როგორ ადამიანებს ახასიათებთ წყენაზე შურისძიება და ვინ გამოირჩევა ენამწარობით #19
წყენასა და გაბრაზებას ყველა სხვადასხვაგვარად გამოხატავს. ზოგს სიფიცხე ახასიათებს, სათქმელს პირში მოგახლის და მერე, მალევე შეგირიგდება, ზოგმა კი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გითმინოს, ბოლოს კი მომენტალურად დასვას წერტილი და შეწყვიტოს თქვენთან ურთიერთობა. ამიტომ, საჭიროა, იცოდეთ: ვინ, რატომ, რა ვადით იბუტება და როგორ შეძლებთ მის შემორიგებას. დაბადების ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით კი, ამას მარტივად გაიგებთ.
ცეცხლის ნიშნები – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი: ფეთქებადი ტემპერამენტით გამოირჩევიან. მარტივად ბრაზობენ, მაგრამ მალევე ივიწყებენ წყენას. საკმარისია, გაბრაზებულებს რამდენიმე წუთი მოერიდოთ თვალთახედვის არედან, რომ სიტუაცია განმუხტოთ. ამის შემდეგ, უბრალოდ, გულწრფელი ბოდიშით შემოიფარგლეთ და ჩათვალეთ, მას წყენა აღრაც კი ახსოვს. ვერძი ენთუზიაზმისა და ლიდერობის ხელყოფაზე რეაგირებს მძაფრად. ლომს თავმოყვარეობაზე არ უნდა შეეხოთ, მშვილდოსანმა კი შესაძლოა, ტყუილში მისი დადანაშაულების გამო, სამუდამოდ მოგიძულოთ.
ჰაერის ნიშნები – ტყუპები, მერწყული, სასწორი: ადვილად ივიწყებენ წყენას. თუმცა, ენა ბასრი სამართებელივით უჭრით. წყენის დამახსოვრება და შურისძიება მათი სტილი არ არის. ისინი გაბრაზებას ენამწარობით გამოხატავენ. ტყუპები საუბრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ვერ იტანს, მერწყული – ზეწოლას და ჩარჩოებს, ხოლო სასწორი, შესაძლოა, წყობიდან ვულგარულობამ ან უხეშობამ გამოიყვანოს.
მიწის ნიშნები – კურო, ქალწული, თხის რქა: მათთან ურთირთობაში, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ისინი, ერთი შეხედვით, მშვიდი ხასიათითა და გაწონასწორებულობით გამოირჩევიან. შესაბამისად, იშვიათად გამოდიან წყობიდან. თუმცა, თუ მაინც შეძელით მათი გაბრაზება, დრო და მოთმინებაა საჭირო, სანამ თქვენ მიმართ დაკარგულ ნდობას აღიდგენენ. კურო აჩქარებას ვერ იტანს. ქალწული ცოფდება ქაოსურობასა და დაუდევრობაზე, ხოლო თხის რქა წყობიდან გამოჰყავს უპასუხისმგებლო და უდისციპლინო ადამიანებს.
წყლის ნიშნები – მორიელი, კირჩხიბი, თევზები: წყენა ხანგრძლივად ამახსოვრდებათ და შესაძლოა, მთელი ცხოვრება არ გაპატიონ. თუ გააბრაზეთ, მზად იყავით, ხანგრძლივი ვადით ომის გამოსაცხადებლად. კირჩხიბთან შესაძლოა, წყენის მიზეზი მისი ახლობლების დაცინვა ან აბუჩად აგდება იყოს; მორიელთან არასდროს შეეხოთ მის საიდუმლოებებს, რომელიც საკმარისზე მეტი აქვს; ხოლო თევზების განაწყენება, უბრალო, უხეში სიტყვითაც შეიძლება.