კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო „აშანტაჟებდა“ ედმონდ მინაშვილი დედას და რა უთხრა მას პატრიარქმა მისი გეგმების მოსმენის შემდეგ #19

11 აპრილს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში ოფიციალურად დაინიშნა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი – რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე. ეს თანამდებობა მან გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ დაიკავა და დირექტორის კანდიდატურაზე, ასევე რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი წარადგინა.
ბევრი გეგმისა და იდეის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ, ორივე მსახიობმა დატოვა დაკავებული თანამდებობა. მიზეზებზე ედმონდ აბაშიძე-მინაშვილს ვესაუბრეთ.
ედმონდ მინაშვილი: რუსთავის თეატრში უკვე დიდი ხანია, ხელმძღვანელობის პრობლემა დგას. რამდენჯერმე გამოცხადდა კონკურსი ახალი ხელმძღვანელობის შესარჩევად, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ასეთ კონკურსში არაჩვეულებრივმა პროფესიონალმა ქალბატონმა ნანუკა ხუსკივაძემ გაიმარჯვა. მისი პროექტისა და სამომავლო გეგმებიდან გამომდინარე, ეს მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. 11 აპრილს ის ოფიციალურად დაინიშნა რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. როგორც წესი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიშნავს დირექტორს. მოულოდნელად, ეს თანამდებობა ქალბატონმა ნანუკამ მე შემომთავაზა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ამ ადამიანს თვალდახუჭული ვენდობი და ამიტომაც დავთანხმდი მის წინადადებას. თეატრში ჩავედით, შევხვდით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს, თეატრის თანამშრომლების ნაწილს, გეგმები დავსახეთ და დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ ეს თეატრი უახლოეს ექვს თვეში, ერთ-ერთ საუკეთესო თეატრად გვექცია. ამის პოტენციალი ნამდვილად დავინახეთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ, ფაქტობრივად, თეატრი არ არსებობს.
– თუმცა, მალე თქვენ დატოვეთ დაკავებული თანამდებობები. რატომ?
– ქალბატონმა ნანუკამ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება და შესაბამისად, მე, როგორც მისი გუნდის წევრი, მასთან ერთად წამოვედი. საქმე ისაა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობასთან გარკვეულ საკითხზე შეჯერება ვერ მოხდა. ვერ ან არ გაითვალისწინეს ჩვენი მოთხოვნები. ჩვენი იდეები ერთმანეთს არ დაემთხვა და სამწუხაროდ, რუსთავის თეატრმა საუკეთესო სამხატვრო ხელმძღვანელი დაკარგა ნანუკა ხუსკივაძის სახით. თუმცა, მე და ნანუკა ვაგრძელებთ ერთად მუშაობას და სამომავლოდ, დიდი გეგმები გვაქვს, რასაც მალე ნახავთ. რუსთავის თეატრში კი, როგორც ვიცი, ისევ ის ხელმძღვანელობა დაინიშნა, ვინც ჩვენამდე ხელმძღვანელობდა ამ თეატრს.
– დღეს თეატრის ხელმძღვანელობაზე ვსაუბრობთ, გაიხსენე, როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯი ამ სფეროში. მსახიობობა როდის გადაწყვიტე?
– მეექვსე კლასში გადავწყვიტე, არტისტი გავმხდარიყავი. ტელევიზორში ვუყურე, როგორ ახალისებდა ვიღაც კაცი დარბაზს. მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო თეატრი. ბოლომდე ვუყურე და დასასრულს ტიტრებში წავიკითხე, რომ ეს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი „ძველი ვოდევილები“ იყო. ის კაცი კი ვასო გოძიაშვილი გახლდათ. ძალიან მომინდა, ის კაცი გავმხდარიყავი. დიდი ხნის განმავლობაში ვმალავდი, რომ არტისტობა მინდოდა – არც ოჯახის წევრებს ვეუბნებოდი და არც მეგობრებს. არ ვიცოდი, როგორ მიიღებდნენ. როცა გავამხილე, ზუსტად ისეთი რეაქცია ჰქონდათ, როგორსაც ვფიქრობდი. დედაჩემმა თავში ხელი შემოირტყა, რად გინდა მსახიობობა, ძმებმაც – რა მსახიობობა, სხვა საქმეს მიხედეო. მათი დამოკიდებულება ძალიან ცუდად მივიღე. დედას ვაშანტაჟებდი: სიგარეტის მოწევას დავიწყებ, ქუჩაში დავდგები, გავლოთდები და არაფერს არ გავაკეთებ. სადაც არ უნდა ჩამაბარებინოთ, არ ვისწავლი-მეთქი. ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობდი და დედაჩემიც ცოტა შეშინდა. ბოლოს გადავწყვიტეთ, თეატრალურში ჩამებარებინა, მაგრამ მაინც ჰქონდათ იმედი, რომ საბოლოოდ, უარს ვიტყოდი. მოულოდნელად, ტელევიზორში გამოდის გიგა ლორთქიფანიძე და ამბობს, ორ დღეში თეატრალურში საბუთების მიღება მთავრდებაო. იმერეთში ვცხოვრობდი და გადავწყვიტე, სასწრაფოდ წამოვსულიყავი თბილისში. როგორღაც საბუთები შევაგროვე, მაგრამ წამოსასვლელი ფული არ მქონდა. ზუსტად 3-4 დღეში ბანკეტი უნდა მქონოდა. კლასელებთან მივედი და ვთხოვე, დადებული ფული უკან დაებრუნებინათ. ჩამოვედი, დავრეგისტრირდი და პირველი გამოცდა ზუსტად ბანკეტის დღეს დამინიშნეს – 25 ივნისს. ამის გამო გული ძალიან დამწყდა, მაგრამ თეატრალურ ინსტიტუტში რომ შევედი, თავი ზღაპარში მეგონა. კომისიის წევრები იყვნენ: გოგი მარგველაშვილი, მანანა ბერიკაშვილი, კოტე მახარაძე, ლილი იოსელიანი, ლეილა კაპანაძე და სხვა დიდი ადამიანები, რომლებიც მანამდე მარტო ტელევიზორში მენახა და მათთან პირისპირ რომ აღმოვჩნდი, საოცრად დავიძაბე.  ერთ-ერთმა მკითხა, თუ იცი, შენი სახელი – ედმუნდი, სად გვხვდებაო? როგორ არ ვიცი, მეც დიუმას „გრაფ მონტე კრისტოდან“ დამარქვა ბაბუამ ეს სახელი-მეთქი. თუ მსახიობობა გინდა, უნდა იცოდე კიდევ, სად გვხვდება ეს სახელიო. 16 წლის ვარ, თბილისში მეორედ თუ მესამედ ჩამოსული, შეშინებული და დაძაბული. დავიბენი – არ ვიცი-მეთქი. ვინმე შექსპირი გაგიგიაო? იმდენად შეშინებული ვიყავი „ვინმე“ სახელი მეგონა და ვუპასუხე „ვინმე“ არა, მაგრამ უილიამ შექსპირი გამიგია-მეთქი (იცინის). ეს თავხედიც ყოფილა, როგორ გველაპარაკებაო, – გადახედეს ერთმანეთს. არადა, მე აბსოლუტურად ალალი ვიყავი (იცინის). ახლა რომ ვფიქრობ, იმდენად მოუმზადებელი ვიყავი მაშინ, მე რომ კომისიაში ვყოფილიყავი, ასეთ აბიტურიენტს არ მივიღებდი, მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, მიმიღეს. თუმცა, მაშინ ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ვერ ჩავაბარებდი. მეგონა, ჩემზე ნიჭიერი დედამიწაზე არავინ არსებობდა. ბოლოს კოტე მახარაძე გამოვიდა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა: შენ გამო ბევრი ვიბრძოლე და იმედები არ გამიცრუოო. მეოთხე კურსზე ვსწავლობდი, ამ თეატრში რომ აღმოვჩნდი.
– რუსთაველის თეატრის წინ პირჯვარს ვიწერდიო, შენი სიტყვებია.
– თეატრალურში სწავლისას რუსთაველის თეატრის წინ ხომ უნდა გამევლო, გავჩერდებოდი, პირჯვარს ვიწერდი და ვლოცულობდი. ჩემი ლოცვა მქონდა დაწერილი: ღმერთო, ამ თეატრის სცენაზე ერთი როლი მათამაშე-მეთქი (იცინის). ერთხელ შემოვედით ჯგუფელები, მაშინ თეატრი რემონტდებოდა და დაკეტილი იყო. დიდ სცენაზე ავედით და მონოსპექტაკლები დავდგით. ჩემი ლოცვა ფურცელზე დავწერე და კედლის ჭუჭრუტანაში ჩავაგდე. ეს ვედრება ამიხდა, ღვთის წყალობით. მე ყოველთვის ვგრძნობდი უფლის ხელს ჩემს ცხოვრებაში. მამაჩემი ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან და ალბათ, რაც მას დააკლდა, იმას ახლა მე მაძლევს უფალი. რუსთაველის თეატრში მოხვედრის ოცნებაც ამიხდა.
– მამას რა დაემართა?
– მამა ძალიან ახალგაზრდა ტრაგიკულად დაიღუპა – დენმა დაარტყა. დედას სამი შვილი დავრჩით. თვითონ ძალიან ახალგაზრდა იყო, ფაქტობრივად, პატარა გოგო. მამიდა და ბიძები მაქსიმალურად ცდილობდნენ, არაფერი მოგვკლებოდა, მაგრამ მაინც არაფერი გვქონდა, იმიტომ, რომ მამა არ გვყავდა. დედაჩემს ჩაკეტილი ცხოვრება ჰქონდა. ძალიან მწყდებოდა გული, როცა ვხედავდი, როგორ ერთობოდნენ ჩემი მეგობრების დედები და ამ დროს დედა კარჩაკეტილი ცხოვრობდა. ძალიან ტრაგიკული და მძიმე წლები გამოვიარეთ. დედა ჩემთვის ცოცხალი წმიდანია. სამივე შვილს მაქსიმუმი გაგვიკეთა. უფროსი ძმა სკოლის პედაგოგია, მეორეს პატარ-პატარა ბიზნესები აქვს. სამივე პატიოსნად გავიზარდეთ და დღეს ჩვენ-ჩვენი გზა გვაქვს.
– წეღან აღნიშნე, ჩემს ცხოვრებაში ხშირად ვგრძნობ უფლის ხელსო. დიდი წყალობაა ისიც, რომ პატრიარქთან პირადი და ძალიან ახლო ურთიერთობა გაკავშირებს.
– პირველად უწმიდესს რეზო ჩხეიძემ შემახვედრა. როცა შინდისის გმირებზე დავიწყე მუშაობა, ჩემი გეგმების შესახებ პირველად სწორედ ბატონ რეზოს გავანდე. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მკითხა, შეძლებ ამის გაკეთებასო და ჩემი პასუხის შემდეგ მითხრა: მოდი, მაშინ პატრიარქთან მივიდეთ, მისგან აიღე კურთხევა. უწმიდესი ბევრ რამეში დაგეხმარებაო. უწმიდესთან, ერთ ფეხთან მე დავიჩოქე, მეორესთან – ბატონმა რეზომ. მან ჩემი თავი და იდეები გააცნო. უწმიდესი მიყურებს და თან, თავზე მისმევს ხელს. ამ ბავშვიდან ძალიან დიდი ენერგია მოდის. ამ ყველაფრის გაკეთებას შეძლებსო, – თქვა. მაშინ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა იყო და რჩევა-დარიგებები მომცა, რაც ზუსტად შევასრულე. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და ჩემი ცხოვრების უბედნიერესი მომენტი. მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს. შემდეგ, როცა შინდისში ეკლესიის აგების საკითხი დადგა, მე მას ვუთხარი, რომ 300 არაგველის სახელზე იქ ტაძრის აგება მინდოდა, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა შინდისის გმირებისთვის. უწმიდესმა მითხრა: აბა, ჩაიწერე, რასაც გიკარნახებო: „ააგეთ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ეძღვნება ყოველთა ქართველთა და ოსთა, ბრძოლის ველზე გამწყდართა სახელების ხსოვნას“. ამ სახელით აკურთხა უწმიდესმა ტაძარი, რომელიც კახი კალაძის დაფინანსებითა და გვერდში დგომით აშენდა.
– ფილმის გადაღება რა ეტაპზეა?
– შინდისის გმირებზე მხატვრული ფილმის მომზადება უკვე დავიწყეთ. მაისის შუა რიცხვებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება ქასთინგი მსახიობების შესარჩევად. რამდენიმე მსახიობი უკვე დამტკიცებულია როლზე: მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი... პირობას ვდებ, ეს იქნება ფილმი, რომლითაც მთელი საქართველო იამაყებს.

скачать dle 11.3