ჭეშმარიტების მღაღადებელი #20
ანუ „ქეც მეიწყო ცხოვრება“
რაკი ისე მოხდა, რომ თვით „ნაციონალებიც“ კი გაეყარნენ ერთმანეთს და მათი სასტიკი დაპირისპირებაც კი ვიხილეთ (პათოსით: ყვავმა ყვავს უთხრა, შავი ხარო), რა გასაკვირია, რომ ქართული პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე დრამატულ მოვლენად კვლავ „ოცნება“ „ნაციონალების“ სიტყვიერი შერკინება რჩება (როგორც ყოფილების, ისე მოქმედების).
ჰოდა, რაკი რჩება, იმას გარდა, რომ ყველას ყველაფერიც შერჩა (იშვიათი გამონაკლისის გარდა), სახელდობრ, გიორგი ვაშაძემ (იუსტიციის სახლების ლამის მამად წოდებულმა, მაშინ „ნაციონალმა“, აწ „ახალი საქართველოს“ თავკაცმა) განაცხადა: „რასაც ვაკეთებდი და რაშიც ვიყავი ჩართული, ყველაფერში ვიზიარებ პასუხისმგებლობას. 300 მილიონზე მეტი მაქვს დახარჯული იუსტიციის სახლებში. ყველა კაპიკი შეამოწმეთ (ალბათ, უნდოდა, ეთქვა, თეთრიო), თუ ერთს მაინც ნახავთ ჩემ მიერ შეჭმულს, მზად ვარ, ხვალვე ჩავჯდე ციხეში.“
ხოლო, რაკი ყოფილი „ნაციონალის“ გულიც, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკოსისა, ლუარსაბ თათქარიძის ეზოსავით ბნელია (სულმნათ ილიას დავესესხები), ბ-ნმა ვაშაძემ წარსულიც გაიხსენა: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი დღეს ქვეყნიდან არიან წასულები, თავად კი აქ არის, რადგან მასზე არანაირი ბრალდება არ არის (აკი „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო“?!).“
და არც სახელდებას მოერიდა: „ადეიშვილს ადეიშვილის მოჰკითხე, სააკაშვილს სააკაშვილის. მათგან განსხვავებით, ქვეყნიდან იცი რატომ არ გავრბივარ? ისინი გაიქცნენ, რადგან, როგორც ჩანს, დამნაშავეები იყვნენ. მე მათგან განსხვავებით ამ ქვეყანაში ვარ იმიტომ, რომ არცერთი დანაშაული არ მაქვს ჩადენილი.“
არც ისაა გამორიცხული, ხსენებული ბატონის ბაგენი ჭეშმარიტებას ღაღადებდნენ, თუმცა ისიც ფაქტია (როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ კუთხეში იტყოდნენ): „ჭკვიანი კაცი ჩანს და ქეც მეიწყობს ცხოვრებას“! –