კოვზი – ნაცარში #19
„მე კი ვმალავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა მალავს“
თითქოს ჩვენი მეგობარ-პარტნიორი თურქეთის წუხილი არ გვაკლდა, დიდგორობის აღნიშვნა გულზე ლახვრად გვესობაო (ერთი ჩვენ გვკითხონ, რაგვარ დალახვრულები დავიარებით, ტაოს რომ ვუმზერთ და მიგნრეულ ოშკსა და ბანას), ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად რუსი „ბაიკერები“ („ღამის მგლებად“ წოდებულნი და პრ. პუტინის ფავორიტნი) გვიპირებდნენ სტუმრობას. ნუ იტყვით და – პერფორმანსულად.
ამ ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა და აზრთა ფრქვევაც გამოიწვია (ცხადია, მარაქაში მეც გავერიე). თავდაპირველი ინფორმაციით, ჩვენებურმა შსს-მ, შემოვუშვებთ და დავაკვირდებითო (მარტივად რომ ვთქვა, თუ რამე ფარცაგი შევამჩნიეთ, ავლაგმავთო), თუმცა, მოგვიანებით, საკითხი უფრო მარტივად გადაწყდა: ლარსს მომდგარი „ღამის მგლები“ საქართველოს ტერიტორიაზე უბრალოდ არ შემოუშვეს (მაისის განმავლობაში მოტოციკლეტებისთვის რფ-დან საქართველოს საზღვარი დაიკეტა, ანუ 9 მაისის დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არაო).
ამის მიუხედავადაც, ნაწილი მათგან, რომლებიც უკმაყოფილების ზარებს არისხებდნენ (რას მიქვიან რუსი „ბაიკერების“ შემოშვებაო), ისევ უკმაყოფილონი დარჩნენ (თითქოს, საქმე რომ გართულდეს, შიშველი ხელებით ეკვეთებიან მტერს?!).
ცხადია, დიდი ვერაფერი ვაჟკაცობა გამოვიჩინეთ, ოღონდ, უდავოდ, სასიამოვნოა, თუ პუტინური მოტოციკლები მაინც ვერ გადაივლიან ჩვენს შელახულ თავმოყვარეობაზე.
მეორე მხრივ, აშკარაა, თუ ჩვენი სურვილები დაემთხვევა (იქნება ეს ოკუპანტი პროვოკატორების არშემოშვება, თუნდაც, მსოფლიო დღესასწაულის აღნიშვნის მოტივით, თუ მეგობრის უცერემონიო ჩარევა), მოგებულები ჩვენვე დავრჩებით: მიუხედავად იმისა, როგორია ჩვენი მთავრობის აზრი.
რადგან, თუ არ გვეთანხმება, მოუწევს, დაგვთანხმდეს, ხოლო თუ გვეთანხმება, მასვე გავაძლიერებთ!
ოღონდ სატკივარი სატკივარად რჩება: დეზერტირების რიგს რა ვუყოთ „გირჩის“ სექტის კართან?! –