რა ტრაგედია მოხდა წლების წინ ოჯახში, რომლის 4 წევრიც ავტოავარიას ემსხვერპლა და რატომ დაკრძალეს გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე #18
„ომარი შვილებით ხარობდა. შვილიშვილს ელოდა და ამ დროს ასეთი საშინელება დატრიალდა. თუმცა ეს მათ ოჯახში პირველი ტრაგედია არ არის. ომარის დედას, წლების წინ, სამი შვილი გარდაეცვალა. წარსულის უბედურებაზე ტიროდა ხოლმე და ახლა მეოთხე შვილი, ორი შვილიშვილი და შვიდი თვის ფეხმძიმე რძალი დაეღუპა. მიშველეთო – მხოლოდ ამის თქმის ძალა შემორჩა“.
22 აპრილს, გვიან ღამით, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას გოგმაჩაძეების ოჯახის ოთხი წევრი: მამა – 48 წლის ომარი, შვილები – 20 წლის ნინი და 23 წლის იმედო და 7 თვის ფეხმძიმე რძალი – 19 წლის დალი დუმბაძე ემსხვერპლა
გალინა (ოჯახის ახლობელი): ავტოავარია ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა შაბათს, გვიან ღამით. ამათი მანქანა გრძელ ტრაილერს უპირებდა გასწრებას, მოპირდაპირე მხრიდან უცებ „ჯიპი“ გამოჩნდა და ერთმანეთს დაეჯახნენ. რის შემდეგაც ტრაილერმა გადაუარა მათ მანქანას და რამდენიმე მეტრი ათრია. ყველა ადგილზევე გარდაიცვალა, მხოლოდ ფეხმძიმე რძალმა იცოცხლა რამდენიმე წუთი, მაგრამ შემდეგ ისიც დაიღუპა. მანქანაში ხუთი ადამიანი იჯდა. 4 ერთი ოჯახის წევრი იყო. მამა – ომარ გოგმაჩაძე, და-ძმა – ნინი და იმედო გოგმაჩაძეები და რძალი – დალი დუმბაძე. საჭესთან ოჯახის ახლობელი – ნინის ნათლიის შვილი იჯდა და ისიც დაიღუპა.
ომარს კიდევ ჰყავს ერთი შვილი, 19 წლის ვაჟი, რომელიც ჯარში მსახურობს. ბოლო სამი თვე მისი ნახვის უფლება არ ჰქონდათ და როგორც კი ამის საშუალება მიეცათ, ყველა ერთად შეიკრიბა და მის სანახავად წავიდნენ. დიდი ხნის უნახავი ბიჭი ნახეს და ეს ავარია, უკან რომ ბრუნდებოდნენ, იმ გზაზე შეემთხვათ.
– დედა?
– ომარის მეუღლე, ანუ ბავშვების დედა, თურქეთში მუშაობდა. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ჩამოსული სახლში და მერე ისევ წავიდა. ახლა ჩამოვიდა და ოჯახში ოთხი მიცვალებული: ქმარი, ორი შვილი და რძალი დახვდა. თან, რძალი 7 თვის ორსული იყო. საშინელება ხდება მათ ოჯახში. შეუძლებელია მათი ტრაგედიის აღწერა. დედამ არ იცოდა, თუ ასეთი საშინელება მოხდა. უთხრეს, რომ ავარიაში მოყვნენ და დაშავებულები საავადმყოფოში იწვნენ, ჩამოვიდა და სახლში ოთხი მიცვალებული დახვდა. საშინელი მდგომარეობაა, დღეში რამდენჯერმე იძახებენ სასწრაფო დახმარებას, რომ გონს მოიყვანონ.
– დედა და უმცროსი შვილი დარჩა ამ ოჯახში?
– დედა, უმცროსი შვილი და ბებია. დიდი ოჯახი ჰქონდათ. ყველა მშრომელი და პატიოსანი იყო. ომარს ცოტა ხნის წინ მძიმე დაავადების გადატანა მოუხდა, რთული მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ ნელ-ნელა გამოკეთდა. ტაქსის მძღოლი იყო და თავს ამ სამუშაოთი ირჩენდა. მისი მეუღლეც სულ მუშაობდა, ხან სად, ხან სად – ზაფხულობით ქობულეთში საზაფხულო კაფეებში, თურქეთშიც დადიოდა. უფროსი ბიჭი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა, ხელოსანი იყო, სხვადასხვა ობიექტზე მუშაობდა. მისი შვიდი თვის ფეხმძიმე მეუღლე 19 წლის იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ გამოჰყვა იმედოს. მეორე – გარდაცვლილი შვილი – ნინი, თურქულ სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა აქ, ქობულეთში. ნინი 20 წლის იყო, ომარი – 48 წლის. ქობულეთის რაიონის სოფელ კოხში ცხოვრობდნენ. ძალიან კეთილი და შრომისმოყვარე ადამიანები იყვნენ. საოცრად სტუმართმოყვარე ოჯახი ჰქონდათ, თვითონაც ბევრნი იყვნენ და ამიტომ, მატერიალურად ცოტა უჭირდათ. ახლა კარგი იქნება, თუ დავეხმარებით. იმიტომ რომ, მარტოები დარჩნენ – დედა, პენსიონერი ბებია და 19 წლის შვილი. ოჯახში საოცარი სიხარული და მოლოდინი ჰქონდათ. იმედო და მისი მეუღლე 8 თვის დაქორწინებულები იყვნენ და პატარას ელოდნენ. გოგონა ორი თვის ფეხმძიმე რომ იყო და ექოზე წავიდა, იმედოს ისე უხაროდა, რომ სთხოვა, ფოტო წამომიღეო. მიუხედავად იმისა, რომ ნაყოფი ჯერ ძალიან პატარა იყო, ერთი სული ჰქონდა, მამა როდის გახდებოდა. საოცარი სიყვარული ჰქონდათ. მათ შორის კამათი ერთხელ არ მომხდარა. ერთად ყოფნა უხაროდათ და ახლობლებთან წასვლაც უყვარდათ. ავტომობილს ხშირად იყენებდნენ.
– ავტომობილის შესახებ თქვეს, რომ გაუმართავი იყო.
– ეს ზუსტად არ ვიცი. ვიცი, რომ პატრონი ბობოყვათელი ბიჭი იყო, რომელიც საჭესთან იჯდა და მეხუთე გარდაცვლილი ის არის. ეს ბიჭი თვითონაც ახალდაქორწინებული ყოფილა. სულ რაღაც 23 წლის იყო, თითქმის იმედოს ტოლი. იმედო ბიჭს ელოდებოდა. სულ ბიჭს ნატრობდა და რომ გაიგო, პირველი ბიჭი იქნებოდა, უბედნიერესი იყო. ჩემი ოცნება ახდაო, ემოციებს ვერ მალავდა. ამ უბედურების შემხედვარე დედა დღეში 3-4-ჯერ კარგავს გონებას.
– რამდენადაც ვიცი, რძალი ავარიის მეორე დღესვე ცალკე დაკრძალეს.
– კი, რძალი მუსლიმანი იყო და მათი წესების მიხედვით, გარდაცვალებიდან მეორე დღესვე მშობლებმა წაიყვანეს და ცალკე დაკრძალეს. ბავშვის დაბადების შემდეგ აპირებდა, მასთან ერთად მონათვლას, მაგრამ საუბედუროდ, ვერ მოასწრო და ახლა ცოლ-ქმარი ცალ-ცალკეა დამარხული.
– 20 წლის ნინიც მალე აპირებდა დაქორწინებასო.
– შეყვარებული ჰყავდა და უახლოეს მომავალში არა, მაგრამ დაქორწინებას აპირებდნენ. მუშაობდა, რთულ პირობებში უწევდა ყოფნა. სამსახური არ მოსწონდა, მაგრამ თავს ვერ ანებებდა, რადგან ფულს აგროვებდა – ავტომობილის ყიდვაზე ოცნებობდა.
მათი მამა, ომარი გახარებული იყო – შვილებით ხარობდა. შვილიშვილს ელოდა და ამ დროს ასეთი საშინელება დატრიალდა. თუმცა, ეს მათ ოჯახში პირველი ტრაგედია არ არის. ომარის დედას წლების წინ სამი შვილი გარდაეცვალა. წარსულის უბედურებაზე ტიროდა ხოლმე და ახლა მეოთხე შვილი, ორი შვილიშვილი და შვიდი თვის ფეხმძიმე რძალი გარდაეცვალა. მიშველეთო – მხოლოდ ამის თქმის ძალა შემორჩა.
ახლა მთელი ოჯახი 19 წლის ბიჭის იმედად დარჩა, ჯარიდან ჩამოვიდა, სახლში ყოფნის უფლება მისცეს. ტკივილისგან ხმას ვერ იღებს, საერთოდ ვერ ლაპარაკობს. ამ დღეების განმავლობაში ერთხელაც არ უჭამია. განადგურებულია. 19 წლის ბავშვი ამხელა სახლში, ამხელა ოჯახის შემდეგ, ბებოსა და დედის ამარა დარჩა.