კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შემოაქვთ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მოძველებული მედიკამენტები და რატომ არიან ექიმები იძულებული, პაციენტებს გამოუწერონ საჭიროზე მეტი მედიკამენტი #19

ექიმების მიერ არასწორად დასმული დიაგნოზები ხშირად ხდება საქართველოში პაციენტების უკმაყოფილების მიზეზი, რაც, ცხადია, უარეს შემთხვევაში, პაციენტისთვის ლეტალურადაც სრულდება, უკეთესში კი, ის ორმაგად განსაკურნებელი შეიძლება, აღმოჩნდეს. არანაკლებად მწვავე პრობლემაა ჭარბად გამოწერილი მედიკამენტები, რაც, მართალია, დადებითად აისახება ფარმაცევტული კომპანიების მესვეურთა ჯიბეებზე, მაგრამ ფრიად უარყოფითად როგორც პაციენტების ჯიბეებზე, ისე მათ ჯანმრთელობაზე. ამ სიჭარბის მიზეზი კი არც თუ ხშირად სწორედ ექიმების დაინტერესებაა –  მრავლად გაასაღონ მედიკამენტები ფარმაცევტული კომპანიების ზეწოლითა თუ გავლენით, რაც, სულაც, არ არის გასაკვირი (გვერდზე რომ გადავდოთ ბონუსები) იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ფარმაცევტული კომპანიები წამლების შემომტანებიც არიან, გამსაღებლებიც და სამედიცინო კლინიკების მეპატრონეებიც. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავაშვილი გაგვარკვევს, როგორ იცავს საქართველოს კანონმდებლობა პაციენტის უფლებებს, ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე კი ექიმების მიერ დაუნანებლად, ოხრად გამოწერილი წამლების პრობლემას განგვიმარტავს.
–  ბატონო გივი, საქართველოს კანონმდებლობა როგორ იცავს პაციენტის უფლებებს და ვართ თუ არა მიერთებული ამ მიმართულების საერთაშორისო კონვენციებს?
–  ჩვენს ქვეყანაში პაციენტის უფლებები ვრცლად არის ასახული კანონმდებლობაში, ანუ პაციენტებს აქვთ კანონით განსაზღვრული უფლებები. კანონმდებლობა მოიცავს როგორც საქართველოს კანონებს და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ამასთან, საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც რატიფიცირებულია ჩვენი ქვეყნის მიერ, იერარქიულად უფრო მაღლა დგას.
– არის თუ არა გაწერილი კანონმდებლობაში სანქციები პაციენტის უფლებების დარღვევის შემთხვევებისთვის და ვინ ადგენს პაციენტთა უფლებების დარღვევის ფაქტებს?
– დიახ, არის. სანქციები დამოკიდებულია დარღვევის ხასიათზე. მაგალითად, კანონში „საექიმო საქმიანობის შესახებ“ მითითებულია სანქციები. კერძოდ, ხსენებული კანონის მეათე თავის 74-ე მუხლში ჩამოთვლილია შემდეგი სანქციები: წერილობითი გაფრთხილება; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. გადაწყვეტილებას ზემოხსენებული სანქციების გამოყენების შესახებ იღებს პროფესიული განვითარების საბჭო, რომელიც შექმნილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.
– რამდენად სრულდება კანონში არსებული მოთხოვნები და რას უკავშირებთ მათ არშესრულებას, პაციენტების არაინფორმირებულობას თუ სისტემის გაუმართაობას?
– პაციენტის უფლებები ხშირად ირღვევა, რასაც ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, ეს არაინფორმირებულობის და მოტივაციის არქონის შედეგია, მეორე მხრივ, მრავალი ობიექტური მიზეზია: მუშაობის ინტენსიურობის მკვეთრი ზრდა და დროის სიმცირე, ასევე, მედიცინის კომერციალიზაცია. ამასთან, მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება. საყურადღებოა ექიმთა გამოკითხვის შედეგებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პაციენტთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში მათ ხელს უშლით უნდობლობა პაციენტის მხრიდან და ერთგვარი ნეგატიური დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან.
– როგორც წესი, ექიმი მოითხოვს მონურ მორჩილებას პაციენტის მხრიდან და არ მიიჩნევს საჭიროდ მის სრულ ინფორმირებას დაავადებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ. რატომ აძლევს ამის უფლებას საკუთარ თავს ექიმების დიდი ნაწილი?
– არ ვიცი, რა გიპასუხოთ. მე სხვა მაგალითები მაქვს. ჩემი და ჩემი კოლეგების სამუშაო დროის დიდი ნაწილი სწორედ იმაზე იხარჯება, რომ პაციენტს კარგად ავუხსნათ მისი ჯანმრთელობის პრობლემა, რა მკურნალობა და რატომ ესაჭიროება მას, რა ალტერნატივები არსებობს. ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორია მათი დამოკიდებულება მკურნალობის შესაძლო მეთოდებისადმი, რა არის მათთვის მისაღები. ასევე, დიდი დრო იხარჯება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას, როგორიცაა ცხოვრების წესი, ჩვევები, რაც დიდ გავლენას ახდენს ჯანმრთელობასა და მკურნალობის შედეგებზე.
– სამწუხაროდ, მე ამის საპირისპირო მაგალითები მსმენია. უნდა შესთავაზოს თუ არა ექიმმა პაციენტს ამა თუ იმ დაავადების განკურნების სხვადასხვა მეთოდი და უნდა აირჩიოს თუ არა ის მასთან ერთად, თუ მხოლოდ დამოუკიდებლად?
– ცხადია, უნდა შესთავაზოს. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ზემოთ. გადაწყვეტილებას იღებს პაციენტი, რომელსაც აქვს შესაბამისი ასაკი და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამასთან, ექიმი ეხმარება პაციენტს გადაწყვეტილების მიღებაში, სათანადო განმარტებების მიწოდებისა და საკუთარი აზრის გაზიარების გზით.  ყველა შემთხვევაში აუცილებელია ექიმისა და პაციენტის თანამშრომლობა! ვფიქრობ, ექიმსა და პაციენტს მხარეებად არ უნდა განვიხილავდეთ. ჰიპოკრატედან მოყოლებული მიიჩნევა, რომ ექიმი და პაციენტი ერთად უნდა იყვნენ, ერთად უნდა იბრძოდნენ დაავადების წინააღმდეგ.
– ქალბატონო თინა, სანამ ჭარბი მედიკამენტების პრობლემაზე ვისაუბრებთ, დავიწყოთ იმით, თუ რა ზიანს აყენებს პაციენტს არასწორად დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე დანიშნული მედიკამენტების მიღება, თუნდაც, არ იყოს ჭარბი და თქვენს პრაქტიკაში ხშირად თუ გსმენიათ ამ პრობლემის შესახებ?
– დიახ, ყველაფერი დიაგნოზით იწყება! ხარვეზები ყოველდღიურ საექიმო პრაქტიკაში, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის დადგენას, ანუ სამედიცინო დიაგნოსტიკასა და მკურნალობის სქემის შერჩევას ითვალისწინებს, ჯანდაცვის სისტემების საკვანძო პრობლემაა ჩვენი ტიპის ქვეყნებში. ვგულისხმობ ქვეყნებს, რომლებსაც წამლის რეგულირების არავალიდური მოდელები აქვთ. ამას წამლის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების პრობლემებიც ემატება, რაც კიდევ უფრო ამწვავებს მოცემულობას. სამედიცინო შეცდომები მრავალფაქტორულია და, პირობითად, შეგვიძლია, 3 კატეგორიად განვიხილოთ: პირველი ეს არის ექიმისგან დამოუკიდებელი სისტემური პრობლემა –  არასწორი და არარაციონალური თვითმკურნალობა, მეორეა ტექნიკური და ორგანიზაციული სისტემური პრობლემები, მესამე –  ეგრეთ წოდებული კოგნიტური პრობლემა, რაც უკავშირდება: ექიმის არასაკმარის კვალიფიკაციას, არასათანადოდ  შეგროვებულ ანამნეზს, მონაცემების არაკორექტულ სინთეზს და კლინიკური პრობლემის გადაწყვეტის არასათანადო უნარს. 2005 წელს გამოქვეყნდა ამერიკელი მკვლევრის, მარკ გრაბერის სტატია სათაურით „მცდარი დიაგნოზები შინაგან მედიცინაში“. სტატიაში გაანალიზებული იყო ამერიკული ჯანდაცვის სისტემის მცდარი დიაგნოზის 100 „ქეისი“, ანუ შემთხვევა, რომლებისგანაც არასწორი იყო –  38, არასრულყოფილი –  34, დაგვიანებული –   28 დიაგნოზი. კვლევის მიგნება იყო ისიც, რომ  100 პრობლემური დიაგნოზიდან,  74 პროცენტში შეცდომა უკავშირდებოდა ექიმის კლინიკურ კვალიფიკაციას და კლინიკურ უნარებს, ანუ შეიძლებოდა მათი თავიდან აცილება.
– რა შედეგი მოაქვს სამედიცინო შეცდომებს და არის თუ არა ყოველთვის შესაძლებელი ამ შეცდომების გამოსწორება?
– სამწუხაროდ, სამედიცინო შეცდომები და მათი შედეგების კორექცია ჯანდაცვის სისტემებს ძალიან ძვირი უჯდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში წამლის გვერდითი ეფექტების კორექციის ყოველწლიური დანახარჯი საშუალოდ 76 მილიარდი აშშ დოლარია. ევროპა წამლის გართულებებზე წლის განმავლობაში დაახლოებით 9 მილიარდს ხარჯავს; დიდი ბრიტანეთის სტატისტიკით –  2004 წელს ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 10 პროცენტი გართულებულმა ფარმაკოთერაპიამ გამოიწვია, მათგან 2 პროცენტი ლეტალურად დასრულდა, ხოლო 33 პროცენტს სერიოზული გართულება  მოჰყვა.
– წარმომიდგენია, როგორი შეიძლება, იყოს ასეთი სტატისტიკა საქართველოში… რით ხელმძღვანელობენ საქართველოში ექიმები ამა თუ იმ დაავადების დიაგნოსტირებისას და, შესაბამისად, სათანადო მკურნალობის დანიშვნისას? საიდან იღებენ ინფორმაციას მედიკამენტების შესახებ, ფარმაციის ბაზარი ხომ მუდმივად ვითარდება? ჩვენი სამედიცინო სფერო მიჰყვება ამ პროცესს და რა პრინციპით ანიჭებს უპირატესობას ერთი ტიპის ამა თუ იმ პრეპარატს?
– საქართველოში არასათანადო დიაგნოსტიკის და  წამლის არარაციონალური მოხმარებით გამოწვეული სიკვდილობისა და გართულების სათანადო სტატისტიკა არა გვაქვს. მაგრამ ეს პრობლემები უკვე ზედაპირზეა და ხელშესახებია. ჯანდაცვის განვითარებული სისტემის ექიმებისგან განსხვავებით, ქართველ ექიმებს  მთელ რიგ სხვა პრობლემებთან ერთად, მტკიცებულებით მედიცინაზე დაფუძნებული ობიექტურად დაბალანსებულ  მონაცემებზე წვდომის პრობლემებიც აქვთ. ფარმაცევტული ინდუსტრიის აგრესიული და არაეთიკური პრომოუშენის გზით გავრცელებული ტენდენციური მასალა, ხშირად ინფორმაციის ერთადერთი წყაროა მათთვის და ამ პირობებში შეცდომაც და გადაცდომაც გარდუვალია. უფრო მეტიც, ქართულ ჯანდაცვაში დომინანტური ძალაუფლების პირობებში ფარმაცევტული ინდუსტრია ქმნის მოთხოვნასაც და მიწოდებასაც. ამიტომაა, რომ ბაზარზე ჭარბადაა მოძველებული, იაფი ფორმულები, რომლებიც  უკვე წლებია, ჯანდაცვის განვითარებულ სისტემებში აღარ მოიხმარება, მინიმუმ, როგორც  არახარჯეფექტიანი პროდუქცია. სამაგიეროდ, 6 000-ზე მეტი გენერიკული ფორმულა, რომლებიც  განვითარებულ სისტემებში გამოიყენება, ჯერ კიდევ არ შემოსულა ქართულ ბაზარზე! ფარმაცევტული ბიზნესი სხვადასხვა ფორმით ზემოქმედებს სამედიცინო სფეროზე: ხელფასი, ჰონორარი, სპონსორობა, საჩუქრები, გართობა, მგზავრობისა და სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსება, სადილები, უწყვეტი განათლება, ჰონორარი და სხვა. ფარმაინდუსტრია იყენებს კოოპერაციის როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორატიულ პრაქტიკას. ჩვენი სისტემის პირობებში ამას ექიმების ფარმინდუსტრიაზე პირდაპირი, ადმინისტრაციული  ქვემდებარეობაც ემატება. ჩვენთან ფარმაცევტული კომპანიები ფლობენ სამედიცინო კლინიკებსაც და შედეგიც არის ის, რაც არის.
– თუ რეგულირდება ეს საკითხი კანონმდებლობით ჩვენთან და როგორ რეგულირდება განვითარებულ ქვეყნებში და რამდენად ეფექტიანია?
– მოქმედი ქართული კანონმდებლობა კრძალავს დანიშნულების სტიმულირების მიზნით  ექიმებისთვის რამე სარგებლის დაპირებას, შეთავაზებას ან გადაცემას და ადმინისტრაციულ ჯარიმად 1 000 ლარს, განმეორების შემთხვევაში კი 2 000 ლარს აწესებს. აკრძალვა რომ არაეფექტიანია იქიდანაც ჩანს, რომ დღემდე ამ დანაშაულისათვის არცერთი ექიმი არ დაჯარიმებულა, იმ ფონზე, როცა ეს პრაქტიკა საკმაოდ ფეხმოკიდებულია საქართველოში. პრობლემა გლობალურია და მსოფლიო გამოსავლის ძიებაშია. ამ ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები აქტიურად ნერგავენ „ღია გადახდის ანუ გადახდების გასაჯაროების რეგულაციებს“ („სან-შაინს“), რაც ფარმაინდუსტრიის რეკლამის ხარჯების გასაჯაროებას გულისხმობს. რეგულაციებით, სავალდებულოა ფარმინდუსტრიის ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების იმ ნაწილის გასაჯაროება, რომელშიც სამედიცინო პროვაიდერებისთვის, მათ შორის, კონკრეტული ექიმებისთვის გადარიცხული თანხაა ასახული. „სან-შაინის“ აქტი აშშ-ში 2010 წელს მიიღეს და ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო 2013 წლიდან. 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის დეკემბრამდე გამოქვეყნებული დოკუმენტებით დაინტერესდა და მასალა დაამუშავა „პროპუბლიკამ“; დამოუკიდებელმა, არამომგებიანმა ორგანიზაციამ, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებს ატარებს. გამოვლინდა, რომ ფარმაცევტული ინდუსტრიის გავლენა  ექიმების მიერ გამოწერილ დანიშნულებაზე ძალიან დიდია! „პროპუბლიკის“ სტატისტიკით, ამერიკაში 10 კარდიოლოგიდან ყოველი 9, ხოლო 10 ოჯახის ექიმიდან ყოველი 7 იმყოფება ფარმაინდუსტრიის გავლენის ქვეშ. ანალოგიურია თანამშრომლობა სამედიცინო ინდუსტრიასა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის. 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის დეკემბრამდე 1 100 საავადმყოფომ 780 მილიონი დოლარი მიიღო სხვადასხვა ღონისძიებისთვის. საფრანგეთსა და დანიაშიც სავალდებულოა საპრომოციო ხარჯების გასაჯაროება. დიდ ბრიტანეთში 2014 წელს დაიწყო პროცესი. პორტუგალიაში „სანშაინის“ ტიპის რეგულაციები 2013 წელს შემოიღეს. დანარჩენ ევროპაში, ფარმაცევტული ინდუსტრიისა და ასოციაციების ევროპული ფედერაციის ღიაობის კოდექსის ფარგლებში, რეგულაციების შემოღებას 2016 წლის ივნისში ელოდებიან.

скачать dle 11.3