არის თუ არა უბედურების მანიშნებელი ნიშნობის ბეჭდის დაკარგვა და რა ენერგეტიკას ატარებს არათითი #18
ქორწინება – უპირველესი მოვალეობა და უმნიშვნელოვანესი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. რატომ? – იმიტომ რომ, ერთ-ერთი ცნობილი ქართული ფილმის პერსონაჟისა არ იყოს: „ადამ და ევადან ასე იყო”... და იმ პირველი წყვილიდან მოყოლებული, ოჯახი თანდათან ჩამოყალიბდა როგორც უწმინდესი კერა, სახელმწიფოს ფუნდამენტი და მომავალი თაობის სრულყოფილად ფორმირების საფუძველი. ამიტომაცაა, რომ საქორწინო რიტუალიც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს და მრავალ სიმბოლოს აერთიანებს. ყველა ქვეყანას თავისებური დამოკიდებულება აქვს ამ რიტუალისადმი და შესაბამისად, ტრადიციებიც განსხვავებულია, მაგრამ ერთი რამ, წყვილის შეუღლების სიმბოლოდ საქორწინო ბეჭდების მიძღვნა და ამით მარადიული სიყვარულის ერთ წრედ შეკვრა, თითქმის ყველა კულტურაშია. თუ რა ლეგენდა უკავშირდება საქორწინო ნიშნობის ამ სიმბოლოს, რის გამომხატველია ბეჭდის ფორმა და რა შემთხვევაში შეიძლება, ის უბედურების მიზეზი გახდეს, ამ თემაზე გვესაუბრება პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი ბატონი გიორგი.
– ბევრი რამ გვსმენია საქორწინო ბეჭედის სიმბოლური დატვირთვის შესახებ და თურმე არის ლეგენდაც...
– უძველესი ლეგენდის მიხედვით, მეფემ, რომელსაც კატეგორიულად არ მოსწონდა სასიძო, მის ჩამოსაშორებლად ბოროტ ჯადოქარს მიმართა. გრძნეულმა ქალ-ვაჟის ასლი შექმნა და მათი გამოყენებით შეეცადა, გზა-კვალი აებნია შეყვარებულებისთვის და სამუდამოდ დაეშორებინა ისინი ერთმანეთისთვის. მაგრამ, თურმე ვერაფრით შეძლო, ისეთივე მრგვალი, მისთვის ამოუცნობი ძალის მქონე ბეჭდების შექმნა, როგორიც შეყვარებულებმა ერთმანეთს უსახსოვრეს და სწორედ ამან იხსნა მათი სიყვარული. ლეგენდაში საინტერესოა ის, რომ ბეჭედი წრიულია და დამზადებულია ოქროსგან. ორივე ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წრე უსასრულობის, მარადიულობისა და სრულყოფილების სიმბოლოა, რომელიც მიღებულ ინფორმაციას საიმედოდ ინახავს და ისე კეტავს, რომ მერე მისი გაცემა შეუძლებელია. სწორედ ეს ჩაკეტილი წრეა ქალისა და მამაკაცის სიყვარულისა და ერთგულების უსასრულობის სიმბოლო. ის მარადისობად აქცევს ქორწინების დროს შექმნილ დადებით, პოზიტიურ მუხტს. ოქრო კი, მოგეხსენებათ, კეთილშობილი ლითონია და მასაც საოცარი მეხსიერება აქვს, საგულდაგულოდ „იჭერს” ყოველგვარ ემოციას და ახალი მფლობელის ხელში ფერსაც იცვლის. ორივე ეს ფაქტორი კი ერთად უძლეველი ძალაა, რომელსაც ლეგენდის მიხედვითაც ვერავითარმა ჯადოქრობამ ვერ სძლია – ვერ შეძლო მფლობელთა სიყვარულით დამუხტული ბეჭდების იდენტური ასლების შექმნა. ასეთი სიყვარულით შედუღაბებულ ძალას ბოროტება ვერ მოერევა.
– ალბათ, ამიტომაცაა, რომ საქორწინო ბეჭდის დაკარგვა ან სხვისთვის მისი გადაცემა უბედურების მომასწავებლად მიიჩნევა...
– საერთოდ, არის ასეთი ტრადიცია, რომელსაც უმეტესად ჩვენთანაც იცავენ: ქორწინების ბეჭდები ავი თვალისგან დაცული უნდა იყოს და მას უცხო არ უნდა შეეხოს. მისი ტარების უფლება მხოლოდ მფლობელს აქვს. ბეჭდის უარყოფას კი დიდი პრობლემები მოსდევს ოჯახში – კონფლიქტი, უთანხმოება და შეიძლება, უფრო მეტიც, უბედური შემთხვევა და ტრაგედიაც კი... ბეჭდის დაკარგვით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს ფსიქოლოგები ხშირად შემდეგი ფაქტორებით ხსნიან: რადგან ასეთ მნიშვნელობას ანიჭებს პატრონი ამ პატარა ნივთს, ცხადია, მისი დაკარგვა უბედურების მოლოდინსა და შიშს იწვევს, რასაც თავისთავად, უარყოფითი თვითდაპროგრამება მოჰყვება. გაუცნობიერებელი შიშის სინდრომი კი საფრთხეს უკვე რეალურად უქმნის ოჯახურ სიმყუდროვეს. ალბათ, ერთ-ერთი განმსაზღვრელი ესეცაა, მაგრამ არც მისი სიმბოლური და ენერგეტიკული გავლენის უგულებელყოფა შეიძლება. მით უმეტეს, რომ მსგავსი მაგალითი უამრავია ირგვლივ და მეც არაერთხელ ვყოფილვარ უშუალო მოწმე. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, თუ ბეჭედთან დაკავშირებული ინციდენტი წყვილის თანაცხოვრების საწყის ეტაპზე, ანდა უშუალოდ, საქორწინო რიტუალისას მოხდა. ერთ ასეთ ამბავს გიამბობთ. ჩემი ახლობლის ქორწილი იყო და მეც ვიყავი მიწვეული. არაჩვეულებრივად წარიმართა ყველაფერი – იყო მილოცვები, სადღეგრძელოები, სიხარული იმის გამო, რომ ბოლოს და ბოლოს, მათი თითქმის ხუთწლიანი, ლეგენდად ქცეული სიყვარული ასე კეთილად დაგვირგვინდა. ულამაზესი პატარძალი და მოხდენილი სიძე, ბრწყინვალედ შესრულებული ცეკვა „ქართული”... ყველა ბედნიერია, მხიარულობს და ილხენს... სიძე-პატარძალი არ იმჩნევს, მაგრამ რაღაც დაბნეულები ჩანან. მერე ყველამ ერთად რაღაცის ძებნა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ პატარძალს ცეკვის დროს საქორწინო ბეჭედი ისე გასძვრა თითიდან, ვერაფერი იგრძნო და მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ შენიშნა დანაკლისი. რადგან გაგონილი ჰქონდა, რომ ეს ცუდის ნიშანი იყო, თავდაპირველად, არ გაამხილა და თავადვე შეეცადა, მოეძებნა. მაგრამ, რადგან ვერც ბეჭედი იპოვა და ვერც უმისობა დამალა, ქმარს და ახლობლებს გაენდო... მერე კი თითქმის ყველა მექორწილე ჩაება ძიებაში. ბოლოს და ბოლოს ბეჭედი უზარმაზარი საქორწინო ტორტის დაჭრისას იპოვეს, მის „ჩუქურთმებში” ჩამალულიყო. მოკლედ, ქორწილი კი „ჰეფიენდით” დამთავრდა, მაგრამ ასეთი სიყვარულით შექმნილი ოჯახის მომავალი ნამდვილად არ აღმოჩნდა ბედნიერი. წყვილი ორ წელიწადში დაშორდა ერთმანეთს, თანაც ძალიან დიდი უსიამოვნებებისა და ტრაგედიების ფონზე. ეს ერთ-ერთი მაგალითია, თორემ ყველა რომ განვიხილოთ, რა შემთხვევების უშუალო შემსწრეც მე ვარ, ძალიან შორს წაგვიყვანდა.
– ამბობენ, იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომელ თითზე გაიკეთებ საქორწინო ბეჭედსო...
– ქირომანტთა სწავლების თანახმად, არათითი მზის თითია – სიყვარულისა და გულის მფარველი, რაც არც თუ უსაფუძვლო უნდა იყოს, რადგან ასეთივე დატვირთვა აქვს ამ თითზე ნიშნობის ბეჭდის ტარებას მრავალ სხვადასხვა კულტურაში. უფრო მეტიც, არათითზე სხვა, უბრალო ბეჭდის გაკეთება, თითის ენერგეტიკის დაბლოკვას იწვევს, ანუ ბედს „ჩაკეტავს”. ამას გარდა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ ხელზე გაიკეთებ ბეჭედს, რაც, თავისთავად, გავლენას ახდენს პატრონის ბედზე და ხაზს უსვამს მის ხასიათს. შესაბამისად, მარჯვენა ხელზე ბეჭდის ტარება ადამიანის საქმიანობას ასახავს, მარცხენაზე კი – მის ოცებებსა და სურვილებს გამოხატავს. ძველინდური ტრადიციის თანახმად კი, ადამიანის სხეულის მარჯვენა მხარე მამაკაცურ ენერგიას ატარებს და მზეს უკავშირდება, ხოლო მარცხენა მხარე ქალური ენერგიის შემცველია და დაკავშირებულია მთვარესთან. მზის ლითონია ოქრო, მთვარის კი – ვერცხლი. აქედან გამომდინარე, თვითონვე შეგიძლიათ, განსაზღვროთ, რომელ თითზე რა ლითონის ბეჭედი გაიკეთოთ. კათოლოკეები ნიშნობის ბეჭედს მარცხენა ხელზე ატარებენ და ამას შემდეგნაირად ხსნიან: მარცხენა ხელი ბედს უკავშირდება და გულთანაა ახლოსო. მარჯვენა ხელი კი შეგნებული მოქმედებებისა და გონების განმსაზღვრელადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებლები სწორედ მარჯვენა ხელზე ატარებენ საქორწინო ბეჭედს.