მოძღვარი გვირჩევს #18
კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩაგვეთვლება, თუკი ძილისწინა ლოცვებს ლოგინში წავიკითხავთ?
პასუხი: თუ ადამიანს რაიმე სნეულება არ აწუხებს, ძილისწინა, ისევე როგორც დილის, ლოცვები ფეხზე მდგომმა უნდა წაიკითხოს ხატების წინაშე. ხოლო თუ ადამიანი ხორციელ უძლურებაშია, მაშინ დასაშვებია მწოლიარე მდგომარეობაში ლოცვების წარმოთქმა.
კითხვა: სამწუხაროდ, ძალიან მომრავლდნენ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები. შესაძლებელია თუ არა ასეთი მძიმე ცოდვის მონანიება და შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანის სასულიერო პირად კურთხევა, მონანიების შემთხვევაში?
პასუხი: სჯულის კანონის მიხედვით, ამ მძიმე ცოდვით დაცემული ადამიანები სამღვდელო პირებად არ იკურთხებიან. რაც შეეხება ამ ცოდვის მონანიებას, მიუხედავად მისი სიმძიმისა, თუ ადამიანი გულწრფელად შეინანებს და ახალ ცხოვრებას შეუდგება, უფალი ყველა ცოდვას მიუტევებს.
კითხვა: სურვილი მაქვს, დავწერო ლოცვები და ჩემი ლოცვებით ვევედრო უფალს. ამით ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?
პასუხი: შესაძლოა თქვენი სიტყვებით ილოცოთ, ოღონდ მას შემდეგ, როდესაც დაამთავრებთ იმ ლოცვებს, რაც წმიდა მამების მიერ არის დაწერილი. გარდა ამისა, დაიცავით ზომიერების გრძნობა და ნუ შეეცდებით, თავად გახდეთ ლოცვების ავტორი რათა, ხიბლში არ ჩავარდეთ.
კითხვა. შეიძლება თუ არა ანგელოზის დანახვა?
პასუხი: როგორც წმიდა ისააკ ასური ამბობდა: „მასში როდია სიდიადე, რომ ქრისტიანი ხედავს ანგელოზებს, სიდიადე იმაშია, ადამიანი ხედავდეს თავის ცოდვებს“. საერთოდ, წმიდა მამები გვაფრთხილებდნენ, რომ უნდა ვუფრთხოდეთ ყოველგვარი სახის ხილვებს, რაც ადამიანს აცდუნებს. ბევრი გამოუცდელი ადამიანი დემონურ ხილვებს ანგელოზთა გამოცხადებად მიიჩნევს. ხშირად ბოროტი ძალა ადამიანს ანგელოზის სახით ევლინება, რაც ძალზე სახიფათოა.
კითხვა: 6 მაისს გიორგობაა, ასევე აღვნიშნავთ გიორგობას 23 მაისს. რატომ ვზეიმობთ ამ დღეს ორჯერ?
პასუხი: ცნობილია, რომ საქართველოში წლის ყოველ დღეს რომელიმე სოფელში წმიდა გიორგის ხსენება აღინიშნება. აქედან მოდის 365 წმიდა გიორგი და დასტური იმისა, თუ როგორ განსაკუთრებულად უყვართ ქართველებს ეს წმიდანი. განსაკუთრებით კი ვდღესასწაულობთ 6 მაისს, წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მის ბორბალზე გაკვრის (წამების) დღეს.