რის შეყვარებას ცდილობს ჯულიანა ბარ-გნარი გიორგი ბახუტაშვილისთვის და ჰქონდა თუ არა მას გოჩა ჩერტკოევთან უთანხმოება #18
ერთი სეზონის გამოტოვების შემდეგ ჯულიანა ბარ-გნარი და მისი მეწყვილე, ოთო ფოლადშვილი, „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ დაუბრუნდნენ. ჯულიანას მეწყვილე, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილია, რომელიც პროფესიონალი მოცეკვავისთვის ნამდვილი ბრილიანტი აღმოჩნდა. როგორც ჯულიანა ამბობს: მას მეწყვილეში განსაკუთრებულად გაუმართლა.
ჯულიანა ბარ-გნარი: ერთი სეზონი გამოვტოვეთ და ორივეს გაგვიხარდა, რომ დავუბრუნდით „ცეკვავენ ვარსკვლავებს“. ჩვენს მაყურებელს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, ისეთი თბილი კომენტარები აქვთ ჩვენ მიმართ. ასეთ კარგ რაღაცეებს რომ კითხულობ და გესმის, უცბად დგები მაგარ ხასიათსა და განწყობაზე. ქუჩაშიც უცხო ხალხი გვაჩერებდა და გვეკითხებოდნენ: რატომ არ მონაწილეობთო. უბრალოდ, სტუდიიდან გამომდინარე, ვერ ვახერხდებდით – ან ერთი საქმე უნდა აკეთო, ან მეორე, ორივეს ერთად ვერ გააკეთებ. პირადად მე, ორ საქმეს ხარისხიანად ვერ ვაკეთებ. ამიტომ მირჩევნია, ერთს მოვკიდო ხელი და კარგად, ბოლომდე გავიტანო. ორივემ მივიღეთ მონაწილეობის გადაწყვეტილება და ვფიქრობ, წარმატებულადაც დავწყვილდით. ჩემი უნიჭიერესი ბიჭია.
– წინა სეზონში რომ არ მიიღეთ მონაწილეობა, გავრცელდა ჭორიც, რომ შენ და ოთოს გოჩა ჩერტკოევთან არ გქონდათ კარგი ურთიერთობა და ამიტომ აღარ იყავით პროექტში. ასევე, ისიც ითქვა, რომ თანხაზეც ვერ შეთანხმდით. ეს სიმართლეა?
– ყველაზე დიდი მიზეზი, რამაც გაგვაჩერა, იყო ჩვენი სტუდიისა და ასევე, ჩვენი პროფესიონალური ზრდის საკითხი. როცა „ვარსკვლავთან“ მუშაობ, არ გაქვს იმის დრო, თან ბავშვები ამეცადინო და საკუთარ თავზე ივარჯიშო. 24 საათი გვაქვს სულ და ამ ყველაფერს ერთად ვერ ვახერხებდით. 5 სეზონის განმავლობაში არცერთზე არ გვითქვამს უარი და გადავწყვიტეთ, საკუთარი თავისთვისაც მიგვეხედა პროფესიონალური კუთხით. ეს ჩვენთვის ჩავარდნა არ იყო. თუმცა, ხალხს მოვენატრეთ. ბევრს ვვარჯიშობდით, ბევრი სიახლე გავიგეთ, რაც პროექტშიც გამოგვადგება.
– ანუ, გოჩა ჩერტკოევთან კონფლიქტს გამორიცხავ?
– საერთოდ, არაკონფლიქტური წყვილი ვართ. ჭორები არასდროს დამთავრდება, რეალური მიზეზი კი ის დიდი მიზანი გახლდათ, რომ როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი ბავშვების პროფესიონალური წარმატებისთვის მიგვეღწია. მიხარია, რომ ყველაფერი წარმატებულად მიდის.
– გარკვეული მოთხოვნები გაქვს მეწყვილის შერჩევისას?
– პირველი, რასაც ვეუბნები, ეს არის – სერიოზული და ძალიან შრომისმოყვარე უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ჩვენს ცეკვებს და მით უმეტეს, ამ შოუს, ძალიან ბევრი შრომა სჭირდება. ნიჭი ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ შოუმ დაამტკიცა, რომ შრომისმოყვარე ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, ფინალამდე, სამარცხვინოდ და სასაცილოდ კი არა, კარგად გამოდის. ამიტომ ჩემი პოზიცია მუდმივად არის ეს, რომ უნდა იყოს შრომისმოყვარე და კარგი პიროვნება.
– ძალიან კარგი მეწყვილე გყავს, გიორგი ბახუტაშვილი. იცნობდი მას?
– არა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ. კომპლიმენტების გარდა, ამ ადამიანის მიმართ სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. სამი კვირაა, ვიცნობ, უკვე ბევრნაირი სიტუაცია გვქონდა და ყველგან თავისი პლუსი, არაჩვეულებრივი ხასიათი გამოავლინა. ქედს ვიხრი მის წინაშე.
– ასე რომ აქებ, ნოდიკო ტატიშვილმა არ იეჭვიანოს.
– ნოდიკო არ იეჭვიანებს, რადგან იცის, მისდამი ჩემი პოზიცია და სიყვარული. ნოდიკო სულ სხვაა. თვითონაც რომ მეხუმრა, ვუთხარი კიდეც: შენ სხვა ადგილი გიკავია ჩემს გულში-მეთქი. ნოდიკო ჩემი პირველი გულშემატკივარია და უნდოდა, რომ კარგი მეწყვილე შემხვედროდა. თვითონაც მონაწილეობდა და იცის, ეს რამდენად მნიშვნელოვანია.
– როგორ შეეწყვეთ შენ და გიორგი?
– კარგად. ძალიან კარგი იუმორი აქვს გიორგის და მიმაჩნია, რომ ჭკვიანი უნდა იყო, ასეთი ნიჭი რომ გქონდეს. ძალიან საინტერესო პიროვნებაა, იდეებით სავსე. რატომ ვთქვი, რომ იღბლიანი ვარ-მეთქი? – იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო ადამიანები მხვდება. ყველას თავისი შეხედულება აქვს ცხოვრებაზე და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. გიორგი ნიჭიერიც არის და შრომისმოყვარეც – რაც დიდი იშვიათობაა. მე შემხვდა ასეთი ბრილიანტი.
– ახლა დაამუშავებ და წახნაგებს გაუკეთებ.
– ვცდილობთ, დღეში ორჯერ. ძალიან ბევრს ვშრომობთ და თვითონაც ძალიან მოტივირებულია, სერიოზულად უყურებს საქმეს. ზოგადად, მიხარია, ჩემს საქმეს ასე რომ აფასებენ და თან, სიამოვნებთ. აღნიშნა კიდეც: ასეთი დრაივი და ემოცია არაფრისგან არ მოდიოდაო. ძალიან გამიხარდა, რომ ცეკვამ მასში ასეთი პოზიტიური ემოცია გამოიწვია. ცუდი თვისება ჯერ არ გამოუვლენია და იმედია, არც გამოავლენს.
– ზოგადად, მომთხოვნი ხარ და არ უჭირს გიორგის?
– მომთხოვნი ვარ, მაგრამ იმავდროულად, ლოიალურიც. შენ ისე უნდა შეაყვარო ადამიანს ცეკვა, რომ თვითონ მოუნდეს ამის კეთება. მე ვცდილობ, ჩემს მეწყვილეს ცეკვა შევაყვარო და არა დაძალებით, მოთხოვნით, ჩხუბით და ხათრით, არამედ თვითონ იყოს ჩართული და სიამოვნებდეს ამის კეთება. ჩემი კომენტარი მისთვის დამცირება კი არ უნდა იყოს, არამედ მოტივაცია. თან, კონფლიქტურიც არ ვარ. ფიზიკურად კი იღლება, მაგრამ იმდენად მოსწონს, რომ ბოლომდეა ჩართული და დაღლას უმკლავდება. დღე და ღამე მუსიკაზე ფიქრობს. პირველი ცეკვის მუსიკაც მან შეარჩია. მონაცემებიც ძალიან კარგი აქვს და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. ტექნიკურადაც კარგად შეასრულა – ეს იყო არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვა პროფესიონალი მოცეკვავეების შეფასება.
– აწევებიც კარგად გამოსდის?
– ძლიერი ბიჭი ყოფილა. მე კიდევ ბუმბული ვარ და კარგად შევეწყვე. ჯერჯერობით ამაზე პრობლემა არ გვქონია.
– მისი მეუღლე და ბავშვიც გაიცანი?
– უსაყვარლესი მეუღლე და უტკბილესი შვილი ჰყავს. მეუღლე გავიცანი, ბავშვი – ჯერ არა.
– ჯერ შენზე და გიორგიზე ჭორაობდნენ, შემდეგ – შენზე და ნოდიკოზე და ხომ არ გეშინია, ახლა შენზე და გიორგიზეც რომ იჭორაონ?
– უკვე აღარ ვუსმენ ჭორებს. ჩავიკეტე ჩემთვის და არც ვფიქრობ ამაზე. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და აღარ მინდა ამაზე საუბარი. თან, ჭორი რომ გაიგო, უნდა წაიკითხო კიდეც. ჩემს საქმეს ვაკეთებ, მთელ გულს, სულს ვდებ იმაში, რომ კარგად გამომივიდეს და თუ ვინმეს მეტი საქმე არ აქვს, იჭორაოს.
– ოთო და შენ კონკურენტები გახდით.
– მხოლოდ ოთოს მიმართ არ მაქვს კონკურენციის შეგრძნება. სანამ ჩვენ გამოვიდოდით, გიორგის ვუთხარი, სხვებს არ შეხედო, რომ დადგმის ხასიათი შეინარჩუნო-მეთქი. მაგრამ, ოთომ რომ დაიწყო ცეკვა, ვუთხარი: მაპატიე, ოთოს უნდა ვუყურო-მეთქი. სანამ ცეკვავდა, მუშტები მქონდა შეკრული და ვგულშემატკივრობდი.
– შენს ცხოვრებაში, ძირითადად, ცუდი სჭარბობს თუ კარგი?
– ცუდი არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ეს გაკვეთილად მივიღო. არასწორი ნაბიჯის, ან რაღაც ცუდი მოვლენის შემდეგ, ვცდილობ, ჩემს ცხოვრებას გადავხედო, გავიგო: მართალი ვარ თუ – არა: რა გავაკეთე სწორად და რა – არა. ასე თუ არ მოიქცევი, ის ვერ გახდები, რასაც დღესდღეობით აღწევ. ჩემს ცხოვრებას რომ ვუყურებ, კარგი რაღაცეების იმხელა აფეთქებები იყო, რომ ძირითადად, კარგი უფრო მახსენდება. ცუდი კი კარგად თუ არ გახსენდება, გაიცინებ მაინც.
– როცა ცუდი რამ ხდება, როგორ იქცევი?
– როგორც კი რაღაც ხდება, მირჩევნია, საკუთარ თავში დავლაგდე. როცა მივაგნებ გამოსავალს, მაშინ ვგრძნობ სიძლიერეს. რა თქმა უნდა, მყავს ნამდვილი მეგობრები, რომლებთანაც ვიტყვი და დამეხმარებიან, მაგრამ სანამ თავად არ დავლაგდები: რა, როგორ, მანამდე სულ ვეძებ.
P.S. ფოტოები მოგვაწოდა, ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ.