ასაჩქარებლები #19
და შთამბეჭდავზე შთამბეჭდავი!
გასული კვირის მიწურულს, ევროკომისარმა (ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში) იოჰანეს ჰანმა ამ ჩვენს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა და შეგვაგულიანა (მომყავს ციტატა): „საქართველომ უკვე მნიშვნელოვანი ძალისხმევა განახორციელა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით.“
რეფორმებსაც აქტიურად განაგრძობთო (რომლებიც დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, კანონის უზენაესობასა და კარგი მმართველობის უზრუნველყოფაზეა მიმართულიო!) და ჩვენს უვიზო მიმოსვლასაც მიესალმა (უნდა ვიხილოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი, როგორც ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭება, რომ იმოგზაურონ ყოველგვარი ბარიერების გარეშეო. ცხადია, საქართველოს მოქალაქეები დროის უდიდეს ნაწილს იმაზე ფიქრში ხარჯავენ, სად და როგორ იმოგზაურონ!).
მეტიც, ამ ჩვენს რეფორმებს შთამბეჭდავიც უწოდა და პროცესის გაღრმავებას დაგვპირდა. თუმცა კრინტიც არ დაუძრავს, როდის ან მიგვიღებენ თუ არა ევროკავშირში, ხოლო, რაკი არ დაუძრავს, აშკარაა, რაღაც შთამბეჭდავზე უფრო მძაფრი უნდა მოვიფიქროთ.
ოღონდ, ვფიქრობ, აჩქარება გვმართებს (მოფიქრებაში), თორემ, თუ ევროპულ ქვეყნებში არსებულ ვითარებას გავითვალისწინებთ (თვალი გაქცევაზე რომ უჭირავთ), იქ ვინმე ხომ უნდა დაგვხვდეს?! –