კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აღმოჩენა გააკეთა ირაკლი სესიაშვილის „სკანდალის გმირმა”, კოტე იოსელიანმა მომავალი მეუღლის, თინა ბოკუჩავას გაცნობის დღეს და რას არ უპროტესტებს ის მას #18

კოტე იოსელიანი ქართულ პოლიტიკაში ახალი-ძველი სახეა. იმის მიუხედავად, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში” ყოფნის საკმაოდ დიდი სტაჟი აქვს, პოლიტიკურ ბატალიებში ასპარეზზე, მხოლოდ ახლა გამოჩნდა.  გასულ კვირას მისი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის ხმაურიანი დაპირისპირების ფონზე, ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდა – დეპუტატ თინა ბოკუჩავას მეუღლე, ლამის თავად „გამოაცხადეს” ნეპოტიზმის მსხვერპლად. თუმცა, როგორც ინტერვიუს დროს შევიტყვე,  კოტე იოსელიანს არც ცოლის პოლიტიკური წონა „აფრთხობს” და არც დეპუტატის მანდატი.  ის უფრო „ხანდაზმული” ნაციონალია,  ვიდრე მისი მომხიბვლელი მეორე ნახევარი, რომელსაც მან ცხოვრება საერთო მეგობრის წყალობით დაუკავშირა. 
– მე არ ვარ პოლიტიკისთვის ახალი სახე, ეს შორიდან ჩანს ასე. მე „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვარ 2003 წლიდან. ის, რომ მე ახლა გამოვჩნდი, ისევე როგორც ბევრი სხვა ახალი სახე, იმ შიდა პოლიტიკის შედეგია, როცა რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილებით ხდებოდა პარტიაში როგორც მედიასთან წვდომა, ასევე შიდაპარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. პარტიის განახლების შემდეგ, მე გავხდი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ვკურირებ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. წლების განმავლობაში ვიყავი ევროპაში, ვმუშაობდი საქართველოს საელჩოებში – შვედეთში, ფინეთში.  საკმაოდ დიდხანს ვიყავი დიპლომატიურ სამსახურში. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ  აპარატში, სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში. აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა იმ პროცესში, რაც საქართველოს აკავშირებს ალიანსთან - ბუქარესტის სამიტიდან დაწყებული, სხვადასხვა ფორმატით დამთავრებული, რაც ამ წლებში „ნატოში” ინტეგრაციის პროცესში იყო.
– ანუ, როცა აქ ქართული პოლიტიკური ტემპერატურა დუღდა და ქუხდა, თქვენ დიპლომატის მშვიდ და ნირვანულ სამსახურში იწყობდით კარიერას?
– ფიზიკურად არ ვიყავი საქართველოში, შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაშიც არ ვჩანდი.  პროფესიით ვარ „გეპეის” მეექვსე კორპუსის კურსდამთავრებული – წითელ დიპლომზე დავამთავრე ჰუმანიტარული ფაკულტეტი სახელმწიფო მართვის მოხელის სპეციალობით. შემდეგ გავაგრძელე სწავლა „ჯიპაში.” საერთაშორისო ურთიერთობები იყო ის სფერო, რაც მე ყოველთვის მაინტერესებდა. ძალიან აქტიური სტუდენტი ვიყავი. წეღან თქვენ ახსენეთ „დამრტყმელი ძალა”  – მე „დამრტყმელი ძალა” ვიყავი ვარდების რევოლუციის დროს, აჭარის პროცესებში. ყველა იმ მოვლენის აქტიური მონაწილე ვარ, მათ შორის, აჭარიდან ასლან აბაშიძის გაგდებისა. იმ რეგიონთან დიდი კავშირი მქონდა. ბაბუა, ავთანდილ იოსელიანი იყო ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილის მოსწავლე. ასწავლიდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. კომუნისტებმა მისცეს მიწის ნაკვეთი ქობულეთში, სადაც ბაბუამ სახლი ააშენა. როცა სკოლა მთავრდებოდა, მთელი ზაფხული არდადეგებს ვატარებდი ქობულეთში, სადაც მყავს უამრავი მეგობარი და ახლობელი. სწორედ ამიტომაც, როდესაც აჭარაში აქტიური პერიოდი დაიწყო, მე არ მომწონდა ასლან აბაშიძის მმართველობა და აქტიურად ჩავერთე იმ პროცესებში. ასე, ნელ-ნელა დავუკავშირდი „ნაციონალურ მოძრაობას”.  ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ერთ წელიწადში დავბრუნდი საქართველოში.
– ახლა, როდესაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, შვილთან დაკავშირებით ნეპოტიზმში დაადანაშაულეთ, თან საკმაოდ ხმაურიანი განცხადებებით, ბევრს „გაახსენდა,” რომ დეპუტატ თინა ბოკუჩავას ქმარი ხართ. ისიც ითქვა, თავადაც ნეპოტიზმის „მსხვერპლიაო”.
– ეს ასე არაა.  ყველამ კარგად იცის, რომ მე თინაზე ადრე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის” წევრი. თინა გავიცანი 2014 წელს, იქამდე კი, ათი წლით ადრე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის” წევრი. ეს არის ბინძური ქოცური რიტორიკა. ისინი ფიქრობენ, რომ მაინცდამაინც ვინმეს ცოლი, ქმარი, შვილი უნდა იყო, რომ ცხოვრებაში რამე გამოგივიდეს. ირაკლი სესიაშვილმა თვითონ გადაიტანა ისარი თავის შვილზე, როდესაც ის „სუსში” დაასაქმა. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მისი შვილის ჩართულობა ჩემი საქმე არაა, მე იმას ვამბობ, რომ კაცი, რომელიც ნდობის ჯგუფის წევრია, აქვს სადეპუტატო მანდატი, მაღალ პოზიციაზეა და ამ დროს დაკავებულია წვრილფეხა ნეპოტიზმით. მეორეკურსელმა ბავშვმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ლექციებზე იაროს თუ სპეცსამსახურის საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა. რაც შემეხება მე,  დიპლომატიურ სამსახურშიც თინაზე ადრე ვმუშაობდი, მაღალ თანამდებობებზეც, ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე. ასე რომ, თინას ჩემს კარიერაში წვლილი არ შეუტანია, თუმცა „ვაღიარებ”, რომ ყველაზე მაგარი ცოლი მყავს და ყველაზე ძალიან მიყვარს (იცინის). 
– როგორ დაუკავშირეთ ერთმანეთს ცხოვრება თქვენ და თინა ბოკუჩავამ?
– თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი ცხოვრება პოლიტიკის წყალობით არ გადაკვეთილა.  მე მყავს ძალიან ახლო და ძვირფასი მეგობარი, ივანე ბოჭორიშვილი. ის წარმატებული ადამიანია და 2001 წლიდან შვეიცარიაში ცხოვრობს.  ვანიკო ყველა ქართველის მასპინძელია, ვისაც ჟენევაში აქტიური კავშირები აქვს და ხშირად ჩადის იქ. ვანიკომ თინა გაიცნო, როდესაც ის დაინიშნა ჟენევაში, ჩვენს საელჩოში. აი, იმ დღიდან შემომიჩნდა ვანიკო, ერთი კარგი გოგო უნდა გაგაცნოო. როგორც მერე გავიგე, ასე შეუჩნდა თინასაც (იცინის). მან ბევრი რამ გააკეთა, რომ მე და თინა შევეხვედრებინეთ ერთმანეთს. მაგრამ, ისიც და მეც ისე ვიყავით დაკავებული, ჟენევაში ჩვენი შეხვედრა ბევრჯერ გადაიდო და ვერ შედგა. ის თავიდანვე ამბობდა, თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები, გაგაცნობთ და დანარჩენი თქვენ იცითო. ჩვენ არცერთი არ ვუყურებდით ამ ინიციატივას სერიოზულად. ვხუმრობდით კიდეც ამ თემაზე. ჩვენი გაცნობა მოხდა მოგვიანებით, სამი წლის შემდეგ, 2013 წელს ბათუმში. თინა სადილზე დავპატიჟე. პიაცაზე ძალიან კარგი საღამო გავატარეთ, თუმცა, მას შემდეგ ერთმანეთს დავშორდით და დროდადრო თუ მოვიკითხავდით ხოლმე.  პირველივე შეხვედრაზე „გავარკვიეთ” და აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გვქონდა საერთო ფასეულობები, მოგვწონს ერთი და იგივე რაღაცეები, ერთ და იგივე რამ მიგვაჩნია სწორად. როცა ერთმანეთს შევხვდით, საკმაოდ რთული პერიოდი იყო თინასთვის, როგორც ოპოზიციაში მყოფი დეპუტატისთვის. იმ გარემომ, რაც ირგვლივ იყო, თინა დასტრესა. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იმ პერიოდში დავეხმარე, რადგან ფიზიკურად აქ არ ვიყავი. მერე ჩამოვედი თბილისში. იმ ყველაზე რთულ პერიოდში ერთმანეთისთვის ცხოვრების დაკავშირება, მგონი, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.  თინას გაცნობამდე, ცოლი არ მყოლია.  როცა დავოჯახდით, მე 33 წლის ვიყავი, თინა ჩემზე ორი წლით უმცროსი. ეს ის ასაკია, როცა გავლილი გაქვს ცხოვრების გარკვეული ეტაპები, დააგროვე გამოცდილება და გადაწყვეტილებებსაც გააზრებულად იღებ.  დღეს ჩვენ გვყავს 2 წლის არაჩვეულებრივი შვილი – ნიკო, რომელმაც ჩვენი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ნიკო დაუშრეტელი ენერგიის ბავშვია, რომელიც მე და თინას მოსვენებას არ გვაძლევს და ღამეებს გვათენებინებს.
– ცოლ-ქმარი ერთ „ფრონტზე” და ერთ პოლიტიკურ გუნდში, იოლი საქმეა? 
– პოლიტიკა ართულებს ცხოვრებას, თუმცა ის, რომ  ცოლს და ქმარს საერთო საქმე და ინტერესი აქვთ, უფრო კომფორტულად აღვიქვამ. თინა საიმედო პარტნიორია, როგორც პოლიტიკაში, ასევე ოჯახში. მან გაუძლო ბევრ გამოცდას, მათ შორის, ივანიშვილისგან წამოსულ ცდუნებებს და გამოწვევებს, რასაც ვერ გაუძლეს სხვებმა. ჩვენ ნამდვილად ვართ თანამებრძოლები. ერთად ვიბრძვით პოლიტიკაში და ვისვენებთ – ოჯახში, რაც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.  პოლიტიკაში ჩვენ არ გვაქვს აქტიური კვეთა – თინა დაკავებულია საპარლამენტო ცხოვრებით, მე პარტიის საქმიანობაში ვარ ჩართული,  პოლიტსაბჭოს შეკრებაზე, სადაც ასამდე ადამიანია, იმას ნამდვილად არ ვაკვირდები, ჩემი ცოლი სად ზის და იმ მომენტში, რაზე მუშაობს. ვცდილობთ, სახლში ნაკლებად შემოვიტანოთ პოლიტიკა და თუ გვაქვს თავისუფალი დრო, წავიდეთ თინას ოჯახის აგარაკზე, ბულაჩაურში, სადაც დროდადრო „დაბანაკება” და კარგად დასვენება შეიძლება. თინა  მაგარ საჭმელსაც კარგად აკეთებს და საოჯახო საქმეც გამოსდის. ერთადერთი, რაშიც ჩვენი გემოვნება არ ემთხვევა, კულინარიაა – მე გემრიელი საჭმლის მოყვარული და მომხრე ვარ, ის კი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კვების პროპაგანდას ეწევა. თუმცა, ეს ის თემა არაა, რაზედაც შეიძლება, ცოლს „საჩივრის წიგნი” შეუვსო (იცინის).

скачать dle 11.3