რა ქონება აქვს ზაზა გაბუნიას, სად არის დასაქმებული მისი მეუღლე და რა უჯდება იპოთეკური სესხის მომსახურება #19
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ზაზა გაბუნია 1984 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება სასწავლო უნივერსიტეტ „ვიტაში“ მიიღო და სპეციალობით სამართალმცოდნეა. მისი შრომითი ბიოგრაფია 2004 წელს დაწყებულა საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციაში, სადაც ხელმძღვანელად 2005 წლამდე იმუშავა. 2005-2007 წლებში საპატრიარქოს რადიოს გადაცემის წამყვანი იყო, 2006-2007 წლებში – არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული აზრის“ თავმჯდომარე, ხოლო 2007-2008 წლებში – „გაერთიანებული ოპოზიციის“ ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი. 2010 წელს თბილისის საკრებულოს წევრი გახდა და 2013 წლამდე თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ (მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ არის გიორგი თარგამაძის პოლიტიკურ პარტიაში ყოფნის პერიოდი). 2013-2014 წლებში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეც გახდა. 2014-2016 წლებში ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებლად მუშაობდა. აწ კი, 2016 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს პარლამენტის წევრიცაა და 2017 წლის 20 იანვრიდან – საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარის მოადგილეც.
ზაზა გაბუნიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება, რომელიც მან ნაძალადევის რაიონის გამგებლის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე: 1988 წელს დაბადებული ნუცა შავლაძე და 2010 წელს დაბადებული შვილი დამიანე გაბუნია. ოჯახს იმხანად არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნდა, მხოლოდ ზაზა გაბუნიას ჰყავდა 2003 წლის „ლექსუსი“.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში ზაზა გაბუნიამ, როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, 89 060 ლარი მიიღო, ნუცა შავლაძემ კი, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის თანამშრომელმა, 3 375 ლარი, ხოლო, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემის პროდიუსერმა, 3 843 ლარი.
2013 წელს ზაზა გაბუნიამ „ლიბერთი ბანკიდან“ ორი სესხი აიღო, 7 700 და 7 500 ლარის ოდენობების, რომელთა მომსახურებაც, საერთო ჯამში, 16 600 ლარი დაუჯდა.
ზაზა გაბუნიამ ბოლო დეკლარაცია 2016 წელს შეავსო, ასევე, როგორც გამგებელმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე და ორი შვილი: 2016 წელს ლიზა ბარბარე ეყოლათ.
ზაზა გაბუნიას საცხოვრებელი სახლი შეუძენია მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში (225 კვ. მ. ფართობის) და ისევ ჰყავს ავტომანქანა „ლექსუსი“.
2015 წლის განმავლობაში ზაზა გაბუნიამ, როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, 89 060 ლარი აიღო, როგორც ნაძალადევის რაიონის გამგებელმა კი, 56 160 და 25 525 ლარი. ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის თანამშრომელმა, 3 375 და 5 500 ლარი.
აწ დეპუტატს „ლიბერთი ბანკის“ 7 500-ლარიანი სესხის მომსახურება 8 437 ლარი დაუჯდა, 2014 წელს აღებული 60 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის მომსახურება კი – 4 545 ლარი.