რატომ არ შეიძლება წმიდანების გაღმერთება და როგორი ქრისტიანები ხდებიან ღმერთის მოღალატეები #20
დღეს დავდივართ ეკლესიაში, აღსარებას ვამბობთ, ვეზიარებით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არ ვართ ქრისტეს ერთგული და პატარა განსაცდელიც, წამებში გვაშორებს მასთან. როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა ქრისტეს ერთგულება, ამის შესახებ ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი) გვესაუბრება:
– ბოლო ჟამის წინ, აპოკატასტიფის ანუ აპოკალიფსის წინა პერიოდში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ნიშანი არის განხმობა სიყვარულისა. მინდა, ერთი იგავი გიამბოთ: ღმერთმა დაიბარა თავისი მსახურები – ერთგულება და ღალატი და უთხრა: სანამ აპოკალიფსში გავანადგურებ ქვეყნიერებას (აპოკალიფსის დადგომის დროს ბევრი რამ შეიცვლება, დადგება ახალი ცისა და მიწის პერიოდი), მინდა ვიცოდე, ვინ არის ჩემი ერთგული და ვინ – მოღალატე. წავიდნენ ერთგულება და ღალატი იმის გასარკვევად, თუ ვის უფრო მეტი მრევლი ჰყავდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი დაიბარა ღმერთმა და ხედავს, ორ ჯგუფად გაყოფილ ბევრ ხალხს. ჯერ მივიდა იმ ჯგუფთან, სადაც იდგა მოღალატე და მან უთხრა ღმერთს: ესენი არიან, ვინც ღმერთს, ოჯახის წევრებს, მღვდლებს, ქვეყანას ატყუებენ. ღმერთმა რომ დაინახა, ერთგულები უფრო მეტნი იყვნენ, გაუხარდა და ერთგულებას უთხრა: ესენი შენი ერთგულები არიან. ერთგულებამ კი უპასუხა: რადგან შენი ერთგული ვერავინ ვნახე, სამაგიეროდ, ეშმაკის ერთგულები მოვაგროვე ბევრი. ესენი სიძვის, მრუშობის, ყაჩაღობის, ქურდობის, არაწმიდა სულის ერთგულები არიანო. დაღონდა უფალი, თუმცა დაინახა ადამიანების მცირედი რაოდენობა, რომლებიც თავჩაქინდრულები იდგნენ. თქვენ ვინ ხართო, – ჰკითხა მათ უფალმა. ჩვენ ვართ ქრისტიანები, რომლებიც არც ერთგულები ვართ და არც მოღალატეები. მარხვას ვინახავთ, ეკლესიაში დავდივართ და ხშირად ვცოდავთ, თუმცა ძალიან გვიყვარხართ და მაინც გემსახურებითო. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც აღდგომის შემდეგაც რჩებიან უფალთან და ასე თუ ისე ერთგულები არიან ქრისტესი.
– რატომ არის ქრისტეს ერთგულება ასეთი რთული?
– როცა ადამიანი, მღვდელი იქნება ის თუ ეპისკოპოსი, არ ცხოვრობს როგორც ქრისტიანი, მას ქრისტე სამღვდელო, სამოციქულო, ქრისტიანული პატივისგან განაყენებს. მაგრამ, ნუ შეაფასებთ ადამიანებს მოღალატეებად და ერთგულებად, სანამ მათი ცხოვრების დასასრულს არ იხილავთ. ქრისტიანობა თავის დამდაბლებაა. თუ არ დამდაბლდები, ისე ვერ გახდები ქრისტიანი. როდესაც მენელსაცხებლე დედები მიდიან მაცხოვრის საფლავთან, ისინი რწმენით მიდიან და სწამთ, რომ ლოდი გადაგორებული დახვდებათ. რწმენა უხილავში დაჯერებაა. ადამიანის ცხოვრების წესს უნდა დააკვირდე და არა იმას, როგორი ჯვარი უკეთია, როდის არის მონათლული და ვისი სულიერი შვილია. არავის გაჰყვეთ ბრმად იმიტომ, რომ ის მართლმადიდებელია. ბევრი მოტყუებულა ასე. ჯობია, არ იყოს მართლმადიდებელი, მერე გახდეს და წესიერი ცხოვრების წესი ჰქონდეს, ვიდრე ისეთი მართლმადიდებელი იყოს, დღეს რომ გვყავს ზოგიერთი ეპისკოპოსი, მღვდელი. ამიტომაც არის სოციალურ ქსელში მათი ფოტოები, ქმედებები გამოჭიმული. სახელად მართლმადიდებელს არ გაჰყვეთ ცოლად ან არ მოიყვანოთ ცოლი. მთავარია მისი ხასიათი, მისი ზნე. ჩვენი ბედნიერების, გადარჩენის წყაროა ის, რომ ჩვენი ცოლები, ქმრები, შვილები, დედები მენელსაცხებლე დედები უნდა იყვნენ – ის დედები, რომლებმაც ბოლომდე უერთგულეს ქრისტეს. რუსი მოძღვარი თავის მრევლს ეუბნება: უღმერთოები ხართ. ვხედავ, ნიკოლოზობას უფრო მეტი ხალხია, ვიდრე კვირას. წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატთან უფრო მეტი სანთელი ანთია, ვიდრე ქრისტეს ხატთან. თქვენ ხართ ქრისტეს გამყიდველებიო. ასეა ჩვენთანაც: შეიძლება, იესო ქრისტეზე მეტად ვინმე გიყვარდეს?! ჯერ იესო ქრისტე უნდა გიყვარდეს და შემდეგ მისი ერთგული წმიდანები. წმიდა მამები წერენ: ღმერთი ძალიან ეჭვიანიაო.
– რას გულისხმობთ, მამაო?
– ღმერთს ძალიან უყვარხარ და როდესაც ხედავს, რომ მას არ ესაუბრები, მისკენ არ მიდიხარ, არაფერს სთხოვ, სამაგიეროდ, სთხოვ შენნაირ მონას დახმარებას, მაშინ განრისხდება და გეტყვის: ვინ გაეკრა, შვილო, შენთვის ჯვარზე, ვინ ეწამა, მე თუ წმიდა ნიკოლოზი? ნიკოლოზი და გაბრიელი ჩემი ერთგული მონები არიან. მიბაძე მათ, მაგრამ ნუ გააღმერთებ და ნუ დაშორდები იესო ქრისტეს. სამწუხაროდ, ჩვენ რაღაც სექტას ვემსგავსებით და ეს არ არის მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობაა, როცა ყოველ დილით ადგები, სახარებას კითხულობ, გიხარია, ადიდებ უფალს და სულ ინტერნეტში არ ხარ ჩაფლული. ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში ეკონტაქტები, კითხულობ, გაინტერესებს მათი ამბები. დღეს არ სცალია მამას შვილისთვის, დრო არ აქვთ ცოცხალი ურთიერთობისთვის ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ცოცხალი ურთიერთობა უნდა იყოს ქმრისა ცოლთან, მშობლებისა – შვილებთან. მუდმივად ინტერნეტში არ უნდა ვიყოთ ჩაფლულები, ეს დაღუპავს ქვეყანას და გამოჩნდება ანტიქრისტეც, რომელიც იტყვის: მე ვარ ახალი მესია, გადამრჩენელი თქვენი, სამსახური არ გაქვს? – გექნება, შიშველი ხარ? – შეგმოსავ, გშია – დაგაპურებ. ამით ბევრი ადამიანი მოტყუვდება, გაჰყვება მას. რომ არ შეცდეთ, გათენდება-დაღამდება, ადიდეთ ქრისტე. სახარება წაიკითხეთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: ერთგული ვარ ქრისტესი? რატომ ვამბობთ, რომ ტაძრები ცარიელდება? იმიტომ, რომ ქრისტეს ერთგულები აღარ არიან. მოსწყინდათ კვერექსებისა და „უფალო, შეგვიწყალეს“ მოსმენა. ადამიანი არ იზრდება სულიერად. გათხოვდა და მიატოვა ეკლესია, სამსახური დაიწყო და მიატოვა ქრისტე. რახან ოჯახი შექმენი, უნდა მიატოვო ქრისტე? ოჯახი ხომ მცირე ეკლესიაა და თუ დიდი ეკლესიიდან გაქრები, მცირე ეკლესიაც ჩაქრება და, რომ ჩავარდებით განსაცდელში, მერე მამაომ უნდა იმტვრიოს თავი, როგორ დაგეხმაროთ. სულ მიკვირდა, რატომ ამბობს ქრისტე: სადაც ორი ან სამი შეიკრიბებით, მეც იქ ვარო. აქ ერთგულებზეა საუბარი, რომლებიც გულით შეიკრიბებიან, ადიდებენ ქრისტეს და იმიტომ კი არ მიდიან ეკლესიაში, რომ ახალი კაბა მაცვია და მინდა, ვინმეს დავანახოო. ამიტომ, ჩვენც გულით შევიკრიბოთ, გულით განვადიდოთ ქრისტე, მოვეფეროთ ერთმანეთს და ვიყოთ ერთგული მონები იესო ქრისტესი.