რატომ სთხოვენ გოგონები ნიკა ლაზარიაშვილს საჯდომის აწევას და რა სტიმულს აძლევს ის მათ #19
ნიჭიერი მომღერალი ნიკა ლაზარიაშვილი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა პროექტში „ახალი ხმა.“ მან პირველივე გამოსვლისთანავე თავისი ნამღერით, ღიმილითა და საოცარად დადებითი ენერგეტიკით მსმენელის, მათ შორის ჩემიც, მოხიბვლა შეძლო. მას შემდეგ ნიკას ცხოვრებაში, პიროვნებაში ბევრი რამ შეიცვალა. ცოტა ხნის წინ კი, მან ოცნება აისრულა და ფილარმონიის სცენაზე პირველად იმღერა.
ნიკა ლაზარიაშვილი: 4 წელი გავიდა „ახალი ხმის“ შემდეგ. ჩავეშვი ჩემს ფიქრებში. განვვითარდი, როგორც სიმღერის მხრივ, ასევე სხვა პროფესიასაც დავეუფლე. ფიტნეს-ინსტრუქტორი გავხდი და არა მხოლოდ ჩემს ფიზიკურ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ვზრუნავ, არამედ სხვისაზეც. თავიდან ვარჯიშით დაიწყო ყველაფერი. ჩემთვის ვვარჯიშობდი და გავიცანი ადამიანი, რომელიც მეხმარებოდა, მავარჯიშებდა. მერე ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია, პრაქტიკაშიც განვახორციელე და ნელ-ნელა, ჩემი ტვინიც განვითარდა და ეს უკვე გახდა ჩემი ერთ-ერთი პროფესია. ახლა ვავარჯიშებ ყველას, განურჩევლად სქესისა და ასაკისა.
– ვისთან უფრო მოგწონს მუშაობა – გოგონებთან თუ ბიჭებთან?
– გოგონებთან – სხვაა, ბიჭებთან – სხვა. გოგონებს უფრო სხვა რაღაცეები უნდათ.
– რა უნდათ?
– გოგონებს, ძირითადად, გახდომა უნდათ – წონის დაფერთხვა და საჯდომის აწევა. თან, ერთ დღეში ან ორ კვირაში კი არა, ერთ საათში. თუ არასერიოზულად მიუდგები საქმეს, ისიც ასე აღგიქვამს. ფსიქოლოგიური მომენტია, ცოტა მკაცრად უნდა მიუდგე და ისიც ხვდება, რომ სერიოზული ამბავია და მუღამში ვარდება. მეც ვცდილობ, ეს მუღამი არ დავუკარგო. ყველას ვუხსნი, რომ დაწყება რთულია და მეტი ენერგია სჭირდებათ. ამ ენერგიის მიწოდება შენგან სჭირდებათ, შენგან უნდა წამოვიდეს ეს პოზიტივი, შემართება. უხეშად რომ ვთქვათ, „პანჩური“ სჭირდებათ, რომ მერე კარგი „რაზგონით“ გაიქცნენ და დაიფერთხონ. რაც მთავარია, სწორ ვარჯიშთან ერთად, საჭიროა სწორი კვება და ძილი.
– შენ რამდენად იცავ ამ ყველაფერს?
– სამი წელია, სტაბილურად ამ რეჟიმში ვარ. ცხოვრების წესი შევიცვალე. ადრე თუ გავდიოდი სახლიდან ღამის 11 საათზე და დილით 6-ზე შემოვდიოდი, ახლა 12-ზე უკვე თიში მაქვს. დილის 8-9 საათზე გაწელვები, გამოფხიზლდა და წავიდა სამსახურში. სიახლეები ყოველთვის საინტერესოა ცხოვრებაში და ჩემთვის ეს სიახლე საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა. თან, ღამ-ღამობით ვმღერი. სააბაზანოში სიმღერაც არ დამვიწყებია.
– რა გჭირდება განტვირთვისთვის?
– დასვენება, კარგი ჭამა და ხანდახან განმარტოება, რომ ტვინი გავანიავო რაღაცეებისგან და ვიღაცეებისგან. ველოსიპედი, ვარჯიში, მუსიკა ძალიან მეხმარება და კიდევ ჩემი ოჯახის ახალი წევრი, კატა, ჩემი პრინცესა, რომელმაც ძალიან შემაყვარა თავი. ჩემი სახლის წინ არის ავტოფარეხი, სადაც ორი კნუტი იყო – ვერც დადიოდნენ. ბავშვებმა: ვაიმე, ცუდად არიანო... ბეტონზე იწვნენ, ციოდა. ვაჭამე და თან, შემეცოდა, ორივე სახლში შემოვიყვანე. ერთი ვერ გადარჩა, ძალიან პატარები იყვნენ, მეორე – ჩემი ჟული, გადარჩა. ძალიან მოძრავი იყო, ვამბობდი, „ჟულიკია“-მეთქი და შერჩა სახელი ჟული. თან, მე მიყვარს ფრანგული სახელები, ჟღერადობა. თავიდან მამაჩემი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ისეთი საყვარელია, ორივეს თავი შეგვაყვარა. ეჭვიანობის მომენტებიც ჰქონდა: ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა, სახლში ვერავინ მიმყავდა. თავისი ადგილი იცოდა, სადაც ბოდიში და უნდა მოესაქმებინა. როცა ეჭვიანობდა, მერე საწოლში ისაქმებდა – დასჯის მეთოდი ჰქონდა ასეთი: ვიღაცეები რომ მოგყავს, რა გგონიაო. ძმაკაცებს, სისხლით ნათესავებს არ ერჩოდა. ვინმესთან თუ ფლირტი ან სიახლოვე მქონდა, იმათზე ეჭვიანობდა. ანუ, თუ ვინმე ნიკას ართმევს, ეჭვიანობს. თავიდან ტელეფონზე ეჭვიანობდა, არ „ევასებოდა“, სულ ხელში რომ მეჭირა და თათებს ურტყამდა.
– ახლა მითხარი, რატომ გამოხვედი „X ფაქტორში“?
– ერთი გასროლით 4 კურდღელი „დავბრიდე“. 1. რა თქმა უნდა, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ვმღერი; 2. გამოვჩნდი, ხალხს შევახსენე თავი; 3. დედაჩემი გავახარე, რომელიც საბერძნეთშია და დიდი ხანია, არ მინახავს; 4. ოცნება ავისრულე – ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე მინდოდა ფეხის დადგმა. ძალიან ვინერვიულე, იმაზეც, რომ ჩემი მეგობარი სტეფანე იყო ჟიურის წევრი. იცოდა, რომ ვმონაწილეობდი, მაგრამ როდის გავიდოდი, ეს არ იცოდა არც მან და არც დედაჩემმა. სტეფანეს აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მასთან მუსიკალურად ძალიან გავიზარდე, ბევრი რჩევა, შენიშვნა გავითვალისწინე და არა მხოლოდ მუსიკაში. მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, მისი ოჯახის წევრი ვარ და ის ჩემი ოჯახის წევრია. სტეფანე ჩემი მეორე მამაა.
– გაზრდილი ხარ როგორც მუსიკალურად, ასევე პიროვნულად.
– ვმუშაობდი ჩემს თავზე. კარგი პაუზა იყო. განვვითარდი ჟანრობრივად, საკუთარი თავიც ვიპოვე. ახლა ძალიან კარგი შემართება მაქვს. მინდა გავიმარჯვო, თუმცა დიდი კონკურენციაა და გამიჭირდება გამარჯვება.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– პირად ცხოვრებაში ჯერჯერობით არაფერი ხდება, ჰორიზონტზეც არ არის არავინ – სერიოზულ ურთიერთობას ვგულისხმობ. სახლში მყავს ცოლი – ჟული, რომელიც არავის მომაყვანინებს. მე ვარ მისთვის პირადი. ძალიან შევიცვალე, ჩემი კრიტერიუმებიც, რომელიც ადამიანმა უნდა დააკმაყოფილოს, გაიზარდა. ასევე, მეც ხომ უნდა დავაკმაყოფილო ვიღაცის კრიტერიუმები. აზროვნება შემეცვალა, უმეტესობას ვერ ვუგებ მნიშვნელოვან საკითხებში. ჯერჯერობით არ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც გავუგებ. ეს კრიტერიუმებიც არ ვიცი, რა არის. რომ შეხედავ, ის უნდა იყოს.
– რამ მოახდინა შენს აზროვნებაში ცვლილებები?
– წლებმა შემიცვალა აზროვნება. გარემოებამ ჩემი ცხოვრების რიტმი შეცვალა. პულსი სხვანაირად, უფრო ძლიერად, სწრაფად ურტყამს და შენც უნდა აჰყვე, თორემ დრო გაგექცევა. ისედაც ბევრი დრო დავკარგე რაღაცეებში. ამიტომ, ტვინის განვითარებასაც დავუთმე დრო. რაღაცეებზე მწყდება გული, ვნანობ კიდეც, მაგრამ ეს უკვე იყო და რას იზამ – ვერაფერს შეცვლი.