როდის ფიქრობს კაცი, რომ „სხვა“ ქალზე დაქორწინდა #19
იმედგაცრუება, როცა შეყვარებული წყვილი ერთად ცხოვრებას იწყებს, არც იშვიათია და არც მოულოდნელი. ხშირად, შეყვარებულობის პერიოდში, ობიექტურად ვერ აფასებენ პარტნიორს. აჰყავთ აღმატებით ხარისხში და ისეთ თვისებებს მიაწერენ, მას რეალურად რომ არ აქვს. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ფაქტობრივად, ცხოვრებას სრულიად უცხო ადამიანთან იწყებ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არცთუ იშვიათად, თანაცხოვრებისას, ოჯახში ადამიანები სხვა თვისებებს ავლენენ, იმედგაცრუება შესაძლოა, ქალსაც და კაცსაც თანაბრად ჰქონდეს.
მარიკა (37 წლის): გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. მეშინია, რომ ოჯახი დამენგრევა. წარმოუდგენელი რაღაც დამემართა. ქმარი მეუბნება, რომ ის ქალი არ ვარ, რომელიც შეუყვარდა და რომელზეც დაქორწინდა.
– ვერ მივხვდი, რას ამბობთ.
– ჩემს ქმარზე მოგახსენებთ, რომელიც სამი წელი მიყვარდა, სანამ გავყვებოდი და მასაც ვუყვარდი. ამას ტყუილად კი არ ვამბობ?! ვერ წარმოიდგენთ, როგორი ურთიერთობა გვქონდა – ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით. ვერ ვცილდებოდით ერთმანეთს და ერთი წუთითაც რომ მოვშორდებოდი, უკვე მენატრებოდა. ისიც ასე იყო განწყობილი და ამას საქმით მიმტკიცებდა.
– სამი წელი იცნობდით ერთმანეთს?
– ხუთი წელი ვიცნობდით ერთმანეთს და აქედან, სამი წელი შეყვარებულები ვიყავით. მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ მიყვარს. ჩემს გრძნობაში ეჭვი არ მეპარება და მგონი, ჩემი ყველა უბედურება აქედან მოდის.
– სიყვარული უბედურებაა?
– არ ვიცი. მე პრობლემები მაქვს იმის გამო, რომ ქმარი მიყვარს. მას კი აწუხებს ეს ამბავი და სიძულვილს უღვიძებს ჩემ მიმართ. გიკვირთ, ხომ? ჩემთვისაც წარმოუდგენელი და გამაოგნებელი ამბავია, შოკში რომ მაგდებს, ისეთი... ვძულვარ! შენ ის ქალი არ ხარ, ვინც მე მიყვარდა და ვინც ცოლად მინდოდაო. მე ავირჩიე ქალი – მშვიდი, ყურადღებიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული, დამოუკიდებელი, მზრუნველი, აქტიური. შენ რადიკალურად განსხვავებული ხარ და მე შენთან ცხოვრება აღარ შემიძლიაო.
– კონკრეტულად, რა აღარ მოსწონს თქვენი?
– ძირითადად ის, რომ ზედმეტად ემოციური ვარ. გასაოცარი ამბავია, რანაირად არ უნდა მქონდეს ემოციები, მით უფრო, როცა ადამიანი მიყვარს. ჩემი მეუღლე რომ აგვიანებს, რამე პრობლემა რომ აქვს, როცა ვხედავ, რომ აფორიაქებულია, არ ვკითხო, რა ხდება? უემოციოდ ვიჯდე, თითქოს მე არაფერი მეხება?
– ანუ, ეჭვიანობთ?
– არ ვეჭვიანობ, ნამდვილად. არც ფსიქოპათი ვარ და არც ეჭვებით დაავადებული. ნორმალური რეაქციები მაქვს ქმრის დაგვიანებაზე, მის ნერვიულობასა და უყურადღებობაზე – ის კი ამაზე გიჟდება. ხუთი წელია, ცოლ-ქმარი ვართ და ბოლო ერთი წელია, სულ მსაყვედურობს, სულ უკმაყოფილო და აგრესიულია. პირდაპირ მეუბნება, შენზე აზრი შემეცვალა და ჩემში მხოლოდ სიძულვილს იწვევო. როგორი მოსასმენია ეს ამბავი შეყვარებული ქალისთვის? წყობიდან გამოვყავარ და ისე მეშლება ნერვები, თავს ვეღარ ვაკონტროლებ.
– და როგორ იქცევით?
– როგორც სხვა, ნებისმიერი ქალი მოიქცეოდა ჩემს ადგილას – ვტირი, ვნერვიულობ, შეკითხვებს ვუსვამ, ემოციებს გამოვხატავ. ისტერიკებს არ ვუწყობ, მაგრამ ის მაინც ამბობს, რომ მე ჩამოყალიბებული „ისტერიჩკა“ და „სწერვა“ ვარ. რას მერჩის, ვერ ვხვდები. როგორი ქალი უნდოდა ცოლად, ვეღარ გავერკვიე – უემოციო, გამომშრალი ფიტული? როცა შეყვარებულს მქონდა ემოციები, მაშინ ხომ არ ჰქონდა პრობლემა? ახლა რა აღარ მოსწონს, ვერ გავიგე. „დამეგლიჯა“ ნერვები. აღარ შემიძლია, ჭკუაზე გადავყავარ. ნერვიულობამ „დამანგია“ და ზოგჯერ მართლა „ისტერიჩკასავით“ ვიქცევი. უკვე საყვედურებიც აღარ ჰქვია იმას, როგორც ეგ მელაპარაკება – შენ, ქალებს არცხვენ. მამაკაცის გვერდით ისე იქცევი, რომ მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს. მე შენ მაგრძნობინებ, რომ არარაობა ვარო.
– არ გიხსნით, რატომ ფიქრობს ასე?
– არ მიხსნის, არ მეუბნება. ამიტომაც ვარ დაბნეული და გამწარებული. ყოველ საღამოს მონლოგს მიკითხავს – შენ ფიქრობ, იმიტომ დავიბადე, რომ მოგემსახურო, შეგინახო, გარჩინო, შენს ხუშტურებზე ვიარო და საკუთარი სურვილები არაფრად ჩავაგდო. არც შენ ხარ პრინცესა, რომ მე პრინცად ვიქცე და სასათბურე პირობები შეგიქმნა. მით უმეტეს, არც იმსახურებ ამას. შენი პრეტენზიებიც ყელში ამომივიდაო.
– რა პრეტენზიები გაქვთ?
– რასაც პრეტენზიებს ეძახის, ჩემთვის ჩვეულებრივი სურვილებია, რომელიც ყველა ქალს გაუჩნდებოდა ოჯახური თანაცხოვრებისას. დანაშაულია, რომ ქმრისგან ყურადღებას ვითხოვ? რატომ არის პრეტენზია ის, რომ მინდა, მეუღლემ ყვავილები მაჩუქოს. საკუთარი თავი შემეცოდა, ისეთი ბრალდებები წამომიყენა.
– ზოგადად, კაცებს არ უყვართ, როცა ცოლები „ტვინს უბურღავენ“.
– ვიცი, მაგრამ მაგ ლოგიკით, ხმა საერთოდ არ უნდა ამოვიღო. მაინც მგონია, რომ პრობლემა სხვა რამეშია. ჩემმა პრეტენზიებმა კი არ დაღალა, სხვა ქალმა აურია თავგზა. თუმცა, შესაძლოა, ვცდებოდე კიდეც.
– თქვენს მეუღლეს რომ დაველაპარაკოთ, ის იტყვის, რომ ყველაფერი თქვენი ბრალია და თავად აფუჭებთ ურთიერთობას.
– რა თქმა უნდა, თავს გაიმართლებს. გეთანხმებით ამაში. გეტყვით, რომ ჩამოყალიბებული „ისტერიჩკა“ ვარ და ვითხოვ მისგან წარმოუდგენელ რაღაცეებს – სიურპრიზებს, საჩუქრებს, ფუფუნებას... მე მხოლოდ ყურადღებას ვითხოვ და ეს არის მიზეზი, რითაც მასში სიძულვილს ვიწვევ. როდემდე გაგრძელდება ასე, არ ვიცი. არ მინდა, ოჯახი დამენგრეს, მაგრამ ვერც გამოსავალს ვხედავ.