კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეშმაკის ბილიკი#19

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-18(853)

 დილის თერთმეტი საათი შესრულდა, როდესაც ზურაბ გიგაური იმ ტანვარჯიშის დარბაზს მიადგა, სადაც რიტა სმირნოვა მუშაობდა. მაიორმა მანქანა გააჩერებინა. ტაქსისტს ფული გადაუხადა და ავტომობილიდან გადმოვიდა. შემდეგ ტანვარჯიშის სასახლეს მიადგა და შუა ხნის ვახტიორს ჰკითხა:
– პატივცემულო, ტანვარჯიშის მწვრთნელების მუშაობის განრიგს სად ვნახავ?
თავწაკრულმა ქალმა ყურადღებით შეათვალიერა ზურაბი და კითხვითვე მიუგო:
– რომელი მწვრთნელი გაინტერესებს?
– მე მწვრთნელების მუშაობის განრიგი მაინტერესებს, – დაუკონკრეტებლად გაუმეორა გიგაურმა ქალს და გაუღიმა.
– პირდაპირ და მარცხნივ. დაფაზეა გამოკრული, – უხალისოდ აუხსნა ვახტიორმა ქალმა მაიორს, რომელმაც მადლობა გადაუხადა  და შენობაში შევიდა.
განრიგის მიხედვით, სპორტის ოსტატ სმირნოვას 9-დან 11 საათამდე მეოთხე დარბაზში ჰქონდა მეცადინეობა და ზურაბი იქით გაემართა. დარბაზის კარი შეაღო და სპორტულ ფორმაში გამოწყობილ, ახალგაზრდა, ტანმშვენიერ ქალს მოჰკრა თვალი, რომელიც ნორჩ სპორტსმენ გოგონებს ესაუბრებოდა. მაიორმა სმირნოვა კონტრმზვერავთა აღწერილობით იცნო და ქალი შეათვალიერა. ახალმოსულს რომ თვალი მოჰკრა, სმირნოვამ გიგაურს ჰკითხა:
– ვის ეძებთ?
– ალბათ, თქვენ. რიტა სმირნოვა ბრძანდებით?
– დიახ.
– მაშინ, თქვენ... – ზურაბმა სმირნოვას გაუღიმა, – თქვენთან საქმე მაქვს და პირისპირ უნდა დაგელაპარაკოთ.
– აბა, გოგონებო, ჩაიცვით და სახლებში. ხვალამდე! – გამოემშვიდობა მწვრთნელი შეგირდებს. შემდეგ გიგაურთან მივიდა და ჰკითხა:
– გისმენთ. რა საქმე გაქვთ ჩემთან?
მაიორმა ქალს ღიმილით უთხრა:
– არ შეიძლება, სადმე ჩამოვსხდეთ?
– აი, იქ დავსხდეთ, – სმირნოვამ დაბალი, ხის სპორტული, გრძელი სკამისკენ გაიშვირა ხელი.
– მე მგონი, ოთახში საუბარი ჯობია და არის ამის საშუალება? – ჰკითხა ზურაბმა ქალს.
რიტა სმირნოვამ ყურადღებით შეათვალიერა უცნობი და ჰკითხა:
– ბოდიში, მაგრამ, ვინ ბრძანდებით?
– მე ზურაბი მქვია და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან ვარ, – გიგაურმა ქალს „კაგებეს“ წითელი წიგნაკის ყდა უჩვენა.
– უშიშროებიდან? – ავტომატურად გაიმეორა სმირნოვამ.
– დიახ, თქვენთან სალაპარაკო მაქვს და ცალკე ოთახი არ გაქვთ?
– წამობრძანდით. მწვრთნელების ოთახში შევიდეთ, – თქვა ქალმა და გიგაურს წინ გაუძღვა.
მწვრთნელების ოთახში რომ განმარტოვდნენ, მაიორმა ფერწასულ სმირნოვას უთხრა:
– ნუ ღელავთ, რიტა, სანერვიულო არაფერია. თქვენთან მხოლოდ რამდენიმე შეკითხვა მაქვს და თავს დაგანებებთ. ოღონდ აქვე უნდა შევთანხმდეთ, რომ არაფერს დამიმალავთ და ყველაფერზე სწორ პასუხებს გამცემთ.
– დიახ. რა თქმა უნდა. ბრძანეთ, გისმენთ, – თქვა რიტამ და მაიორს მიაჩერდა.
– შევთანხმდით, – ღიმილით თქვა ზურაბმა. სმირნოვას თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა:
– მართალია თუ არა, რომ თქვენ ორჯერ, ინკოგნიტოდ გაგზავნეთ თბილისში ხუთას-ხუთასი მანეთი?
– დიახ. მართალია, – საკმაოდ მშვიდად მიუგო ქალმა მაიორს.
– ვის გაუგზავნეთ ეს თანხა?
– ეს თანხა მე ვინმე ირინა გავაშელის სახელზე გავგზავნე და ამის გაკეთება ჩემმა მეგობარმა, ნადეჟდა მალიშევამ მთხოვა.
– თქვენი პასუხიდან ვხვდები, რომ ფულის მიმღებს არ იცნობთ.
– რა თქმა უნდა, არა. ირინა გავაშელს არ ვიცნობ და ნადიამ მთხოვა ამის გაკეთება. იმ ქალის მონაცემები ჩამაწერინა,  ფული ორჯერ მომცა და მეც გავგზავნე.  
– თვითონ რატომ არ გაგზავნა?
– არ ეცალა. იცით, ორჯერვე ისე მოხდა, რომ ნადიას არ ეცალა და მე მთხოვა ამის გაკეთება. სახლში მას ლოგინად ჩავარდნილი, მძიმე ავადმყოფი დედა ჰყავდა და სამი წელი უვლიდა. ამ სამი თვის წინ კი დეიდა ვალია გარდაიცვალა. მოისვენა საცოდავმა. ხერხემალი ჰქონდა გადამტვრეული. ავტოავარიაში მოჰყვა და იმიტომ. ისეთი კარგი, თბილი ქალი იყო, რომ სიტყვებით ვერ აგიწერთ.
– არ გითხრათ, ვის და რატომ ვუგზავნიო?
– დიახ, როგორ არა. ეგ ქალი მისი დაღუპული ძმის ყოფილი მეუღლე ყოფილა. თავად საზიზღარია, მაგრამ ჩემს ძმიშვილს ვუგზავნი და ამას ინკოგნიტოდ ამიტომ ვაკეთებო, – ასე ამიხსნა ნადიამ.
– სად ცხოვრობს თქვენი მეგობარი?
– ცხოვრობდა, – დააზუსტა სმირნოვამ, – ნადია ამ ორი თვის წინ გაემგზავრა მოსკოვში. ასე მითხრა, ჩემს ძველ შეყვარებულთან მივდივარო.
– ძველ შეყვარებულთან?
– დიახ. სწორედ ასე მითხრა. მოგწერ და დაგირეკავო, მაგრამ ჯერ კავშირზე არ გამოდის. როგორც ეტყობა, ჯერ ისევ თაფლობის თვე აქვს და გაუტკბა.
– ბინა გაყიდა?
– დიახ. ალბათ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრა, – მხრები აიჩეჩა ქალმა.
– ძველი შეყვარებულის ვინაობა არ უთქვამს?
– არა. ნადია მას, უბრალოდ, ძველ შეყვარებულად მოიხსენიებდა და მეტი არაფერი. კითხვებით თავს არ ვაბეზრებდი.
– ნადეჟდა მალიშევას საიდან იცნობდით?
– ერთად ვმუშაობდით. ნადია სპორტული ექიმია. ტრავმატოლოგი და აქ, ამ ტანვარჯიშის სასახლეში იმუშავა ხუთი წელი. თითქმის ერთად მოვედით. მეც ხუთი წლის წინ დავიწყე აქ მწვრთნელობა.
– გასაგებია, – თქვა გიგაურმა. ჩაფიქრდა და სმირნოვას ჰკითხა:
– ნადეჟდა მალიშევასთან ხშირად მიდიოდით სტუმრად?
– თავიდან, რომ დავმეგობრდით – კი. ხშირად ვაკითხავდი სახლში. დედამისი რომ ლოგინად ჩავარდა, ძალიან იშვიათად მივდიოდი მასთან. მხოლოდ დეიდა ვალიას თუ მოვინახულებდი. თავად არ მეპატიჟებოდა, როგორც ადრე და არც მე ვაწუხებდი.
– რიტა, ნადეჟდა მალიშევას, დედის გარდა, სხვა ვინმე ხომ არ ჰყავდა სახლში?
– რა თქვით? – გაუკვირდა რიტას.
– თქვენს მეგობარს, დედის გარდა, სხვა ვინმე ხომ არ ეყოლებოდა ბინაში, ვისაც მალავდა?
– მალავდა? – გაიმეორა ქალმა.
– დიახ.
– არ მგონია. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი რამ არ შემიმჩნევია, – მხრები აიჩეჩა ქალმა.
– თქვენს მეგობარს დიდი ბინა ჰქონდა?
– ოთხოთახიანი.
– დიდი ბინა ჰქონია და ხომ შეიძლება,  იქ თავისუფლად დაემალა ვინმე?
– ბინის ფართობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ, სმირნოვამ მხრები აიჩეჩა, – ვინ ან რატომ?
– რიტა, როცა მასთან სტუმრად იყავით, ყველა ოთახში შედიოდით?
– არა. მხოლოდ სასტუმრო ოთახში და დეიდა ვალიას საძინებელში თუ შევიდოდი, მის მოსანახულებლად.
– კიდევ რომელი ოთახები ჰქონდა მას?
– თავად ნადიას საძინებელი და მამამისის კაბინეტი. იქ, კაბინეტში, არასდროს შევსულვარ. ნადიას გასაღებით ჰქონდა გადაკეტილი და მხოლოდ მტვრის გადასაწმენდად შედიოდა. ასე ამბობდა, – მამაჩემი ამ ოთახში გარდაიცვალა და ყველაფერი ხელუხლებელი უნდა იყოსო.
– მის საძინებელში?
– მის საძინებელში ადრე ვარ ნამყოფი, მაგრამ ბოლო დროს რომ მივდიოდი, არ შევსულვარ. ნადიას ისიც გასაღებით ჰქონდა ჩაკეტილი.
– საძინებელიც?
– დიახ. საძინებელიც. ასე ამბობდა: იქ ისეთი ქაოსია, ვინმე შემთხვევით რომ შევიდეს, გზა აებნევაო, – თქვა რიტა სმირნოვამ და გაეცინა. შემდეგ სახე შეეცვალა. ჩაფიქრდა და ჩაილაპარაკა, – მოიცა, მოიცა, მგონი, ნადია იქ მართლაც ვიღაცას მალავდა.
– რა თქვით, რიტა? – ჰკითხა გიგაურმა ქალს.
– ზურაბ, თქვენ რომ თქვით, ნადია ვინმეს ხომ არ მალავდა სახლშიო, ერთი რაღაც გამახსენდა.
– რა?
– რადა, ვალია დეიდას სანახავად რომ ვიყავი ბოლოს და უკვე სახლში მოვდიოდი, ნადიას საძინებელი ოთახიდან ნივთის დავარდნის ხმა მოისმა. ნადიას ვკითხე კიდეც, ვინმე ხომ არ გყავს-მეთქი და მითხრა, – ალბათ, წიგნი თუ ჩამოვარდა ჩემი არეულ-დარეული კომოდიდანო. არადა წიგნის ჩამოვარდნის ხმას სულაც არ ჰგავდა და უფრო სხვანაირი ხმა იყო. აი, პური რომ დავარდება იატაკზე, ისეთი.
– პური?
– დიახ, პური, მთლიანი „ბუხანკა“. არასდროს დაგვარდნიათ იატაკზე?
– როგორ არა.
– ჰოდა, გაიხსენეთ, როგორი ხმა აქვს. სად ის და სად წიგნის დავარდნის ხმა. თანაც, ქუჩაში რომ გავედი, ნადიას საძინებლის ფანჯარას ავხედე და მომეჩვენა, გაუმჭვირვალე ფარდიდან ვიღაც უცხო მიყურებდა.
– უცხო?
– დიახ. ასე მომეჩვენა.
– მერე, მეორე დღეს ამის შესახებ არაფერი უთხარით მეგობარს?
– შემდეგი დღეები შაბათ-კვირა იყო. ორშაბათს კი დეიდა ვალია გარდაიცვალა და ამის დრო არ იყო. მერე კი ეს ამბავი გადამავიწყდა კიდეც და ახლა, თქვენ რომ თქვით, მაშინ გამახსენდა. მას მერე ნადიასთან მხოლოდ დეიდა ვალიას პანაშვიდზე და დასაფლავებაზე ვიყავი და კიდევ ორჯერ ვესტუმრე. შემდეგ კი აქედან გაემგზავრა და როგორც უკვე გითხარით, დამპირდა, შეგეხმიანებიო, თუმცა ჯერჯერობით არ ჩანს.
– თქვენ ეს ყველაფერი საეჭვოდ არ გეჩვენებათ?
– რას გულისხმობთ?
– ბინის გაყიდვასა და ასე მოულოდნელ გამგზავრებას.
– მაშინ არა. უფრო სწორად, არ დავფიქრებულვარ ამაზე. ახლა – კი, – მიუგო ქალმა.
– კარგი, რიტა, დროებით დავასრულოთ ჩვენი საუბარი. ალბათ, კვლავ მოგვიწევს შეხვედრა. ხოლო, თუ ნადეჟდა მალიშევა შემთხვევით დარეკავს ან გამოჩნდება, აი, ამ ტელეფონზე დარეკეთ და უთხარით, რომ ჩემთან შეხვედრა გსურთ, – ზურაბმა ქალს ლენინგრადის „კაგებეს“ სპეციალური სატელეფონო ნომერი მისცა და დააყოლა, – რიტა, ამ შეხვედრისა და ჩვენი საუბრის შესახებ არავინ არ უნდა შეიტყოს. ალბათ, ხვდებით, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოა?
– დიახ, – თქვა რიტამ, – შეიძლება, შეგეკითხოთ?
– დიახ. გისმენთ.
– ზურაბ, ნადიამ რამე დააშავა?
– არა. არაფერი. უბრალოდ, ერთ ადამიანს ვეძებთ, თაღლითს, რომელმაც სახელმწიფო აზარალა და გამორიცხული არაა, ის თქვენს მეგობართან მოტყუებით აფარებდეს თავს.
– გასაგებია.
– რიტა. რაც გითხარით, საიდუმლოა და არავინ არ უნდა გაიგოს.
– ხომ შეგპირდით უკვე. ნუ გეშინიათ, არავის არაფერს ვეტყვი. ნახვამდის, – უთხრა რიტა სმირნოვამ ზურაბს. ის კი  ქალს ხელზე ეამბორა და სანამ წავიდოდა, გაუღიმა:
– ნახვამდის, რიტა. შეხვედრამდე.
***
ზურაბ გიგაური, კვლავ ლენინგრადის „კაგებეს“ მთავარ სამმართველოში დაბრუნდა და ნადეჟდა მალიშევას დოსიე ყურადღებით შეისწავლა. მასში ეწერა, რომ 32 წლის გაუთხოვარი ქალი განათლებით ექიმი-ტრავმატოლოგი იყო და ლენინგრადში ჰქონდა დამთავრებული სამედიცინო ინსტიტუტი. შემდეგ, განაწილებით, კომის ავტონომიურ ოლქში მუშაობდა სამი წელიწადი ციხე-კოლონიების ექიმ-ტრავმატოლოგად. ვადის გასვლის მერე კი, ლენინგრადში დაბრუნებულა და ტანვარჯიშის სასახლეში გაუგრძელებია მუშაობა. დოსიეში ქალი დადებითად ხასიათდებოდა და იქვე იყო მინიშნებული, რომ მამამისი მსხვილი საავიაციო ინჟინერი ყოფილა და ინფარქტით გარდაიცვალა. დედა ყელ-ყურის ექიმი გახლდათ. ნადეჟდა მალიშევას მოსკოვში გადაბარგებაზე დოსიეში არაფერი ეწერა. ზურაბმა დახმარებისთვის კვლავ ადგილობრივ კონტრმზვერავებს მიმართა და პოლკოვნიკ ზაიცევს უთხრა:
– ნადეჟდა მალიშევაზე მჭირდება ახალთახალი ინფორმაცია. გაყიდა თუ არა მართლაც ბინა და სად და ვისთან ერთად გაემგზავრა.
ზურაბმა დოსიეში ისიც ამოიკითხა, რომ ნადეჟდა მალიშევა დედისერთა იყო და და-ძმა არ ჰყავდა. რიტა სმირნოვას რომ უთხრა, თბილისში ფულს ჩემი ძმის ყოფილ ცოლ-შვილს ვუგზავნიო, აბსოლუტური ტყუილი იყო.
სანამ კონტრმზვერავები ლენინგრადში მუშაობდნენ, ზურაბი სპეცკავშირით გენერალ-მაიორ იური პავლოვს დაუკავშირდა და საბჭოთა კონტრდაზვერვის უფროსს უთხრა:
– გამარჯობა, ამხანაგო გენერალ-მაიორო. ზურაბ გიგაური ვარ.
– როგორ ხარ, ზურაბ. სად დაიკარგე და საიდან მიკავშირდები? – გაუხარდა გენერალს გიგაურის ხმის გაგონება.
– ლენინგრადის მთავარ სამმართველოში ვარ. იმ საქმეზე ვმუშაობ და გარკვეულ კვალზე გავედი. აქ უკვე მეორე დღეა, რაც თბილისიდან ჩამოვფრინდი. ამხანაგო გენერალო, თქვენი დახმარება მჭირდება.
– თქვი. აბა, გისმენ.
– ამხანაგო გენერალო, სასწრაფოდ გაარკვიონ, ჩაეწერა თუ არა მოსკოვში ნადეჟდა მალიშევა. მოსკოვში თუ არა, სად, რომელ რესპუბლიკაში, ან რომელ დასახლებულ პუნქტშია ის დაფიქსირებული. გარდა ამისა, გაარკვიონ ამ ქალის ამბები კომის ავტონომიურ ოლქში; მისი კავშირები ციხე-კოლონიების ექიმ-ტრავმატოლოგად მუშაობისას, თუ იყო „ჩეპეები“. ჰქონდა თუ არა ახლო ურთიერთობა პატიმრებთან და თუ ჰქონდა – ვისთან. ერთი სიტყვით, ბევრი სამუშაოა, მაგრამ აუცილებელია ამის გაკეთება. ჩვენმა საქმემ ძალიან საინტერესო განვითარება მიიღო და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზას ვადგავართ.
– გასაგებია. ახლავე ჩავრთავ საჭირო ხალხს ამ საქმეში. შენ რას აპირებ?
– ჯერჯერობით ინფორმაციებს ველოდებით. შემდეგ, ალბათ, თბილისში მომიწევს დაბრუნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, სხვაგანაც მომიწიოს წასვლა, – უთხრა გიგაურმა პავლოვს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3