კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდუმლო კლავს #19

როცა ერთ საღამოს მისის სტანარდმა ქმარი რესტორან „კურინში“ ვიღაც ქალთან ერთად დაინახა, იფიქრა, რომ ეს კიდევ არ იყო მიზეზი ეჭვიანობისთვის და მართალიც გახლდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისტერ სტანარდმა გამომცემელთან და მის ცოლთან ივახშმა, ხოლო ის უგემოვნოშლაპიანი ქალი, სხვა არავინ იყო, თუ არა გათხოვილი, პატივსაცემი ქალბატონი.
– მე რატომ არ წამიყვანე? – ჰკითხა მისის სტანარდმა ქმარს საყვედურნარევი კილოთი.
ქმარი უხერხულად შეიშმუშნა.
– საყვარელო, არ მეგონა, ცოლთან ერთად თუ მოვიდოდა. უნდა მაპატიო...
და ქალიც დამშვიდდა. მაგრამ მხოლოდ დროებით. რამდენიმე დღის შემდეგ იგრძნო, რომ ქმრის თავს რაღაც ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რესტორნის ფაქტთან დაკავშირებით, მისტერ სტანარდი სრულიად გამართლდა, მისის სტანარდს ეჭვები მაინც გაუჩნდა. მისი ქმარი კონსერვატორი გახლდათ, შესაბამისად, ერთგულიც თავისი ჩვევებისა. დროის დიდ ნაწილს სახლში ატარებდა, თავის საწერ მაგიდასთან. ფაქტობრივად, ახლოს იყო სრულყოფილებასთან, მაგრამ მისის სტანარდმა შეამჩნია, რომ კაცმა გარე-გარე სიარულს მოუმატა. ერთ საღამოს კი ის ცოლმა სერიოზულ ტყუილში გამოიჭირა. მისტერ სტანარდმა განაცხადა, კლუბში მივდივარ საღამოს გასატარებლადო. ამაში უჩვეულო არაფერი იყო. კლუბში კვირაში ერთხელ დადიოდა,  თუმცა, ამჯერად აღმოჩნდა, რომ მისტერ სტანარდი კლუბში არ წასულა. როცა გამომცემელმა დიუპონმა დარეკა და მასთან საუბარი ითხოვა, ქალმა უთხრა, კლუბში წავიდაო. დიუპონმა გაიოცა, კი მაგრამ, მე აქ ვარ და არ მინახავსო. ეს სერიოზული კომპრომატი იყო, რომელმაც ყოველთვის მშვიდი მისის სტანარდი ჩააფიქრა. ჭკვიანი ქალი დაელოდებოდა შესაფერის მომენტს, როცა ქმარი გაუფრთხილებლობით კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებდა, მაგრამ მისის სტანარდი ემოციებს ვერ მოერია. სახლში დაბრუნებულ ქმარს თითქმის მაშინვე დაუსვა საეჭვო შეკითხვები, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა. მათ შორის ასეთი:
– სად იყავი, ძვირფასო?
კაცმა გაოცებით ასწია  წარბები.
– სად ვიყავი? ლუიზა, არ იცი, სად ვიყავი? ეს რა შეკითხვაა.
– მისტერ დიუპონი გეძებდა. კლუბში დავრეკეთ, გვითხრეს, აქ არ არისო.
– სისულელეა, მე იქ ვიყავი. დიუპონი სად იყო, წარმოდგენა არ მაქვს და არც მაინტერესებს.
– დიუპონი კლუბში იყო... – დაიბნა ქალი, – ვერ გიპოვნა.
კაცი მოიღუშა.
– არ მაინტერესებს. მე იქ ვიყავი.
ქალმა ტუჩზე იკბინა. იმ საღამოს შემდეგ მისტერ სტანარდმა ტყუილების თქმას მოუხშირა, მისის სტანარდმა კი – ეჭვიანობას. კაცს ჩვევად ექცა საღამოობით ოთხი-ხუთი საათით სადღაც ხეტიალი. მიდიოდა და გვიან ბრუნდებოდა. თან, ხმას არ იღებდა. მისის სტანარდს მოთმინება დიდი ჰქონდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველა რესურსი ამოეწურა. ქმრის გამოკითხვა შედეგს ვერ გამოიღებდა. მას თავი ისე ეჭირა, ვერც კი აკადრებდი, მატყუებო. „რა თქმა უნდა, ქალის ამბავია. ყველა სხვა ვარიანტი გამოირიცხა“, – გადაწყვიტა მისის სტანარდმა. იფიქრა, იდარდა. წონაშიც კი დაიკლო და გადაწყვიტა – კერძო დეტექტივისთვის მიემართა. რადგან ქმრის თვალთვალმა (ერთხელ უკანაც სდია, მაგრამ მალევე დაკარგა თვალთახედვის არედან) შედეგი ვერ გამოიღო. კერძო დეტექტივი მალევე იპოვა საძიებელი ფურცლების მიხედვით. საკმაოდ ახალგაზრდა, სანდომიანი და სიმპათიური მამაკაცი აღმოჩნდა. ერთმანეთს კაფეში შეხვდნენ. მისის სტანარდმა ჩვეულებას უღალატა. სპორტულ შარვალში გამოეწყო. თავზე პატარა, მოდური თავშალი წაიკრა და მუქი სათვალე გაიკეთა. როგორც ჩანს, ეს სტილი ძალიან მოუხდა, რადგან დეტექტივმა რამდენიმე კომპლიმენტი უთხრა. შემდეგ საქმეზე გადავიდნენ. მისის სტანარდმა საკმაოდ მორიდებით უთხრა, რომ ქმარზე რაღაც ეჭვები ჰქონდა. დეტექტივმა ღიმილით დაამშვიდა – პირველი არ ხართ და ალბათ, არც უკანასკნელი იქნებითო. შემდეგ პატარა ბლოკნოტი ამოიღო და მისტერ სტანარდის მონაცემები, მისი დღის განრიგი და გადაადგილების სავარაუდო მარშრუტი ჩაიწერა. შემდეგ ავანსი გამოართვა და დაჰპირდა, ორ კვირაში დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდითო. მისის სტანარდიც დამშვიდებული და ბედნიერი დაბრუნდა სახლში. დეტექტივმა ისიც უთხრა, თუ ქმრის ქმედებებში ამ ხნის განმავლობაში რამე უჩვეულოს შენიშნავთ, დამირეკეთო.
მისის სტანარდი გამოცოცხლდა. იმედი ჩაესახა. იმის განცდამ, რომ ქმარს ტყუილში გამოიჭერდა, ცხოვრების ხალისი დაუბრუნა. თითქოს ისე აღარ აწუხებდა ქმრის დაგვიანებები, შუბლიც გაეხსნა, ღიღინიც გაბედა. დეტექტივმა დაურეკა და უთხრა, რომ ეჭვიანობის საბაბი ნამდვილად არსებობდა. დახმარებაც აღუთქვა. კიდევ რამდენიმე დღე გავიდა. მისტერ სტანარდის ქცევებში ცვლილება არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ერთ დღეს საერთოდ გამთენიისას მივიდა სახლში. მისის სტანდარს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ქმარი ღალატობდა. დეტექტივმა ზუსტად ორი კვირის შემდეგ დაურეკა.
– მისის სტანარდ, უნდა შევხვდეთ.
– სახლში მობრძანდით, ჩემთან. ქმარი წავიდა და გვიანობამდე არ დაბრუნდება.
დეტექტივი შუადღის შემდეგ გამოცხადდა. როგორც თავაზიან დიასახლისს და ჭეშმარიტ ქალს შეეფერება, მისის სტანარდი ლამაზად გამოეწყო და სტუმარს სასმელი შესთავაზა.
– ვისკიზე უარს არ ვიტყოდი, – თვალები აუციმციმდა დეტექტივს, – გასაოცარია, როგორ შეიძლება, კაცმა თქვენისთანა ქალბატონს უღალატოს.
– ანუ, დარწმუნდით, რომ მისი დაგვიანებებისა და არაადეკვატური ქცევების მიზეზი სხვა ქალია?
– იცით, მე ყველა ინფორმაციას მოგაწვდით, რაც მოვიპოვე, დანარჩენი კი თქვენ გადაწყვიტეთ, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა დეტექტივმა.
ქალმა ამოიოხრა. ვისკი თავისთვისაც დაისხა, დეტექტივს დივანზე გვერდით მიუჯდა და მოსასმენად მოემზადა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. კარის საკეტმა გაიჩხაკუნა და ოთახში მისტერ სტანარდი აღიმართა.
– ჩარლზ, უკვე დაბრუნდი? – მოულოდნელობისგან შეჰყვირა ქალმა.
– აჰა, ესე იგი, არ მელოდი. გამოგიჭირე? რამდენი ხანია, ამ კაცთან მღალატობ, – დაიღრიალა მისტერ სტანარდმა და მის ხელში პატარა რევოლვერმა იელვა. ისეთი წარმოუდგენელი იყო მისგან ასეთი საქციელი, რომ მისის სტანარდმა წამოდგომაც ვერ მოასწრო, განცვიფრებისგან ადგილს მიეჯაჭვა.
– ღვთის გულისთვის, სტანარდ...
– გაჩუმდი... ალბათ, რამდენი ხანია, მატყუებ. არ ელოდი, რომ ფაქტზე წაგასწრებდი? მე მჯეროდა შენი, იმედგაცრუებას ვერ გაპატიებ.
ტყვია პირდაპირ მიზანში მოხვდა და მისის სტანარდი ისე გამოესალმა სიცოცხლეს, ხმის ამოღება ვერ მოასწრო. მხოლოდ შიშისგან გაფართოებულ თვალებში აღებეჭდა უკიდურესი შეძრწუნება.

скачать dle 11.3