წმიდა სწავლებანი #18
რატომ ხდება, რომ ღვთისმოშიშ ადამიანებს მრავალი მწუხარება ევლინებათ, ბიწიერები კი კეთილდღეობით ტკბებიან
ნუ ვშფოთავთ: დაე, ნურავინ დრტვინავს, როდესაც მანკიერი ადამიანები განცხრომით ატარებენ ცხოვრებას. ამ სოფელში არ არსებობს ნაცვალგება არც მანკიერებისა და არც სათნოებისათვის. და თუ ზოგჯერ მაინც ხდება ასეთი ნაცვალგება, ეს არის არა სრული ანაზღაურება ცოდვებისა თუ სათნოებისთვის, არამედ თითქოს სასჯელის წინამორბედი, რათა, ვისაც არა სწამს მკვდრეთით აღდგომა, ამ გზით მაინც მოექცნენ ჭეშმარიტებისკენ. ამიტომ, როდესაც დავინახავთ, რომ მანკიერი კაცი მდიდრულად ცხოვრობს, სულით ნუ დავეცემით. ნურც მაშინ შევძრწუნდებით, როდესაც სათნოებებით შემკული ადამიანი გაჭირვებაშია, რამეთუ გვირგვინებიც და სახელიც საუკუნო ცხოვრებაში მოგველის. ამასთან, არ არსებობს ქვეყნად სრულიად მანკიერი ადამიანი: მასშიც არის რაღაც კეთილი. სწორედ ასევე, არ არსებობს ისეთი კეთილისმოქმედი ადამიანიც, რომელმაც სისრულეს მიაღწია – მასაც აქვს რაღაც შეცოდებები. ამგვარად, როდესაც ბოროტი კაცი განცხრომით ცხოვრობს, იცოდე, ეს მისივე წარწყმედას მოასწავებს: ის იქვე ტკბება იმ მცირე სიკეთისთვის, რომელიც აქვს, საუკუნო ცხოვრებაში კი სრულ სასჯელს მიიღებს. მით უფრო ნეტარია ის, ვინც ამ სოფელშივე ისჯება, რათა ზღოს თავისი ცოდვებისთვის და აქედან განმართლებული, სუფთა და უცოდველი წავიდეს. ამასვე გვასწავლის პავლე, როდესაც ამბობს: „ამისთვის მრავალ არიან თქვენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი“ (I კორ. 11,30); და კიდევ: „მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ხორცითა, რათა სული ცხოვნდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა“ (იქვე, 5,5). დავით მეფეც ამბობს: „იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდენ და სიძულვილით ამაოდ მომიძულეს მე“ (ფსალმ. 24,3!20).
ყოველივე ეს ადასტურებს, რომ კეთილისმოქმედნი აქვე იღებენ სასჯელს თავიანთი ცოდვებისთვის. ის სადღაა ნათქვამი, რომ მანკიერნი აქვე ტკბებიან განცხრომით, რათა მომავალ ცხოვრებაში სრული სასჯელი მიიღონ? ამის თაობაზე მოუსმინე აბრაამს, რომელიც ეუბნება მდიდარს: „შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინისცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები“ (ლკ. 16,25).
ამრიგად, ნუ შეგვიპყრობს მწუხარება, როდესაც განცხრომაში მყოფ ცოდვილებს ვხედავთ, და როდესაც ჩვენ თვითონ გვატყდება თავს განსაცდელი. მაშინაც გვიხაროდეს, რამეთუ ეს ჩვენი ცოდვების აღსახორცელად გვეძლევა. ახლა აღარ არის დევნა (ქრისტიანებზე), და ღმერთმა ქნას, არც აღარასდროს იყოს, მაგრამ არის სხვა ბრძოლა – ბრძოლა ანგარებასთან, შურთან და სხვა ვნებებთან. ჩვენ დიდი ბრძოლა გვაქვს გადასახდელი საკუთარი ენის, თვალების, გულისთქმის წინააღმდეგ; მაშ მოდი, ვეცადოთ მათ დაოკებას. ამისთვის კი შევიჭურვოთ ჭეშმარიტებით, ანუ ჭეშმარიტი ნეტარებით, უბიწოებით, პატიოსნებით. მაშინღა შევძლებთ მტრის დაძლევას და გამარჯვების გვირგვინით შევიმკობით იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც შვენის პატივი, დიდება და თაყვანისცემა მამისა და სულისა წმიდისა თანა. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
სამსჯავროსა და საპყრობილის შესახებ
ხედავ სასამართლოზე წარმდგარ მხილებულ ბრალდებულს, რომელიც შიშისგან ცახცახებს და სირცხვილით იწვის; ის ისმენს დანაშაულის საპასუხოდ მიგებულ კანონისმიერ განაჩენს, კარგავს პატივსა და ღირსებას, მიიჩნევა ბოროტ და უსარგებლო ადამიანად; განიყვანება იგი საპყრობილეში და განეჩინება მსჯავრი.
შენმა სარწმუნოებრივმა სულმა და გონებამ ამგვარი სასამართლოს გახსენებით წარგმართოს იმ სამსჯავროსკენ, სადაც მოსამართლე თვით ღმერთია, რომელიც ჩვენს გულებს ცდის. წარმოიდგინე და გაიაზრე, რომ იმ სამსჯავროზე დგანან ცოდვილები, განრიდებულნი მართალთა რიგს, დგანან სირცხვილეულნი, გამოუთქმელი შიშითა და ცახცახით შეპყრობილნი. იმხილებიან ისინი ღვთის მცნებათა დარღვევაში, იმხილებიან მთელი სამყაროს წინაშე, ანგელოზებისა და ადამიანების წინაშე. ხედავენ საკუთარ ცოდვებს, რომელთაც სიტყვით, საქმითა და გულისხმისყოფით იქმოდნენ ფარულად. ხედავენ თავიანთი საქმეებით დამსახურებულ მსჯავრს. ხედავან მათ, რომელთაც ამქვეყნად შეურაცხყოფდნენ, დასცინოდნენ, დევნიდნენ, თელავდნენ. ხედავენ მტყუანნი მართლმსაჯულების რისხვას, ესმით საშინელი განაჩენი: „... წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის“ (მთ. 25, 41).
და ბოლოს, მხილებულნი და მსჯავრდებულნი, უდიდესი სირცხვილით, შიშით, მწუხარებით, ცრემლით, გმინვითა და სასოწარკვეთილებით განშორდებიან ღვთის პირს. განიდევნებიან სასტიკი ანგელოზების მიერ და მიეცემიან საპყრობილეებს, სადაც დაუძინებელი მატლი და ჩაუმქრალი ცეცხლი მოელის მათ.
მიწიერი სასამართლოს ამგვარი გააზრება შეგეწევა სინანულის გზაზე, გასწავლის ცოდვების დატირებას და უზენაესი მსაჯულის წყალობის ძიებას ამქვეყნად, რათა ჩვენც, იმ საყოველთაო სამსჯავროზე, არ ვიქნეთ სირცხვილეულნი და არ მოგვესმას ჩვენდამი მომართული საშინელი მსჯავრი და განაჩენი.