აზიური ფანჯარა დასავლეთში #20
ანუ ვინ უნდა დალიოს პიტნის ჩაი?
ჯერჯერობით მთლად ისეც არ აქვს საქმე, ქისტეთში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში) ჩემი ერთგული კენჭიც (ანუ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაც) კი არსად არიო, მაგრამ ფაქტია, რომ ყაზახეთმა გადაწყვიტა, კირილიცას ნაცვლად, საკუთარი ანბანი ლათინურ შრიფტზე გადაიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ყაზახეთის მარადმა პრეზიდენტმა – თვით ნურსულთან ნაზარბაევმა, დაავალა ეს ამბავი შესაბამის უწყებებს, ლინგვისტებმა კი მოახსენეს, რომ პროექტი უკვე მზადაა – ორი წლის განმავლობაში ვმუშაობთო.
ბ-ნმა ნაზარბაევმა განმარტებაც კი მოაყოლა: „აუცილებელია ინგლისური ენის ინტენსიურად შესწავლა. ეს დროის მოთხოვნაა.“
მიუხედავად იმისა, რომ დღიდან გეორგიევსკის ტრაქტატის ჩვენთვის თავზე გადახევისა, რუსეთის იმპერია იმას ცდილობდა, აფხაზურს ვინ ჩივის, ქართველური მეგრული და სვანური გადაეყვანა კირილიცაზე (მხოლოდ აფხაზებთან გაუმართლა ისიც გულიას დახმარებით), ყაზახეთის თავკაცის ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთში, მაინცდამაინც, არ ეპიტნავათ (არადა – პიტნის ჩაი ამშვიდებსო!).
ჯერჯერობით მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტმა და წმიდა სინოდის წევრმა (ილარიონმა) გამოთქვა საჯაროდ წყენა: სახელდობრ, რომ ეს პროცესი, თურმე, ნეგატიურად აისახება ყაზახეთის როგორც რუსულენოვან, ისე ყაზახ მოსახლეობაზეო (და რუსულენოვნებს რით შეაწუხებს, ყაზახურენოვნები კირილიცაზე დაწერენ თუ ლათინური ასოებით?!).
თანაც, ლათინური შრიფტი არ შეესაბამება ყაზახურ სულისკვეთებასო, ანუ კირილიცაა ზედგამოჭრილიო. რამეთუ რუსული ენა იყო თქვენთვის მსოფლიოში ფანჯარა და იმედიც გადაუწურა, ინგლისურს თქვენ სრულყოფილად ვერ შეისწავლითო! თუმცა თავაზიანად ისიც დასძინა, რომ ეს ყაზახეთის საშინაო საქმეაო.
იმას გარდა, რომ სხვისთვის გათხრილ ორმოში, როგორც წესი, გამთხრელი ჩავარდება ხოლმე, კავკასიელები თუ კირილიცაზე წერენ, ვითომ აზიელები რით ვერ შეიტკბობენ – ლათინურს?! –