როგორ გახსნეს მსხვილი ძარცვის საქმე მოსკოვში „მურის“ ქართველმა გამომძიებლებმა #18
ძარცვა უზბეკურად
1979 წლის 2 მაისს მოსკოვში, „სამოცვეტის“ პატარა საიუველირო მაღაზია გაიძარცვა და გატაცებული ძვირფასეულობის თანხამ 350 ათასი მანეთი შეადგინა. მაღაზიაში ბოროტმოქმედებმა 21-მეტრიანი მიწისქვეშა გვირაბით შეაღწიეს, რომელიც 6 მეტრის სიღრმეზე იყო გათხრილი. გვირაბში მაძებრებმა უზბეკური წარმოების სიგარეტ „ტაშკენტის“ უამრავ ნამწვავთან ერთად იმ ასანთის რამდენიმე ცარიელი კოლოფი და დამწვარი ღერები აღმოაჩინეს, რომელიც ადგილობრივ (უზბეკეთში) მაღაზიებში იყიდებოდა. გვირაბი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან იყო გათხრილი. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ იმ სარდაფის ზემოთ მდებარე ბინას უზბეკი ცოლ-ქმარი ქირაობდა. ისინი ძარცვის დღეს, 2 მაისს გაუჩინარდნენ. ბინის გამქირავებელმა, მოხუცმა ვერა ტკაჩენკომ, გამომძიებლებს განუცხადა: „ცოლ-ქმარი იყო, შვილო. ექვსი თვის წინ ჩამისახლდნენ და ერთი წლის ქირა – 360 მანეთი, წინასწარ გადამიხადეს. აბა, მე რა ვიცოდი, თუ ასეთ რამეს აპირებდნენ, თორემ სახლში როგორ შევუშვებდი“. ძარცვის ამ საქმეს მაშინ უკვე ცნობილი „მურის“ ქართველი მაძებარი, კონსტანტინე (კოკა) რუსაძე იკვლევდა. ექსპერტების დასკვნით, გვირაბს ოთხი თვის განმავლობაში თხრიდნენ და სიგნალიზაციაც ისე უზადოდ იყო გათიშული დანაშაულის დღეს, რომ აშკარად „ასის” ხელი ეტყობოდა. ნაპოვნი სიგარეტისა და ასანთის ნამწვავების გამოკვლევამაც დაადასტურა, რომ გვირაბში თხრის პროცესში დაყარეს. გაუჩინარებული უცნობი უზბეკი ცოლ-ქმრის ბინაში კი გვირაბში ნაპოვნი სიგარეტ „ტაშკენტის“ გახსნილი კოლოფი აღმოაჩინეს. რუსაძის ახალგაზრდა ასისტენტმა, ახალბედა თაზო ქვარცხავამ თავის სახელოვან შეფს უთხრა:
– ნუგზაროვიჩ, გული მიგრძნობს, რომ უზბეკებს მალე დავიჭერთ და ეს საქმეც გაიხსნებაო.
– ჯადოსნურ სარკეში ხომ არ ჩაიხედე? – ირონიით მიუგო ქვარცხავას რუსაძემ.
– დიახ, ნუგზაროვიჩ, – ქვარცხავამ ექსპერტების დასკვნას დაადო ხელი, – აი, ეს ჯადოსნური სარკე.
– ეგ ჯერ კიდევ არაფერია და საერთოდ, ერთი უზბეკი მაინც თუ იყო ამ საქმეში გარეული, საკითხავი ესაა, – თქვა გამოცდილმა კოკა რუსაძემ და ჩაფიქრდა.
– რატომ ფიქრობთ ასე, უფროსო? – არ ცხრებოდა ქვარცხავა.
– იმიტომ რომ, საქმე იდეალურადაა შესრულებული და ნუთუ ასეთი კრეტინები არიან, რომ გვირაბსა და ნაქირავებ ბინაში აშკარა სამხილები დაგვიტოვეს?
– ფაქტი ჯიუტია, – არ დააყოვნა ქვარცხავამ.
რუსაძემ მას მწველი მზერა ესროლა და უთხრა:
– ჯიუტი შენ ხარ. ფაქტები კი შეიძლება, შემოტენილი იყოს...
ეძიე ქალი
სიჯიუტისა და გამოუცდელობის მიუხედავად, თაზო ქვარცხავა საკმაოდ საზრიანი ახალგაზრდა გამომძიებელი გახლდათ, რაც მომავალში მრავალი რთული დანაშაულის გახსნით დაამტკიცა. რუსაძე, მართალია, არ იზიარებდა ძარცვის საქმეში უზბეკების მონაწილეობას, მაგრამ ეს ვერსიაც უნდა გადამოწმებულიყო და ამის გაკეთება სწორედ ქვარცხავას დაავალა. თაზო გულმოდგინედ შეუდგა დავალების შესრულებას და სამკვირიანი მუშაობის შემდეგ გაარკვია, რომ უზბეკური „შავი სამყაროს“ წევრებს არ ჰყავდათ მსგავსი ტიპის შემსრულებლები. ისინი ძირითადად წვრილმანი ქურდები ან ნარკოტიკების გამსაღებლები იყვნენ. უზბეკურ კვალს რომ მიჰყვებოდა, ქვარცხავამ ივარაუდა, რომ ტრადიციებიდან გამომდინარე, უზბეკები ქალთან საქმეს არ დაიჭერდნენ. ამიტომ, ორიგინალური იდეა გაუჩნდა და შეფს, კოკა რუსაძეს მოახსენა:
– ნუგზაროვიჩ, თქვენი ვარაუდი დადასტურდა, უზბეკებს მსგავსი ძარცვის განხორციელების რესურსი არ გააჩნიათ და საქმეში არც ქალს ჩარევდნენ. არა და აშკარაა, რომ ამ საქმეში ქალი უსათუოდ ურევია. მაქვს ვერსია და მის მიხედვით, უზბეკი ცოლქმრობა მოგონილი თემაა. ბოროტმოქმედებმა უზბეკობაც, ცოლქმრობაც და გვირაბში უზბეკური თაბაქოს ნაწარმისა და ასანთების დაყრა, წინასწარი განზრახვით, ჩვენი კვალის არევის მიზნით გაითამაშეს. ანუ, ცრუ კვალზე გაგვიშვეს. სინამდვილეში კი, კარგად დაგეგმილი დანაშაული უმაღლეს დონეზე შეასრულეს და აგერ, უკვე ერთი თვეა, გვაბითურებენ. ამ საქმეში, ვფიქრობ, ყველაზე ნაღდი ხელჩასაჭიდი ქალია და მისი წყალობით თუ გავალთ კვალზე.
რუსაძემ ბოლომდე მოისმინა თავისი ხელქვეითის პატაკი და ღიმილით უთხრა:
– „შერშელა პა“.
– რა ბრძანეთ? – ვერ გაიგო ქვარცხავამ.
– ფრანგული ფრაზაა და ქართულად გეტყვი – ეძიე ქალი... რას უყურებ, შეუდექი საქმეს, – უთხრა რუსაძემ ქვარცხავას.
ბრილიანტების დედოფალი
ახალ, მთავარ ვერსიაზე მუშაობამ, ერთი მხრივ, საქმე გაუადვილა გამომძიებლებს, მეორე მხრივ კი, სამუშაო მოუმატა – შავი სამყაროს წევრთა კარტოთეკაში აღრიცხულ რვა ათას ქალში უშეცდომოდ უნდა მოეძებნათ ის ერთადერთი, ვინც უზბეკ ქალად ასაღებდა თავს. სინამდვილეში კი საუკუნის დანაშაულში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ბრილიანტის სამკაულების ძარცვაში მიიღო აქტიური მონაწილეობა. რუსაძემ და ქვარცხავამ განმეორებით დაჰკითხეს ბინის გამქირავებელი მოხუცი და დაადგინეს, რომ „უზბეკი ქალი“ 35-38 წლის ასაკის, შავგვრემანი, მწვანეთვალება ქალი იყო. ამასთანავე, გაიგეს უმნიშვნელოვანესი დეტალი, რაც დიდ დახმარებას გაუწევდა მათ დამნაშავის მოძებნაში. 73 წლის მოხუცმა რუსაძეს უთხრა: „შვილო, ერთხელ იმ უზბეკ ცოლ-ქმართან მივედი, რომ მომეკითხა და გამეგო, რამე ხომ არ სჭირდებოდათ. ოთახში რომ შევედი, ის ქალი მარტო, ხალათში დამხვდა. სულ სამიოდე წუთი დავყავი იქ და რომ ველაპარაკებოდი, უცებ ქალს მარცხენა მკერდი გამოუჩნდა და მასზე ყვავილისმსგავსი „ნაკოლკა“ (ტატუ) ჰქონდა...“
მოხუცის ინფორმაცია უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. ძებნილთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და მილიცია უკვე შავგვრემან, მწვანეთვალება, 35-40 წლის ქალს ეძებდა, რომელსაც მარცხენა ძუძუზე ყვავილის მსგავსი ტატუ ჰქონდა. გამომძიებელთა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა – ბოროტმოქმედთა კარტოთეკაში მსგავსი ტიპაჟი არ მოიძებნა. თუმცა, თაზო ქვარცხავამ უკვე ბოროტმოქმედთა ცოლების იდენტიფიკაციას მიჰყო ხელი და გაიგო, რომ ცნობილი „მედვეჟატნიკის“, უგზო-უკვლოდ დაკარგული ფილიპე გაგუას მეუღლე, მედეა – 38 წლის, შავგვრემანი, მწვანეთვალება ქალი იყო. მარცხენა მკერდზე კი ბრილიანტი ჰქონდა ამოსვირინგებული, რომელიც მოხუცმა ქალმა ყვავილს მიამსგავსა. მედიკო გაგუას „ბრილიანტების დედოფალსაც“ უწოდებდნენ. ქალი თბილისში მარტოდმარტო ცხოვრობდა და ახლოს არავის იკარებდა. თავდაპირველად, მილიციას მისი აყვანა უნდოდა, მაგრამ კოკა რუსაძემ „მურის“ უფროსს გადააფიქრებინა და ქალს ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაუწესეს. რუსაძეს ეჭვი ჰქონდა, რომ ძარცვაში ვითომ დაკარგული ფილიპე გაგუა მონაწილეობდა, რაც, საბოლოო ჯამში, გამართლდა. 1979 წლის 19 ივლისს, მოსკოვისა და თბილისის მილიციის სამმართველოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ვორონცოვზე, თავის ბინაში დააკავეს ცოლ-ქმარი, მედიკო და ფილიპე გაგუები. მათი ბინის ჩხრეკისას კი, 350 ათასი მანეთის ნაძარცვი ნივთებიც აღმოაჩინეს, რომელთა შორის ბრილიანტების სამკაულები ჭარბობდა. როგორც გაირკვა, ფილიპე გაგუა ტაშკენტში იმალებოდა და უზბეკური კვალიც მისი იდეა იყო. მანვე შეასრულა ძარცვის ტექნიკური მხარე, ხოლო გვირაბის გათხრაში მას ოთხი დამწყები ბოროტმოქმედი ეხმარებოდა, რომლებიც აგრეთვე დააპატიმრეს.
„ბრილიანტების დედოფლის“ აღმოჩენით, „მურის“ ქართველმა გამოძიებლებმა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ძარცვის საქმე გახსნეს, რის გამოც თაზო ქვარცხავა ავტომობილი „მოსკვიჩით“ დააჯილდოვეს.