№20 რატომ მოუწია მანიკა ასათიანს შუა სეზონიდან „იმედის დილის“ დატოვება და რის შიში აქვს მის მეუღლეს
„იმედის დილაში“ ორწლიანი მუშაობის შემდეგ მანიკა ასათიანი ამჟამად უმუშევარია, მას შუა სეზონიდან მოუწია ტელევიზიის დატოვება. თუმცა, როგორც თავად ამბობს, წინ ბევრი საინტერესო გეგმა აქვს და სამომავლოდაც არ გამორიცხავს ტელევიზიაში დაბრუნებას.
მანიკა ასათიანი: რატომღაც შუა სეზონში მოხდა ასე – მომიწია ტელევიზიის დატოვება. თუმცა, ყველაფერი კარგად მიდის, რადგან ახლა იმდენი რამ მაქვს დაგეგმილი, შეიძლება, სამსახურს ხელიც კი შეეშალა. ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ მოხდა.
– მოულოდნელი იყო ამ გადაწყვეტილების გაგება შენთვის?
– წინა დღეს არ გამიგია, რამდენიმე დღით ადრე ვიცოდით, რომ ამაზე საუბარი იყო და იცვლებოდა რაღაცეები. შეიძლება, ცოტა მოულოდნელიც იყო და გულდასაწყვეტიც – როცა მიჩვეული ხარ შენს სამსახურს, გიყვარს, მაყურებლისგანაც სიყვარულს გრძნობ, ამ მხრივ, დაგწყდება გული. ალბათ, განვითარებისთვის რაღაცეების შეცვლაა საჭირო და უკეთ უნდა გამოვიყენო ეს დრო, რომ ახალი სეზონიდან თავი არ მოვანატრო მაყურებელს.
– საუბარია იმაზე, რომ კვლავ „იმედში“ დაბრუნდე, თუნდაც სხვა გადაცემაში?
– ეს იმდენად ახალი ამბავია, თან, ყველა ტელევიზიაში შუა სეზონი მიმდინარეობს და „იმედში“ მოხდა რეორგანიზაცია, ცვლილებები. სექტემბრამდე ბევრი დროა. მეც არ ვჩქარობ. ვფიქრობ, დავუბრუნდები ეკრანს.
– გარკვეული პროტესტის გრძნობა არ გქონდა?
– ყველანაირი გრძნობა მქონდა ერთად. ისიც ვიფიქრე: მოდი, დავისვენებ-მეთქი. ზოგადად, ძალიან ოპტიმისტი ვარ და როდესაც საკითხს კარგი მხრიდანაც შეიძლება შეხედო, იმ კარგი მხრიდან ვუყურებ და მაინცდამაინც ცუდს არ ვეძებ. შეიძლება, მეც მქონოდა უარყოფითი რეაქცია, მაგრამ მაინც პოზიტიური მხრიდან ვუყურებ: ორი თვით ადრე დავისვენებ. საერთოდ, დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ადვილად ვეგუები ბევრ რამეს, თუმცა, შვილის და ოჯახის მხრივ, რა თქმა უნდა, წინ ვიყურები. უბრალოდ, არ მაქვს გაწერილი გეგმები. ახლა დავფიქრდი ამ საკითხზე: შეიძლება, სხვა რამ მინდა, ან სხვა მხრივ განვითარება. როცა ბევრი რესურსი გაქვს, არჩევნის საშუალებაც ბევრია და საკუთარ თავზე მუშაობისაც.
– გიოს და ბექას გაუხარდათ, ახლა დილით უფრო მეტ დროს რომ ატარებ მათთან?
– მგონი, გაუხარდათ. სულ ვახერხებდი და დღესაც ვახერხებ, რომ გიოს დედა არ ენატრებოდეს. ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო მანამდე, სანამ გიო ბაღშია, რომ მერე სულ ჩემთან ერთად იყოს. თუმცა, ახლა დილით რომ იღვიძებს და მასთან ერთად ვარ, ეს ძალიან უხარია. ზოგადად, შესაძლებელია ოჯახისა და სამსახურის კარგად შეთავსება, რაღაცას იქით თმობ, რაღაცას – აქეთ, მაგრამ უნდა დააბალანსო. უნდა გადაწონო, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი. სიმართლე გითხრათ, არ მქონია მომენტი, სამსახურსა და ოჯახს შორის არჩევანი გამეკეთებინა. რატომ, ან ვინ უნდა დამაყენოს არჩევნის წინაშე?! ეს არასწორია, რადგან რომელიმეს გარეშე არ ხარ სრულყოფილი. როცა ორივე დაბალანსებულია, მერეა იდეალური სიტუაცია, თორემ ზოგჯერ რაღაცის დეფიციტი იქაც არის და აქაც. მაგრამ არის ცხოვრებაა, სულ ერთნაირად ვერ იქნები. აბსურდია მუდამ ბედნიერის იმიჯი რომ აქვთ. უმეტესწილად შესაძლებელია, ყველა ბედნიერი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, ერთი დღეც არ გქონდეს ჩავარდნა. ჩემთვის ისიც ბედნიერებაა, რაღაც რომ გაქვს შესავსები და იმას მოაგვარებ. რაც მეტად ვიზრდები და ბევრს ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, ყველაფრის აფიშირება.
– ცოტა ხნის წინ, მახსოვს, როგორ სწორად, ადეკვატურად დაუდექი შენს მეუღლეს გვერდში.
– ასეთ დროს წყვეტ, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, ღირებული და რა უნდა გააკეთო. სუსტი რომ არ ვარ ასეთ საკითხებში – ამაში დავრწმუნდი. მეც მაქვს ჩემი სისუსტეები, მაგრამ, როდესაც საყვარელ ადამიანს სჭირდება დახმარება, საიდანღაც რაღაც ძალა მეძლევა, ესეც, ალბათ, საჭირო იყო, რადგან რაღაცაზე დააფიქრა ბექა. მეც უფრო მეტად დამაფიქრა და ალბათ, საბოლოოდ, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. რა თქმა უნდა, ეს რომ არ მომხდარიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, თუნდაც ბექას კარიერაში. მთავარია, ახლა როგორ ვართ. როცა რაღაც ხდება, წარსულში არ უნდა იჩიჩქნო, მომავალში უნდა იყურო.
– შენ და ბექას გქონიათ ურთიერთობაში კრიზისები?
– გადასალახი მომენტები ყველას ცხოვრებაშია, არა მხოლოდ ცოლ-ქმრის. შესაბამისად, ჩვენთანაც ყოფილა, მაგრამ სასწორზე რომ დადებულიყო ჩვენი ურთიერთობა, ასეთი რამ არ მომხდარა. სირთულეები ყოფილა, თუნდაც ის, რაც გამახსენე – ეგეც სირთულე იყო, ისევე, როგორც ამ სირთულიდან გამოსვლა. ურთიერთობაში ჯანსაღი კამათი საჭიროა, ამას ვიღაც ჩხუბს დაარქმევს, ვიღაც – კამათს. მაგრამ, ჩემთვის ეს საინტერესოა. ურთიერთობაში ერთფეროვნებაც არ მომეწონება. კამათის შემდეგ შერიგებაც ხომ სასიამოვნოა.
– მომთხოვნი და კაპრიზული ცოლიც არ ხარ?
– არ ვარ მომთხოვნი, არც კაპრიზული. ძალიან გაუმართლა ბექას. ჩემ გარშემო გოგონებს ქმრების მიმართ ისეთი მსუყე მოთხოვნები აქვთ, მე – არა. არც ქმრის, არც მშობლების და არც მეგობრების მიმართ მქონია. არც ბექაა ეჭვიანი და მომთხოვნი. მეც უაზროდ არასდროს ვიეჭვიანებ არც ქმარზე და არც მეგობრებზე. ყოველთვის ვიცი ჩემი ადგილი. მგონია, რომ ეჭვიანობა ურთიერთობისთვის ერთ-ერთი დამანგრეველია. დაბრმავებული წყვილებისაც არ მჯერა, თან, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ყველა ყველას იცნობს, ყველამ ყველაფერი იცის... არ მწამს იმის, რომ მაინცდამაინც ცოლ-ქმარმა არ იცის. ვარდისფერი სათვალით არ ვცხოვრობ და რეალობის აღქმა მაღალ დონეზე მაქვს – არც მინდა, რეალობას ავცდე. ყველაფრისთვის უნდა შეგეძლოს თვალის გასწორება. მირჩევნია, ყველაფერი ვიცოდე, ვიდრე ზურგს უკან ქილიკი მესმოდეს.
– საუბრის დასაწყისში მითხარი, რაღაც გეგმები მაქვსო და რას გულისხმობდი?
– მაისის ბოლოს მივდივარ იტალიაში, კუნძულზე. უცხოელებისგან სარეკლამო დაკვეთა მაქვს. ძალიან საინტერესო პრომოაქცია გაიმართება – „იცხოვრე შიშის გარეშე“. ეს არის კონკურსი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება, მათ შორის, საქართველოში და გამარჯვებული გაივლის იმ ტურს, რომელიც მე ახლა უნდა გავიარო. ეს იქნება ექსტრემალური ტური: დაივინგი, პარაშუტით ხტომა, სერფინგი. მე ხომ გიჟი ექსტრემალი ვარ. რაც უფრო საშიშია, უფრო საინტერესოა ჩემთვის.
– ბექას რა რეაქცია ჰქონდა შენს ტურზე, ხომ არ ეშინია?
– ნერვიულობს, ეშინია ჩემ მაგივარად. მეუბნება, არ წახვიდეო. ჩვენთან „გამიშვებ“ მომენტი არ მაქვს, უბრალოდ, გადაწყვეტილებას რომ ვიღებდით, მწერდნენ პირობებს და ერთად ვათანხმებდით. ყველაფრის საქმის კურსში იყო. ის კითხვა, რომ „ბექა, გამიშვებ?“ – კიდევ დაისვას რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ცოტა სასაცილოა და არაჯანსაღია ჩემთვის.