რატომ ლანძღავდა ყველა გვანცა ოსიყმაშვილს და რატომ აქვს მას ქართველ მამაკაცებზე გული აცრუებული #20
გვანცა ოსიყმაშვილი მსმენელმა „X ფაქტორიდან“ გაიცნო და პირველივე ნამღერით შეძლო მან მაყურებლის მოხიბვლა.
გვანცა ოსიყმაშვილი: ბავშვობიდან ვმღერი. ამ მხრივ, ყოველთვის აქტიური ვიყავი. სკოლაშიც სულ ვმღეროდი, გუნდის სოლისტი ვიყავი. მუსიკალური და საჯარო სკოლა ერთად დავამთავრე. შემდეგ ჩავაბარე ბათუმში ხელოვნების უნივერსიტეტში, მუსიკის ფაკულტეტზე. სრული დაფინანსებით ვისწავლე 3 წელი და 5 თვე. დედისერთა ვარ – 8 წლის ნანატრი შვილი. ყურადღებით ვიყავი ყოველთვის „შეწუხებული“ და სულ მინდოდა, ჩემით რაღაცეების კეთება. პრობლემაც რომ მქონდა, მაშინაც ვამბობდი: ამას მე მოვაგვარებ-მეთქი. ჩემები მიბრაზდებოდნენ: არ ვართ შენი მშობლებიო?! ზოგადად ძალიან პრობლემური ვარ.
– რას გულისხმობ?
– ნებისმიერ სიტუაციაში სიმართლეს პირდაპირ ვამბობ. ძალიან გრძელი ენა მაქვს, პირში არ მიჩერდება. გრძელ ენას ბევრი რამ მოჰყვება: სკოლიდან დაწყებული, დირექტორის კაბინეტთან რომ ვიყავი ატუზული და ყველა მლანძღავდა – უსინდისო ოსიყმაშვილი... უზრდელი არ ვარ, თუ არ დაიმსახურებს ადამიანი, არაფერს ვეტყვი. უსამართლობასაც ვერ ვიტან, შეიძლება, საერთოდ არ ვიცნობდე ადამიანს და ყველაფერი გავუკეთო. ყოველთვის ისეთ სიტუაციაში ვხვდები, რომ ვიღაც მლანძღავს. ერთი პერიოდი გადამთელეს, ჩემზე აქტიურად ჭორაობდნენ მეზობლები. იმის გამო, რომ გრძელი ენა მაქვს, ძალიან ცუდი გოგო ვიყავი.
– ამის გამო მშობლები გიბრაზდებოდნენ?
– მშობლებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს, დაქალია დედაჩემი და მამა – ძმაკაცი. ყოველთვის ყველაფერს ვუყვები. გარდატეხის ასაკში ყველაფრის მიმართ მქონდა პროტესტი, რომ მივხვდი, რა ხდება ჩემ გარშემო: სულ ვიღაც ვიღაცას ჭორავს, სხვის ცხოვრებაში ერევიან. ამის გამო, შეიძლება, ადამიანს თვალები დავთხარო. ჩავიკეტებოდი ოთახში ან ზღვის პირას დავჯდებოდი – ვწერდი. დეპრესიული ვიყავი. დედა ერთი პერიოდი ძალიან განიცდიდა, ტიროდა. ბოლოს რაღაცეებს მივაჩვიე. „X ფაქტორში“ რომ გავედი, ყველა ამაყობს. ულოცავენ, ეფერებიან. მეუბნება: ყველაფერი, რის გამოც მიტირია, მინერვიულია, დამავიწყდა და ძალიან ბედნიერი ვარო.
– ვწერდიო, მითხარი. რას წერდი და როგორ გადალახე დეპრესიული პერიოდი?
– რომ დავამთავრე, ყველა ჩემი ჩანაწერი გავანადგურე, სკოლის რვეულებთან ერთად. სიმღერისთვის რამდენიმე ტექსტიც მქონდა დაწერილი. ის პერიოდი ხომ ძალიან სტრესული, დეპრესიული იყო. მერე, ცოტა რომ გავიზარდე, დავსერიოზულდი, წავიკითხე და გავღიზიანდი: არ შეიძლება, არაფერი არ მოგწონდეს. ახლა რაღაცეებს შევეგუე და მიკვირს მაშინდელი ამბები.
– სუიციდის მცდელობაც ხომ არ გქონია?
– 12 წელი ეკლესიაში პერიოდულად ვგალობდი, რადგან იქაც მქონდა პროტესტის აფეთქებები. ზოგჯერ რაღაც არ მომწონდა, მოვდიოდი და მერე ვხვდებოდი, ხალხის გამო ეკლესიაზე უარი არ უნდა ვთქვა. ასეთი რაღაცეები სუიციდს არ მაფიქრებინებდა, თან ჩემს თავზე საყვარელი არავინ მყავს – როგორ უნდა მოვიკლა? არასდროს არანაირი პრობლემა არ შემხებია. უდარდელი ცხოვრება მქონდა და ამიტომაც წამოვედი ბათუმიდან. ჯერ ქუთაისში გადავედი საცხოვრებლად, ბოლო სემესტრი ვისწავლე ქუთაისის კონსერვატორიაში. მარტო რომ ვიცხოვრე, ვიგრძენი: ქალიც მე ვარ, კაციც, ყველა პრობლემასთან მყარად დავდექი და ძალიან გავძლიერდი. შემდეგ ისევ ბათუმში დავბრუნდი. მაგრამ, 12 საათზე კარაოკეში რომ ხარ, სიმღერა გინდა და გირეკავენ: მა, დე, სად ხარო – აღარ შემეძლო. გავიხსენი, გავშალე ფრთები და ისევ მომეკვეცა... თან, ბათუმი ტბასავითაა, არაფერი არ ხდება. ბოლო პერიოდში საოპერო კუთხით არის სიახლეები, მაგრამ მხოლოდ ყურება არ მინდა. თბილისში რომ ჩამოვედი, სარეკლამო აქციებზე ვმუშაობდი, როგორც პრომო-გოგონა. თავიდან მომწონდა, სამსახური იყო, მაგრამ მერე ძალიან გავღიზიანდი, რადგან ქათმების აქციაზე გამიშვეს და ქათმებს ვერ ვიტან. ამიცრუვდა გული, მერე უკვე „X ფაქტორიც“ დაიწყო და აღარ მეცალა.
– რა განხრით აპირებ წასვლას?
– ძალიან მომწონს როკ-ოპერის მიქსი, ასეთი შერწყმა, მაგრამ საქართველოში ასე სად ვიმღერო? ოპერა ყველაზე მეტად ახლოსაა ჩემთან. არის რამდენიმე პარტია, რომელიც აუცილებლად უნდა ვიმღერო. თან, პირველი სპექტაკლი მოსკოვში უნდა ვიმღერო დიდ თეატრში. როცა რაღაცას გადაწყვეტით ვამბობ, სულ მისრულდება. თუმცა, მე არ ვარ ჭეშმარიტი ვოკალისტები რომ არიან, ისეთი. მაგათ იეღოველებს ვეძახი – სიგარეტი არ მოწიო, გაზიანი, ცივი სასმელი არ დალიო, ნაყინი არ ჭამო, სხვა სიმღერა არ იმღერო, თორემ ყელი მოგენგრევა. არაფერი არ მოგენგრევა, ტვინი აქვთ მათ მონგრეული. გაზიანსაც ვსვამ და კონცერტის წინ ნაყინსაც ვჭამ, ლუდიც მიყვარს.
– რას მეტყვი სიყვარულზე?
– შეიძლება, რეალურად არ მიყვარდეს ვინმე, მაგრამ სულ შეყვარებული ვარ. ერთი პერიოდი მესიზმრებოდა, რომ ვიღაც მიყვარდა. მერე, დილით რომ ვიღვიძებდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ცხოვრება მიხაროდა, აფრთიანებული დავდიოდი. გამოვდიოდი გარეთ და მერე იმედი მიცრუვდებოდა. ახლაც მიცრუვდება იმედი ქართველ ბიჭებზე.
– რა არ მოგწონს ქართველ ბიჭებში?
– ყველა კაცი ხომ უყურებს დავარცხნილ ქალებს, ყველაფერი გაკეთებული რომ აქვს, ლამაზად გამოიყურებიან, მაგრამ თავის გოგონებს, ცოლებს საერთოდ არ უფრთხილდებიან. ურჩევნიათ სხვა ქალებს უყურონ – ეს ძალიან მაღიზიანებს. აზროვნებაც არ მომწონს, ასევე, ვიზუალი, ჩაცმულობა, განათლების დონე. არ მომწონს კიდევ ის, მოწესრიგებულ მამაკაცს, ფრჩხილები რომ არ აქვს შავი, „პიდარასტს“ ეძახიან.
– როგორი უნდა იყოს შენთვის საინტერესო მამაკაცი?
– ვიზუალს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ განათლების დონეს – უფრო მეტი. სადმე რომ წავალ, არ უნდა შემრცხვეს ჩემ გვერდით რომ არის. ყველა ქალს უნდა მოსწონდეს – არ ვარ ეჭვიანი და მინდა, მისით ვიამაყო. ერთხელ ოჯახის მეგობარმა მკითხა: რას უწუნებ ამ ბიჭებსო. ბევრი რამ ვუთხარი: ისეთია, ვერაფერს მიხვდება, როდის მეცინება, როდის მეტირება, როდის მინდა მარტო ყოფნა. ასეთ რაღაცეებზე კაცებს ცუდი რეაქცია აქვთ, პირად სივრცეს გირღვევენ და ცდილობენ, თავისი გავლენის ქვეშ მოგაქციონ. რომ მივხვდები, ჩემი თავისუფლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის იქნება ჩემთვის ყველაფერი.
– „X ფაქტორში“ რატომ გამოხვედი?
– მამაჩემი ძალიან მთხოვდა, თან სცენაზეც მინდოდა კიდევ დადგომა, დეფიციტი მქონდა. შარშან კარაოკეში მიმტანად დავიწყე მუშაობა. საფერფლეებს რომ ვცლიდი, თან ჩემთვის ვღიღინებდი. მივხვდი, რომ ცუდად არ გამომდის. მერე ჩემმა ახლობელმა მითხრა, რომ „მეტალის” ხმა გაქვსო და ამითაც დავინტერესდი. ოპერის გარდა, როკსაც ვმღერი და არაფერი მემართება ყელზე, არც იოგები მეჭიმება. მთელი ბავშვობა ეკლესიაში რომ ვგალობდი, ზოგჯერ ბანის გალობაც მიწევდა. ბიჭების გუნდშიც ვმღეროდი – ხმებში სიმღერა არ მიჭირს და ყველა თავისკენ მიმათრევდა. ხალხურ სიმღერებსაც ვმღეროდი. „X ფაქტორში“ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, საინტერესო ხალხში ვტრიალებ. თუმცა, ყველაფერი სტერესული იყო ჩემთვის.