კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიღაბი #18

– ბატონო გოგი, ხომ გაგვიძღვებით? – მორიდებით სთხოვს ოჯახის უფროსი თამადობას.
– მეე, კაცო?! – ამაყად კითხულობს 40-45 წლის მამაკაცი და ფეხზე დგება.
– თქვენ, თქვენ, ბატონო გოგი, აბა, თქვენ მეტი, სხვა ვინ?!
– მაშინ, ჭიქები შევავსოთ! – რიხიანად დასჭექს ბატონი გოგი.
ტანად არც ისე დაბალს და არც ისე მსუქანს, კოხტა ცხვირზე დაკოსებული სათვალის ლინზებიდან მომზირალი ნაცრისფერი თვალები სიამაყით უბრწყინავს. დამადლებული ღიმილი ორივე  ლოყაზე ფოსოებს აჩენს. საფეთქლებთან შერჩენილი თმა, რომელიღაც, დიდი მეცნიერის იერს აძლევს. დიდი ხანია, მიხვდა, რომ მოწინავე პოზიციის შესანარჩუნებლად, საახლობლოში თავისი აღმატებულება უნდა აჩვენოს. მიუხედავად იმისა, რომ კუჭის წყლული სტანჯავს და ნაღვლის ბუშტიც კენჭებით აქვს სავსე, დარდიმანდობას მაინც არ ეშვება და თამადობაზე უარს არ ამბობს.
ზოგს ეპატიჟებიან, ზოგს არ ეპატიჟებიან, ზოგს ამოაგდებენ, ზოგს ჩაანაცვლებენ. მხოლოდ ბატონი გოგია მუდამ თამადის პოსტზე. იმიტომ რომ, საახლობლოში გამორჩეულია და ქცევის წესები იცის.
***
– გოგი, სკოლაში გვიბარებენ! – მორიდებით ეუბნება ცოლი.
– მერე მე რა ვქნა?! – თავს ანებებს გაზეთის კითხვას სავარძელში გადაწოლილი 40–45 წლის მამაკაცი და ცოლს სათვალის ზემოდან გახედავს.
– კარგი, სკოლაში მე წავალ!
– სიგარეტი მომიტანე! – ღრენით ეუბნება გოგი.
ტანად არც ისე დაბალს და არც ისე მსუქანს, კოხტა ცხვირზე დაკოსებული სათვალის ლინზებიდან მომზირალი ნაცრისფერი თვალები სიბრაზისგან უელავს. მომუწული პირი მკაცრ იერს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის. საფეთქლებთან შერჩენილი თმა განრისხებისგან ყალყზე უდგას. დიდი ხანია, მიხვდა, რომ მოწინავე პოზიციის შესანარჩუნებლად, ოჯახში თავისი მრისხანება უნდა აჩვენოს. მიუხედავად იმისა, რომ ბრონქიალური ასთმა აქვს, სიგარეტს მაინც არ ეშვება და ნავახშმევს გაბოლებაზე უარს არ ამბობს.
ზოგს ოჯახი ენგრევა, ზოგი თვითონ ანგრევს, ზოგს ცოლი ჩაგრავს, ზოგს შვილები. მხოლოდ გოგია მუდამ თავის ადგილზე. იმიტომ რომ, ოჯახში გამორჩეულია და ქცევის წესები იცის.
***
– ჩემო გოგი, აქეთ მოიწი! – მორიდებით ეუბნება ნათესავი და საფლავთან ახლოს მიჰყავს.
– საწყალი, რა კაცი იყო?! – ამბობს 40–45 წლის მამაკაცი და მუჭით აღებულ მიწას საფლავში ყრის.
– შენ იყავი კარგად, ჩემო გოგი!
– ღმერთმა გაკმაროთ! – თანაგრძნობით პასუხობს გოგი.
ტანად არც ისე დაბალს და არც ისე მსუქანს, კოხტა ცხვირზე დაკოსებული სათვალის ლინზებიდან მომზირალ ნაცრისფერ თვალებში სევდა ჩასდგომია. მწუხარებისგან მომუწული პირის კუთხეები ძველი მთვარესავით ქვევით აქვს დაშვებული. საფეთქლებთან შერჩენილ თმას ქარი უწეწავს. დიდი ხანია, მიხვდა, რომ მოწინავე პოზიციის შესანარჩუნებლად, სანათესაოში თავისი გრძნობები უნდა აჩვენოს. მიუხედავად იმისა, რომ სუსტი გული აქვს, ჭირში მაინც დადის და ცრემლსაც ბლომად ღვრის.
ზოგს ჩაიხუტებენ, ზოგს მოიშორებენ, ზოგს ცხვირს აუბზუებენ, ზოგს გარიყავენ. მხოლოდ გოგია მუდამ მიღებული. იმიტომ რომ, სანათესაოში გამორჩეულია და ქცევის წესები იცის.
***
– გოგლიკო, უფროსი გეძახის!
– დიახ, ახლავე! – გაღიმებული პასუხობს 40–45 წლის მამაკაცი და ოთახიდან სირბილით გადის.
– გისმენთ ვალერიანოვიჩ! – თვალებში შესციცინებს უფროსს.
ტანად დაბალს და მსუქანს, პაჭუა ცხვირზე დაკოსებული სათვალის ლინზებიდან მუდმივად მოღიმარი ნაცრისფერი თვალები ერთიორად გადიდებული მოუჩანს. ღიმილისგან ოდნავ დაღებული პირის კუთხეები, ახალი მთვარესავით ზევით აქვს აწეული. საფეთქლებთან შერჩენილი თმა, ყურებს ზემოთ გაბუჩქვია. დიდი ხანია, მიხვდა, რომ მოწინავე პოზიციის შესანარჩუნებლად, სამსახურში თავისი მორჩილება უნდა აჩვენოს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი და პატარა, პირში თუ პირსუკან დასცინის და აბუჩად იგდებს, მორჩილი კაცის ნიღაბს მაინც არ იშორებს და გაღიმებული, ყველას ზრდილობიანად პასუხობს.
ზოგი მიდის, ზოგი მოდის, ზოგს აწინაურებენ, ზოგს აქვეითებენ. მხოლოდ გოგლიკოა მუდამ მეცნიერ–მუშაკის თანამდებობაზე. იმიტომ რომ, სამსახურში გამორჩეულია და ქცევის წესები იცის.

скачать dle 11.3