რა ძალას ფლობს ქალი დედათა წესის დროს და რატომ არ უნდა დაერგო მას ხახვი და კიტრი #19
ძველად მიიჩნევდნენ, რომ ქალი დედათა წესის დროს განსაკუთრებულ ძალას ფლობდა და შეეძლო, როგორც ნეგატივისგან დაეცვა, ასევე, ზიანი მიეყენებინა ირგვლივ მყოფთათვის. ამიტომ, გარკვეულ წესებს იცავდნენ, რომ არასასურველი შედეგები თავიდან აეცილებინათ. ჩვენთან, განსაკუთრებით კი, მთაში, ქალს ასეთ დროს მკაცრად ჰქონდა განსაზღვრული თავისი ადგილი, რის შესახებაც ვაჟა-ფშაველას პუბლიკაციებშიაც არის მოთხრობილი. თუ რა მინიშნებები და ცრურწმენები მოდის ძველთაგან დედათა წესის შესახებ და რისი გამოთვლა შეუძლიათ ქალებს ეგრეთ წოდებული ციკლური კალენდრის მიხედვით, ამაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი ქალბატონი ეთერი.
– როგორც ვიცი, ფშავ-ხევსურეთში დედათა წესის დროს ქალს სახლში დარჩენის უფლებაც არ ჰქონდა...
– „მეთვეურობის ანუ წიდოვანების დროს დედაკაცი გაჰყავთ სახლის გარეთ, ცალკე აგებულ სახლში (ქოხში), ან გომურში. დედაკაცი იქ უნდა იყოს, სანამ არ მორჩება. მერე იბანებს და ისე შედის საჯალაფო სახლში,”– ამას წერს ვაჟა. საერთოდ, განწესებანი დედათა უწმინდურების შესახებ წარმართული კულტურიდან მოდის და მკვდარ სხეულს ნიშნავს, ანუ იმ სისხლს, რაც ორგანიზმიდან განიდევნება... რაღა შორს წავიდეთ, დღემდე მიაჩნიათ, რომ ქალი ასეთ დროს უწმინდურია, ეკლესიაში არ უნდა შევიდეს. თუმცა, წმიდა სინოდის დადგენილებით, მორწმუნე მართლმადიდებლებში ქალები და მამაკაცები თანაბარი უფლებებით მონაწილეობენ საღვთო მსახურებაში და იღებენ წმიდა საიდუმლოებებს...
– კიდევ რა წესებს იცავდნენ ძველად?
– უამრავი რამ იყო და მათ შორის, ყველაზე გავრცელებულს, დღესაც იცავენ ზოგ რეგიონში. „მეთვეურ” ქალს არ უნდა მოემზადებინა საჭმელი, თორემ უგემური გამოვიდოდა და მალეც გაფუჭდებოდა; ეკრძალებოდა იმ ადგილების გაკარება, სადაც მზადებოდა ღვინო, ძმარი, ლუდი, რადგან სითხე შეიძლება, გაფუჭებულიყო. თუ გოგონას ადრეულ ასაკში დაეწყებოდა ციკლი, ეს მრავალშვილიანობაზე მიანიშნებდა. დედათა წესის დროს ქალს არ უნდა შეეხედა შიშველი ადამიანისთვის, თორემ მას ტანზე გამოაყრიდა. ასევე, ეკრძალებოდა მორწყვა, ხახვის, კიტრის დარგვა, რომ ბოსტნეული არ დამჭკნარიყო. მისი მზერა გაახმობდა ალუბალს და არც ხეზე ასვლა შეეძლო ნაყოფის დასაკრეფად. არ უნდა მიკარებოდა საკლავს... თუმცა, მის „უწმინდურებას” სარგებლის მოტანაც შეეძლო – სახლსა და შინაურ ცხოველებს ავი თვალისგან იცავდა.
– როგორც ვიცი, არსებობს ასევე, ერთგვარი სამკითხაო კალენდარი...
– ალბათ, წარმოუდგენელია, რომ მენსტრუალური ციკლის მიხედვით მომავლის განჭვრეტა და იმის განსაზღვრა შეიძლება, თუ რა სიურპრიზს უმზადებს ქალს ბედი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. თუმცა, ამ ყველაფრისთვის საკმარისია, დაფიქსირდეს მხოლოდ დროის „სამი განზომილება” – დღე-ღამის რომელ მონაკვეთში, კვირის რომელ დღესა და თვის რა რიცხვში დაგეწყოთ მენსტრუაცია. თუ ეს მოხდა დილით, ანუ გათენებიდან შუა დღემდე, კარგის ნიშანია: შემდეგ ციკლამდე სიყვარულით სავსე იქნებით, ნათესავებსა და მეგობრებთან ურთიერთობას მოაგვარებათ, კარგ დროს გაატარებთ თბილ და სასიამოვნო გარემოში; შუადღიდან მზის ჩასვლამდე – მხიარული თვე გექნებათ: მხოლოდ დადებითი ემეოციები და არავითარი ჩხუბი, კამათი; მესამეა მზის ჩასვლიდან შუაღამემდე – წინ მოსაწყენი და უინტერესო ცხოვრება გელით: ღამე განშორებასა და მარტოობას ნიშნავს, თუმცა შეიძლება, ეს ობიექტური მიზეზებითაც იყოს გამოწვეული. რაც შეეხება კვირის დღეებს, პროგნოზი ასეთია: ორშაბათი – მოგიწევთ ნერვიულობა და აფორიაქება, მიზეზი კი შეიძლება, ისეთი რამ იყოს, სულ რომ ვერ წარმოიდგენდით; სამშაბათი – მარტო ცვლილებები კი არა, გარდაუვალია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის, გელით ახალი ნაცნობობა და ძველ მეგობრებთან შერიგება; ოთხშაბათი – უსიამოვნებების მაუწყებელია, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდება, სამაგიეროდ, ამისთვის წინასწარ შეემზადებით; ხუთშაბათი – სტუმრიანობა, გართობა, დროსტარება ქორწილში, დაბადების დღეზე ან რომელიმე დღესასწაულზე, რაც სასიამოვნო ნაცნობობით დამთავრდება; პარასკევი – გამოიჩინეთ მოთმინება, რადგან წინ სერიოზული უსიამოვნებები გელით, შეიძლება, შეგემთხვეთ უბედურება ან მოგიწიოთ გლოვა, თუმცა შიგადაშიგ, კარგი ამბებიც გამოერევა; შაბათი – ნებისმიერ სურვილს აისრულებთ, გელით სიყვარულის ახსნა, ახალი ურთიერთობები და ნიშნობა ან ქორწილიც კი; კვირა – მხოლოდ სიხარული და მხიარულება, მთელ თვეს გაატარებთ შესანიშნავ ხასიათზე და ამაში ხელს ვერაფერი შეგიშლით: მეგობრები, მოგზაურობა, საინტერესო და დასამახსოვრებელი შეხვედრები არ მოგაკლდებათ. „მესამე განზომილებაა” თვის რიცხვები: 1 – ბედნიერება და იღბალი ყველაფერში; 2 – ვიღაცას შეიძულებთ; 3 – მოსალოდნელია კამათი და კონფლიქტები სერიოზული განხეთქილებით; 4 – მხიარულება და ბედნიერება; 5 – საჩუქრები, სიურპრიზები ან ძვირფასი შენაძენი; 6 – ჭორები, რომელიც გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ და არც გაიმეოროთ, თორემ ცუდად მოგიბრუნდებათ; 7 – სიყვარულის დროა, გამოჩნდება ახალი ან გაიხსენებთ ძველ შეყვარებულს; 8 – ნუ იეჭვიანებთ და ნურც თქვენს რჩეულს აეჭვიანებთ, ეს სიკეთეს არ მოგიტანთ; 9 – უსიამოვნებები ჭორებთან დაკავშირებით; 10 – მალე ვინმეს შეიყვარებთ, გათხოვილები კი საუკეთესო დღეებს გაატარებთ მეუღლესთან ერთად; 11 – ერთგულება შეყვარებულისა და მეგობრების მხრიდან; 12 – ახალი, დროებითი გატაცება, რომელსაც შეიძლება, იმედგაცრუება მოჰყვეს; 13 – როგორც საერთოდ მიღებულია, 13 თქვენთვისაც თარსია: კარგს არაფერს ელოდოთ; 14 – კარგი ახალი ამბები; 15 – ცუდი სიახლეები; 16 – მოერიდეთ ჭორაობას და კრიტიკულ შენიშვნებს, განსაკუთრებით ახლობელთა მიმართ, ეს მათ გაანაწყენებთ; 17 – მოგიწევთ, შეყვარებულთან დაშორება, მაგრამ საქმეების ან მოულოდნელი გამგზავრების გამო; 18 – სიყვარული და წარმატება პირად ცხოვრებაში; 19 – იპოვით ნამდვილ სიყვარულსა და ბედნიერებას; 20 – უპასუხო სიყვარული და განშორება თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან; 21 – თქვენს მოტყუებას შეეცდებიან და ადვილად ნურავის ენდობით, გაუფრთხილდით პირად ნივთებს; 22 – ამ თვეში, შეიძლება ითქვას, ფული თავისთავად მოედინება თქვენკენ: ან შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდება, ან ლატარიაში მოიგებთ და ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ; 23 – ბედნიერება; 24 – მოულოდნელი სტუმარი, რომელიც შეიძლება, სწორედ ის აღმოჩნედეს, ვისაც დიდი ხანია, ელით; 25 – ახლობელთა წრის გაფართოება და ახალი ნაცნობობა; 26 – შებრალება და დახმარება ახლობელთა მხრიდან; 27 – სანუკვარი ოცნების ასრულება; 28 – კეთილდღეობა; 29 – ცრემლი და დარდი; 30 – ორმხრივი გრძნობა; 31 – მოულოდნელი სიხარული, რაც შეიძლება, გამოიწვიოს მოგზაურობამ, ახალმა ნაცნობობამ ან გატაცებამ. დაბოლოს, „სამივე განზომილების” მონაცემები ერთმანეთთან კომბინაციაში უნდა განიხილოთ. თუ მინიშნებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ეს ნიშნავს, რომ განსხვავებული მოვლენისადმი უნდა მოემზადოთ. ასე, შემდეგი თვის სრულ სურათს მიიღებთ.