ვის ასესხა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 4 000 აშშ დოლარი და რა სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა მამამისი #20
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი 1972 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლების გრაფაში მხოლოდ ჩრდილოეთ-დასავლეთის უნივერსიტეტი, ოტტო ბეიშემის მართვის სკოლა, კელლოგის მართვის სკოლა აქვს მითითებული (სწავლის წლების გარეშე), სპეციალობად კი – ბიზნესის ადმინისტრირება (სავარაუდოდ, სამშობლოშიც სწავლობდა რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ ეს დეტალი მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ არის, რატომღაც, თუ სწორად მახსოვს თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი უნდა ჰქონდეს დამთავრებული). მისი შრომითი ბიოგრაფია 1993 წელს დაწყებულა გაზეთ „რეზონანსში“, სადაც 1995-წლამდე იმუშავა, შემდეგ ერთ წელს გაზეთ „მიმომხილველში“ იმუშავა და 1996-1997 წლებში ისევ „რეზონანსს“ დაუბრუნდა. 1998-1999 წლებში კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში დასაქმდა, 1997-1998 წლებში – „სამართლიან არჩევნებში“. 1999-2002 წლებში – საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში; 2002-2003 წლებში – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში. 2003-2004 წლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო; 2004-2005 წლებში – თბილისის მერი; 2005-2010 წლებში – ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2011-2012 წლებში – საქართველოს ელჩი შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში. 2012 წლის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა, ხოლო 2012-2013 წლებში სახელმწიფო რწმუნებული გახლდათ კახეთის რეგიონში. 2014 წლიდან ილიას უნივერსიტეტის პროფესორია. ამჯამად კი მეცხრე მოწვევის პარლამენტში, თავდაპირველად ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, 2017 წლის იანვრიდან მშობლიურ პარტიას გაეყარა და 13 იანვრიდან 7 თებერვლამდე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი იყო. 7 თებერვლიდან კი ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – რეგიონების“ წევრია.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა თავისი პირველი დეკლარაცია 2003 წელს შეავსო, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, 1968 წელს დაბადებული ნინო ლაკვეხელიანი, ორი შვილი, 1993 და 1997 წელს დაბადებული გიორგი და მარიამი, მშობლები და ბებია. იმხანად ზურა ჭიაბერაშვილის საკუთრება იყო ბინები თბილისში მუხიანსა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე. მის მშობლებს კი ჰქონდათ მიწის ნაკვეთი გარდაბანში, საცხოვრებელი სახლი და ეზო საგარეჯოს რაიონში. ზურაბ ჭიაბერაშვილის მამა სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა: იყო შპს „მშენებელი ბაბუ 95-ს“ პარტნიორი. იმავე წელს ზურაბ ჭიაბერაშვილმა ორ მოქალაქეს უვადოდ 4 000 აშშ დოლარი ასესხა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2003 წლის განმავლობაში ზურაბ ჭიაბერაშვილმა, როგორც მართვის ევროპული სკოლის ლექტორმა, 1 344 აშშ დოლარი აიღო, როგორც მთარგმნელმა, 897 აშშ დოლარი და მისაღები ჰქონდა კიდევ 2 692 აშშ დოლარი, ხოლო, როგორც თბილისის მერმა, 190 ლარი.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბოლო დეკლარაცია 2016 წლის 31 დეკემბერს შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მხოლოდ მეუღლე. ნინო ლაკვეხელიანის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი (1 000 კვ. მ.) და საცხოვრებელი სახლი (451 კვ. მ.) შინდისში, ასევე, 2007 წლის ავტომანქანა „მერსედესი“, ზურაბ ჭიაბერაშვილს კი – ბინა თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე (130 კვ.მ.). 2015 წლის განმავლობაში ზურაბ ჭიაბერაშვილმა, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორმა და ბიზნესის სკოლის ხარისხის სამსახურის უფროსმა, 61 800 ლარი აიღო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, 31 875 ლარი; ნინო ლაკვეხელიანმა კი, როგორც თანაშემწემ საქართველოს პარლამენტში, 16 500 ლარი, ხოლო, როგორც პროექტის – საქართველოს პროსოპოგრაფიული საზოგადოების მკვლევარმა, 5 400 ლარი.