რა ხრიკით გააცურა სტალინმა ამერიკელები 1950 წლის 9 მაისს #19
ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი, სტალინის უსაყვარლესი დღესასწაული იყო. საბჭოთა ბელადი მას ყოველთვის გრანდიოზულად აღნიშნავდა, თან შანსს არ უშვებდა ხელიდან, მთელი მსოფლიოსთვის დაენახვებინა საბჭოეთის სამხედრო სიძლიერე. პროფესორი პავლე კანევსკი წერს: „ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი გრანდიოზული სამხედრო აღლუმები არა მარტო ამ დიადი დღის სიმბოლური აღნიშვნა იყო, არამედ საბჭოთა სამხედრო სიძლიერის დემონსტრირებაც. წითელ მოედანზე უახლეს სამხედრო ტექნიკას ჩაატარებდნენ ხოლმე მთელი მსოფლიოს დასანახად და დასათრგუნად, მით უმეტეს, გასული საუკუნის ორმოცი-ორმოცდაათიანი წლების მიჯნაზე. ანუ, იმ დროს, როდესაც „ცივი ომი“ მძვინვარებდა და მესამე მსოფლიო ომი იყო მოსალოდნელი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საბჭოთა სარაკეტო მრეწველობის თვალსაჩინო მოღვაწე, ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია, იხსენებდა: „1950 წელს საბჭოთა კავშირს უკვე ჰქონდა ატომური ბომბი. თუმცა, არა იმდენი, რომ შეერთებული შტატებისთვის კონკურენცია გაეწია. მცირე რაოდენობის გარდა, შტატებთან შედარებით, ჩვენ ამ მრისხანე იარაღის მიზანთან მისატანი საშუალებებიც არ გვქონდა. ანუ, არ გაგვაჩნდა ისეთი შორეული ფრენის ავიაცია, ატომურ ბომბებს დიდ მანძილზე რომ გადაიტანდა. მაშინ, იმ პერიოდში, ატომური ბომბების ერთადერთი გადამტანი ხომ თვითმფრინავი იყო. ხოლო ატომური ქობინის რაკეტაზე დამაგრების იდეა, პირველად სტალინს მოუვიდა თავში – პირველი ატომურქობინიანი შორსმავალი (ბალისტიკური რაკეტის წინამორბედი) რაკეტა იმ საკონსტრუქტორო ბიუროში დამზადდა, სადაც მე ვმუშაობდი“.
ფაქტს, რომელზეც სერგო ბერია ლაპარაკობს, უფრო დაწვრილებით იხსენებდა სერგეი პავლეს ძე კოროლიოვი. პირველი კოსმოსური რაკეტისა და ბალისტიკური რაკეტის შემოქმედი, რომელმაც უშუალოდ სტალინისგან მიიღო დავალება. კოროლიოვი წერდა: „1950 წლის 19 თებერვალს კრემლში, სტალინის კაბინეტში, საბჭოთა კონსტრუქტორთა შეკრება გაიმართა სტალინის თავმჯდომარეობით, რომელსაც მეც ვესწრებოდი. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტალინმა დარჩენა მთხოვა და მითხრა:
– უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენ ატომური ბომბი გავაკეთეთ და არც თქვენ გამოგეპარებოდათ ეს.
– დიახ. ვიცი ამის შესახებ, იოსებ ბესარიონოვიჩ, – ვუთხარი სტალინს.
– რა თქმა უნდა. ეს უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო, მაგრამ ახლა საიდუმლოდ გეტყვით ერთ რამეს, – მითხრა სტალინმა და მწველი მზერა მესროლა, – საიდუმლო და დიდი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს იმ კლასის თვითმფრინავები, ჩვენს ბომბებს, საჭიროების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებამდე რომ მიიტანენ მათ დასაბომბად. ამერიკელებს კი ასეთი საშუალება გააჩნიათ. პოლიტიკური დაძაბულობა ყოველ წუთს მწვავდება და ომი რომ დაიწყოს, გვაჯობებენ.
სტალინი უხმოდ მომაჩერდა. ვიფიქრე, ჩემი აზრის გაგონება სურს-მეთქი და ვუთხარი:
– თუ ასეა, მაშინ სასწრაფოდაა შესაქმნელი ისეთი შორეული ბომბდამშენი, რომელიც ატომური ბომბით ამერიკას მისწვდება.
სტალინს ჩაეცინა და მიპასუხა:
– რჩევისთვის გმადლობ, სერგეი პავლოვიჩ, მაგრამ აქ თვითმფრინავებზე სალაპარაკოდ არ დამიტოვებიხართ. ამ საკითხში ტუპოლევი და იაკოვლევი უფრო კომპეტენტურები არიან. ისინი კი გავუშვი. იდეა მინდა, მოგაწოდოთ და თქვენი აზრი მაინტერესებს ამის თაობაზე.
– ბრძანეთ, ამხანაგო სტალინ, – ვთქვი მე. მან კი ჩიბუხი მოქაჩა და მითხრა:
– რა აზრის ხართ იმაზე, რომ ჩვენი ატომური ბომბები თქვენს სწრაფმავალ რაკეტებს მივამაგროთ და ამგვარად მივიტანოთ მიზნამდე. ისინი ხომ ნებისმიერ თვითმფრინავზე სწრაფად დაფრინავენ და ტექნიკურად თუა შესაძლებელი, ამის განხორციელება?
სტალინის იდეა იმდენად მარტივი და გენიალური იყო, რომ აღტაცებით წამოვიძახე: ყოჩაღ, ამხანაგო სტალინ!.. შემდეგ ენაზე ვიკბინე და ვთქვი:
– უკაცრავად, იოსებ ბესარიონოვიჩ. დიახ. ასეთი რამის განხორციელება ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა დრო სჭირდება.
– მაინც, რამდენი?
– ვფიქრობ, ერთ წელიწადში ჩავეტევით.
– კეთილი. დღეიდანვე დაიწყეთ ამაზე ზრუნვა. წარმატებებს გისურვებთ, – მითხრა სტალინმა და კაბინეტიდან გამომისტუმრა.
1951 წელს ჩვენ უკვე პირველი შორსმავალი, ატომურქობინიანი რაკეტა გვქონდა და შტატებზე უპირატესობა რეალურად მოვიპოვეთ...“
კოროლიოვი შემთხვევით არ უსვამს ხაზს „რეალურ უპირატესობას“. საქმე ის გახლდათ, რომ სანამ საბჭოთა კონსტრუქტორები პირველ ატომურქობინიან რაკეტას ქმნიდნენ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები შეეძლო, დაებომბა, სტალინმა ერთი ხრიკი მოიგონა. ამის შესახებ კი, გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი ყვება თავის წიგნში: „უშუალოდ სტალინის დავალებით, საგარეო დაზვერვის ჩემმა ჯგუფმა ინფორმაციის შეგნებული გაჟონვა განვახორციელეთ და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის დაზვერვისთვის ცნობილი გახდა, რომ საბჭოეთს შორსმფრენი, ატომურქობინიანი რაკეტები გააჩნდა. ეს რომ შეიტყვეს, თან „საიდუმლო პოლიგონზე“ გადაღებული სურათების შეისწავლეს, მტრის ბანაკში ისეთი პანიკა ატყდა, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. ჩვენი რეზიდენტი, რომელიც „ცეერუს“ გულში იყო ჩანერგილი, უშუალოდ ესწრებოდა ამ საკითხის განხილვას და დაწვრილებით მოგვაწოდა იქ დატრიალებული ამბების აღწერა. სტალინი რომ მას გაეცნო, კმაყოფილებით დააქნია თავი და თქვა:
– ახლა კი ცეცხლზე ნავთს დავასხამთ და გამარჯვების პარადზე უახლეს ატომურქობინიან რაკეტებს გავატარებთ წითელ მოედანზეო.
და მართლაც, 1950 წლის 9 მაისს გამარჯვების აღლუმზე ოცმა უზარმაზარმა რაკეტამ ჩაიარა წითელ მოედანზე. ესენი იმის ანალოგები იყო, რაც „საიდუმლო პოლიგონზე“ გადაღებულ სურათებზე გახლდათ აღბეჭდილი. სინამდვილეში, ეს იყო ოცი ცალი „მულაჟი“, ანუ იმიტაცია, სინამდვილეში რომ არაფერს წარმოადგენდა...“
ერთი მხრივ, ამ ხრიკით სტალინმა ამერიკელებს საკუთარ ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობა დააწყებინა, რაც მათ მხოლოდ ორი წლის შემდეგ შექმნეს და საბჭოეთს მაინც ვერ დაეწივნენ. მთავარი კი ის იყო, რომ საბჭოთა ბელადმა ამ სამხედრო-პოლიტიკური აფერა-მანევრით ამერიკელებს საბჭოეთზე ატომური თავდასხმის ყოველგვარი სურვილი მოუსპო. 1950 წლის 9 მაისს კი, კრემლში გამართულ საზეიმო ბანკეტზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შამპანურით სავსე ჭიქა მიუჯახუნა და უთხრა: ცხრა მაისს გაუმარჯოს, რომელმაც ფაშიზმს დაუსვა წერტილი და კიდევ მრავალ უსამართლობას დაასამარებსო... ამ სიტყვებში საბჭოთა ბელადი, სავარაუდოდ, ამერიკელების გაცურებასაც გულისხმობდა.“