კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყირამალა საყვარლები #18

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

 გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-17(852)

ისტორია მეთხუთმეტე
ეძებე ქალი
(მოქმედი პირები: ზურა
 ლანა, ლაშა და ეკა)
– ქეთას არ ჰკითხე?
– რა უნდა მეკითხა?! სად დამალე საყვარელი-მეთქი?!
– კაი, რა ეგრევე საყვარელი.
– აბა, ბავშვობის მეგობარი?!
– არ ვიცი, მარა იმ დაცვას ეშლება იქნება.
– კაროჩე, არ ვიცი. ვიცი, რომ რაღაც არ მომწონს და ცოცხალი ვერ გადამირჩება. ისევ იმ წუმპეში ვუკრავ თავს, საიდანაც ამოვათრიე!!!
– რას აპირებ?
– რას ვაპირებ და დეტექტივს დავიქირავებ და გველივით გავუჭეჭყავ თავს, თუ რამე. დაგეწვა ხელი, ჩააფერფლე, შეჩემა, –  მე ჩემი გამჭირვებოდა და სულ დამავიწყდა, რომ ხელში სიგარეტი მეჭირა. ჩავაფერფლე და შევეცადე, მშვიდი გამომეტყველება მიმეღო. ისიც კი ვიფიქრე, ვეტყვი, როგორც იყო-მეთქი, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე. ლაშა ის კაცი არ იყო, ბოლომდე მოესმინა და სწორიც იქნებოდა. ეგრევე უნდა გავსულიყავი წუხელ, მოვიდა თუ არა. მაგარი უტრაკო ვარ, მაგრამ ხმამაღლა ეს ვთქვი: დეტექტივი ღირს ვითომ?
– ღირს?! აბა, თუ რქიანი ვარ და არ ვიცი, შემომაკვდება! შენ რამე ხომ არ შეგიმჩნევია?
–  რა უნდა შემემჩნია…
– რა ვიცი, მაგრამ ამასხა. მოკლედ, შენც დააკვირდი, რა.
– კაი, ძმა. სულ ეგ იყო?
– ჰოოო. ლანა ამოვიდეს. მაგასთან არაფერი წამოგცდეს, ისედაც ვერ იტანს ქეთას. არ იმჩნევს, მაგრამ მოხარშულს ვიცნობ, ქეთაზე ალერგია აქვს.
– რა უნდა წამომცდეს?!
***
ლანა მარტო არ ამოსულა, ეკაც ამოიყოლა.
– ეს ეკაა, ჩვენი მეზობელი. ეს ლაშაა, ლანას ძმა, –  ახლაღა მივხვდი, რომ ეკა და ლაშა არ იცნობდნენ ერთმანეთს.
– ვაჰ, ეს ვარდი ქმარმა მოგართვა? –  ეკა ვარდისკენ დაიხარა.
– მართლა, ვაა, შენ რომანტიკოსი გახდი, სიძე! –  აჰყვა ლაშაც.
– გეყოფათ ახლა, –  ჩემთვის უხერხული სიტუაცია ისევ ლანამ განმუხტა.
–  წუხელ დიდი ჩხუბი ყოფილა და ეკას ეგონა, მე ვჩხუბობდი, გაიცინა და ახლა უკვე მე მკითხა: ხომ გეჩქარებოდა, გადაიფიქრე?
– არა, მაინც დამაგვიანდა და მერე წავალ, –  ლაშა ისე იყო გართული თავის ფიქრებში, რომ არც კი უკითხავს, სად მეჩქარებოდა.
– ჩვენ სამზარეულოში გავალთ. თქვენ ილაპარაკეთ.
– არა, დარჩით თქვენც, –  იუარა ლაშამ და უცებ მივხვდი, რომ ეკას უცნაურად უყურებდა. ისე, ეკა თვითონაც უცნაურია და ქეთას სრული ანტიპოდი. ასე რომ, ლაშასთვის ახლა ეკასნაირი ქალი მისწრება იქნებოდა.
– მე და ეკა ვაპირებთ, გავაკეთოთ სახის კრემი… –  საზეიმოდ წარმოთქვა ლანამ.
– რა უნდა გააკეთოთ?! შენი ქმარი გაძუნწდა?! ბიჭო, დას მიჩაგრავ?
– არა, ეკამ მითხრა, ვცადოთო. გავერთობით, –  ლანამ ეკას დაგახედა.
– ბებიაჩემი მიმზადებდა ხოლმე სახის კრემებს. მეხვეწებოდა, გასწავლიო და მე თავიდან ვიშორებდი. დღეს ბაბუაჩემის გარდაცვალების დღეა და… –  დაბალ ხმაზე თქვა ეკამ.
– და ბაბუის გარდაცვალების დღეს ბებიას რატომ იგონებთ? –  უცებ იკითხა ლაშამ.
– ოო, ეს დიდი ისტორიაა და ტრაგიკული. სხვა დროს მოგიყვებით. ბაბუაჩემი საოცარი კაცი იყო, ჰქონდა ბევრი ფული, მოსწონდა ქალები, იყო დაუჯერებლად ხელგაშლილი, უყვარდა ყველას, ჰქონდა ყველაფერი და ამავე დროს არ ჰქონდა არაფერი და იყო საოცრად უბედური.
– და ბებია რას ამბობდა ბაბუის ქალებზე? –  ისევ იკითხა ლაშამ.
– გაყრილები იყვნენ. ასე რომ, არც არაფერს ამბობდა.
– ვაა, გაყრილები მაშინ?! –  ლაშა იმდენს ლაპარაკობდა, ვერ ვცნობდი.
– გაყრა დანაშაულია?! –  ეკამ ცალი წარბი აწია.
– არა, რატომ არის დანაშაული, უბრალოდ, გამიკვირდა. ბაბუის სურათი გაქვთ?
მე და ლანამ, გაკვირვებულებმა, ერთდროულად შევხედეთ ლაშას.
– ბაბუის სურათი არ მექნება?!
– მაჩვენებთ?! ბებიის სურათიც მაინტერესებს.
აქ უკვე ეკაც დაიბნა მოულოდნელობისგან, –  გაჩვენებთ. ახლა გნებავთ?
– დიახ, თუ არ შეწუხდებით.
ლაშა და ეკა რომ გავიდნენ, მე და ლანა ისევ ერთმანეთს ვუყურებდით. ტელეფონის ხმამ გამოგვაფხიზლა: ლაშას ტელეფონი დარჩენოდა. ქეთა ურეკავდა… 

ისტორია მეთექვსმეტე
მოულოდნელი სანათესაო
(მოქმედი პირები: თეო, ლევანო და ბაგრატიჩი)
–  ესე იგი, ვიცნობ? თუმცა, ვისაც მეგონა გიცნობდით, საერთოდ არ მცნობიხართ და რაღა უნდა გამიკვირდეს... და ბებიამ იცის?
–  აკი გითხარი, ამაზე ყველაფერი ვუამბე. იცის, მაგრამ მითხრა, საკმარისია, რაც ვიცი, მეტი არაფერი მაინტერესებს და არც არაფერი გამაგებინოო. ამიტომ არც სახელი უკითხავს და არც ამბით დაინტერესებულა. საერთოდ ამ თემაზე მას მერე არასდროს დაგვიძრავს კრინტი.
–  არც ერთხელ?!
–  არც ერთხელ...
 –  გადამრევს მე ეს ქალი!
 –  მეც... –  ჩაგვერია საუბარში ლევანოც, რომლის არსებობაც საერთოდ გადამავიწყდა.
–  შენ რა ხმას იღებ - გამოყო კუმ ფეხი! და საერთოდ, ახლა შენთვის და შენი შალავასთვის არ მცალია, ხომ ხედავ! აახვიე, თუ ძმა ხარ და ცოლს გაუფრთხილდი! ირა ბებიაჩემი ნანული არ გეგონოს და არც მე დაგინდობ, აკი დაგპირდი!
–  რა იყო, მაგდებ? –  საწყალი ხმით მითხრა ლევანომ.
–  კი, და თან, სასწრაფოდ! –  ვუპასუხე მტკიცედ.
–  ბაბუ, რა დაგემართა? სტუმარი სახლიდან დაითხოვო, გაუგონარი საქციელია!
–  კაი რა, ბაგრატიჩ! გაუგონარი გამაგონე აგერ და მაცადე, გთხოვ - სანამ არ დაგკითხავ დაწვრილებით, რა მომასვენებს და უცხო ყურებს რაც ესმათ, ისიც ზედმეტია!
ლევანომ დანანებით ამოთქვა: წავალ მე, ბატონო სანდრო! მიყვარს თქვენთან საუიბარი და ბევრს ვსწავლობდი და ვსწავლობ თქვენგან...
–  განსაკუთრებულად დღეს ისწავლიდი, ვატყობ მე! –  არ დავინდე მე.
–  თეო, მე რას მერჩი? ეგ შენი ნათესავი მე კი არ გაგიჩალიჩე, მართლა და მართლა?!
–  წადი, შე აბდალა და მოვიცლი მე შენთვის! ჩემს მეგობარს თბილი და ტკბილი სული დაჰბერე, თორემ იცი, იმედია, რასაც დაგპირდი - აგისრულებ! ნანულის შვილიშვილი ვარ, ბოლო-ბოლო...
ვაჰ, ძლივს არ გავტენე სახლიდან!
–  აბა, ბაბუ, დაჯდა და დაფქვა!
–  გოგონა, რანაირად მეტყველებ! ქართულია ახლა ეს? თუ გაბრაზდი და იმიტომ მეუბნები ასე ოჩოქურთულად?
–  ბაგრატიჩ! სანდრო ბატონო! უმორჩილესად გეაჯებით - დამდეთ პატივი და თქვენი ბულბულისებრი ქართულით ამოშაქრეთ, ვინ, სად, რა და რატომ. ასე უკეთესია? ადამიანო, გადამრიე და ახლა ითხოვ დალაგებულ საუბარს? მოყევი დანარჩენიც და ბარემ მოვწევ კიდევ ერთ ღერს. არაფერი მითხრა! აქამდე შენი თანდასწრებით არ ვეწეოდი! საერთოდაც, არ ვეწევი, თუ არავინ მანერვიანებს!
–  კარგი, დამნაშავე ვარ! გასაგებია, მაგრამ თავს ამის გამო ნუ მოიშხამავ, ბაბუ! მე კიდევ, რა გითხრა! ტკივილიც ბევრი იყო და სიხარულიც ამ სიყვარულში. ორივე ერთნაირად მახსოვს და რომ შემძლებოდა, ამ გზას საჩემოდ არ დავიჩემებდი.
–  დაგაძალა ვინმემ თუ?
–  თეო, რა იცი შენ სიყვარულის? მით უფრო, აკრძალული სიყვარულის?!
–  რა ვიცი, მე, მე არაფერი ვიცი...
ბაგრატიჩმა ამოიოხრა და განაგრძო: ჰოდა, ნუ განსჯი! საერთოდაც, რას გაუგებ სხვის ტკივილსა და გრძნობას! ეს ბებიაშენმა ზუსტად იცის! ბრძენი ქალია და ისწავლო მისგან უნდა. როცა გიყვარს, საკუთარ თავს არ ეკუთვნი. არ გახსოვს, რა არის სწორი და რა მრუდე. ვერ მართავ სურვილებს, ფიქრებს, საქციელს. და როცა ეს სიყვარული მოულოდნელი მეწყერივით დაგატყდება, როცა მანამდე ბედნიერი და მშვიდი იყავი, როცა არც არაფერი გეთმობა, რაც გაგაჩნია და ახალი ყველაფერს ყირამალა აყენებს... აი, მაშინ იწყება თავდავიწყება!
- პოეტი ხარ, მოკლედ...
- არა, იღბლიანი კაცი ვარ მე და თან, ძალიან უბედური! ორ ისეთ ქალს შემახვედრა ბედმა, ბევრს ასეთის ერთის გაცნობაც არ ღირსებია. მე ორივეს თავდავიწყებით ვუყვარდი და ორივემ დიდი სიხარული განმაცდევინა...
- და შენ ორივეს ატკინე... როგორც ყველა კაცმა! არადა, მეგონა, განსხვავებული იყავი! მეგონა, არასდროს გააკეთებდი ისეთ რამეს, რაც სხვას დააზიანებდა. რამდენი რამე მეგონა, ხომ?
- ბაბუ, გამიგებდი მეგონა. რატომ არ გინდა, მომისმინო...
- გისმენ, აბა, რასაა რომ ვაკეთებ... დაიცა, ვუპასუხებ ტელეფონს...
- კი... არა... არა-მეთქი! მერე აგიხსნი! ახლა არ მცალია, არც საღამოს მეცლება! არაფერი ისეთი - ოჯახური ამბებია! კარგი, დაგირეკავ. კარგი - არ დაგირეკავ... - გააგრძელე ბაბუ, ეს სამსახურიდან დამირეკეს...
- სამსახურიდან? კვირა დღეს? და ასე აბარებ ანგარიშს კოლეგებს? რა ვიცი, ჩემ დროს არ ვურეკავდით კვირაობით ერთმანეთს...
- ბაბუ, თემის შეცვლა თუ გინდა, არ ვიცი და ჩემი თანამშრომელია! ხოლო საქმემ კვირა და ორშაბათი არ ისიც, აი სიყვარულივითაა - უნდა და გირეკავს, საჭიროა და უნდა მიხედო! მერე, რა მოხდა მერე?
- მერე, მერე იმას შვილი ეყოლა. წასვლას რომ ვგეგმავდი - ფეხმძიმედ იყო. დედაშენი სამი წლის იყო, ბიძაშენი ექვსის. მესამეც გოგო მყავდა. გვარი მივეცი.  დედაჩემის სახელი, დარიკო დავარქვით.
- დიდი დარიკოც გარიეთ ამ ბნელ საქმეში?
– დარიკო ისე გაიზარდა, ჩემთვის მამა არ დაუძახია. ასე რომ, არ გინდა, თეო. მე ჩემი მყოფნის.
– რატომ არ დაუძახია? არ ნახულობდი?
– ვნახულობდი. თვეში ერთხელ. ფული მიმქონდა, რაც საჭირო იყო ყველაფერი. მაგრამ დედამისმა არ ინდომა, რომ დარიკოს სცოდნოდა, მე ვინ ვიყავი. მერე უთხრა, მამაშენი მეშახტე იყო და დაიღუპაო. მე მითხრა - შენ ჩემთვის იმ დღეს დაიღუპე, როცა ჩემზე და დარიკოზე უარი თქვიო. შავები ჩაიცვა და არც გაუხდია, სანამ არ გარდაიცვალა. ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. სიმსივნე აღმოაჩნდა და დაგვიანებული იყო. მეოთხე სტადიაში დაუდგინეს და ერთ თვეში წავიდა. არ მაპატია, ისე წავიდა. დარიკოსაც არაფერი უთხრა. არც მე ვეუბნები. უკვე შენხელა შვილი ჰყავს. ჩემი შვილიშვილი. არც იმან იცის არაფერი და ახლა უკვე არ ვიცი, სწორად ვიქცევი, რომ არ ვეუბნები? განა სამართალია, ასე, ერთ ქალაქში ვიცხოვროთ და ერთმანეთს არ ვცნობდეთ?
– და რა გინდა? ბებიაჩემმა ხაბიზგინები დაუცხოს კვირაობით? თუ მე ყავაზე დავპატიჟო ხოლმე?
–  ნანულიმ არა და შენ კი, მინდა! მინდა, ის მისცე, რაც მე დავაკელი!
–  მაინც რა?
–  სიყვარული, თეო! სიყვარული დავაკელი მე მათ დედასა და ბებიას. ანიტა საოცარი ქალი იყო. ჩემს მეტი არავინ ჰყვარებია და არც გაუხარია უჩემოდ. ახლა მისი შთამომავალი მაინც უნდა გავახარო. თორემ იმქვეყნად არ მიმესვლება, ბაბუ. ვერ ვაპატიებ თავს და ანიტაც არ მაპატიებს. იქ მაინც ხომ უნდა შემოვირიგო?
– გადამრევთ მე თქვენ! იქ შემოირიგო, რა, ახლა საიქიოს აპირებ სამკუთხედების ხლართვას, თუ ფიქრობ ნანულის ფრთები წამოეზრდება იქ და სულ სხვანაირად შეხედავს შენს საქციელს?
– იქ ყველაფერი სხვანაირადაა, ბაბუ...
– და შენ რა იცი, ნეტა? აქაურის ვერაფერი გაგირკვევია და მე კიდევ სულ იმას ვიქადნი - მე რომ ბაბუა მყავს, ისეთი კაცი არ დაბადებულა... ახლა, სამაგალითოც არაფერი დამრჩება. და სრულად წამიხდება სრულიად საკაცეთზე წარმოდგენა...
– ჰო, შენ ჯერ ყველაფერი არ იცი, ბაბუ და რომ გეტყვი, მერე მართლა წაგიხდეს იქნებ ხასიათი...
– რაღა დამრჩა გასაგები? კიდევ გყავს შვილიშვილები, თუ ქონებას უტოვებ იმათ და მე მტოვებ უკაპიკოდ?
–  სერიალებს ნუ უყურებ, ბაბუ! სისულელეა იქ და ცხოვრება ყველაზე მეტად საინტერესო და მოულოდნელი რეჟისორია. ისეთს ჩაახლაფორთებს, რომელი კინო მიედრება. წყალი დამალევინე, ყელი გამიშრა და გეტყვი, ბოლომდე მოგიყვები ყველაფერს... იმედია, სწორად გაიგებ და ცეცხლზე ნავთს არ დაასხამ, ამ ისედაც ცეცხლწაკიდებულ ისტორიას...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3