიჭად არ დარჩა, ბევრი ფული იშოვა, ახალ საქმეებს მოეჭიდა, ხალხში გაერია და დაიხვეწა.
– შემთხვევით, შენც ხომ არ გაგიჩნდა ბიზნესიდეა?
– არა, სერიალში სახალისო ბიზნესიდეებია. ამაზე რეალურად და სერიოზულად არ მიფიქრია. ამაში თენგოს ნამდვილად არ ვგავარ.
– ოჯახური ამბები როგორ მიდის?
– ჩემს ცხოვრებაში ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მე და ჩემი მეუღლე შვილის მოლოდინში ვართ. ორ თვეში მამა გავხდები. გადარეული და გაგიჟებული ვარ სიხარულისგან. ერთი სული მაქვს, ბავშვი როდის დაიბადება.
– გოგოს ელოდებით თუ ბიჭს?
– ჯერ არ ვიცით. უფრო სწორად, სქესი გვითხრეს, მაგრამ სანამ არ დაიბადება და ჩემი თვალით არ ვნახავ, მანამდე არ მჯერა (იცინის).
– როგორი შეგრძნებაა პირველი შვილის მოლოდინი?
– საერთოდ შევიცვალე, სულ სხვანაირი გავხდი. თავიდან ბოლომდე მუცელზე ვარ გადართული. ჯერ კარგად ვერ ვაცნობიერებ, მამობა რა არის, მაგრამ ვცდილობ, მეუღლეს და იმ სიმრგვალეს დიდი ყურადღება მივაქციო. გვითხრეს, რომ ივლისის დასასრულს, აგვისტოს დასაწყისში უნდა ველოდოთ პატარას.
– ბედნიერებასთან ერთად, ეს პერიოდი სირთულეებსაც უკავშირდება.
– კი, მაგრამ, საბედნიეროდ, სოფოს არ აქვს რთული ფეხმძიმობა. თავიდან ჰქონდა ტოქსიკოზი. ბოლო თვეებში ცოტა დისკომფორტს განიცდის დიდი მუცლისა და უჰაერობის გამო, მაგრამ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია.
– შენ როგორ ეხმარები ფეხმძიმე მეუღლეს?
– ვეხმარები ყველაფრით, რაც კი შემიძლია. მე ხომ არაფერს ვთხოვ და მისი ინიციატივითაც ვუშლი საქმის გაკეთებას. წინააღმდეგი ვარ, რომ თავი რამით გადაიღალოს. ზოგადად, საქმეში ადრეც ვეხმარებოდი და ახლაც ასე ვიქცევი. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ფეხმძიმედაა თუ არა. ჩემთვის ყველაზე დიდი რომანტიკაა, როცა მარტო ვრჩებით და სახლში ერთად ვფუსფუსებთ – ვსაუბრობთ, ფილმს ვუყურებთ. სახლში ყველაფერს თანაბრად ვაკეთებთ. ეს ნებისმიერ ოჯახურ საქმეს ეხება: დალაგება იქნება, ნაგვის გადაყრა, ჭურჭლის დარეცხვა, საჭმლის მომზადება თუ დაუთოება. მოკლედ, კარგი ბიჭი ვარ, მეოჯახე (იცინის). მით უმეტეს, რაც ჩემი მეუღლე ფეხმძიმედაა, უფრო „დავსპეცდი“ ოჯახურ საქმეებში (იცინის).
– პრეტენზიული ფეხმძიმეა? სერიალიდან გვახსოვს კატოს მაგალითი, რომელიც ბევრისთვის უცხო არაა.
– არა, მსგავსი მოთხოვნილებები საერთოდ არ აქვს. მხოლოდ ალუჩას ჭამს ძალიან ბევრს. აქამდეც უყვარდა და ახლა, მით უმეტეს. ყველაზე მეტად უნდა, რომ გვერდით ვყავდე, მაგრამ ჩემი გრაფიკის გადამკიდე, ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ. მსაყვედურობს, მაგრამ ესმის. რას ვიზამთ, ასეა საჭირო.
– ბავშვის სახელზე თუ იფიქრეთ უკვე?
– სახელი ჯერ კიდევ არ მოგვიფიქრებია. ვერსიები გვაქვს, მაგრამ კონკრეტულ სახელზე ვერ ჩამოვყალიბდით. ჯერ ორი თვე წინ გვაქვს. იმედია, რამეს გადავწყვეტთ და ბავშვი უსახელოდ არ დაიბადება (იცინის).
– ქალებს უნდათ ხოლმე, რომ მეუღლე მშობიარობას დაესწროს. შენც ხომ არ აპირებ ამას?
– ზოგჯერ ვფიქრობ, ხომ არ დავესწრო მშობიარობას-მეთქი? მაგრამ არა, არ შემიძლია. თვითონ არც ის უთქვამს – დაესწარიო და არც ის – არ დაესწროო, ჩემი გადასაწყვეტია. მაგრამ, მირჩევნია, გარეთ ვინერვიულო, ვიდრე იქ ვიყო. მგონია, შიგნით ყოფნას ვერ გავუძლებ. ძალიან მაგარი უნდა იყო, იქ რომ დადგე და უყურო. ახლა ისეთი აღელვებული ვარ, იმასაც ვერ ვფიქრობ, რა იქნება მერე: როგორი მამა ვიქნები და რას გავაკეთებ. მაგრამ, რასაც ახლა ვგრძნობ, ეს ძალიან მაგარია.
– ფეხმძიმე მეუღლეებს ხასიათი ეცვლებათ, ეჭვიანები ხდებიან ხოლმე.
– არა, ჩემი მეუღლის შემთხვევაში, ასე არ არის. ეჭვიანი არც თავიდან ყოფილა და არც ახლაა.
– თენგოზე რას ამბობს მეუღლე?
– კრიტიკულია. რომ უყურებს, თავის აზრს მეუბნება და მერე ერთად ვარჩევთ. ახლა წონასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან მოვიმატე და რა არის, ბიჭო, ესო, მეუბნებიან. მე ამას სერიალის საჭიროებით ვამართლებ. მგონია, რომ თენგოს უხდება სიმსუქნე. სუსტიც ვნახეთ, მაგრამ ახლა უკვე ფული იშოვა, სმა-ჭამაზე გადავიდა და გასუქდა. თუმცა, ამის გამო არ მომიმატია. არანორმალური რეჟიმი მაქვს და ჩემი ზედმეტი კილოგრამები სწორედ ამის დამსახურებაა. მეუღლე აპროტესტებს. მეუბნება, დაიკელიო. ახლა ველოდები, ცოტა დრო რომ გავა, ვარჯიშს დავიწყებ და აღარ გავჩერდები.
– ადრეც გქონია მსგავსი სიტუაცია?
– კი, პერიოდები მაქვს ხოლმე. ორი წლის განმავლობაში ორჯერ გავხდი და გავსუქდი. ქორწილის პერიოდში ძალიან დავიკელი. მინდოდა, ფორმაში ვყოფილიყავი და აქტიურად ვვარჯიშობდი. მერე ისევ მოვიმატე. თუმცა ქორწილამდეც მქონდა წონის პიკი – ას კილომდე ავედი, 25 კილოგრამი მქონდა მომატებული. თუმცა, ვარჯიშით და სწორი კვებით მალე დავიკელი. საბედნიეროდ, კარგი ნებისყოფა მაქვს. ძალიან მიჭირს ცომეულზე, ტკბილეულსა და სხვა გემრიელ კერძებზე უარის თქმა, მაგრამ, შედეგს რომ ვხედავ, სტიმული მემატება. ვხვდები, რომ ამად ღირს. ამჯერად დაახლოებით ოცი კილოგრამი მაქვს მომატებული – 95 ვარ.
– თენგოს აზრით, კაცისთვის ფული და ქალები ჩვეულებრივი ამბავია.
– ჩემთვის ღალატი საშინელებაა, ვინც არ უნდა ჩაიდინოს – სქესს მნიშვნელობა არ აქვს. არასდროს ვიტყვი, კაცის ღალატს არა უშავს-მეთქი. თუ ერთთან ყოფნა არ გინდა, მაშინ ნუ დაქორწინდები, ოჯახს ნუ შექმნი და ვისთანაც გინდა, იმასთან იარე. როცა პასუხისმგებლობას იღებ მეუღლესა და შვილზე, ისეთი ნაბიჯი აღარ უნდა გადადგა, რომელიც შენს ოჯახს, შენს სიწმინდეს შეურაცხყოფს. თუმცა, თენგოსნაირები, როცა ფულს იშოვიან, ან ძალიან მაგარ მანქანას ყიდულობენ, ან საყვარლებს იჩენენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს ქართველი კაცის რეალურ სახეს ასახავს, რაც ტრაგედიაა. მასში ბევრი ხედავს საკუთარ თავს ან გვერდით მყოფს.
– ბოლოს, შენს ცხოვრებაში მომხდარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ მომიყევი. რამდენადაც ვიცი, ერთხელ სიკვდილს გადაურჩი.
– რამდენიმე წლის წინ, დენმა დამარტყა, ვკვდებოდი და გადავრჩი. მაღალ ძაბვაზე 20 წამის განმავლობაში ვიყავი მიერთებული და ვერავინ მიხვდა, რა ხდებოდა. ეს ამბავი რუსთავში მოხდა. კლუბური თეატრი „ბრავო“ ჩვენი გაკეთებული იყო და იქ ფიზიკურად ვმუშაობდით. ბანერის კონსტრუქცია შენობაზე დასამაგრებლად აგვქონდა. სიმაღლეზე რომ ავედი, აღმოჩნდა, რომ კაბელი გახეხილი იყო და რკინაზე, რომელიც ხელში მეჭირა, დენი გადავიდა. გამაშეშა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მიხვდა. ჩემ გვერდით ელექტროშემდუღებელი იყო და იმან დაიძახა, გამორთეთო. ეგონათ, აპარატს ჰქონდა პრობლემა და ის გათიშეს. შენობიდან რომ გამოვიდნენ და ისევ იმ მდგომარეობაში, გაშეშებული დამინახეს, მერე მიხვდნენ, რაც ხდებოდა. ეს ყველაფერი 20 წამს გაგრძელდა. მე მაქვს განცდილი, როგორ კვდება ადამიანი. ამ 20 წამის განმავლობაში მთელმა ჩემმა ცხოვრებამ გონებაში კადრებად ჩაიარა. ვნახე, რა გამიკეთებია ცუდი და რა – კარგი. ბოლოს ვხედავდი, როგორ უნდა ჩამოვეხსენი ადამიანებს რკინის კონსტრუქციიდან და ამ დროს ჩამომხსნეს კიდეც. მერე რეალობაშიც დავბრუნდი. იმ დღეს ძალიან ცუდად ვიყავი. თუმცა, ზოგადად, ხიფათიანი არ ვარ, პირიქით, ყოველთვის ძალიან ვფრთხილობ. საჭესთანაც მაქსიმალურად მობილიზებული ვარ. მაგრამ, ჩვენთან ისეთი სიტუაციია, გისიგნალებენ და არ გასვენებენ, გინდა თუ არა, წესები დაარღვიეო. ზებრაზე რომ დგახარ, უკან მდგომი გისიგნალებს გაუჩერებლად, ნუ ჩერდებიო. ანუ, წითელზე უნდა გაიარო და ფეხით მოსიარულე გაიტანო, მოკლა. ამაზე სულ კონფლიქტი მომდის. მაშინ ვხდები თენგო და ვიწყებ გინებას, საქმის გარჩევამდეც მისულა ხოლმე საქმე.