როგორ აღმოჩნდა სოსო თოლორაიას ამერიკაში წასვლის მთავარი მიზეზი თიკო სადუნიშვილი და როგორ დაძლია მან ნარკოტიკებზე დამოკიდებულება 40 დღე მონასტერში ყოფნით #18
მსახიობი და ტელეწამყვანი, სოსო თოლორაია პირად ურთიერთობებში იმედგაცრუებამ, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ, კლუბურმა ცხოვრებამ, საბოლოოდ, რწმენის „ბანაკში“ მიიყვანა და როგორც თავად აღნიშნავს, ღმერთმა ბევრი სასწაული მოუვლინა. ამ ეტაპზე ბრუკლინის ღვთისმშობლის შობის ტაძარში გალობს. ახლად შერთულ მეუღლესთან ტკბილი ბუდის აშენებაც გამოუვიდა და მეორე შვილის დაბადებით გამოწვეულ განცდებსაც გვიზიარებს. იმასაც გვიამბობს, თუ რატომ ვერ შედგა მისი წინა ურთიერთობები და როდის აღმოჩნდა ის ბინძური ჭორების ეპიცენტრში.
სოსო თოლორაია: ჩამოვშორდი კლუბურ ცხოვრებას, არეულ ხალხთან ურთიერთობას. განსხვავებული ბანაკიდან ეკლესიური ცხოვრების ბანაკში გადავედი. პიროვნულად დავეცი, ცუდად ვიყავი. იმდენად წამხდარი იყო ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი, ხალხიც კი გამირბოდა. ბევრჯერ გავაბრაზე ღმერთი და ჩემი ქცევით ხელი ვკარი. ყველაფერი შეიცვალა, ეკლესიის გარეთ ვეღარ წარმომიდგენია თავი. იმდენი საჩუქარი გამიკეთა ღმერთმა, ბევრი სასწაული მოხდა ჩემ თვალწინ. ამერიკაში რომ არ წამოვსულიყავი, ჭურჭლის მრეცხაობა და ათასი სირთულე არ გამომევლო, შეიძლება, ისევ ის, ცხვირაბზუებული სოსო თოლორაია ვყოფილიყავი. ბრუკლინის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ვგალობ. ზოგჯერ მეგობრები გამირბიან, შენ სულ ღმერთზე ლაპარაკობო. სიახლეც მაქვს, ლევან დაბრუნდაშვილი იღებს ფილმს ემიგრანტებზე, სადაც მეც ვმონაწილეობ.
– მესმის, ბევრმა იმედგაცრუებამ მორწმუნე გაგხადა, თუმცა ყველაფერს თავისი დასაწყისი აქვს და როგორც ვიცი, ამერიკაში გადასვლის პირველ ეტაპზე, 40 დღე მონასტერში გაატარე, რასაც, ალბათ, თავისი მიზეზი ჰქონდა?
– ჩემი მონასტერში მოხვედრა განაპირობა იმან, რომ ფიზიკურად ძალიან ცუდად ვიყავი ჩემი „ავარდნილი“ ცხოვრების გამო. 40 დღე გავატარე მონასტერში, „ლომკები“ მქონდა, ნარკოტიკი მინდოდა, თუმცა ღმერთმა გადამარჩინა. ადრე იმდენ „პლანს“ ვეწეოდი, შემეძლო, მთელი თბილისისთვის ჩამომევლო. დღეს უფრო სხვა „ნარკოტიკს“ ვიღებ, რომელსაც რწმენა ჰქვია. რადგან ნარკოტიკებზე ვსაუბრობთ, აქვე აღვნიშნავ, რომ მძიმე ნარკოტიკების თემა ეკლესიამ უნდა გადაიბაროს. ამაზე სასჯელი არ არის სწორი. საჯიშე ქართველები დაიხოცნენ ნარკოტიკებით. ეს სერიოზული პრობლემაა. რაც შეეხება მსუბუქ ნარკოტიკს, ლეგალიზაცია-ლიბერალიცია სახელმწიფროს დიდ შემოსავალს მოუტანს, თუნდაც ტურიზმის კუთხით. „ლაითი“ ნარკოტიკის მოწევა არ უნდა იკრძალებოდეს. მე მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკს, ორივეს ვიღებდი. ზუსტად ვიცი, ვისაც ამის მიღება უნდა, მაინც „იჩალიჩებს“ და ციხე ვერ უშველის.
– კარგია, ნარკოტიკზე დამოკიდებულება რომ დაამარცხე, თუმცა საქართველოდან შენს წასვლას სხვა ბევრი მიზეზიც უძღოდა წინ. ამბობენ, აქედან უიღბლო ურთიერთობებსაც გაექცაო...
– ამერიკაში გულნატკენი ჩამოვედი ჩემი წინა ურთიერთობებიდან გამომდინარე. ვამბობდი, ქართველი ცოლი აღარ მეყოლება-მეთქი. საქართველოსთან ყველაზე ძვირფასი, უფროსი შვილი, ანდრია მაკავშირებს. ყოველდღიური კონტაქტი მაქვს მასთან. ის არაჩვეულებრივი დედის გაზრდილი, საქმიანი, ნიჭიერი ბიჭია.
– რადგან მამობაზე ლაპარაკობ, აქვე მოგილოცავ მეორე შვილის დაბადებას. ანდრია თუ იცნობს ძმას?
– მადლობა. ჯერ ძალიან პატარაა. ნოე-ნოდარი დავარქვი. მის დაბადებასაც დავესწარი. შოკია, როდესაც მამა ხედავს, როგორ გამოდის ბავშვი დედის მუცლიდან. ანდრია ჯერ მხოლოდ ინტერნეტით იცნობს ძმას. ის ძალიან კარგი „ტიპია“ ყველა საკითხში და ვიცი, კარგი ძმაც იქნება.
– სოსო, სამ ცოლთან დაშორება და მეოთხედ დაოჯახება რთული არ არის? სად გაიცანი შენი მეუღლე?
– მეოთხე ოჯახი?! ყური მომჭრა ამ ციფრმა (იცინის). მესამე და სამართალი – ასე ვიტყოდი. პირველი ოჯახი ძალიან ახალგაზრდამ, ანდრიას დედასთან ერთად შევქმენი, მეორე ოჯახი – სოფო ბედოშვილთან და 7 წელი ვიყავით ერთად, მესამეა – ჩემს ამჟამინდელ მეუღლესთან, ლანასთან. რაღაც მაიმუნობებს ოჯახს არ ვეძახი. ლანა აქ, სამეზობლოში გავიცანი. ოფიციალურ ჯვრისწერამდეც გვქონდა ურთიერთობა. დაოჯახება კი მცირე წრეში, რელიგიური წესების დაცვით აღვნიშნეთ. პირველი ქორწინებიდან 21 წლის ნიკუშა ჰყავს. ნიკა რომ გავიცანი, ლანას მიმართ უფრო მეტი სიმპათია გამიჩნდა. ძალიან კარგად აღზრდილი შვილი ჰყავს. მე ისეთი ქარტეხილებით სავსე ცხოვრება გავიარე, რომ ძნელი იყო ოჯახის შექმნაზე ფიქრი. ბოლო ურთიერთობები არ გამოირჩეოდა წარმატებით, რაც უფრო მეტად მაშორებდა წუთისოფელთან. როცა ლანა გავიცანი, ჯანმრთელობის მხრივ მქონდა დიდი პრობლემები და გვერდში დამიდგა. ლანამ, განსხვავებით წინა ურთიერთობებისგან, უზარმაზარი სიმშვიდე მოიტანა. უბრალო და თბილი გოგოა.
– ხშირ შემთხვევაში, 21 წლის ბიჭები დედის გათხოვებას არც ისე კარგად უყურებენ. შენ როგორ მოახერხე ლანას შვილთან დამეგობრება?
– ერთ-ერთ ვახშამზე მე და ლანამ ოფიციალურად გამოვაცხადეთ ჩვენი ურთიერთობა. ნიკას ქართული გენი და ქართულ-ამერიკული მენტალიტეტი აქვს. პრობლემა არ ჰქონია, რადგან ერთ ოჯახად თავს კარგად ვგრძნობთ.
– დასრულებული ურთიერთობების გახსენება არასასიამოვნოა, მაგრამ ვხედავ, ამ თემაზე საუბარი არ გიჭირს. შენს ყველა ინტერვიუში აღნიშნავდი – სოფო ბედოშვილი ჩემი ბოლო არჩევანიაო, თუმცა, ასე არ მოხდა. რატომ დასრულდა თქვენი ქორწინება და თუ გამოგდის ყოფილ ცოლებთან მეგობრობა?
– დარწმუნებული ვიყავი, რომ სოფოს ისტორია ბოლო იყო და ცოლს არ მოვიყვანდი, მაგრამ ასე არ მოხდა. სოფოსთან დაშორების შემდეგ, არაკეთილგანწყობილი ვიყავი საერო ცხოვრებისადმი, ვფიქრობდი, აქ ჩემი ადგილი არ არის-მეთქი. მინდოდა, მონასტერში სამუდამოდ წასვლა. მე და სოფო არარელიგიურად ვცხოვრობდით, ათასი უბედურების გვჯეროდა. შვილი არ გვყავდა. ამაზე დასტრესილი იყო და მესმის მისი. რთულია, ქალი იყო და შვილი არ გიჩნდებოდეს. მერე მეც არაჯანსაღი ცხოვრება მქონდა. მეგობრებიც აღარ ვიყავით და დავშორდით. მე და სოფოს ურთიერთობის მიზანი არ გაგვაჩნია, ერთმანეთთან შეხება არ გვაქვს. მაგალითად, ანდრიას დედასთან ვმეგობრობ, რისი მიზეზიც ჩვენი შვილია.
– ანუ, ყოფილ ცოლებთან მეგობრობა ბოლომდე ვერ გამოგივიდა.
– ეგრეც ვერ იტყვი. გააჩნია, გაქვს თუ არა ადამიანთან საერთო გადაკვეთის წერტილი, თორემ დასრულებული ისტორიებისა და გადაშლილი ფურცლების შემდეგ მეგობრობის, რა მოგახსენოთ.
– როცა შენს ოჯახებზე ვსაუბრობდით, თიკო სადუნიშვილი არ ახსენე. თუმცა, მასთანაც გაკავშირებს მცირეხნიანი თანაცხოვრება, რაც ცუდად დასრულდა. დღეს გაქვს მასთან შეხება?
– თიკოსთან საერთოდ არ მაქვს ურთიერთობა. ჩვენ არ გვაქვს გადაკვეთის წერტილები. შენ თუ კლუბური ცხოვრება გაქვს და მე – ეკლესიური, როგორ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა?!
– მართალია, რომ თიკო სადუნიშვილთან შეწყვეტილი ურთიერთობა იყო შენი დიდი იმედგაცრუებისა და ამერიკაში წასვლის მთავარი მიზეზი?
– მაგას დაგიდასტურებ. თიკო სადუნიშვილთან დაშორება იყო ჩემი ამერიკაში წამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თავიდან სხვაგვარი ენთუზიაზმით დავიწყე მასთან ურთიერთობა და ყველაფერი სხვაგვარად გამოვიდა. თუმცა, ფინანსური კეთილდღეობის ძიებაც იყო ამერიკაში ჩამოსვლის ფუნდამენტური მიზეზი.
– რთულ პერიოდში წახვედი ამერიკაში, რის გამოც არაერთი უხერხული ჭორი გავრცელდა. ამბობდნენ, ვიზის აღება ჩააწყო. სოსომ თქვა გეი ვარ და საქართველოში ჩემი უფლებები იზღუდება და ამიტომ უნდა ვიცხოვრო ამერიკაშიო.
– ვიზა ნამდვილად იმიტომ მომცეს, რომ ცნობილი ვიყავი და არა გეი. გეის თემა იმ პერიოდში შოუ-ბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელს შეეხო – ვაჟკაცური ქართული სიმღერების შემსრულებლებსაც კი. მით უმეტეს, თუ ისეთი ბიჭი იყავი, რომ ყვითელ „საროჩკას” იცვამდი და თავისუფლად იქცეოდი, უფრო ადვილი იყო, დაებრალებინათ, რომ გეი ხარ.
– ამდენი რამის შემდეგ გკითხო, თბილისში თუ დაბრუნდები-მეთქი?
– მიწათმოქმედებას მინდა, დავუბრუნდე. მშობლიურ ბაღდათში დავიწყებ ყველაფერს ახალი ფურცლიდან. ხაზგასმით გეტყვით, რომ თბილისში არ ვიცხოვრებ.