როდის არ უნდა ვაპატიოთ ქმარს ღალატი და მნიშვნელოვანია თუ არა პატიების სურვილი მისი მხრიდან #20
რაზეა აგებული ადამიანების ურთიერთობა? რა თქმა უნდა, სიყვარულზე, მოთმენისა და პატივისცემის უნარზე, ასევე, ნდობაზე. მაგრამ, რა ხდება, თუკი გვიღალატებენ? ნდობა, რა თქმა უნდა, ქრება, სუსტდება და ეს მოქმედებს სიყვარულზეც. თუ ადამიანი გიყვარს, ბუნებრივია, მასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხელის ერთი მოსმით მარტივი არ არის. ვერც ვერავინ აკეთებს ამას, იშვიათი გამონაკლისების გარდა. თუმცა, ღალატის შემდეგაც ცხოვრება ისეთი აღარ არის. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ვაპატიოთ ღალატი იმ შემთხვევაში, თუ ვხედავთ, რომ ამ ღალატს ნანობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შანსის მიცემა აზრს კარგავს. თუმცა, ალბათ, ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის უკეთესი.
მარიკა (38 წლის): ბევრს ვლაპარაკობთ იმაზე, რა უნდა ქნა, როცა გიღალატებენ... მაგრამ, ეს ყველაფერი იქამდეა ადვილი, სანამ თვითონ არ აღმოჩნდები ამ მდგომარეობაში. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ თავზე თუ გამოცდი, მერეღა ხვდები, რა საშინელებაა ეს. ბრძენნი, მშვიდნი, თავდაჯერებულები და პრინციპულები მაშინ ვართ, როცა სხვისი ცხოვრების დეტალებს ვარკვევთ. მაშინ ვიძლევით საუკეთესო რჩევებსაც. მე საერთოდ დამეხშო გონება და საღი აზრი, როცა ქმრის ღალატის შესახებ გავიგე. მანამდე ჩემი მეგობარი იყო ამ უმძიმესი სტრესის ქვეშ. ძალიანაც თანავუგრძნობდი, ძალიანაც ვნერვიულობდი, მაგრამ იმის მეათედიც კი არ მიგრძნია, რასაც ის, თურმე, სინამდვილეში განიცდიდა.
– რა ურჩიეთ, ქმარს გაშორებოდა?
– პირიქით, ვერაფერი ვურჩიე ღირებული. მხოლოდ თანავუგრძნობდი. ერთი წელი ითმინა, „ატარებდა“, თავს ინუგეშებდა, მაგრამ მერე მაინც დაშორდნენ. ვეღარ გაუძლო ასეთ ცხოვრებას. ნამდვილად არ არის ადვილი. ახლა უკვე ზუსტად ვიცი. „მიღალატეს – ვინერვიულე – ვაპატიე“ საკმაოდ ბანალური სიტუაციაა, მაგრამ რეალობაც ეს არის. ჩემი ქმრის ღალატიც ბანალურად დაიწყო. თანაკლასელებმა თავშეყრა და წვეულების გამართვა გადაწყვიტეს. მშვიდად გავუშვი. ყველა მის კლასელს ვიცნობდი და არაფერი მიეჭვია.
– ზოგადად, ეჭვიანი ხართ?
– როგორ გითხრათ, ზომიერად ეჭვიანი შეიძლება, მიწოდოთ. როცა მაქვს ეჭვიანობის საბაბი, ვეჭვიანობ. მანიაკალური ახირებები და აკვიატებები არ მახასიათებს. როგორც ამას ჩემი ქმარი მაბრალებს. ჰო, იმის თქმა მინდოდა, წინ საკმაოდ ცუდი მაგალითი მქონდა იმისა, თუ როგორ არ აპატია ჩემმა დაქალმა ქმარს ღალატი და მერე როგორ ინანა. ის კაცი წავიდა, თავისი „ნაშა“ შეირთო. ეს კი ორი შვილით მარტო დარჩა. არ მინდოდა, მის მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი. მოკლედ, წავიდა ბანკეტზე და იმ საღამოს მერე ყველაფერი აირია. დაიწყო დაგვიანებები. გაურკვეველი დაბნეულობები, ტელეფონის ზარზე სხვა ოთახში გასვლები... ეგრევე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. არცერთმა ქალმა არ თქვას, ვერ ვხვდებოდი, ქმარი რომ მღალატობდაო. იცით, როგორი ადვილი მისახვედრია? მერე საერთოდ, თავისი კომპიუტერი დარჩა ჩართული და ისეთი რაღაცეები ვნახე... მოკლედ, გავნადგურდი. ასეთი სიტყვები ჩემთვის არასდროს უთქვამს. ეგრევე მივხვდი, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ – ძალიან ახლო. ახლაც ცუდად ვარ, როცა იმ წუთებს ვიხსენებ. ღმერთო, რა კოშმარი გამოვიარე. რამდენიმე კვირის განმავლობაში ტუჩებს ვიკვნეტდი და ისე ვიტანჯებოდი. ჩუმ-ჩუმად ვტიროდი.
– თქვენი გმირი როგორ იქცეოდა?
– ჩვეულებრივად. ვითომ საერთოდ ვერაფერს ამჩნევდა. რა ენაღვლებოდა, მე ხომ ჩუმად ვიყავი და ხმას საერთოდ არ ვიღებდი. ვითმენდი, ანუ... ჩემი ჭკუით, შანსი მივეცი, რომ თვითონ მიმხვდარიყო და გადაეწყვიტა, რა იყო მის ცხოვრებაში მთავარი – ვიღაც „ნაშა“ თუ ოჯახი.
– რატომ არ დაელაპარაკეთ და უთხარით, რომ იცოდით მისი ღალატის შესახებ.
– შევცდი, არ ვიცოდი, რომ ამ ჩემს, თითქოსდა, სიყვარულით გადადგმულ ნაბიჯს, გამოძახილი არ ექნებოდა, ან ექნებოდა ყოვლად საშინელი, უმადურობის პიკში ასული. კაცი არ უნდა დაინდო. მით უმეტეს, ის კაცი, რომელმაც თავად არ ჩაგაგდო არაფრად. თურმე, უნდა დამეყვედრებინა, უნდა გამეწვალებინა – ჯერ სახლიდან გამეგდო, მერე – დიდი ხვეწნის შემდეგ, დამებრუნებინა და თანაც, დამეყვედრებინა. მოკლედ, სული უნდა ამომეხადა.
– რომ არ შეგხვეწნოდათ?
– შეიძლება, არ შემხვეწნოდა, მაგრამ ბოდიშს ხომ მაინც მოიხდიდა. ელემენტარულს მაინც ხომ მიხვდებოდა და რაღაცის აზრზე მოვიდოდა?! პატიება არ უთხოვია, პირიქით, ლამის იქით მომახდევინა ბოდიში. ჩემი ბრალია, მე არ დავანახე, რომ ღირსება მაქვს.
– ანუ, ცოლები კარგს შვრებიან, როცა ქმრებს ისტერიკებს უწყობენ?
– გააჩნია, რისთვის. უაზროდ და უმიზეზოდ ისტერიკების მოწყობა სრული უაზრობაა. რას ერჩი იმ კაცს ან საკუთარ თავს?! პრეტენზია დაკონკრეტებული უნდა იყოს. მაგრამ მე მეორე უკიდურესობაში გადავვარდი, როცა საერთოდ გავჩუმდი და მის დანაშაულს ფარდა არ ავხადე. დაუსჯელობის სინდრომი „შევყარე“ და მერე მეწყინა, ჩემგან მიღებული შანსი რომ არ დააფასა.
– ფიქრობთ, საერთოდ ვერ გააცნობიერა, რომ თქვენ მას შანსი მიეცით?
– ყოველ შემთხვევაში, არ შეიმჩნია – ასე აწყობდა. მაგრამ, ვერ შეედავები და ვერც მოსთხოვ ვერაფერს, იმიტომ რომ პატიება არ უთხოვია. მე არ დავუყენე საკითხი ასე, არ ვუთხარი, რომ დამნაშავე იყო ჩემთან.
– ანუ, მამაკაცს ღალატი მხოლოდ მაშინ უნდა აპატიო, როცა შენდობას ითხოვს? როცა გეხვეწება, რომ დანაშაული აპატიო?
– რა თქმა უნდა, სხვანაირად აზრი არ აქვს კაცისთვის შანსის მიცემას. ვერ მიხვდება, ვერ გაიგებს და იგივეს გაიმეორებს. შეიძლება, უფრო მტკივნეულადაც კი. კაცმა უნდა იწვნიოს თავისი ღალატისთვის, სხვანაირად პატიებას აზრი არა აქვს. უარესად დაიზარალებ თავს, როგორც ეს მე დამემართა.