№20 როგორ გადაარჩინეს ქართველმა მღვდელმონაზონმა და მონღოლმა ნოინმა დიმიტრი თავდადებულის უფროსი ვაჟი სიკვდილს
1289 წლის 16 იანვარს სიკვდილით დასაჯეს საილხანოს დიდი ვეზირი, ბუღა, რომელიც იყო აღმოსავლეთ საქართველოს მეფის, დიმიტრი მეორის მძახალი. მეფის ასული რუსუდანი ცოლად ჰყავდა ბუღას ვაჟს. ბუღა დიდი გავლენით სარგებლობდა საილხანოში, მას მინიჭებული ჰქონდა ჩინქიშანის ყველაზე საპატიო წოდება. ამიტომ, ბევრი მტერიც ჰყავდა. ბუღას შეთქმულების გამჟღავნებით, ისარგებლეს მისმა მტრებმა და დაიწყეს ნადირობა ბუღას ახლობლებზე. დახოცეს ბუღას ნათესავები, თანამოაზრეები. მოუკლავთ ჩვენი მეფის სიძეც, ბუღას ვაჟი. საბედნიეროდ მეფის ასული რუსუდანი გადარჩა.
როგორც ბუღას ახლობელი და მისი შესაძლო თანამზრახველი, საილხანოში გამოიძახეს მეფე დიმიტრიც. დარბაზის წევრები სთხოვდნენ მეფეს, არ წასულიყო საყაენოში, მთაში გახიზნულიყო, რადგან უეჭველი სიკვდილი ელოდა ურდოში. მაგრამ, მეფემ ვერ გაიმეტა ქვეყანა აოხრებისთვის, გადაწყვიტა, თავი გაეწირა და ხალხი გადაერჩინა. როცა დიმიტრი მეფე ყაენთან მიდიოდა, გზად გაიარა ლორეს მხარეში და იქიდან თან წაიყვანა თავისი უფროსი ძე და მემკვიდრე, დავით უფლისწული, რათა ყაენს ეჭვი არ შეჰპარვოდა მის ერთგულებაში. როცა საილხანოში შევიდნენ, გზად შეხვდათ ნოინი სიუქოლი, ცნობილი ნოინის, ოირიდთა ტომის მთავრების შთამომავლის, იასბუღას ვაჟი, ჯართან ერთად, რომელიც ყაენს გამოეგზავნა, რადგან ეგონა, შეშინდება დიმიტრი მეფე და არ მოვა ჩემს სანახავადო. სიუქოლს დავალებული ჰქონდა, შეეპყრო ჩვენი მეფე და მიეყვანა ილხანთან.
ოირიდმა გასცა ბრძანება და დააპატიმრეს ქართველთა ხელმწიფე, ბარგი ჩამოართვეს. დააპატიმრეს მეფის ამალაც. შეპყრობილი მიიყვანეს ხელმწიფე ყაენ არღუნის წინაშე. არღუნმაც ტყვეობაში დატოვა. ფიქრობდა ყაენი, მოეკლა თუ არა დიმიტრი მეფე. მოღალატე ბუღას თანამდგომის ცოცხლად გაშვება არ უნდოდა, ძალიან იყო გამწარებული. მაგრამ, აღმოსავლეთ საქართველო მეფის გარეშე დარჩებოდა, ეს არ უნდოდა მონღოლთა ილხანს. იმ დროს დასავლეთ საქართველოში დავით ნარინი მეფობდა, რომელიც არ ემორჩილებოდა მას. აღმოსავლეთ საქართველო და მთლიანად ჩვენი სახელმწიფო აინტერესებდათ მონღოლებს. თუ მეფობას გააუქმებდნენ, ხალხი აჯანყდებოდა და ქართველები, საილხანოს ჯარების დახმარების ნაცვლად, ილხანთა მტრების, ოქროს ურდოს მხარეს გადავიდოდნენ. ზედმეტი თავისტკივილი არ უნდოდა არღუნს.
ყაენს ეთათბირა ხუტლუბუღა, საქართველოს ამირსპასალარი, ავანტიურისტ სადუნ მანკაბერდელის ვაჟი და თავადაც ავანტიურისტი, თანამდებობებზე და ქონებაზე დახარბებული ადამიანი. როცა მონღოლთა მიერ აღზევებული მედროვე და მათი დახმარებით საქართველოს ამირსპასალარად და ათაბაგად დანიშნული, სადუნ მანკაბერდელი გარდაიცვალა, დიმიტრი მეფემ, მის ვაჟს, ხუტლუბუღას ამირსპასალარობა კი მისცა, მაგრამ ათაბაგობა ტარსაიჭ ორბელს უბოძა. ორბელსა და სადუნის ძეს დიდი მტრობა ჰქონდათ სამეფოში გავლენების გამო. ხუტლუბუღას, გულში ჰქონია ჩადებული ბოღმა, ხელში ჩაუვარდა შესაბამისი მომენტი, გაწირა სასიკვდილოდ ჩვენი ახალგაზრდა ხელმწიფე და უთხრა ყაენს: ნუ იდარდებ, დიდო ყაენო, მე მოგიყვან აფხაზთა მეფე დავით ნარინის მემკვიდრეს, მას უბოძე მეფობა და თუ ახლა დავით ნარინი არ გემორჩილება, ამგვარად შენს მორჩილებაში აღმოჩნდება მთელი საქართველო, როგორც დასავლეთი, ისე აღმოსავლეთიო. ამ თათბირმა გადაწყვიტა დემეტრე მეფის ბედი.
ხუტლუბუღა გააგზავნეს ქუთათისს, დავით ნარინთან მოსალაპარაკებლად. მასვე უნდა აღეწერა მეფე დიმიტრის ქონება, მთელი სამეფო საჭურჭლე, ცხვრები და საქონელი, რომელიც ჩამოერთმეოდა მეფეს.
დიმიტრი მეფე, მისი ძე დავითი და მეფის ამალა, დიდებულები და მსახურები, ტყვეობაში რჩებოდნენ, გარდა აბრაჰამ კათალიკოსისა. სასულიერო პირებს იმ ხანებში მონღოლები დიდ პატივს სცემდნენ.
მონღოლებმა მოღალატეების მეშვეობით გაიგეს, სად ჰქონდა მეფეს სახელმწიფო საგანძური შენახული. ხოჯა აზიზის შვილი, რომლის მამაც, დავით ულუმ ყაენს გამოსთხოვა და მოაკვლევინა, მისი შეურაცხყოფისა და გადასახადების აკრეფაში გამოჩენილი დანაშაულებების გამო და ასევე, ხუტლუბუღა, რომლებიც ნათესავები იყვნენ, შეიკვრნენ მეფის წინააღმდეგ და მთელი სამეფო საჭურჭლე, რაც ქვეყნის საჭიროებებს უნდა მოხმარებოდა, ჩამოართვეს ჩვენს სამეფოს და გადასცეს ყაენს.
გაუკვირდა არღუნს საჭურჭლის სიდიდე, გაახარა შენაძენმა, ცოტა დაუცხრა გულისწყრომა ჩვენი ხელმწიფისადმი და საპყრობილიდან გამოაშვებინა.
თანმხლებმა დიდებულებმა ურჩიეს ხელმწიფეს: ახლა გაქვს შესაძლებლობა, ღამით შეახტი ცხენს და განერიდე ხიფათსო.
მეფემ უპასუხა: „თავიდანვე ვიცოდი, რომ სიკვდილის საფრთხე მელოდა, მაგრამ დავდე ჩემი სიცოცხლე ჩემი ერისათვის. ახლა რომ წავიდე, ხალხს დამირბევენ და დამიხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს. რად მინდა, სიცოცხლე გადავირჩინო და სული კი წავიწყმიდო?“. და არ გაიქცა ჩვენი ვაჟკაცი მეფე.
ამასობაში დაბრუნდა ხუტლუბუღა დასავლეთ საქართველოდან და ყაენს უპატაკა, მეფე დავით ნარინი თანახმაა, თავისი მემკვიდრე, ვახტანგი და ჯარი გამოაგზავნოს შენს სამსახურშიო. ალბათ, ხუტლუბუღამ ვერაგი სიტყვებიც უჩურჩულა ყაენ არღუნს დიმიტრი მეფის შესახებ.
კვლავ დააპატიმრეს მეფე დიმიტრი. ორი დღის მერე მეფე და მისი ვაჟი, დავითი გამოიძახეს. თან წაჰყვათ მღვდელმონაზონი მოსე. არგნით (კვერთხით) სცემეს მეფეს. ყველას ეგონა, აღარ მოკლავდნენ, რადგან მონღოლები, ვისაც არგნის ცემით დასჯიდნენ, აღარ კლავდნენ ხოლმე. მაგრამ, არ დაცხრა არღუნის გულისწყრომა. წაიყვანეს მეფე დემეტრე დივანხანაში, სადაც დაჰკითხეს, იყო თუ არა ჩინქიშან-ბუღას თანაშეთქმული, მაგრამ ბრალი ვერ უპოვეს. ნოინი, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა, წავიდა ყაენთან, რათა მოეხსენებინა ყველაფერი არღუნისთვის და მეფისთვის სიცოცხლის ჩუქება ეთხოვა, მაგრამ ვერ მოხერხდა მეფის გადარჩენა.
ყაენმა თორმეტი მხედარი გამოაგზავნა თავდადებული მეფის წასაყვანად და მოსაკლავად. როცა გაიგო დიმიტრი მეფემ, რომ მისი მოკვლა გადაწყვეტილი იყო, ღიმილით დაემშვიდობა ამალის წევრებს, რომლებიც მის სანუგეშოდ შეკრებილიყვნენ. ხუტლუბუღაც იქვე იდგა. მიუტრიალდა მეფე და უთხრა ხუტლუბუღას: თუ შეგიძლია, სთხოვე ყაენს არ მომკლას, ხოლო თუ არ გინდა, ეს გააკეთო, მაშინ ჩემს მცირეწლოვან დავითზე იზრუნე, რათა ისიც არ მოკლას ყაენმაო.
ხუტლუბუღამ და სხვებმა ტირილი დაიწყეს. მეფემ ილოცა, ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. შემდეგ შესვეს ცხენზე და მოშორებით გაიყვანეს. სთხოვა მონღოლ ჯალათებს ჩვენმა ხელმწიფემ, ცოტა დრო კიდევ მომეცით სალოცავადო. ცრემლმდინარემ კვლავ ილოცა და მერე მიუშვირა კისერი ჯალათებს. 1289 წლის 12 მარტს, დილის 10 საათზე, მოვაკანში, ველურმა დამპყრობლებმა მოკლეს ქართველთა მირონცხებული მეფე. იმ დროს მომხდარა მზის დაბნელება, საღამომდე მზე აღარ ჩანდა, თურმე.
მაინც არ სცხრებოდა, თურმე, გულისწყრომა ყაენის მრჩევლებისა, ბუღას ყოფილი მტრებისა. ისევ სისხლი სწყუროდათ. უფლისწული დავითი ნოინ ტაჩარს ჰყავდა ჩაბარებული, რომელიც საილხანოს მხედართმთავარი ყოფილა. ღამით მიადგნენ ჯალათები უფლისწულს მოსაკლავად კარავში, მაგრამ დავითი დამალეს ქართველებმა. გამთენიისას გაიპარა მოსე მღვდელი კარვიდან, რომელიც არასდროს შორდებოდა უფლისწულს, მიიჭრა ტაჩარ ნოინთან და აუწყა, მეფისწულის მოკვლაც უნდათო. სასწრაფოდ ადგა ტაჩარი, გაეშურა ყაენთან და უთხრა: რად გინდა უცოდველი ბავშვის მოკვლა, მე მაჩუქე მისი სიცოცხლეო. ყაენმაც დაუთმო. წაიყვანეს პატარა მეფისწული ნოინთან და ჩააბარეს ხოჯას, რომელიც მერე დიდ საჰიბდივნად დაინიშნა.
ასე გადარჩა დავით დემეტრეს ძე სიკვდილს. მაგრამ, ყაენს გადაწყვეტილი ჰქონდა მისთვის ტახტი წაერთმია.