კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით დააზარალებს რუსეთსა და ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებს აშშ-ის მიერ აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ ამღიარებლებისთვის დაფინანსების შეწყვეტა #20

ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დემონსტრირებამ, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმას გულისხმობს, რომ აშშ არ გაუწევს ფინანსურ დახმარებას იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებლობას“, მორალურადაც გაგვამხნევა და იმედიც ჩაგვისახა. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი არც ისე ბევრია: რფ, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და ისიც არ გარკვეულა საბოლოოდ, არიან თუ არა ამ ჩვენი სეპარატისტების მხარდამჭერები ვანუატუელები, ამ გადაწყვეტილებას ერთგვარი პრევენციის მიზანიც უნდა ჰქონდეს (ზემოჩამოთვლილებს, მაინცდამაინც, თბილი დამოკიდებულება არც აქვთ ჩვენს ოკეანისგაღმელ სტრატეგიულ პარტნიორთან). თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ისაა, ექნება თუ არა ამ გადაწყვეტილებას გავლენა რუსეთის პოლიტიკაზე ჩვენი ქვეყნისადმი. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ექსპერტთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბესო ალადაშვილთან.
– ღირს ასეთ აღფრთოვანებად გადაწყვეტილება, რომელმაც ჩვენებური გაქანებული ანტიტრამპისტები პროტრამპელებად აქცია მყისიერად?
– ეს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება იყო და უფრო სიმბოლური ხასიათისაა, იმიტომ რომ, იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის ორბიტაში მოიაზრებიან, ნიკარაგუა, ვენესუელა და მცირე-მცირე სახელმწიფოები, ისეთი კონფრონტაცია აქვთ შეერთებულ შტატებთან, ბუნებრივია, მათდამი აშშ-სგან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა გამორიცხულია. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მზე ამოდის და ცვლის მთვარეს. თუმცა, უდავოდ, სასიამოვნოა. ადამიანიც ასეა, რაც მეტს გვაქებენ, მით გვიხარია. ამას გარდა, პოლიტიკური პლუსიცაა ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამას წინათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსის, ლევიცკის,  საჯარო ლექცია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკის დეპარტამენტს დირექტორობდა. კარგად გააანალიზა ვითარება და მისი მოწოდებაც ასეთი იყო: საქართველო არ უნდა გაქრეს ამერიკის რადარებიდანო. მაგრამ ერთია, რომ ჩვენ გვინდოდეს, არ გავქრეთ და მეორე, რადარსაც უნდა უნდოდეს. ჩვენ უნდა ვიხტუნოთ, რომ რადარის ორბიტაში მოვხვდეთ. საგარეო პოლიტიკაში ვიცით, რომ მუდმივი მხოლოდ ინტერესებია.
– რუსეთს რამე დისკომფორტს შეუქმნის მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა არც ის ეწევა, მაინცდამაინც, აქტიურ პოლიტიკას ჯერჯერობით, რომ ნიკარაგუა-ვენესუელა-ნაურუს გარდა, სხვებსაც აღიარებინოს ჩვენი სეპარატისტული რეგიონები?
– ზოგადად, არ არის სასიამოვნო სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის ქმედებების ანალიზი, მაგრამ მოგვიწევს: აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ბიზნესიდან და პირდაპირ თუ ვიტყვით, შოუ-ბიზნესიდან მოვიდა. მის წინაასაარჩევნო კამპანიასშიც ბლომად იყო შოუს ელემენტი და ყველა ექსპერტი ამბობდა და ამბობს, რომ ტრამპს გაამარჯვებინა თავისმა იმპულსურობამ და არაპროგნოზირებადობამ. ტრამპი იქცევა ჰოლივუდის მსახიობივით: მთავარია, შენზე ილაპარაკონ და არ აქვს მნიშვნელობა, კარგს ამბობენ თუ ცუდს. სამწუხაროდ, როდესაც პრაგმატიკოსი ბიზნესმენი ხდება ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი, ის ვერ მოახერხებს, მისდიოს მანამდე არსებულ საგარეო პოლიტიკურ დოგმებს, რასაც ბუში და ობამა აკეთებდნენ. ეს რუსეთს უნდა უხაროდეს და უხარია კიდეც. საგარეო პოლიტიკა, გარკვეულწილად, ვაჭრობაა და შესაძლოა, ჩვენი პრობლემის აქტუალობა გაიცვალოს იმაზე, რომ ტერორიზმთან ბროლაში რუსეთს დაუჭირონ მხარი,  ანდა ჩრდილოეთ კორეის პრობლემაში… თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ტრამპის პიროვნული თავისებურებები, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტიც უჩვეულოა, რბილად რომ ვთქვათ. ობიექტურად კი, ის გამოუცდელია საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზეც, ეს ქმნის დამატებით საფრთხეებს…
– რომ რუსეთმა დასცინცლოს საქართველო?
– რუსეთს ის ვითარება აქვს საქართველოში, რაც სრულად აძლევს ხელს. რაში სჭირდება დამატებითი პრობლემები?! რად უნდა, რომ თბილისში ფრიალებდეს რუსეთის დროშა? „ნაციონალების“ სატყუარა იყო, რომ რუსებს უნდოდათ მათი დამხობა. არავის დამხობა მათ არ სდომებიათ. აიღეს, რაც უნდოდათ. დავუშვათ, საქართველოში ახლა იყოს პრორუსი ხელისუფლება: ერთი წელიწადიც არ დასჭირდებოდა, რომ რევოლუციით დაემხოთ ამ ეკონომიკური გაჭირვების ფონზე; ეს კარგადაა გათვლილი და რუსებს დამატებითი თავის ტკივილი არ სჭირდებათ. ხელს აძლევთ დე-ფაქტო სიტუაცია. აშშ-ის და ტრამპის პრაგმატიზმი რუსეთმა შესაძლოა, იმით გამოიყენოს, რომ უბიძგოს ტრამპს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაერთოს რთულ და დიდ პოლიტიკურ-სამხედრო ავანტიურებში. ჩრდილოეთ კორეაში პრობლემამ რატომ წამოიწია?! სხვათა შორის, ტრამპს შესაძლოა, იქვე გაუჩნდეს პრობლემები: ვენესუელაში ან კუბაში. საკმაოდ გაუწონასწორებელია თავადაც და თეთრი სახლის ადმინისტრაციაც ორადაა გაყოფილი: ზედა რგოლი, ასე ვთქვათ, ტრამპისტია, ქვედა –  ობამასა და კლინტონის ერთგული. პირველადაა ასეთი აშკარა დაპირისპირება შეერთებული შტატების მმართველ რგოლში და ადრე თუ გვიან, ეს გარეთ გამოვა. ამდენად, ქვეყანაში დაძაბული და არაპროგნოზირებადი საგარეო სივრცე იქმნება.
– ეს ჩვენთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ინერციით მიიღო თუ რამეზე გათვლით? იმის პარალელურად, რომ დახმარება 46 პოცენტით შეგვიმცირა, თუმცა ზოგს საერთოდაც გაუუქმა. რუსეთმაც იცის, რომ ამ დოკუმენტს არანაირი რეალური ძალა არ აქვს და ეს უბრალოდ, პოლიტიკურ-სიმბოლური თამაშია?
– ზუსტად ჩვენი ანალიზის კონტექსტში ჯდება ეს შეკითხვა. შეერთებული შტატები სიტყვით გვეუბნება, თქვენ გვერდით ვდგავართო, მაგრამ რეალურ თანადგომას განსაზღვრავს ფული: ძალიან მარტივია –  დოლარით ფინანსდება მხარდაჭერა. მხოლოდ შორიდან რომ გეძახონ, გამაგრდითო, ეს დიდი არაფერია. სიტყვით, დოქტრინებითა და კონგრესის დადგენილებებით მხარს დაგვიჭერს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, საქართველო შეერთებული შტატების საგარეო ვექტორში აღარ ჯდება. და არა მხოლოდ საქართველო, უფრო სირიისკენ, ჩრდილო კორეისკენ გადადის აქცენტები, რაც არ არის სასიამოვნო ჩვენთვის. ვინაიდან ჩვენთვის ფინანსური დახმარება იგივეა, რაც გაჭირვებულისთვის –  ხავსი. მძიმე ეკონომიკური პრობლემებია დღეს და თუ ამას დაემატება ის, რა სიგნალებიც მოგვდის –  ბუნებრივი აირის მოსალოდნელი გაძვირება, რასაც დაემატება ელექტროენერგიის გაძვირება და, ზოგადად, ფასების მატებაც, სამწუხაროდ, ეკონომიკური პროგნოზი საიმედო არ არის. იმას გარდა, რომ იძაბება საერთაშორისო ვითარებაც.
– ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერად აღვიქვით ეს დოკუმენტი, მაგრამ, რეალურად, რა სიგნალი მიიღო, სახელდობრ, რუსეთმა? რომ აშშ უთმობს სამხრეთ კავკასიას? ანუ რა დიაპაზონში აძლევს რუსეთს მოქმედების თავისუფლებას?
– ეს უფრო ჩვენი მისამართიაა გზავნილი: მზადდებოდა რა აშშ-ის ბიუჯეტში დახმარების პროგრამის შემცირება, ეს გადაფარა ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერმა წერილმა. რუსეთმა ყველაზე კარგად იცის და ის ყველაზე კარგად ფილტრავს ტრამპის ადმინისტარციიდან წამოსულ იმპულსებს. როგორც ჩანს, შეხების ბევრი წერტილი ჰქონიათ ტრამპის ოჯახთანაც და მის ადმინისტრაციასთანაც. რუსებმა კარგად იციან, რომ ვენესუელა და ნიკარაგუა არასდროს ყოფილან ამერიკული დახმარების იმედად. პირიქით, რუსეთმა მათ ფული გადაუხადა, რომ ჩვენი სეპარატისტული რეგიონები ეღიარებინათ. ამდენად, აშშ-ის ამ გადაწყვეტილებაზე რუსები ნერვებს არ მოიშლიან. ისინი ხვდებიან, რომ შეერთებული შტატების ვექტორი შეიცვალა და ყველანაირად ეცდებიან, რომ აშშ-ის გლობალური ინტერესები აცდეს რუსეთის გლობალურ ინტერესებს, ანუ ისინი არ გადაიკვეთოს. მოკლედ რომ ვთქვა, შეერთებული შტატების ინტერესები ასცდეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას. მეტიც, შეერთებული შტატები საკმაოდ გულგრილია უკრაინის მიმართ. იგივე ხდება მოლდოვეთის მიმართ, სამაგიეროდ, იზრდება შეერთებული შტატების ინტერესები და, აქედან გამომდინარე, ფინანსური ასიგნებანი იმ რეგიონებისადმი, რომლებიც სცილდება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს.
– კერძოდ?
– იგივე სირია, თუმცა რუსეთის სტრატეგიული ინტერესის სფერო სირიაცაა, მაგრამ რუსეთს ჯერ უნდა, გავლენა შეინარჩუნოს ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე, გაიმყაროს, დაიბრუნოს და ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ამას ნელ-ნელა აკეთებს. მოლდოვეთში ეს გამოდის, პრეზიდენტი პრორუსია. ჯერჯერობით პარლამენტია პროევროპული, მაგრამ მალე საპალამენტო არჩევნებიც იქნება. ვხედავთ, უკრაინაში რა ხდება.
– იმას ამბობთ, რომ აშშ თვალს დახუჭავს რუსეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის აღდგენაზე და მეტიც, აუნთო მწვანე შუქი?
– ბევრმა ექსპერტმა გაავლო პარალელი ტრამპსა და რეიგანს შორის. პირდაპირი პარალელის გავლება ძნელია, იმიტომ რომ, რეიგანი გაპრეზიდენტებამდე ორჯერ იყო კალიფორნიის გუბერნატორი, მანამდე კი „ჰოლივუდის“ გილდიის პროფკავშირების თავმჯდომარეც. ხოლო ტრამპს ასეთი გამოცდილება არ აქვს. მაგრამ თვითონ ტრამპს უნდა, რომ ისტორიაში შევიდეს, როგორც ყველაზე ძლიერი და მტკიცე პრეზიდენტი და მასაც აქვს თავისი „ბოროტების იმპერია“, ოღონდ იქ არ შედის რუსეთი. შედიან: სირია, ტერორისტული ორგანიზაციები, ირანი… ტრამპს რუსეთი წარმოუდგენია მოკავშირედ ამათ წინააღმდეგ, არადა იმავე სირიაში პრობლემები სწორედ რუსეთმა შექმნა: ეს ომი ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა, რუსეთს რომ მხარი არ დაეჭირა ასადისთვის. იგივე ითქმის ირანსა და ჩრდილო კორეაზეც. თავის მოტყუებაა, თუ ტრამპს იმედი აქვს, რომ რუსეთი მას გვერდში დაუდგება. რუსეთი ეცდება, შეერთებული შტატები ჩაერთოს ისეთი ამბების მოგვარებაში, რომ ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიისთვის ვერ მოიცალოს. რუსეთის სტრატეგია, როგორც წესი, გათვლილია ხანგრძლივ პერიოდზე.
– არც შეცვლილა მას შემდეგ, რაც კავკასია ამოიღო მიზანში, ჯერ –  პეტრემ, შემდეგ ეკატერინემ მოიყვანა სისრულეში. სულ მიკვირს, რა უნდა ამ პერიოდის გაანალიზებას და ცხადი გახდება, რა შეიძლება, მოიმოქმედოს რუსეთმა უახლოეს მომავალში ამ რეგიონში ჩვენი მისამართით.
– ამ სტრატეგიაში შედის სამხრეთ კავკასია, შუა აზია უფრო მყარად ჰყავს დაშანტაჟებული, შემდეგ მოიცლის ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის და სანამ პუტინი ფიზიკურად იარსებებს, ეს საფრთხე მუდმივად იქნება. სხვა თემაა, თუ ვინ შეცვლის პუტინს და როგორ განვითარდება რუსეთის ისტორია მომავალ წლებში. სამწუხაროდ, ჩვენ მიბმულები ვართ ამ იმპერიაზე და, ამდენად, ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული ჩვენი მომავალიც. ჩაცხრება აჟიოტაჟი და ვნახავთ, რა რეალურ შედეგსაც მივიღებთ. როგორც ვხედათ, არავინ გვარჩენს.
– არც უნდა გვარჩინოს.
– 25 წელი გავიდა და სულ იმის მოლოდინში ვართ, ამერიკის რომელი პრეზიდენტი ამოყოფს თავს ბაზალეთის ტბიდან. 25 წლის განმავლობაში არათუ სხვის, ჩვენს შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ. რუსეთსაც და საქართველოსაც აქვს ორ-ორი პრობლემა: რუსეთის პრობლემებია გზები და სისულელე, ჩვენი: სიზარმაცე და ამბიციები. ჩვენთან, საუბედუროდ, პოლიტიკოსობა არ გახდა პროფესია. ყველას აქვს პრეტენზია, რომ პოლიტიკოსია, რადგან პარლამენტში აირჩიეს ერთი კაცის მხარდაჭერით.

скачать dle 11.3