რატომ ითხოვენ სასულიერო პირები მრევლისგან ბევრ რამეს, როცა თავად არაფერს იცავენ და რატომ უნდა დაარქვას ადამიანმა ყველაფერს თავისი სახელი #18
ვინც დღეს ეკლესიაში ვერ მოდის, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ზარმაცი კი არ არის, უბრალოდ, სულიწმიდა არ უშვებს მას ტაძარში. მადლი და წყალობა იმ ადამიანებზე გადმოდის, რომლებიც ეკლესიაში არიან, ეკლესიურად ცხოვრობენ და ტაძარში დადიან არა ბზის, ნაკურთხი წყლის წასაღებად, არამედ ცოდვების მოსანანიებლად, ზიარების მისაღებად და თავმდაბლობისთვის. ამის შესახებ ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი) გვესაუბრება.
– როგორ უნდა გახდეს ადამიანი ღმერთის ერთგული, მადლიერი?
– როცა მე მადლიერი ვარ ღმერთის, მოძღვრის, ჩემი მშობლების, ეკლესიის – ერთგული ვარ მისი. ის არ არის ერთგული, ვინც არ არის მადლიერი. ჩვენი შვილები რომ არ გვიჯერებენ, არ გვისმენენ, ესე იგი, არ არიან მადლიერები და შესაბამისად, არ არიან ერთგულები. რატომ უნდა იყო ღმერთის მადლიერი? არსებობს 10 წყალობა, რისთვისაც მუდმივად უნდა ვმადლობდეთ უფალს. 1. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ, საკუთარი ჭერი გაგაჩნია. მადლობა ღმერთს, რომ დღეს იშვიათია ადამიანი, რომელსაც საკუთარი ჭერი არ აქვს საქართველოს რომელიმე კუთხეში. ვინც ამას ვერ ხვდება, ემდურება ღმერთს: რატომ არ მაქვს სახლი თბილისში, ან რომელიმე დიდ ქალაქში. მადლიერები იყავით, რომ გაქვთ ჭერი და არ აქვს მნიშვნელობა, ეს სად იქნება. 2. დღეს რომ ისადილე – აი, ამისთვისაც უნდა იყოს მადლიერი. შეიძლება, პური და მწვანილი ჭამე, მაგრამ ხომ ისადილე. რამდენი ადამიანია, რომელსაც ჭამა არ შეუძლია, მომაკვდავია, ვერ ჭამს. შენ, შეიძლება, გინდა ნაირ-ნაირი კერძები, მაგრამ ჭამა ხომ შეგიძლია, ვიღაცეებს კი ესეც არ შეუძლიათ. ციხეში არ ხარ და იქ არ ჭამ; სათნოების სახლში არ ხარ და იქ არ ჭამ, მადლობა უთხარი ღმერთს ამისთვის. 3. კეთილი გული გაქვს. როცა ადამიანი ეკლესიაში დადის, ლოცულობს, მარხულობს, მას უნდა ჰქონდეს კეთილი გული. თუ არ აქვს, დღეიდან უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი.
– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას კეთილი გული აქვს?
– კეთილია თუ არა შენი გული, ამას თვალებიდან მიხვდები. თუ არავისი არაფერი გშურს, სხვაზე უკეთესი არ გგონია თავი, სულ განკითხვასა და მწუხარებაში არ ხარ, მაშინ შენი გული კეთილი ყოფილა. 4. ცუდს არ უსურვებ არავის. თუ შენ არავის უსურვებ ცუდს, მადლობა შესწირე უფალს, რომ ასეთი ხარ. ამას როგორ მიხვდებით? ისევე ჩვენი თვალისა და გულის შემოწმებით. 5. გაქვს სუფთა წყალი. ბევრ ქვეყანაში არ არის სუფთა წყალი. ჩვენ კი შეგვიძლია, სამზარეულოში ონკანი მოვუშვათ და წყალი დავლიოთ. ამისთვის არ ვმადლობთ უფალს, რამხელა წყალობაა ჩვენზე. 6. გვყავს ადამიანი, რომელიც ზრუნავს ჩვენზე. ყველას გვყავს ისეთი ადამიანი, ვინც ჩვენზე ზრუნავს, მოგვიკითხავს. თუ არავინ გვკითხულობს, არ გვწერს, მაშინ განგაში ატეხეთ. თუ არის ასეთი ვინმე, მოიკითხეთ გულწრფელად, გულით, თორემ მერე თქვენც არავინ მოგიკითხავთ. თუ არ მოენატრეთ, არ მოგენატრათ, არ გკითხულობენ, არ კითხულობ, ეს არის საშინელი მდგომარეობა. სად იყავი, რატომ დააგვიანე, ხომ არ მოგშივდა, ხომ არ შეგცივდა – სამწუხაროდ, დღეს ასეთ კითხვებს აღარავინ სვამს. კარგად მიიხედ-მოიხედეთ, ჩვენ გვერდით კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ამ კითხვებს სვამენ და ამისთვის მადლობა უთხარით ღმერთს. 7. პატიების უნარი რომ გაქვთ. როცა შენ შეგიძლია, ადამიანებს აპატიო, შენ ხარ, ვითარცა ღმერთი. ებრაელები მიიჩნევდნენ, რომ პატიების უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს. ამიტომ, როცა ქრისტე ვინმეს აპატიებდა, ბრაზდებოდნენ: შენ ვინ ხარ, რომ ცოდვები აპატიე, ეს ხომ მხოლოდ ღმერთს შეუძლიაო. ეს ძალაუფლება ღმერთმა მე მომცა, როგორც მღვდელს და თქვენც მოგცათ: მიუტევე და მეც მოგიტევებ. როცა სხვა ადამიანს აპატიებ, მაშინ შენ ღმერთს ემსგავსები, შენ ხდები მსგავასება და ხატები ღვთისა და როდესაც სხვას არ აპატიებ, მაშინ უმსგავსო ხარ, უღმერთო, ეშმაკის მიმბაძველი. ზოგმა იცის: მე მიპატიება და ღმერთმა მოჰკითხოსო – ეს დაწყევლაა. ღმერთში არაფერი იცვლება. მისი ნებაა ყველა ადამიანის გადარჩენა, ყველა ერის წარმომადგენლის ცხონება, ოღონდ ეს მართლმადიდებლობაში. ყველას უნდა ვაპატიოთ ცოდვები. 8. სუფთა და მოვლილი ხარ. თუ ხორციელზე არ ფიქრობ, სულიერზეც ვერ იფიქრებ. ზოგი თმას არ ივარცხნის – არ ვიცი, რატომ აკეთებენ ასე, ღვაწლში არიან, მათი აზრით. ჩვენი მშობლების, მეუღლეების მადლიერები უნდა ვიყოთ, რომლებიც გვივლიან, ზრუნავენ ჩვენზე. 9. შენ გენდობიან. დღეს რამხელა პრობლემაა ამის. სამსახური იქნება თუ ეკლესია, შენ ნდობას გიცხადებენ და შენ კი არ ხარ ამის მადლიერი, მაშინვე დაწინაურება გინდა. მადლობა თქვი, რომ დღეს ვიღაც გენდობა. მაგრამ, როცა ამბობ: დედას გეფიცები, არ მომიპარავსო – შენი აღარ სჯერა ხალხს. სახარებაში წერია: შენი ხო იყოს – ხო, შენი არა – არა, ამის იქით ნათქვამი ეშმაკისგან არის. შენ იფიცები, ან იგინები, რომ დაგიჯერონ და მაინც არ გიჯერებენ, ესე იგი, ისეთი გარეწარი ხარ, შენი არავის სჯერა. სამწუხაროდ, ასე ხდება ცოლსა და ქმარს, შვილებსა და მშობლებს შორის. რატომ არ ენდობიან მღვდლებს? იმიტომ რომ ხედავენ, მათ ღმერთს უღალატეს. პავლე მოციქული ამბობს: მომბაძეთ მე, მე ვბაძავ ქრისტეს. ერთგულების დამსახურება ძალიან ძნელია და ერთი არასწორი ნაბიჯის გადადგმისთანავე, წყალში ჩაიყრება ყველაფერი. 10. სუნთქავ. მადლობა ღმერთს, რომ ვსუნთქვათ, არ გვიჭირს სუნთქვა. ბევრი რამ არის, რისთვისაც ერთგულები და მადლიერები უნდა ვიყოთ უფლის.
– ხშირად ადამიანები ერთმანეთისადმი ცბიერ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. ურთიერთობაში მუდმივად რაღაცას ეძებენ, ელოდებიან. ასეა ხშირად ღმერთთან ურთიერთობაშიც.
– ამის შესახებ კარგად წერს იოანე კლემაქსი თავისი წიგნის 24-ე თავის 22-ე მუხლში: ადამიანი, რომელიც ცბიერია, ატყუებს საკუთარ თავს და ღმერთს. თუმცა, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებს. აღასარებაშიც ყვებიან ხოლმე, რომ გარშემო ყველა ცუდია, ყველა რაღაცას აშავებს, მხოლოდ ის არის მართალი. თუ ჩვენ, სასულიერო პირები, არ ვიქნებით გულწრფელები, თავს არ დავანებებთ ცბიერებას, მაშინ მრევლს ვერ მოვთხოვთ. დღეს ბევრი მოძღვარი სხვებს ეუბნება: მკაცრად იმარხულეთ, დაიცავით მცნებები, იკითხეთ დაუჯდომლებიო და თვითონ არაფერს აკეთებენ. მრევლი ხვდება, რომ მისი მოძღვარი ცრუ და მატყუარაა, ბრკოლდება და მიდის ეკლესიიდან. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე მეტი ცბიერები და მზაკვრები ჯერ ეკლესიაშია, მერე – მთავრობასა და ოპოზიციაში, ანუ, მზაკვარი ადამიანები ყველგან არიან. ძალიან ბევრი ანაფორაში შემოსილი ცბიერი ადამიანი გვყავს და ეს არც არის გასაკვირი. ამიტომ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვათ, რომ მერე იმედგაცრუებული არ დარჩეთ. ადამიანის რელიგური აზროვნების ორგანო არის გული. თუ გული არ არის განწმენდილი, იქ მრავალი ცბიერება და გულღრძოობა იკავებს ადგილს. ამიტომ, ჩაიხედეთ გულში, რამე ბოროტება, გულღრძოობა ხომ არ არის იქ. არ მოგწონს შენი მოძღვარი? – წადი სხვასთან. მაგრამ, თუ მან შენი ცბიერება ამხილა, მაშინ, ნება იბოძე, დაფიქრდი საკუთრ თავზე და გამოსწორდი, რადგან ბოლოს, მაინც მოგიწევს სიმართლის აღიარება. ამიტომ, თავიდანვე მოვიშოროთ მოჩვენებითი კრძალვა. არის ხალხი მერე ჩვენ გვეკითხება: მიდი, მამაო, შენი მრევლი გამოასწორე და მერე მამხილე მე, მერე მასწავლე. მორწმუნეთა გამო ბევრია დაბრკოლებული. ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ეკლესიაში მიხვალთ და მოინანიებთ, რადგან, შეიძლება, გაცივდეთ ეკლესიის მიმართ, შეგრცხვეთ მოძღვართან მისვლისა და აღსარების თქმის. ეშმაკი ხომ გვეუბნება: „როგორ უნდა მიხვიდე მოძღვართან, ის ხომ მკაცრია, დაგსჯის”... ან: „ეს ცოდვა უთხარი, ყველაფერს ნუ ეტყვი“. გულწრფელები იყავით მოძღვართან, ბოლომდე აღიარეთ თქვენი ცოდვები და მოიშორეთ მოჩვენებითი კრძალვა.