№18 ქმრის ძმაკაცი მაშანტაჟებს, შეხვედრებსა და საყვარლობას მთხოვს #18
ინტიმური საუბრები
რომ ამბობენ, ქალია ყველაფრის სათავე და თუ მან არ გამოიწვია, კაცი ისე ვერაფერს გაუბედავსო, ტყუილია. არასდროს გავპრანჭულვარ და გამომიწვევია მამაკაცები, მით უმეტეს, ქმრის ძმაკაცი. თუმცა, მისგან ნამდვილი ზეწოლის ქვეშ ვარ. არ მინდა, ეს ამბავი ჩემმა ქმარმა და ოჯახმა გაიგოს, თორემ ვიცი, იმასაც მოკლავს და მეც ზედ დამაკლავს, მიუხედავად იმისა, რომ მე არაფერ შუაში ვარ. მოკლედ, ირაკლი, ჩემი ქმრის ძმაკაცი, ხშირად მოდიოდა ჩვენთან სახლში. მის ოჯახთან და ცოლთანაც ახლოს ვარ და ხშირად ვიკრიბებით. ვერ ვხვდები, რა დაინახა ჩემში, რომ ასე გადაირია. ერთხელ, ცოლთან ერთად იყო სტუმრად მოსული. მისაღებში სუფრა გავშალე და ჭიქების გამოსატანად სამზარეულოში რომ გავედი, გამომყვა, ვითომ წყლის დასალევად. მეცა და ტუჩებში მაკოცა. შევცბი, გავწითლდი, ხმა ვერ ამოვიღე. ან რა უნდა მეთქვა? მთელი საღამო გაოგნებული ვიჯექი მაგიდასთან. თავად არაფერს იმჩნევდა, ხალისობდა, ხუმრობდა, ყვებოდა ათას ისტორიას და იცინოდა. გიორგიმ, ჩემმა მეუღლემ კი მკითხა: რა გჭირს, უხასიათოდ რატომ ხარ, რამე ხომ არ გაწუხებსო. მოკლედ, იმ დღის შემდეგ დაიწყო ირაკლიმ ჩემი შანტაჟი. როგორც კი დაიგულებს ქმარი სახლში არ არის, მირეკავს და შეხვედრას მთხოვს. მეუბნება, გახდი ჩემი საყვარელი, ვერავინ ვერაფერს გაიგებს და ვეცდები, ნამდვილი მამაკაცი გაგრძნობინოო. ვერ ვხვდები, გიორგიში არამამაკაცური რა დაინახა, ან ჩვენს ურთიერთობას რა შეამჩნია ისეთი, რომ სხვა კაცისკენ გავიხედავ. ერთი პერიოდი, ვიფიქრე, ვეტყვი გიორგის-მეთქი, მაგრამ შემეშინდა. თან, ვიფიქრე, როგორც ყველა კაცი, ესეც მე მომდებს შარს და მეტყვის, შენი ბრალი იქნება, აბა, ისე თავს უფლებას არ მისცემდაო. მოკლედ, სკანდალს ვერიდები და თან, გამოუვალ სიტუაციაში ვარ. ბოლოს რომ იყვნენ მოსულები ირაკლი და მისი ცოლი, შემოგვთავაზეს, ამ ზაფხულს ჩვენს „დაჩაზე” ავიდეთ და იქ დავისვენოთო. გიორგიც დასთანხმდა. მე მაინც არ მაქვს შვებულება. ნინი და თქვენ კი, წადით და დაისვენეთო. გამცრა, მივხვდი, რასაც უმიზნებდა ვაჟბატონი და თან, თავის ძმაკაცს როგორ უგებდა მახეს ჩემი სახით. მაგრამ, ესეც ჩავყლაპე. ბოლო-ბოლო, მოვიმიზეზებ რამეს და არ წავალ, მაგრამ ეს ამით ხომ არ დასრულდება? ისეთ მზერებს მაყოლებს და ისე დაჟინებით მიყურებს, მიკვირს, როგორ ვერ ამჩნევს ამას ჩემი ქმარი. ალბათ, ვერ წარმოუდგენია, საუკეთესო ძმაკაცი თუ მის ცოლს ეარშიყება. ხან რით შევაშინე, ხან რა ვუთხარი, მაგრამ მაინც არ იშლის თავისას. ვერ ვხვდები, ქალები დაილია, ძმაკაცის ცოლის საყვარლობა რომ არ მოინდომოს? მისი ცოლი კი, იმდენად მიამიტი და კარგი გოგოა, ქმარზე აფანატებს. არაერთხელ უთქვამს, გამიმართლა, ასეთი ქმარი რომ მყავს, ნამდვილი ბედის საჩუქარიაო. ხანდახან მინდა, პირში მივახალო, რა საზიზღარი ქმარიც ჰყავს, მაგრამ მეცოდება და თან, მეშინია. სხვას რომ ეთქვა, მართლა არ დავიჯერებდი ირაკლიზე მსგავს რამეს. მაგრამ, ფაქტია, მაწუხებს, არ მეშვება და მგონი, ისე იზამს, საკუთარ ცხოვრებასაც დაინგრევს და მეც გამაუბედურებს.
ნინი, 26 წლის.