რატომ ეშინოდათ პოლიტბიუროს წევრებს სტალინზე მეტად ბერიასი #18
ლავრენტი ბერიაზე არაერთ ისეთ ისტორიას ყვებიან, რომლიდანაც აშკარად ჩანს, თუ როგორ უშინოდათ ამ ადამიანის ისეთ ხალხსაც კი, საყოველთაოდ უშიშრად რომ იყვნენ ცნობილნი... პროფესორი ვიაჩესლავ კროსნიკოვი წერს: „საბჭოთა საიდუმლო არქივები, რომ იტყვიან, სავსეა იმ ადამიანთა გამოუქვეყნებელი მემუარებით, რომლებიც სტალინის მმართველობის პერიოდში ან თავად იყვნენ მაღალ სახელმწიფო და პარტიულ თანამდებობებზე, ან ასეთი ხალხის მდივან-თანაშემწეები გახლდნენ და მთელმა საბჭოთა შავბნელმა პერიოდმა მათ თვალწინ ჩაიარა. ერთ-ერთი იყო პოლკოვნიკი ვარლამ პურკაევი. ის მარშალ ბუდიონის ადიუტანტი გახლდათ და სახელოვან მხედართმთავარს თითქმის მთელი ცხოვრება გვერდიდან არ მოშორებია. მან საკმაოდ ბევრი ჩანაწერი დატოვა, რომლებშიც თითქმის ყველა საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეა მოხსენებული. პურკაევის ჩანაწერებში მრავალი საინტერესო ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც აქამდე არავისთვის არ იყო ცნობილი. ბუდიონის ადიუტანტის ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც ბერიას ეძღვნება, ვკითხულობთ: „სემიონ მიხეილის ძე ბუდიონი ნატურით უშიშარი იყო და ეს ყველამ იცოდა. თუმცა, არავინ უწყოდა, ის, რომ სახელოვანი მარშალი ამ ქვეყნად მხოლოდ ლავრენტი ბერიას უფრთხოდა, რაც თავისი პირით აღიარა ერთხელ: სიკვდილზე მეტად მეშინია მისიო. არადა, სემიონ მიხეილის ძეს არაერთხელ შეუხედავს სიკვდილისთვის თვალებში და უკან არ დაუხევია. მრავალჭირგამოვლილი ბუდიონი ძალიან მენდობოდა და ჩემთვის ხშირად უთქვამს: ვარლუშა, ბერიას რომ თვალს ვუსწორებ, მგონია, სიკვდილი მიმზერს. ის-ისაა თავის ყინულოვან ხელს გულში ჩამიყოფს და ამომგლეჯს, თან სულსაც გააყოლებსო. ერთი შემთხვევა მახსენდება, რომელიც 1946 წლის ზაფხულში მოხდა და ჩემი სიტყვების დასტურად გამოდგება. როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, ბუდიონი დოღის დიდი მოყვარული იყო. ახალგაზრდობაში თვადაც ხშირად მონაწილეობდა მასში. ხოლო, ხანში რომ შევიდა, რეგულარულად ესწრებოდა დოღს და თავისი გუნდიც ჩამოაყალიბა. ბუდიონის ცხენები და მხედრები საუკეთესოები იყვნენ საბჭოეთში. მათ ვერავინ ამარცხებდა და სამხედრო უწყების ღირსებას იცავდნენ. 1946 წლის ივნისში მოსკოვის დიდი პრიზი იმართებოდა დოღში. ბუდიონი, რა თქმა უნდა, იქ იყო და თავისი „არწივებისგან“ მხოლოდ პირველ ადგილს ელოდებოდა. მართლაც, ბუდიონის მხედრები თითქმის ყველა დისტანციაზე იმარჯვებდნენ და ემოციური მარშლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ის დიდი აღტაცებით გულში იკრავდა მხედრებს, ცხენებს კი შუბლზე ჰკოცნიდა. მთავარი პრიზის გათამაშებისას ბუდიონი განსაკუთრებულად იყო აღგზნებული. მისმა საუკეთესო მხედარმა ვასილ გორბუნოვმა და ცხენმა „თეთრშუბლამ“ „დინამოს“ დაუთმეს პირველობა, თანაც, თბილისიდან ჩამოსულ მხედარს, ანტონ შედანიას თავისი ცხენით – „არაგვით“. გაცეცხლებული ბუდიონი დაჯილდოების შემდეგ თავლაში შეიჭრა. გორბუნოვს მივარდა, მათრახს დასწვდა და სასტიკად დაუწყო ცემა, თან უკონტროლოდ ღრიალებდა: მოღალატევ, „დინამოს“ როგორ გაამარჯვებინეო. ერთი სიტყვით, ბუდიონი ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა და გორბუნოვს, ფაქტობრივად, კლავდა. მასთან მიახლოებას ვერავით ბედავდა, შეიძლება, გამშველებელი სულაც მოეკლა... უცებ თავლაში ბერია გამოჩნდა. მან ბუდიონს მოქნეული მათრახი ხელიდან წაჰგლიჯა და გაფითრებულ მარშალს თავისი პენსნედან მომნუსხველი მზერა ესროლა. ბუდიონი ადგილზე გაქვავდა – როგორც კობრას წინაშე მდგომი სასიკვდილოდ განწირული წიწილა, ისე მოიღუშა. ბერიამ კი ირონიულად უთხრა:
– ამხანაგო მარშალო, სისხლის სამართლის კოდექსში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის, სპეციალური მუხლია და არც მარშლებს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან კაპიტნის ცემისთვის. უფრო მძიმე მუხლია ცილისწამება და როცა მარშალი მხედარს მხოლოდ იმიტომ სცემს, რომ დინამოელთან დათმო დოღი, ცილისწამებას სცდება ეს და ღალატზე ქაჩავს. მეთანხმებით?
ბუდიონს ენა ჰქონდა ჩავარდნილი და მხოლოდ თავი დაუქნია ბერიას, დასტურის ნიშნად. ბერიამ კი ნაცემ, დასისხლიანებულ გორბუნოვს საკუთარი ხელით მოწმინდა სისხლი და თან წაიყვანა. მათრახი კი მარშალ ბუდიონს უხეშად ესროლა და ფეხებში მოარტყა. დოღიდან რომ ვბრუნდებოდით, სემიონ მიხაილოვიჩს სახეზე ფერი არ ედო, არც მანქანაში ამოუღია ხმა. მხოლოდ სახლში, როდესაც ბუდიონმა ნახევარი ლიტრი არაყი გამოცალა და ფერი დაუბრუნდა, ენაც ამოიდგა და მითხრა:
– ბერია რომ მიყურებდა, ასე მეგონა, უზარმაზარი, ძალიან შხამიანი კობრა მედგა წინ და ეს-ესაა, მიკბენს-მეთქი.
ერთი სიტყვით, ბუდიონი ყოველთვის ერიდებოდა ბერიასთან შეხვედრის და როცა ის (ბერია) დახვრიტეს, ბუდიონმა შვებით ამოისუნთქა. რესტორან „ოქტიაბრსკში“ მაგრად ვიქეიფეთ და ბერიას მოშორების გამო, ხრუშჩოვის სადღეგრძელოებს სვამდა...“
ბუდიონის მსგავსად, ბერიასი სხვებსაც ეშინოდათ და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა შინებოდათ, რომ მაშინაც არ გასცინებოდათ, როცა სტალინი ხუმრობდა ბერიაზე. ესე იგი, სტალინზე მეტად ბერიასი ეშინოდათ. თავად ხრუშჩოვი იხსენებდა ასეთ ისტორიას: „სტალინს ხუმრობა უყვარდა და ხშირად „გვამკობდა“ სხვადასხვა ეპითეტებით ქეიფების დროს, რაზეც ყველა ერთად ვიცინოდით. მხოლოდ ბერიას ვერავინ უბედავდა დაცინვას და მარტო სტალინი იცინოდა ბერიაზე. ერთხელ, მორიგი ქეიფის დროს, ბერიას მოულოდნელად წვნიანი შეესხა სახეზე და სტალინს ამაზე გულიანად გაეცინა. გაეცინა ახალგაზრდა სუსლოვსაც, რომელიც პირველად იყო სტალინთან ქეიფზე. არ იცოდა, რომ ბერიაზე სტალინის გარდა, არავინ იცინოდა. ბერიამ მშვიდად მოიწმინდა შხეფები სახიდან. სუსლოვზე კი რეაქცია არ ჰქონია. უცებ სტალინს ტელეფონთან უხმეს და ბელადმა სუფრა დატოვა. ბერიამ კი დრო იხელთა და სუსლოვს ჯერ გამანადგურებელი მზერა ესროლა, შემდეგ კი წვნიანით სავსე თეფში აიღო და თავზე ჩამოამხო, თან ბოროტად დააყოლა: იცინე ახლა, შე კრეტინების ერთოო...
სანამ სტალინი დაბრუნდა, სუსლოვი მე გავიყვანე ტუალეტში. თავის მოწესრიგებაში დავეხმარე და დავარიგე, როგორ მოქცეულიყო მომავალში“.
ცნობილი ამერიკელი პარაფსიქოლოგი ნეი კარლოვი ბერიაზე წერდა: „მარშალი ბერია ექსტრასენსის ბუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული და გაძლიერებული ეგოცენტრიზმი ჰქონდა. ასეთი ადამიანები კი არიან: ამბიციურები, შურისმაძიებელნი და დიდ ტრიუმფთან ერთად, დიდი დაცემაც და ტრაგედიაც ახასიათებთ... “ ამერიკელმა ათიანში გაარტყა – მარშალ ლავრენტი ბერიას ცხოვრებაში მრავალი ტრიუმფალური წამი იყო, თუმცა მისმა ტრაგიკულმა დაცემამ ეს ყველაფერი მტვრად აქცია.“