როგორ ებრძვის თავს ბაბი კირკიტაძე და რა პრობლემა შეუქმნა მის ჯანმრთელობას წონის დაკლების მიზნით შიმშილმა #19
მომღერალი ბაბი კირკიტაძე, ბოლო დროს, საკმაოდ გახდა, ფორმაში ჩადგა და სცენაზე, ზედმეტი კილოგრამების გარეშე, უფრო თავდაჯერებულად დგას. როგორც ამბობს, ამისთვის, ბევრი იშრომა, აკრძალვებიც დაუწესა საკუთარ თავს და ხშირად სუფრასთან, გემირელი საჭმლის მაგივრად, ნერწყვს ყლაპავდა.
ბაბი კირკიტაძე: ფუშფუშა და ხუჭუჭა ბავშვი ვიყავი. ჭამას არასდროს მაძალებდნენ, იმიტომ რომ, ძალიან მჭამელი ვიყავი და არაფერზე უარს არ ვამბობდი. მახსოვს, ბაღში, სხვებს სულ აძალებდნენ მასწავლებლები: ჭამეთ, ჭამეთო და მე – არასდროს. ჰოდა, ერთ დღესაც, „გამიტყდა“ და მომინდა, ჩემთვისაც დაეძალებინათ – ძალიან მშიოდა, მაგრამ ჭამაზე უარი ვთქვი, ვითომ არ მინდოდა. არადა, ერთი სული მქონდა, როდის დამაძალებდნენ (იცინის). მასწავლებელი მომიჯდა და თავისი ხელით მაჭამა. მახსოვს, მთელი მათლაფა შევჭამე (იცინის). არ არსებობდა საჭმელი, რაზეც უარს ვამბობდი, ერთადერთი, აჯაფსანდალი არ მომწონდა, მაგრამ რომ გავიზარდე, ისეც შემიყვარდა. ხანდახან ვფიქრობ, რა არის ისეთი საჭმელი, რასაც ვერ შევჭამ-მეთქი და მგონი, ასეთი არაფერია (იცინის). დღემდე, კარგი მადა მაქვს, მაგრამ სიმსუქნე, უკან მოვიტოვვე. 2014 წელს დავიწყე გახდომა, მანამდე სულ პუტკუნა ვიყავი.
– გურმანი და მადიანი მჭამელი რომ ხარ, ეს აღიარე, მაგრამ თავად თუ გეხერხება გემრიელი კერძების მომზადება?
– სხვათა შორის, კარგი მზარეული ვარ. ჩვენს სახლში სულ გემრიელი საჭმელები კეთდება და სამზარეულოში დიდი ამბებია. ამიტომ, ეს ტრადიციულად და გენეტიკურად, მეც გადმომეცა. ხაჭაპურიც კი გემრიელი გამომდის, თავისი ცომის მოზელვებით. სალათაც მოვიგონე, რომელსაც „ბაბის სალათა“ დავარქვი. ამისთვის მჭირდება: სალათის ფოთლები, მწვანე, ოდნავ ტკბილი და არა მჟავე, ვაშლი, ძმარი და თაფლი. ეს სალათა მაშინ მოვიგონე, როცა დიეტაზე დავჯექი, ჯანსაღ კვებაზე გადავედი და რა მეჭამა, აღარ ვიცოდი. ძალიან გემრიელი გამომივიდა და შემიყვარდა. ახლაც ხშირად ვამზადებ და მივირთმევ. არ დამავიწყდება, 13 წლის ვიყავი, დედა მაღაზიაში მიდიოდა და მთხოვა, ქათამი შეწვიო. გავრეცხე და გაუპუტავ-გამოუშიგნავი ქათამი, ეგრევე, დავაგდე ტაფაზე. ისეთი სუნი დატრიალდა სახლში, ისე ავქოთდით, ძლივს გავანიავეთ (იცინის).
– შენი სადიეტო კერძი-სალათა, თუ დააგემოვნეს შენმა მეგობრებმა და მოგიწონეს?
– ეს გასახდომი კერძი-სალათა, მხოლოდ ჩემთვისაა და ჩემი სახელობის გასახდომი საშუალებაა. სხვებს ვერ ვასწავლი და დავაგემოვნებინებ (იცინის). არავის ვასინჯებ, მხოლოდ მე ვჭამ. როცა ეს სადიეტო კერძი მოვიგონე, სხვები დიეტაზე არ იყვნენ და მხოლოდ ჩემთვის ვიმზადებდი. შესაბამისად, არც ინგრედიენტებს ვუმხელდი და არც ვასინჯებდი. თაფლი და ძმარი ერთად უგემრიელესია და თან, გასახდომად, ძალიან ეფექტური. ძალიან მიყვარს დელიკატესები და განსხვავებული გემოს კერძები. თუ საშუალება მომეცა, არც გველის მწვადებსა და ბაყაყის ბარკლებზე ვიტყვი უარს. „სტრანნი“ საჭმელები მიყვარს და თუ შემომთავაზეს, აუცილებლად შევჭამ. აი, ერთადერთი დელიკატესი, რასაც ვერ შევჭამ და ვერც გავსინჯავ ვერასდროს, ძაღლის ხორცის სუპია.
– როდის მიხვდი, რომ საკუთარი გარეგნობა აღარ მოგწონდა და წონაში დაკლება მოინდომე?
– 19 წლის ასაკში, ეკრანზე რომ გამოვჩნდი, 73 კილო ვიყავი. ჩემი თავი ტელევიზორში რომ ვნახე, მივხვდი, სასწრაფოდ უნდა დამეკლო. ისედაც ხომ დიდი ვიყავი და ეკრანი უფრო მადიდებდა. ასე რომ, ჩემს ზედმეტ კილოგრამებს, ეკრანის ეფექტიც რომ დაემატა, საშიში სანახავი გავხდი. თან, ჩემი მეგობარი დიზაინერი მეუბნებოდა: ლამაზი გოგო ხარ და დაჯექი დიეტაზე, მოიშორე ეს ზედმეტი კილოგრამები, მოგიხდება და უფრო განაზდებიო. თან, კომპლექსებიც მქონდა.
– რისი კომპლექსები?
– ჩაცმის მხრივ დამეწყო კომპლექსები. ვეღარაფერს ვიხდენდი და ავუკრძალე თავს მაღაზიებში სიარული და ჭამა.
– ჭამის აკრძალვა სტრესი იყო შენთვის, როგორც მადიანი და გურმანი ადამიანისთვის?
– არა, არ ყოფილა სტრესი, უბრალოდ, ფსიქოლოგიურად მოვამზადე თავი და განვაწყვე ორგანიზმი იმისთვის, რომ ნაკლები დოზით მეჭამა საჭმელი. სულ ეს იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ჭამა, ყოფილა დღე, მხოლოდ ერთი ვაშლი მიჭამია და მეტი არაფერი. თუ ძალიან „მოვკვდი“ და მომინდა, შევჭამ, მაგრამ, ისე ვამზადებ თავს და ისეთ განწყობას ვუქმნი, რომ ვიცი, არ უნდა მომინდეს. მახსოვს, 14 წლის ასაკში, უგულავას დიეტის დაცვა მოვინდომე და ერთი დღე, მხოლოდ ერთი ლიტრი რძე დავლიე. თან, მაშინ ჩოგბურთზეც დავდიოდი, ცეკვაზეც და ფიზიკური დატვირთვა მიწევდა. ჩოგბურთზე გული წამივიდა და მითხრეს: შვილო, მოზარდმა, როგორ შეიძლება იშიმშილოო. მაშინვე შევწყვიტე შიმშილი. მიუხედავად იმისა, რომ პუტკუნა ვიყავი, ჩოგბურთსაც კარგად ვთმაშობდი და კარგადაც ვცეკვავდი. სულაც არ მიშლიდა ამაში ხელს ზედმეტი კოლოგრამები. მთავარია, მოქნილი იყო, თორემ მე გამხდარი და მოუქნელიც ბევრი მინახავს. მახსოვს, ყველაზე მსუქანი მე ვიყავი ცეკვაზე და დიდი ზომის კაბებს, სპეციალურად მიკერავდნენ. არ დამცინოდნენ ბავშვები, რადგან კარგად ვცეკვავდი და ჩემს ზედმეტ წონას ამით ვაბალანსებდი (იცინის). მართლია, კატასტროფა მსუქანი არ ვყოფილვარ, მაგრამ სხვებთან შედარებით, მაინც პუტკუნად ვითვლებოდი.
– თქვი, საყიდლებზე სიარული არ მიყვარდაო. ვინ გირჩევდა და ყიდულობდა შენთვის ტანსაცმელს?
– მეზიზღებოდა ტანსაცმლის მაღაზიაში შესვლა. ვიღლებოდი ამდენი ჩაცმა-გახდით და იმაზე ნერვიულობით, რომ ვერაფერს ვიხდენდი. განწყობაც მიფუჭდებოდა და ნერვებიც მეშლებოდა. ამიტომ, თავს საყიდლებზე წასვლა ავუკრძალე და დედაჩემი ყიდულობდა ჩემთვის ტანსაცმელს. მერე, ფილტვების ანთება დამემართა და ვერაფერს ვჭამდი. დავიკელი 10 კილო და მერე, ისე შევედი აზარტში, კიდევ 4 კილო დავიკელი. ახლა, 60 კილო ვარ და სულ ვაკონტროლებ კილოგრამებს, არ მოვიმატო.
– როგორ აკონტროლებ წონას?
– ჩემი ყოველი დილა, სასწორზე შედგომით იწყება. თუ მომატებული მაქვს, ნერვები მეშლება, ვბრაზდები, მაგრამ სტრესში არ ვვარდები, უბრალოდ, იმ დღეს, თავს ვიკავებ ზედმეტი საკვებისგან. აი, საღამოს, არ ვდგები სასწორზე, რადგან ვიცი, ცოტა ზედმეტს აჩვენებს და ხასიათს არ ვიფუჭებ ძილის წინ. ბევრჯერ, სუფრასთან თავი ვერ შემიკავებია, ბევრი მიჭამია და მერე საკუთარ თავს გავბრაზებივარ. ხშირად ვებრძვი ჩემს თავს. აი, რომ ვჭამე და ვინანე, მერე ასეთი რამ შევიმუშავე – როცა ძალიან მშია, თავს ვეუბნები, ახლა რომ შეჭამ, მერე ხომ ინანებ? ჰოდა, ეგრევე „ვატორმუზებ“. თავს ვარწმუნებ, რომ „გავსკდი“ ჭამით, ძალიან დავნაყრდი და ასე ვატყუებ მადას (იცინის). ასე რომ, შთაგონებით ვნაყრდები. თუ ძალიან მშია, ხაჭოს, მაწონს ან სალათის ფურცლებს მივირთმევ.
– თუ გშურს მათი, ვინც გვიან ჭამს, ბევრს მიირთმევს, მაგრამ არ სუქდება?
– ძალიან მშურს მათი და ბევრი მეგობარიც მყავს ასეთი. პირში ვეუბნები ყველას, ვერ გიტანთ-მეთქი (იცინის). რომ ვუყურებ საკვებს, იმითაც ვიმატებ. ჩემი მეგობრები კი, სკდებიან ჭამით და მაინც გამხდრები არიან. ამ დროს მე ვზივარ და ნერწყვებს ვყლაპავ. ამ უსამართლობაზე, აბა, არ გავბრაზდები? (იცინის) ერთხელ, ოთხი კილო მანდარინი ვჭამე, ნაღვლის ბუშტიც დავიზიანე და დღემდე, ყვითელ ხილზე ალერგია მაქვს. აი, ეს იცის ღორობამ! დიეტების, უფრო სწორად შიმშილისა და მერე „მიხეთქვების“ გამო, ნაღვლის ბუშტი გავიღიაზიანე. სამწუხაროდ, ენდოკრინოლოგთან არასდროს ვყოფილვარ და მინდა, ყველას ვურჩიო, სანამ რაიმე დიეტას დაიწყებენ, კარგად გაიკითხონ და რჩევა სპეციალისტსაც ჰკითხონ. ჯანსაღი საკვებით, მოხარშული პროდუქტებით, ადამიანი ადვილათაც იკლებს წონაში და არც ორგანიზმს აყენებს ზიანს. თუ მოინდომებ, ისე გახდები, არც ჯანმრთელობას დაიზინებ და სასურველ წონაზეც დადგები. არც ძვირად ღირებულ სატრენაჟორო დარბაზებში სიარულია აუცილებელი, თუ ამის საშუალება არ გაქვს. მე ფეხით სიარული დამეხმარა წონაში კლებაში. წერეთლიდან საბურთალომდე გავსულვარ ფეხით და არ მოვმკვდარვარ, პირიქით.
– ახლა სასურველ წონას ინარჩუნებ?
– არა, არ ვარ იმ წონაზე, რაც მინდა, მქონდეს. წონის კლებას დიეტებით ვეღარ ვახერხებ, ამას უკვე ვარჯიში სჭირდება და სასწრაფოდ, ფიზიკური აქტივობა უნდა დავიწყო.