კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გაუჩნდა პრეტენზია ირინა სარიშვილის მიმართ ტყუპების შვილად აყვანის გამო და რატომ დაასაფლავა მან 10 თვის გიორგი მშობლებთან #19

 ირინა სარიშვილი ცოტა ხნის წინ ტყუპი გოგონას დედა გახდა.  ბარბარე და მარიამი მის ცხოვრებაში 10 თვის გიორგის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდნენ, რომლის შვილად აყვანასაც გეგმავდა.  პატარა გიორგიმ საკუთარი ადგილი ტყუპებს – მარიამსა და ბარბარეს „გაუცვალა”, რამაც ირინა სარიშვილის და მისი სამი ბიჭის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. 

 ირინა სარიშვილი:  ბარბარე და მარიამი ჩემთან თვე-ნახევრის წინ, აბსოლუტურად  დაუგეგმავად  მოხვდნენ.  გიორგის გარდაცვალების შემდეგ მის სახელზე   დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია  „მზე”, რომელიც გაკეთდა  ბავშვების უფლებების დასაცავად. ამ ორგანიზაციის საქმეზე  მივედი  სოციალურ სააგენტოში. იმ პერიოდში   საკმაოდ მძიმე  მდგომარეობაში ვიყავი, გიორგის ამბავმა ისეთ სასოწარკვეთაში ჩამაგდო, მდგომარეობიდან გამოსვლა მიჭირდა.  სააგენტოში შევიტყვე, რომ  გიორგისთვის მიღებული მიმღებისა და მშვილებლის სტატუსი თურმე, კიდევ ძალაში იყო. ასევე, გავიგე, რომ ერთ-ერთ ბავშვთა სახლში იყვნენ ბავშვები, ტყუპი გოგონები,  რომელთაც გიორგის მსგავსი პრობლემები ჰქონდათ. იმ დღესვე, იქიდანვე წავედი იმ ბავშვთა სახლში. ამ ამბის გაგების შემდეგ  გადაწყვეტილება ისე სწრაფად მივიღე, როცა ბავშვთა სახლში მივედი, ვიცოდი, რომ ისინი ჩემი შვილები უნდა გამხდარიყვნენ. არის მომენტები, რომლის  ანალოგიურიც მქონდა გიორგის შემთხვევაშიც, როდესაც გრძნობ, რომ ის არის შენი – ამის სიტყვებით ახსნა რთულია. გიორგის  გარდაცვალების შემდეგ, ნამდვილი სიცილით პირველად მაშინ გამეცინა, როცა ბარბარე და მარიამი დავინახე.  ბარბარეს ეძინა, იმ დღეებში, როცა ბავშვთა სახლში დავდიოდი. ბარბარეს სულ  ეძინა, იშვიათად იღვიძებდა.  პირველი შეხვედრის დროს  მარიამი ფხიზლად იყო. როგორც კი ხელში ავიყვანე, აქეთ-იქით დაიწყო ყურება. ისეთი  ცოცხალი და ცნობისმოყვარე გოგოა,  ჭორიკანა დავარქვი (იცინის).
– ტყუპი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების შვილად აყვანა რთული  გადაწყვეტილება არ იყო?
– ეს ასე მოხდა და სირთულეზე არ მიფიქრია.  მე საერთოდ სირთულეების მიმართ სხვა დამოკიდებუელბა მაქვს – ეს ჩემთვის ენერგიის წყარო ხდება. ჩემთვის პრობლემებთან გამკლავება არაა  განსაკუთრებული მოცემულობა – 25 წლის განმავლობაში იმდენი სირთულე  გადავიტანე, რა მოთვლის. მთელი ჩემი ცხოვრება, არცერთი საქმე და პროფესია არ ყოფილა ჩემთვის  ყველაზე მთავარი. ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემთვის უმთავრესი იყო ადამიანები, ურთიერთობები.  თუნდაც ახლა,  იმ მძიმე მდგომარეობიდან, რაც გიორგის გარდაცვალების შემდეგ  დამემართა, ვერ მიხსნიდა ვერც კარიერა, ვერც საქმე. ამ ბავშვებმა „გადამარჩინეს”. თუმცა, გიორგის დარდი, დარჩა დარდად, რომელიც არასდროს დამტოვებს, მაგრამ ამ დარდში აღარ არის სასოწარკვეთა.   არ აქვს მნიშვნელობა, რა დრო გაკავშირებს ბავშვთან – ორი თვის განმავლობაში  გიორგისთან ერთად  პრაქტიკულად კლინიკაში ვცხოვრობდი. მე ის რვა თვის გავიცანი. მას შემდეგ კიდევ ორი თვე იცოცხლა. ჩემი ბიჭები ელოდნენ, რომ ჩვენ ერთად დავბრუნდებოდით სახლში, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. ძალიან მძიმე იყო მისი ბოლო – მისმა ბიოლოგიურმა  მშობლებმა უარი თქვეს გარდაცვლილ გიორგიზეც.  ის ჩემს მშობლებთან არის დასაფლავებული. ამაზეც დიდი ბრძოლა მომიხდა.  გოგონების ჩემს ცხოვრებაში შემოსვლა  გასცდა მისტიკას. გიორგიმ თითქოს ხელი ჩამჭიდა და ამ ბავშვებთან მიმიყვანა. ყველაფერი მას დაუკავშირდა, თავისი ადგილი დაუთმო გოგონებს. ის თვითონაც ტყუპისცალი იყო. წაიყვანეს და, გიორგი დაიწუნეს და დატოვეს. მე არ ვიცოდი და თურმე, ზუსტად იმ დღეს მივედი ბავშვთა სახლში, როდესაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დღეა.  ბარბარესა და მარიამს დაუნის სინდრომი აქვთ. მე ამას დაავადებად არ მივიჩნევ, მათ აქვთ ის პრობლემები, რაც ზოგადად, ახლავს დაუნის სინდრომს, რისი მოვლაც უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია.   ჩვენ გადავურჩით გულის პრობლემებს, თუმცა ორივეს ჯანმრთელობის ისტორიაში გულის მანკი ეწერა. როგორც ექიმმა ამიხსნა, დიაგნოზი შეცდომით იყო დასმული და  გოგონებს გულის მანკი არ ჰქონიათ.   ჩემს გოგონებს  აქვთ კუნთების მოდუნება, სუნთქვის პრობლემები, ის, რაც დაუნის სინდრომს ახასიათებს.
– ამ პრობლემების მოგვარებას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსიც სჭირდება. საერთოდ, 5 შვილის უზრუნველყოფა არაა იოლი, არც ეს გაშინებთ?
– მე არ ვარ მარტო, ვისაც ფინანსური რესურსი არ გააჩნია. დღეს ბევრს უჭირს.  ფულის გამო, ადამიანი შვილზე უარს ვერ იტყვის.  ჩვენ შემთხვევაში, სანამ მე გადაუდებელი მიმღების სტატუსი მაქვს, სახელმწიფო ზრუნავს ბავშვზე გარკვეული ხარჯით, რაც არ არის დიდი თანხა. თუმცა, ეს არაა განსაკუთრებული პრობლემა. ამ ლოგიკით ვინმემ შეიძლება, უკვე გაჩენილ  შვილზე თქვას  უარი.   ამ თვეების განმავლობაში, აუცილებლად უნდა ვიზრუნო ბინის პრობლემის მოგვარებაზე.  არიან  ადამიანები, ვისაც ყველაფერში ცუდის გამოძებნა სჩვევიათ. ვიღაცეებს გაუჩნდათ პრეტენზია, რომ მაშინ, როცა  შვილად აყვანის მსურველთა დიდი რიგია,  ირინა სარიშვილი როგორ ახერხებს ასე იოლად ბავშვების შვილად აყვანასო.  ასეთებს, კი იციან, მაგრამ მაინც შევახსენებ, რომ რიგი არის ჯანმრთელი ბავშვის შვილად აყვანაზე. ხოლო, ბავშვებზე, რომლებიც  არიან დატოვებული ჯანმრთელობის პრობლემების გამო, არა თუ რიგი არ დგას, მათი წამყვანი არავინაა. ასეთი ბავშვები ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად განწირულები არიან. მე რიგში არასდროს ვყოფილვარ, არც ახლა ვიდექი და არც მომავალში ვაპირებ ჩადგომას.
 – უფროსი ძმები როგორ შეხვდნენ ტყუპ დებს?
– გადასარევად, ძალიან  უყვართ,   ჩვენს სახლში არის ორი მზე, რომელთაც შეცვალეს ჩვენი ცხოვრება. ბიჭები აქტიურად არიან ჩართულები, ძალიან მეხმარებიან. ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, მარტო მოსაფრებელად არ უნდათ  დები (იცინის). ძიძის ან სხვა დამხმარის საჭიროება არ გვაქვს.   ისინი ისეთ ასაკში არიან,  რეალურად მამებივით უვლიან ბარბარესა და მარიამს. ლუკა  20 წლისაა, მეორე – 19 წლის.  14 წლისაა საბა.  ლუკა სამხატვრო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტია,  ირაკლი ჯარშია, სავალდებულო სამსახურს იხდის.  უფროსები თავისი ასაკიდან გამომდინარე, საკმაოდ დამოუკიდებლები არიან.  მე არ ვარ მკაცრი, მით უმეტეს მათთან, ვინც მიყვარს. შვილების გაზრდაში პედაგოგიურ მეთოდიკებს არ ვცნობ, მათ შორის, არც რეჟიმებს. ვფიქრობ, რომ ადამიანი დაბადების წუთიდან უკვე ადამიანია, რომელსაც როგორც დიდს, ისე შეიძლება, არ ეძინებოდეს, არ შიოდეს. ჩემთვის მთავარია, ადამიანი გაიზარდოს ლაღი, თავისუფალი.
– წლებია, ბიჭებს ზრდით, გოგონების  გაზრდაშიც მოგიწევთ დაოსტატება. როგორ უმკლავდებით ორ გოგოს ერთად?
–  ბიჭებს ისე ვარ შეჩვეული, ხანდახან მარიამსა და ბარბარეს: აბა, ბიჭებოს, ვეძახი (იცინის). ჩემს უფროს ბიჭებს შორის ასაკობრივი სხვაობა ერთი წელია. როცა უფროსმა სიარული დაიწყო, მეორე ხოხვას იწყებდა. ასე რომ, ეს გზა გავლილი  მაქვს. ტყუპების და თან, გოგონების გაზრდა  განსხვავებულია. მათ სხვანაირი ბიოლოგიური კავშირი აქვთ ერთმანეთთან. ძალიან სასაცილოები არიან, გავაფუჭე ბავშვები, სულ ხელში აყვანას ითხოვენ. როგორც კი უცხოს დაინახავენ, უღიმიან. დღეს  ყველაფერი ისე შეიცვალა, ვერ გაიგებ, ბიჭს მეტი ყურადღება სჭირდება, თუ გოგოს. ჩვენი გოგონების შემთხვევაში, მამის დეფიციტი, რაც ჩვენს ოჯახში არსებობს, მათ არ ექნებათ – ეს სამი ძმით არის შევსებული (იცინის).  

скачать dle 11.3