კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეშმაკის ბილიკი #18

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-17(852)

 ფოსტიდან გამოსული გიგაური ისეთ აზარტში იყო, რომ დაღლილობას და შიმშილს ვერ გრძნობდა. მან საათს დახედა, რომელიც სამს უჩვენებდა. შემდეგ „პობედა“ აეროპორტისკენ გააქროლა და რომ მივიდა, თბილისი-ლენინგრადის ავიარეისების განრიგი დაათვალიერა. შემდეგ ჯავშნის სალაროში შეიხედა და მოლარეს უთხრა:
– ხუთისნახევრიან რეისზე ერთი ბილეთი გამომიწერეთ.
– თქვენი გვარი, – მკაცრად მიუგო წითელპომადიანმა, გაპრანჭულმა მოლარემ ზურაბს. მაიორმა კი უშიშროების წიგნაკის ყდა დაანახვა და უთხრა:
– უგვაროდ. სპეცჯავშანი მოხსენით და კოდი დააფიქსირეთ – ოცდაშვიდი.
„კაგებეს“ ყველა თანამშრომელს პირადი კოდი ჰქონდა და როდესაც მსგავს სიტუაციებში საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურდათ, კოდს აწერინებდნენ, რომ შემოწმების შემთხვევაში, უშიშროებას სცოდნოდა, ვინ ისარგებლა მათი სპეცჯავშნით.
– აი, ინებეთ, – მოღიმარმა მოლარემ ზურაბს ბილეთი გამოუწერა, მიაწოდა და მხოლოდ მას მერე ამოისუნთქა ღრმად, რაც კაგებეშნიკი თვალს მიეფარა.
ათიოდე წუთის შემდეგ მაიორი ზურაბ გიგაური უკვე ლენინგრადისკენ გასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავში იჯდა, რომ „საბჭოთა ვენეციაში“ ჩაფრენილიყო, ქალაქის მთავარი ფოსტამტის ნომერ მეოთხე მოლარე-ოპერატორი მოეძებნა და ირინე გავაშელისთვის ფულის გამომგზავნი ინკოგნიტოს კვალზე როგორმე გასულიყო.
თბილისიდან ხუთის ნახევარზე აფრენილი თვითმფრინავი, ორ საათსა და ორმოცდახუთ წუთში „პულკოვოს“ აეროპორტში დაეშვა. თბილისის დროით საღამოს შვიდის თხუთმეტი წუთი იყო. ადგილობრივით კი – ექვსის თხუთმეტი წუთი, რადგან ლენინგრადის დრო თბილისისას ერთი საათით ჩამორჩებოდა. აეროვაგზალში ზურაბმა საათი ერთი საათით უკან გადასწია. შემდეგ ტაქსი აიყვანა და ქალაქის მთავარი ფოსტამტისკენ გაემართა, რომელიც ნევის პროსპექტზე მდებარეობდა. მაიორი რომ ლენინგრადის მთავარი ფოსტამტის შენობაში შევიდა, ადგილობრივი დროით შვიდს აკლდა ათი წუთი. ზურაბმა დირექტორის კარზე დააკაკუნა. შემდეგ შეაღო და შუა ხნის მამაკაცს ჰკითხა:
– შეიძლება?
– ვინ ხართ? – კითხვითვე მიუგო ფოსტამტის „კურნოსა“ (ცვირპაჭუა) დირექტორმა, რომელიც ქაღალდებში იყო ჩაფლული და ახალგაზრდა კაცის სტუმრობა სრულებითაც არ ეპიტნავა.
მაიორი ოთახში შევიდა და კარი მიიხურა. კაბინეტის მასპინძელს „კაგებეს“ წიგნაკის ყდა უჩვენა და უთხრა:
– თქვენი დახმარება მჭირდება.
უშიშროების თანამშრომლის პირადობის მოწმობის ყდამ ფოსტამტის დირექტორში მოულოდნელი მეტამორფოზა გამოიწვია. ის სავარძლიდან წამოფრინდა, ახალმოსულს გაუღიმა, სკამზე დაჯდომა შესთავაზა და უტკბილესად ჰკითხა:
– რით შემიძლია, გემსახუროთ?
მაიორს გულში გაეცინა და დირექტორს ჰკითხა:
– ივან მოისეევიჩი ხართ, ხომ?
– დიახ, დიახ, სწორედ ასეა, – მიუგო სახეგაბადრულმა დირექტორმა მაიორს. ზურაბმა კი უთხრა:
– ივან მოისეევიჩ, თუ არ ვცდები, თქვენს ყველა მოლარე-ოპერატორს პირადი ნომერი აქვს, რომელიც არ იცვლება, ასეა?
– არა, არ ცდებით. ნამდვილად მასეა. ნომრის მფლობელი მხოლოდ მაშინ იცვლება, როცა ძველი თანამშრომელი რაიმე მიზეზის გამო სამსახურიდან მიდის, – უთხრა დირექტორმა გიგაურს.
– ივან მოისეევიჩ, თქვენი ნომერ მეოთხე მოლარე-ოპერატორის ვინაობა მაინტერესებს.
– ეკატერინა ვოვსი, – მიუგო დირექტორმა გიგაურს.
– რამდენი ხანია, რაც თქვენთან მუშაობს?
– მეოთხე წელია.
– ახლა აქაა?
– დიახ. რვამდე მუშაობს.
– მისი ნახვა და გასაუბრება მინდა და შეგიძლიათ, დამეხმაროთ?
– რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა. ახლავე დავაძახებინებ, – მიუგო დირექტორმა გიგაურს. შემდეგ შიდა ტელეფონზე დარეკა და თქვა:
– ვარენკა, კატია ვოვსს უთხარი, ჩემთან ამოვიდეს სასწრაფოდ, შენ კი დროებით შეცვალე.
ხუთიოდე წუთის შემდეგ ოცდახუთიოდე წლის საშუალო სიმაღლის, წაბლისფერთმიანი, ჩასუქებული გოგონა ფოსტამტის დირექტორის კაბინეტში შევიდა. ზურაბს მიესალმა, დირექტორს კი ჰკითხა:
– მეძახდით, ივან მოისეევიჩ?
დირექტორმა ზურაბისკენ გაიშვირა ხელი და მიუგო:
– კატინკა, ამ ამხანაგს შენთან გასაუბრება სურს და მოუსმინე. მე კი, თქვენის ნებართვით, – დირექტორმა გიგაურს გაუღიმა, – დროებით დაგტოვებთ.
ფოსტამტის დირექტორი კაბინეტიდან გავიდა. ზურაბმა გოგონას გაუღიმა და უთხრა:
– დაბრძანდით, ეკატერინა, გთხოვთ.
გოგონა სკამზე დაეშვა. ზურაბს უხერხულად გაუღიმა და ჰკითხა:
– გისმენთ. რა საქმე გაქვთ ჩემთან?
– მე უშიშროების თანამშრომელი ვარ და ზურაბი მქვია, – გაუღიმა გიგაურმა ვოვსს.
– უშიშროების? – გაიმეორა გოგონამ.
– დიახ, მაგრამ ნუ გეშინიათ. თქვენი დახმარება მჭირდება.
– არ მეშინია. გისმენთ, ამხანაგო ზურაბ. რით შემიძლია, დაგეხმაროთ?
– შეიძლება, კატიათი მოგმართოთ?
– შეიძლება.
– კატია, დღის განმავლობაში, ალბათ, უამრავ ადამიანს ემსახურებით. წლის განმავლობაში კი ათასებს. შეუძლებელი თუ არა, ალბათ, ძალიან რთული იქნება, კონკრეტული მათგანის გახსენება, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, დაძაბოთ მეხსიერება და იქნებ გაიხსენოთ, აი, ამ გზავნილების ავტორი ან ავტორები? – გიგაურმა ვოვსს ირინე გავაშელთან ინკოგნიტოდ გაგზავნილი 500-500 მანეთის ქვითრები დაუდო წინ და დააყოლა, – ორივე ოპერაციის დროს  თქვენ მუშაობდით და იქნებ გახსოვდეთ?
ვოვსმა ყურადღებით დაათვალიერა ორივე ქვითარი და მაიორს უთხრა:
 – თქვენ, ალბათ, ამ ინკოგნიტო გამომგზავნელის აღწერილობა გაინტერესებთ. ორივე ხუთასი მანეთი ინკოგნიტო გზავნილია.
– დიახ.
– თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო მახსოვს იმ ინკოგნიტო გამომგზავნელის გარეგნობა, არამედ, შემიძლია, მისი ვინაობაც კი დაგისახელოთ.
გიგაური ასეთ პასუხს არ მოელოდა და გულმა ბაგაბუგი აუტეხა, მაგრამ თავი მოთოკა და გოგონას უთხრა:
– ვინაა ის ინკოგნიტო გამომგზავნელი?
– რიტა სმირნოვა, – თქვა ეკატერინა ვოვსმა.
– რიტა სმირნოვა, – გაიმეორა ზურაბმა და გოგონას ჰკითხა:
– საიდან იცნობთ მას?
– არც მე ვიცნობ მას და არც ის მიცნობს მე, – გაეღიმა გოგონას, – ჩემი დისშვილი ვოვაჩკა მხატვრული დრამწრის მსახიობია და ერთი თვის წინ, სპექტაკლი ჰქონდა, რომელსაც მეც დავესწარი. სწორედ იქ ვნახე ეგ რიტა სმირნოვა, რომელიც თურმე, თავისი შვილის, ვიქტორის თამაშის სანახავად იყო მოსული. იცით, ხუთას-ხუთას მანეთს ყოველდღე ინკოგნიტოდ არავინ აგზავნის და ასეთი ადამიანები ძალაუნებურად  გამახსოვრდება. სპექტაკლის შემდეგ მსახიობი ბავშვების მშობლები ერთად შეიკრიბნენ და ერთმანეთს წარმატებას ულოცავდნენ. სახლში რომ წამოვედით, მაშინ ვკითხე ჩემს დას იმ ქალზე, – ვინ არის-მეთქი.
– რიტა სმირნოვა, ვიქტორ სმირნოვის, აი, მეფეს რომ თამაშობდა, იმ ბავშვის დედა. რატომ მეკითხები? – მითხრა ჩემმა დამ.
– ერთ ნაცნობს მივამსგავსე, – მივუგე ჩემს დას და ეს საუბარი ამით მორჩა, მე კი მისი ვინაობა დავიმახსოვრე.
– იმ რიტა სმირნოვამ თუ გიცნოთ სპექტაკლზე? – ჰკითხა ზურაბმა გოგონას.
– არც დავუნახივარ და რომც დავენახე, ვფიქრობ, ვერ მიცნობდა.
– რატომ გგონიათ ასე?
– იმიტომ, ამხანაგო ზურაბ, რომ, როდესაც ინკოგნიტო გზავნილებს აკეთებდა, ცდილობდა, ჩემთვის არ შეეხედა და სახეც დაემალა, – თქვა ეკატერინა ვოვსმა.
– გასაგებია, – თქვა ზურაბმა და პაუზის შემდეგ გოგონას ჰკითხა:
– მას მერე იმ ქალს არსად შეხვედრიხართ?
– არა, – მტკიცედ თქვა ვოვსმა და დააყოლა, – მე ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს და სადმე რომ მომეკრა თვალი, აუცილებლად ვიცნობდი. არსად შემხვედრია ნამდვილად.
– კატია, თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ და ამისთვის დიდი მადლობელი ვარ. შეიძლება, კიდევ დამჭირდეთ და თქვენი მისამართი ჩამაწერინეთ, – უთხრა მაიორმა მოლარე-ოპერატორ გოგონას.
ვოვსმა ზურაბს თავისი ბინის მისამართი ჩააწერინა და უთხრა:
– მოხარული ვარ, რომ დაგეხმარეთ და შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს შემეხმიანოთ, თუ დაგჭირდებით და არაფერზე დაგზარდებით.
– გმადლობთ, კატია, აუცილებლად, – უთხრა გიგაურმა ვოვსს და დააყოლა, – და, კიდევ ერთი, კატია, ჩვენი საუბრის შინაარსის შესახებ არავინ უნდა შეიტყოს.
– გასაგებია, – გაუღიმა გოგონამ ზურაბს, – ალბათ, არც ივან მოისეევიჩმა, ხომ?
– დიახ, არც ივან მოისეევიჩმა. შევთანხმდით?
– შევთანხმდით, – მიუგო გოგონამ მაიორს და ჩამოსართმევად გაუწოდა ხელი. გიგაური ეკატერინა ვოვსს ხელზე ემთხვია, გაუღიმა და უთხრა:
– აბა, ნახვამდის, კატინკა. შეხვედრამდე. დიდ მადლობას გიხდით დახმარებისთვის.
– ნახვამდის, ამხანაგო ზურაბ, შეხვედრამდე, – ეკატერინა ვოვსმა ღიმილიანი მზერა გააყოლა მაიორს, რომელმაც კარი მიიხურა და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს.
მიუხედავად იმისა, რომ ზურაბს ერთი ლუკმაც არ ჩაედო პირში და ჭიქა წყალიც კი არ ჰქონდა დალეული, არც შიმშილი აწუხებდა და არც წყურვილი. უშიშროების ახალგაზრდა მაიორი მონადირის აზარტს ჰყავდა შეპყრობილი და კვალზე გასული მაძებარი ძაღლივით მიიწევდა მიზნისკენ. ფოსტამტის შენობიდან რომ გამოვიდა, ადგილობრივი დროით საღამოს რვის ნახევარი სრულდებოდა. მან ტაქსი გააჩერა და ლენინგრადის „კაგებეს“ მთავარ სამმართველოსკენ გაემართა. შენობაში რომ შევიდა, მორიგე ოფიცერი იხმო და უთხრა:
– სამმართველოს უფროსთან დამაკავშირეთ. მოახსენეთ, ნულ ოცდაშვიდს აქვს თქვენთან მოხსენებაო.
სამიოდე წუთში მაიორი გიგაური უკვე გენერალს ესაუბრებოდა, რომელსაც თავი წარუდგინა და უთხრა:
– დახმარება მჭირდება ერთი-ერთი მოქალაქის სასწრაფოდ მოსაძებნად. ოპერაციას ცენტრალური აპარატის ეგიდით ვატარებ და მას პირადად გენერალ-მაიორი იური პავლოვი კურირებს.
საბჭოთა კონტრდაზვერვის უფროსის სახელის გაგონებაზე ლენინგრადის უშიშროების უფროსს მეტი აღარაფერი უკითხავს ზურაბისთვის და უთხრა:
– ახლავე ვეტყვი, რომ ჩემი ადიუტანტი გამოგაყოლონ. სამიოდე წუთში ჩამოვა და დაელოდეთ.
ათიოდე წუთის შემდეგ მაიორმა ზურაბ გიგაურმა რიტა სმირნოვას დოსიეს კითხვა დაიწყო და მისი საცხოვრებელი მისამართიც შეიტყო. ოცდაათიოდე წლის ქალი ტანვარჯიშის მწვრთნელი იყო. ქმარს სამი წლის წინ გასცილდა და ჰყავდა ერთადერთი ვაჟი – თოთხმეტი წლის ვიქტორი. სწორედ ის ბიჭი, რომელიც ეკატერინა ვოვსის მონათხრობის მიხედვით, მეფის როლს ასრულებდა საბავშვო სპექტაკლში. რიტა სმირნოვას ქალიშვილობის გვარი ნემცოვა იყო. მისი ყოვილი მეუღლე ფიზიკოსი გახლდათ და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. თავად რიტას დოსიეში კი ეწერა, – მეუღლის მერე მუდმივი პარტნიორი არ ჰყავსო...
გიგაურმა დოსიე გვერდზე გადადო და საათს დახედა, საღამოს ცხრას უჩვენებდა. შემდეგ კვლავ სამმართველოს უფროსს დაურეკა და უთხრა:
– ამხანაგო გენერალო, სასწრაფოდ მჭირდება სრულყოფილი ინფორმაცია რიტა სმირნოვას შესახებ დღევანდელი მდგომარეობით. შეგიძლიათ, რომ საამისოდ ხალხი მომცეთ?
– პოლკოვნიკ ზაიცევს გამოგიგზავნით, – მიუგო გენერალმა.
სტეპან ზაიცევი ათიოდე წუთის შემდეგ უკვე გიგაურთან იყო და მისი თხოვნა რომ მოისმინა, უთხრა:
– ორიოდე საათის შემდეგ, ჩემს ბიჭებს უკვე ამომწურავი ინფორმაცია ექნებათ მაგ რიტა სმირნოვაზე. ყველაფერს წერილობით მოგაწვდით ბეჭდვითი ფორმით.
ზურაბმა საათს დახედა და ზაიცევს უთხრა:
– ესე იგი თერთმეტისთვის?
– ზუსტად თორმეტის ნახევარზე.
– კეთილი. აქ დაგელოდებით, – უთხრა ზურაბმა პოლკოვნიკს და ოთახიდან გაისტუმრა.
მხოლოდ ზაიცევის წასვლის შემდეგ იგრძნო გიგაურმა, რომ ძალიან დაღლილი იყო და მაწანწალა ძაღლივით შიოდა. მაიორმა დახურულ, უფანჯრებო ოთახს მზერა მოავლო და გაიფიქრა: „ვახშამს აქ არავინ მომიტანს. ზაიცევის დაბრუნებამდე კი ცოტა თვალს მოვატყუებ“. ზურაბმა თავი მაგიდაზე დადო და ის ის იყო, უნდა დაეძინა, რომ ოთახში ახალგაზრდა კაპიტანი შემოვიდა და გიგაურს უთხრა:
– ამხანაგო მაიორო, გენერალმა გამომგზავნა და მიბრძანა, გავახშმოთ და პოლკოვნიკ ზაიცევის მოსვლამდე დაგაძინოთ. წამობრძანდით.
ზურაბი კაპიტანს უკან გაჰყვა. მათ ჯერ დერეფანი გაიარეს, შემდეგ ლიფტით ქვევით დაეშვნენ და ხუთიოდე წუთის მერე, ერთ პატარა, უფანჯრებო ოთახში შევიდნენ. იქ რბილი ლოგინი იყო გაშლილი სუფთა თეთრეულით. მაგიდაზე კი ცხელი ვახშამი იდგა. კაპიტანმა გიგაურს უთხრა:
– ივახშმეთ და მოისვენეთ, ხოლო ზაიცევი რომ მოვა, თავადვე გაგაღვიძებთ.
– გმადლობთ, კაპიტანო, – მიუგო ზურაბმა კაპიტანს.
კაპიტანი რომ წავიდა, გიგაურმა მადიანად ივახშმა. შემდეგ ტანთ გაიძრო, საწოლში ჩაწვა და მაშინვე ჩაეძინა.
***
ზურაბ გიგაური პოლკოვნიკმა ზაიცევმა გააღვიძა. მაიორი სწრაფად წამოდგა და ჩაიცვა. შემდეგ საათს დახედა, ზუსტად შუაღამეს უჩვენებდა და ახალმოსულს მიაჩერდა. პოლკოვნიკმა დაპირებისამებრ, ზურაბს ნაბეჭდი ფურცლები გაუწოდა და უთხრა:
– დანაპირებ დროს ნახევარი საათით გადავაცილეთ, ბოდიშს გიხდით. აი, გაეცანით ამას. აქ ყველაფერია რიტა სმირნოვას ამჟამინდელ ცხოვრებაზე. ჩემმა ბიჭებმა საფუძვლიანად იმუშავეს და აქ ამომწურავი ინფორმაციაა.
კონტრმზვერავების მიერ მოპოვებულ ინფორმაციებში რიტა სმირნოვას ლამის თითოეული ამოსუნთქვა იყო დაფიქსირებული. თუმცა გიგაურმა იქ ისეთი ვერაფერი აღმოაჩინა, რომელიც ქალის ვარლამ კოვზირიძესთან კავშირზე მიუთითებდა. კონტრდაზვერვის ინფორმაციებით, ისევე, როგორც სმირნოვას დოსიე, ქალის კეთილსაიმედოობასა და მორალურ გაწონასწორებულობაზე მეტყველებდა. ზურაბმა ერთი საათი უკირკიტა ნაბეჭდ ფურცლებს. ბოლოს კი გაიფიქრა: „დღეს უკვე გვიანია. ხვალ კი პირადად შევხვდები რიტა სმირნოვას და ყველაფერს გავარკვევ“. მაიორმა მორიგე კაპიტანი გამოიძახა და რომ გაიგო, ღამით იმ ოთახში დარჩენა შეიძლებოდა, კაპიტანს უთხრა:
– ალბათ, მაინც თავად შევძლებ, მაგრამ თუ არ გამეღვიძა, იქნებ რვაზე გამაღვიძოთ?
– ზუსტად რვაზე გაგაღვიძებთ, ამხანაგო მაიორო და საუზმესაც მოგართმევთ. ღამე მშვიდობისა!
– ღამე მშვიდობისა! – მიუგო გიგაურმა მორიგეს და კაპიტანი რომ წავიდა, საწოლში დაწვა და კვლავ მაშინვე ჩაეძინა.
მეორე დილით გიგაურს თავად გაეღვიძა, შხაპი მიიღო, შემდეგ კაპიტანი გამოიძახა და უთხრა:
– ათ საათზე უნდა გავიდე.
– კარგი. გაგაცილებთ. მანამდე კი ისაუზმეთ.
მაიორმა ისაუზმა, შემდეგ კი თავი მოიწესრიგა და  ლენინგრადის „კაგებეს“ მთავარი სამმართველოს შენობიდან გამოსვლას აპირებდა, რომ გიგაურს გენერალმა დაურეკა და უთხრა:
– თუკი რამე დაგჭირდეთ, დამიკავშირდით და დაგეხმარებით. აბა, წარმატებებს გისურვებთ!
ზურაბმა ასიოდე მეტრი ფეხით გაიარა, შემდეგ ტაქსი გააჩერა და რიტა სმირნოვასთან შესახვედრად გაემართა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3