კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის სამხედრო-სავალდებულო სამსახური ადამიანის უფლებების დარღვევა, ხოლო ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარება – ადამიანის უფლებების დაცვა #18

თავის დროზე, ანუ პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩენისთანავე, „გირჩმა“ ამბიციურად განაცხადა, რომ საქართველოს ბედკრულ ისტორიაში ყველაზე თანამედროვე და ახლებურად მოაზროვნე ძალა იქნებოდა. მეტიც, საზოგადოებას კომუნიკაციის აქამდე არნახულ და არგაგონილ ფორმას შესთავაზებდა. საბოლოოდ კი, აღმოჩნდა, რომ თავი, თავდაპირველად, კანაფის საჯარო დათესვით გამოიჩინეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კანაფიც კი ვერ დათესეს (მართალია, იქადნებოდნენ, დაე, დაგვიჭირონო, მაგრამ საქმე დასაჭერად არ გაიხადეს), შემდეგ –  მთელი ძალით გაშალეს ფრონტი, რომ ჯარში სამსახური ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა (ცხადია, სული ტკბილია და გაცილებით უკეთესია, თუ სხვა დაგიცავს და ის მოკვდება, შენ კი მშვიდად „დაბოლდები“), ხოლო ფინალში რელიგიური ორგანიზაციაც შექმნეს და ახალგაზრდებს მასში გაწევრიანებას სთავაზობენ (არა იმიტომ, რომ საქმე რწმენას ეხება, არამედ სამხედრო-სავალდებულო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით). მოკლედ, დღიდან „გაგირჩებისა“ ამტკიცებენ, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, ოღონდ აი, ნარკოტიკების მოხმარება –  ამ უფლებების გამოვლენა. დამეთანხმებით, რომ ლოგიკა არა მხოლოდ უცნაური, ანტისახელმწიფოებრივია. რა მიზანს ემსახურება მსგავსი ღირებულებების დანერგვის მცდელობა, –  ამ თემას ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად გავარჩევთ.
– იყო დრო, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდათ ღირებულება, როდესაც დედა შვილს ომში აგზავნიდა იმისთვის, რომ მომკვდარიყო და არა იმისთვის, რომ ცოცხალი დაბრუნებოდა. მაგრამ აი, დადგა დრო, როდესაც პოლიტიკოსების ნაწილი მოუწოდებს ახალგაზრდებს, გაწევრიანდნენ სექტაში, რომ არ იმსახურონ ჯარში. მოქალაქეობა ცალმხრივი პროცესია: მხოლოდ სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები, მოქალაქეს არ ევალება სახელმწიფოს დაცვაში მონაწილეობის მიღება?
– პარტია, რომლის პოლიტიკაცაა, რომ სავალდებულო არ უნდა იყოს გაწვევა, უნდა არსებობდეს სახელმწიფოში და ეს კარგია, მაგრამ სახელმწიფოში უნდა იყოს ასეთი პარტიების საპირისპირო პოზიციის მქონე პარტიებიც, რომლებიც სრულიად საპირისპიროს იტყვიან და ეს პოლარობა, მათ შორის თავისუფალი კამათი და საზოგადოების, ხერხეულიძეების დედისნაირი ადამიანების ჩართულობა ამ კამათში, რეალურად აყალიბებს სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც უნდა გვქონდეს. ასეთი პარტია თუ არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა არ არის თავისუფალი, არის სატელიტი და იქ მხოლოდ ერთი ხმა  ისმის. ოღონდ, მეორე მხრივ, აუცილებელია საზოგადოებრივი კონსენსუსი და უფრო მეტიც, საზოგადოებრივი ავთენტური აზრის ჩამოყალიბება, რომელიც ითვალისწინებს უკიდურესობებს, მაგრამ ამბობს თავის პრიორიტეტს. ამ მხრივ რომ შევხედოთ საკითხს, წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ ვართ. თქვენც იკითხეთ: უნდა გვქონდეს თუ არა ისეთი იდეოლოგია, რომელიც გამოხატავს ავთენტურ  თანამედროვე საქართველოს.
გადავხედოთ ბოლო საუკუნეების ისტორიას: რუსეთის შემადგენლობაში ყოფნისას კოლონიურ საქართველოს არ ჰქონდა დამოუკიდებელი პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობა, არც წითელ, საბჭოთა რუსეთში იყო იმის საშუალება, რომ საკუთარი პრიორიტეტი შემოეტანა ჩვენს სოციალურ ცხოვრებაში და ესეც ტრაგედია იყო. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის პირველი წლები და გამსახურდიას პერიოდი, როდესაც წინა პლანზე გამოვიდა ეროვნული პრიორიტეტი.
– და ჯარში წასვლის უამრავი მსურველი იყო.
– დიახ და ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, დაერქვას სახელები, ვინ ვიყავით, რომ საკუთარი თავი დავინახოთ სარკეში და აწმყოშიც. ეროვნული პრიორიტეტი, რომელიც კომუნისტური წნეხის შემდგომი პერიოდის მიზეზ-შედეგობრივი გაგრძელება იყო, შეიცვალა შევარდნაძის პერიოდით…
– როდესაც დეზერტირობა გახდა მასობრივი.
– შევარდნაძის პოლიტიკას ასე შეიძლება, დაერქვას: უკან, რუსეთისკენ, რომ ხსნა რუსეთში დაბრუნებაშია და ისეც ვნახეთ, თუ როგორ დაიკარგა მთლიანად ის ენთუზიაზმი, რომელშიც ძალიან ჭარბად იყო გამსახურდიასდროინდელი ეროვნული პრიორიტეტი, რომელიც ადრეული გაზაფხულივით აღმოჩნდა ჩვენს ისტორიულ რეალობაში. ამის შემდეგ იყო სააკაშვილის პერიოდი, როდესაც ვეძებდით ძლიერ პატრონს, იმდენადაც კი, რომ აშშ-ის სატელიტადაც კი მოგვნათლეს.
– სულ ვიმეორებთ, „ნატოს“ ქოლგის ქვეშ გვინდაო. ანუ ჩვენ თუ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ამით ჩვენი უფლებები დაირღვევა, სხვა რომ დაგვიცავს, ის ჯობია.
–  იმ პერიოდში „ნატოზე“ იმდენად არ იყო ლაპარაკი, რამდენადაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე. სააკაშვილის პრიორიტეტი იყო, რომ პატრონი გვჭირდება და თითქოს მან იპოვა პატრონი, რომელიც გვიშველიდა, თუმცა ვნახეთ, რომ ესეც ტრაგიკულად დამთავრდა.
– დავაკონკრეტოთ მკითხველისთვის: 2008 წლის ოკუპაციამ გვაჩვენა, რომ პატრონი ვერ ვიპოვეთ, ანუ ისევ უპატრონოები ვართ.
– დიახ; ახლა კი ვართ პერიოდში, როდესაც წინა პერიოდებისგან განსხვავებით, შეიძლება, გავხდეთ ავთენტური, ვიპოვოთ ჩვენი როლი და მნიშვნელობა სამყაროში ან შესაძლოა, ასეთი ძიება გაგრძელდეს. არა მხოლოდ იმ პარტიის პოლიტიკის მიმართაა ჩამოსაყალიბებელი დამოკიდებულება, რომელიც ამბობს, რომ გაწვევა ცუდია და პრიორიტეტი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საკონტრაქტო ჯარი, არამედ ყველა გლობალური საკითხის მიმართ. ვის შეუძლია პროფესიული ჯარის შენახვა?! ძლიერ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ძლიერი ეკონომიკა და აღარ სჭირდება ისეთი რამ, რაც მოითხოვს ენთუზიაზმს. ასეთია, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები.
– და არავინ რომ არ წავიდეს იმ საკონტრაქტო ჯარში ან საკმარისი რაოდენობა ვერ მოგროვდეს, ესეც ხომ პრობლემაა?
– და რა ხელფასს მიიღებენ ისინი, ეყოფა ამას ქვეყნის ბიუჯეტი?! თან, თუ ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობას გადავხედავთ, ძალიან ვგავართ იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან საომარ მდგომარეობაში: უკრაინა, ისრაელი… ანუ ქვეყნები, რომლებშიც ამ ენთუზიაზმზე დგას მათი დამოუკიდებლობა და სიცოცხლისუნარიანობა და თუ ეს ენთუზიაზმი არ წახალისდა, მაშინ კაპიტულაცია გარდაუვალია. ეს არ არის მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცის საქმე, შენი საქმეცაა, იმიტომ რომ, ეხება შენს დაცვას, შენი ოჯახის, შენი მეგობრების, შენი კულტურის დაცვას, შენი ხვალინდელი დღის გადარჩენას. როგორ შეიძლება, ამაზე უარი თქვას ადამიანმა?!
– არის ასეთი ლოგიკაც, ჩვენ მაინც ვერ მოვუგებთ რუსეთის ჯარს, ცხადია, ვერც თურქეთისას, რაც ბუნებრივად ითხოვს პასუხს, მაშინ დანებდით ახლავე და ფეშქაშად მიართვით ცოლ-შვილი. მაგრამ ეს პასუხი არ მოსწონთ. არ უნდა სცადო მაინც დაცვა?
– შეიძლება, ვერ დავიცვათ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არ უნდა დავიცვათ? ყველანაირი ხიფათია მოსალოდნელი სამყაროში და რადგან ასეთი ხიფათი არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი უნდა ჩაიკლას. შეიძლება, შეეწიროს ადამიანი თვითგადარჩენის ინსტინქტს. უამრავი ისტორიული მაგალითი გვაქვს, დამარცხდები, მაგრამ ამას სჭირდება თავგანწირვა, რადგან, თუ ქვეყანა არ არის მზად თავგანწირვისთვის, ასეთი ქვეყანა ქრება სამყაროდან. ანუ სიცოცხლეს სჭირდება დაცვა, საქართველოსაც სჭირდება დაცვა და თუ ჩვენ ვუპასუხებთ, რომ სიცოცხლეს არ ვიცავთ, ესე იგი, ხელს ვაწერთ ამ სამყაროში არყოფნას. ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს დასაცავი სიცოცხლე და კრიტიკულ სიტუაციაში ყველამ უნდა მოინდომოს თვითგადარჩენა, იმისთვის, რომ გადარჩეს. ჩვენ, ფაქტობრივად, ვლაპარაკობთ თვითგადარჩენის ინსტინქტზე.
– ამ ლოგიკით, დაებიჯებინა ფეხი გიორგი ანწუხელიძეს დროშაზე, ტყვე იქნებოდა და გაცვლიდნენ, ანუ გადარჩებოდა; ან შინდისში რატომ დაიხოცნენ ალყაში მოხვედრილები, მაინც ვერ მოახდენდა ომის შედეგზე მათი თავგანწირვა გავლენას, ჩაბარებოდნენ ტყვედ მტერს და მათაც გაცვლიდნენ, ადრე თუ გვიან. ანუ გადარჩებოდნენ. თან, ეს ხომ არ არის შორეული წარსულის მაგალითები, ამ ყველაფერს ჩვენ საკუთარი თვალით ვუყურეთ?!
– არადა ეს არ არის რაციონალური პასუხი, მაგრამ ეს არის მათი ავთენტური პასუხი სიცოცხლისადმი დამოკიდებულებაზე. მათ მიაჩნდათ, რომ ასე უნდა მოქცეულიყვნენ, მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა ეს რაციონალური. ასეთი დამოკიდებულებები გამოხატავს ჩვენს ბუნებას, თუ როგორები ვართ ჩვენ. მნიშვნელოვანია ამ ბუნების გამოვლენა და არა ამ ბუნების უგულებელყოფა. ამდენად, ჩვენ უნდა გავარკვითოთ, როგორ საქართველოს ვქმნით: რომელიც უნდა იყოს უნიკალური და განსხვავებული ქვეყანა?! კარგია, რომ ბევრი რამით ვგავართ ცივილიზებულ ქვეყნებს, მაგრამ გვაქვს რაღაც, რაც გამოგვარჩევს და უნიკალობას გვანიჭებს. ეს უნიკალობა უნდა გამოვხატოთ. ის ყოველთვის არ ექვემდებარება რაციონალურს, მასში ბევრია ირაციონალური, ისევე, როგორც ჩვენს კულტურაშია ბევრი რამ ირაციონალური, რასაც ვერ მიხვდება სხვა კულტურა, ვერც ახსნის, მაგრამ ჩვენ ასეთები ვართ და პირიქით, რაციონალობას ამ უნიკალობის ასახსნელად ვიყენებთ და არა ამ უნიკალობის გასაქრობად. ასეთი ბუნებისაა კულტურაც, ადამიანიც, ერიც. ის მექანიზმია გასაღვიძებელი და სიცოცხლისკენ მოსაბრუნებელი, რომელიც დავიწყეთ თუ თავის დროზე გადავაბარეთ სხვა იმპერიებს, რომლებიც გვიპყრობდნენ. გავიმეორებ, პოლარულად განსხვავებული დამოკიდებულება ამ საკითხისადმი კარგია, რადგან გამოხატავს უკიდურესობებს, მაგრამ ერმა ამ უკიდურესობებიდან უნდა აიღოს ის, რაც მისთვის მისაღებია მორალურად და რაციონალურად. ეს პროცესი ჩვენთან რთულად მიდის, იმიტომ რომ, მას სჭირდება სიმშვიდე, ადეკვატური აღქმა. ეს პირობები კი ჩვენთან არ არის. შესაძლებელია, ეს გაუცხოება გაგრძელდეს და მრავალი წელი დავკარგოთ პატრონის ძიებაში ან უკან დაბრუნებაში, იმის მაგივრად, რომ ვიპოვოთ საყრდენი ჩვენს თავში და იმ დროში, რომელშიც ვიმყოფებით. ასეთი რამ რთულია პიროვნებისთვის, არათუ ერისა და საზოგადოებისთვის, რომელიც ასეთი პიროვნებების ერთობლიობისგან შედგება. მაგრამ, მეორე მხრივ, რაკი დამოუკიდებლობის პერიოდში ასე თუ ისე, დაბნეულობით თუ გაჭირვებით მაინც თავი გავიტანეთ და მთლად არ დავიშალეთ, იმედს იძლევა, რომ შეიქმნება ვითარება, როდესაც ჩვენც მკაფიოდ გამოვხატავთ საკუთარ თავს.
– ხანდახან მეც მიფიქრია, რომ მემატიანე ტყუის და აბუქებს ჩვენს ვაჟკაცობასა და თავდადებას ბრძოლებში, თუმცა უცხოელებიც გვაქებენ. მაგრამ 1992-1993 წლებმა და თვით 2008-მაც აჩვენა, რომ ის გენი, რომელიც, ალბათ, ამაზეა პასუხისმგებელი, ისევ ფეთქავს. უცებ კონტექსტიდან ამოვარდება ვიღაც და, ასევე, უცებ დაადასტურებს უწყვეტ კავშირს ჩვენს წარსულთან, ესე იგი, მომავალთანაც.
– ერთი უკიდურესობაა, რომ მთლიანად პროფესიულ ჯარზე გადავიდეთ და მეორე, რომ მხოლოდ გაწვეულების იმედად ვიყოთ. უნდა მოვიფიქროთ მოდელი, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი უნიკალობა. რთული რეგიონია: რუსეთი, თურქეთი, ჩრდილოეთ კავკასია… ეს ძალები გასათვალისწინებელია და ჯერჯერობით ასეთ მოდელს ვერ ვხედავთ.
– ჩვენ ვხედავთ მოდელებს, რომ პოლიტიკური პარტია იყენებს კანონში არსებულ დათქმას, რის მიხედვითაც, გარანტირებულია რწმენის თავისუფლება და, ამდენად, თუ აღმსარებლობა უკრძალავს ახალგაზრდას ჯარში სამსახურს, მას შეუძლია, იმსახუროს ალტერნატიულად, და ქმნის რელიგიურ სექტას?
– თუკი ლოიალურად შევხედავთ საკითხს, ყველანაირ პოზიციას აქვს არსებობის უფლება,  მაგრამ, როდესაც პოლიტიკური პარტია საკუთარ თავზე ფიქრობს და ნაკლებად ქვეყანაზე, ასეთი პარტიებიცაა ჩვენთან და ასეთი მეთოდით ცდილობენ ახალგაზრდების მოზიდვას, რა თქმა უნდა, ეს გასაკრიტიკებელია.
– რა უცნაურია, პოლიტიკური პარტია იზიდავს მომხრეებად დეზერტირებს, ნარკოდამოკიდებულებსა და რწმენის გამყიდველებს.
– თუკი 200 000 ნარკოდამოკიდებულია საქართველოში, შეიძლება, პარტიის ინტერესებს ემსახურებოდეს ასეთი პოლიტიკა…
– ლიბერალიზმი იქით იყოს და, როდესაც პოლიტიკური პარტია ამკვიდრებს ღირებულებას, რომ გავყიდი რწმენასა და ურწმუნოებასაც, ოღონდ არ მოვიხადო ჩემი მოქალაქეობრივი ვალიო, ეს არ არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება?
– როდესაც პარტია ასეთ ნაბიჯებს დგამს, ის ნერგავს დადებით განწყობებს ამ მოვლენების მიმართ: ნეგატიურად აფასებს პატრიოტულ გრძნობებს და წაახალისებს ნარკომანიას, რაც ერთმნიშვნელოვნად დამღუპველია და უარყოფითად იმოქმედებს საზოგადოებაზე, თუკი ასეთი ძალა იქნა დომინანტი. არ მგონია, ყველამ ასე იფიქროს.
– მათ გამოუჩნდათ მხარდამჭერები და მსურველებიც, სამწუხაროდ. მაგრამ, მეორე მხრივ, როგორ აფასებს სახელმწიფო, საზოგადოება მათ, ვინც თავი გაწირა ენთუზიაზმის გამო? როგორ ცხოვრობენ მათი ოჯახები? ახალგაზრდები იმასაც ხედავენ, რომ ისინი უფრო უკეთ არიან, ვინც ხელი მოითბო მათზე, რომლებიც უანგაროდ ემსახურნენ და შეეწირნენ ქვეყანას?
– ტრამპის ინაუგურაციას ესწრებოდა ერთ-ერთი დაღუპული ამერიკელი სამხედროს შვილი. აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვაში მთელი აქცენტი მასზე იყო და მოვლენა, რომელიც ცხრა მთას იქით ხდებოდა, შეფუთეს, როგორც ამერიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა ტიროდა. ჩვენთან კი, მართლაც საქართველოსთვის იღუპება ადამიანი მტერთან ბრძოლაში და ამას არ ვაწვდით საზოგადოებას შესაბამისად და, რა თქმა უნდა, ესეც იწვევს პესიმიზმს. ესე იგი, ასეთი მთავრობაც არ ემსახურება საკუთარ ქვეყანას. ანუ ესეც პრობლემაა ჩვენთან.

скачать dle 11.3