სასიკვდილო ერთგულება #18
როცა ჰარი ბრიტონმა ცოლი შეირთო, მისი ცხოვრება ამ დღეს რადიკალურად შეიცვალა. მისი ცოლი, დორა, უზარმაზარი ქონების პატრონი გახლდათ და ჰარის სახლში ვერ იცხოვრებდა. თუმცა, ის არც ისეთი ცუდი იყო, მაგრამ შედარებით პატარა. დორა აპარტამენტებს გახლდათ შეჩვეული, ამიტომ ცოლ-ქმარი უძვირფასეს სასახლეში დასახლდა რივერსაიდ-დრაივზე. ის კი ისე მოაწყვეს, როგორც მდიდარ, ძალიან შეძლებულ ახალგაზრდა წყვილს შეეფერებოდა. ჰარიმ თავისი ძველი ბინიდან მხოლოდ ტანსაცმელი, რამდენიმე ნახატი და სიგარების, ძვირფასი ხისგან დამზადებული ყუთი წამოიღო. ასევე, წამოიყვანა იაპონელი მსახური სანეტომო, რომელიც მასთან თორმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და პატრონის ისეთი ერთგული გახლდათ, როგორც ძაღლი. ყოველთვის მის გვერდით იყო. უწესრიგებდა ტანსაცმელს, უვლიდა როგორც პატარა ბავშვს, აჭმევდა გემრიელ საუზმეს. უკიდებდა სიგარას და იქვე იჯდა, როცა დორა საყვარელ ქმარს წიგნს ხმამაღლა უკითხავდა. თავადაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ ახალგაზრდა ქალმა პირველივე დღიდან ვერ აიტანა იაპონელი. ყველაფერი აღიზიანებდა მასში – სიმშვიდე, გამოხედვა, თითქოს მონური თავმდაბლობა და ის, რომ მსახური თავის პატრონს ყოველთვის თან ახლდა, როგორც ხილული ჩრდილი.
დორაში ნამდვილად გაუმართლა ჰარის – იმის გარდა, რომ ცოლს უზარმაზარი მზითევი მოჰყვა, ქალი ახალგაზრდაც იყო, ლამაზიც, სათნოც და დახვეწილიც. მდიდარი ფაბრიკანტისა და ბარონესას ქალიშვილს თანდაყოლილი ჰქონია კარგი მანერები და მომხიბვლელობა. ჰარი ბრიტონს უნდა ეღიარებინა, რომ ბედის ნებიერი აღმოჩნდა. თუმცა, ქორწინებამ მაინც მსხვერპლი მოითხოვა მისგან. დორა ვერ შეეგუებოდა იმ ფაქტს, მის ქმარს დრო ვარიეტეს მოცეკვავეების გარემოცვაში გაეტარებინა. ჰარი განიცდიდა ამას, მაგრამ ცოლისგან დაფარულად. დორას კი თავისი საფიქრალი ჰქონდა. ქალს ყოველდღიურად ემატებოდა სიძულვილი იაპონელი მოხუცის მიმართ.
– საყვარელო, – უთხრა ერთხელ ქმარს, – რატომ დაგდევს უკან ეს ყვითელი არარაობა? მსახურს რატომ აქვს უფლება, მუდმივად იმყოფებოდეს იქ, სადაც მისი ბატონები არიან? – დორას ხმაში პირველად გაიჟღერა ჭირვეულმა, პრეტენზიულმა ტონმა.
– სანეტომო ჩვეულებრივი მსახური არ არის, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არ მესმის, რა არ მოგწონს მასში, – მხრები აიჩეჩა ჰარიმ, – საოცრად ერთგულია და შენთვისაც ისევე გაწირავს თავს, როგორც ჩემთვის.
– არაფერში მჭირდება მისი თავგანწირვა, – ტუჩი აიბზუა დორამ და ნატიფი თითები ლამაზ ტუჩებზე აიფარა, – უთხარი, ნუ მიყურებს და როცა ერთად ვართ, საერთოდ კედლისკენ შებრუნდეს.
სანეტომო იქვე იდგა და ყველაფერს ისმენდა. მის ყვითელ სახეზე ერთი კუნთიც კი არ შერხეულა. არც ვიწრო თვალებში გასჩენია სიცოცხლის ან აქტივობის რაიმე ნიშანი. ქალს უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა. აღზრდა და კარგი მანერები უფლებას არ აძლევდა, თავისი უკმაყოფილება ამაზე მძაფრად გამოეხატა. თუმცა, დრო გადიოდა, მაგრამ ყვითელკანიანი მსახურის სიახლოვეს ვერაფრით ეგუებოდა. სხვა მხრივ, ჰარისთან ურთიერთობაში ყველაფერი კარგად ჰქონდა – უყვარდა ქმარი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მის ახირებას საერთოდ ვერ იგებდა. მაგალითად, არ ესმოდა, რატომ უნდა გაეტარებინათ ქორწინების წლისთავი სადღაც მთებში. ჰარი ბრიტონის მეგობარს იქ რანჩო ჰქონდა. მაგრამ დორას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. როგორც კი გზას გაუდგნენ, მაშინვე მიხვდნენ, რომ მათი ძვირფასი მანქანა საერთოდ არ იყო განწყობილი მთაში სასიარულოდ. ციცაბო, კლდოვანი ფერდობები, ვიწრო გზა, რომელზეც მათი ავტომობილი ძლივს ეტეოდა, მანქანაში კი გაყინულსახიანი სიკვდილივით ცივი და უემოციო იაპონელი – დორა თავს საშინლად გრძნობდა. როგორც იქნა, ჩააღწიეს. დორას ეგონა, რომ ამით მის წამებას ბოლო მოეღო. რანჩოში ცხოვრება შეიძლებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საჭმელი იაპონელს უნდა მოემზადებინა. ჰარის კი მთებისა და ტყეების გამოკვლევის სურვილი ჰქონდა. დორა ცდილობდა, გაეძლო ამ ყველაფრისთვის. ჰარი კი თითქოს სპეციალურად არჩევდა პიკნიკისთვის ადგილებს, ძნელად მისასვლელი გზებით... თან, ეს იაპონელი თავისი ძაღლური მორჩილებით.
ერთ დღეს, როცა ტრაგედია მოხდა, დორა შედარებით კარგ გუნებაზე იყო. მოსწონდა პეიზაჟი და მანქანაში, უკანა სავარძელზე მჯდომი მთების სილამაზით ტკბებოდა. იაპონელი, როგორც ყოველთვის, თავისი პატრონის გვერდით იჯდა. რამდენჯერმე შემოტრიალდა და ქალს შეხედა. დორამ მის მზერაში რაღაც ისეთი ამოიკითხა, რამაც ააფორიაქა.
– ჰარი, უთხარი, ნუ მიყურებს, ძალიან არ მომწონს.
– კარგი რა, საყვარელო. როგორ ვერ შეეგუე. მითხარი, რას ერჩი ამ ადამიანს, რომელზეც ასე ვარ მიჯაჭვული?
– სწორედ ეგ მიჯაჭვულობა მაგიჟებს. ჭკუიდან გადავყავარ.
– არჩევანი უნდა გავაკეთო შენსა და მას შორის? დორა, ამას მოითხოვ ჩემგან? – კაცს საჭეზე ჩაბღუჯული ხელები შესამჩნევად აუკანკალდა. მანქანა ქარაფის პირზე მიდიოდა და ჰარიმ რატომღაც ახლა მოინდომა სიგარის მოწევა. თანაც ხელი თავად ჩაიყო ჯიბეში. მანამდე ყოველთვის იაპონელი უკიდებდა. სწორედ იმ წამს მანქანა ახტა, ცხვირით ხრამისკენ შებრუნდა და საბედისწეროდ გადაეკიდა უფსკრულში.
– კარი გააღე და გადახტი! – უყვირა დორას ჰარიმ.
– იქ უფსკრულია! – სასოწარკვეთით იყვირა დორამ.
– სულერთია, მაინც მანქანასთან ერთად დავიმტვრევით, ყველა ერთად. ეს შენი გადარჩენის შანსია, – ამ სიტყვებთან ერთად ხელი გადაყო და ცოლს კარი გაუღო. დორამ თავი ვეღარ შეიკავა და გადავარად. ბუჩქი, რომელსაც მოებღაუჭა, ძლივს უძლებდა მისი სხეულის სიმძიმეს.
– ჰარი! ჰარი! – განწირულმა იკივლა და ფეხები ააფართხალა, რომ როგორმე, ქარაფის პირს მისწვდენოდა. ბუჩქმა საბედისწერო ხმა გამოსცა. აშკარა იყო, დიდხანს ვეღარ დაიმაგრებდა. ჰარი არ ჩანდა, არც მანქანის ცხვირი. ერთბაშად გვერდით ვიღაცის სხეულმა ჩაუქროლა და ყრუ, საშინელი ხმა გამოსცა კლდეზე დავარდნისას. ქალმა ზემოთ აიხედა. იაპონელის ვიწრო, შავ თვალებში ძაღლის ერთგულება იკვეთებოდა. მის უემოციო სახეზე ღიმილისმაგვარი გრიმასა გამოისახა. დორას თავთან იაპონელის პერანგისგან გაკეთებული იმიტირებული თოკი ჩამოეშვა.
– ქალბატონი, ხელი მაგრად მოკიდოს... სანეტომო გადაარჩინოს. როცა დორამ მიწაზე მყარად დადგა ფეხი, ჰარი ვერსად დაინახა.
– ქალბატონი სანეტომოს უნდა გაუგოს. ის ცუდი კაცი... ლამის ქალბატონი უნდა მოეკლა. მე პატრონის ღალატი... სანეტომოს ახალი პატრონი... ლამაზი დორა...