რატომ აუკრძალა რუსეთმა ირანს ევროპისთვის გაზისა და ნავთობის სომხეთ-საქართველოზე გავლით მიწოდება და როგორ ეცდება თურქეთი აჭარაში საკუთარი გავლენის გამოყენებას #18
მართალია, არა სპონტანურად, ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ მაინც მწვავე რეაქცია გამოხატა ჩვენი მეზობელ-პარტნიორ-მეგობარ თურქეთის თხოვნაზე, არ გამოგვეცხადებინა უქმედ 12 აგვისტო, დიდგორის დღე და თუმცა პირადად მე ამ, მართლაც, დიადი თარიღის უქმედ გამოცხადების მოწინააღმდეგე ვარ (იმ მარტივი მიზეზით, რომ პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად უქმეობა კი არა ქმედებაა საჭირო), დღესავით ნათელია, რომ ჩვენი მეზობელი, ცოტა არ იყოს, უტაქტოდ მოიქცა (ათი საუკუნის წინათ არც დღევანდელი თურქეთის სამართალწინაპარი ოსმალეთის იმპერია არსებობდა და, უქმედ გამოვაცხადებთ თუ არა, ამით ილღაზის სამარცხვინო დამარცხების ისტორია ვერ შეიცვლება). ასეა თუ ისე, დავინტერესდით, არსებობს თუ არა სახელმწიფოებს შორის ამგვარი ფორმით ურთიერთობის პრაქტიკა და რის დატესტვას შეეცადა თურქეთი, – ამ საკითხზე მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– თუ არის ცნობილი ურთიერთობის ასეთი მანერა, როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეს არაოფიციალურად ან ოფიციალურად უწესებს, როგორ უნდა მოიქცეს, რა იზეიმოს და რა არა. რუსეთი ძალიან გაღიზიანებულია ჩვენი ოკუპაციის მუზეუმით, თუმცა მე მაქვს ამგვარი არგუმენტიც, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ჩვენებურ სტალინსა და ბერიას ვერჩით-მეთქი.
– უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება, ნაპოლეონის პერიოდში საფრანგეთის საქმეებში ჩარევა, პრუსიის საქმეებში ჩარევა. რუსებმა ავსტრიაში საერთოდაც თავიანთი ჯარი შეიყვანეს. ანუ ასეთი ამბები ძალიან ხშირია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას მაგალითებით უნდა ვუპასუხოთ და რადგან სხვა ქვეყნების ისტორიაშიც მომხდარა, წავუყრუოთ.
– რატომ მისცა თურქეთმა ამის უფლება თავის თავს? უქმედ გამოცხადება რას ცვლის, ხომ მაინც ვზეიმობთ ამ დღეს? ეს რეკომენდაცია უკავშირდება თურქეთში ბოლოს მომხდარ მოვლენებს, მათ შორის, 16 აპრილის რეფერენდუმს?
– რასაკვირველია, დღეს თურქეთი სხვა ტიპის სახელმწიფოდ ყალიბდება. არა მარტო ერდოღანის თურქეთს, დემირელის თურქეთსაც ჰქონდა პრეტენზია, გამხდარიყო რეგიონული ლიდერი. ისეთი ქვეყანა, რომელიც რეგიონული პოლიტიკის შექმნაში იქნებოდა დომინანტი და ეს არ ეხება მხოლოდ ქართულ-თურქულ ურთიერთობებს. ოღონდ დემირელის დროს ეს კეთდებოდა დელიკატურად და ყველაფერი თანხმდებოდა აშშ-ს ადმინისტრაციასთან. დემირელი ბევრად უფრო მოქნილი და ბრძენი პოლიტიკოსი იყო, ვიდრე მაშინ, ერთი შეხედვით, ჩანდა. მისი პოლიტიკა იყო ერთგვარი გაგრძელება ათა თურქის პოლიტიკის, გარდა ამისა, დემირელი თვითონაც ქმნიდა პოლიტიკურ კვანძებს, პანთურქიზმის იდეოლოგიის ასპექტში. დემირელმა შექმნა ის ძლიერი ფუნდამენტი, რაზეც დგას დღეს ერდოღანი. მაგალითად, დემირელის შექმნილია პოსტსაბჭოთა თურქული წარმომავლობის ქვეყნების ალიანსი. მაგრამ დემირელი არ იყო აგრესიული. მე მახსოვს დემირელისა და ასლან აბაშიძის შეხვედრა, უმცროს ძმას უწოდებდა და ახლობლობდა მასთან. მაგარმ ასლან აბაშიძესთან დემირელს არასდროს დაუძრავს კრინტი, რომ აჭარა თურქეთის ნაწილია, თუმცა აჭარლებისადმი თბილ დამოკიდებულებას ყოველთვის უსვამდა ხაზს.
– ასლან აბაძიშის მმართველობისას დაიწყო აჭარის მოსახლეობის მასობრივი დაბრუნება ქრისტიანობასთან.
– ასლან აბაშიძის მოღვაწეობის ის ნაწილი, რომელიც ემსახურებოდა ქართული იდეის აღორძინებას აჭარაში, ცალკე საუბრის თემაა. მისი ზოგიერთი ქმედება საკრიტიკო იყო და ბევრ რამეს მეც ვაკრიტიკებდი, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ ასლან აბაშიძის მიდგომების დიდი ნაწილი ძალიან მართებული გახლდათ. ერთი სიტყვით, დემირელის შექმნილია ის ფუნდამენტი, რაზეც დღეს ერდოღანი დგას. 2003 თუ 2004 წელს ერდოღანმა ანკარის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში აღმოაჩინა პროფესორი დავითოღლუ, რომელიც პანოსმალურ იდეას ქადაგებდა, რაც გულისხმობდა ოსმალეთის იმპერიის გავლენის აღდგენას ოსმალეთის იმპერიის მთელ სივრცეში. ოღონდ დავითოღლუს დოქტრინა გულისხმობდა სულიერი გავლენების აღდგენას. ეს იდეოლოგია მოეწონა ერდოღანს, ამიტომ ის თავის გუნდში შეიყვანა და პრემიერ-მინისტრიც გახადა. დღეს, როდესაც მათი გზები გაიყო, იმიტომ რომ, დავითოღლუ არ მიიჩნევდა საჭიროდ აგრესიას, პრემიერ-მინისტრი არის ჩავოშოღლუ, დავითოღლუ კი დაბრუნდა თავის კათედრაზე. მაგრამ იდეოლოგია არ შეცვლილა და თურქეთი აქტიურადაა ჩარული ამ პოლიტიკის განხორციელებაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთი ინტერესდება ეგრეთ წოდებული გუილენის სასწავლებლის არსებობითაც, თუმცა საქართველოს მისამართით ეს ოფიციალურად არ თქმულა. ზოგადად ითქვა, ყველას მოსთხოვა ერღდოღანმა გიულენთან დაკავშირებული სასწავლებლების დახურვა, მაგრამ არის ქვეყნები, მათ შორის, თურქული წარმომავლობის ხალხებით დასახლებული, რომლებსაც ყურიც არ შეუბერტყავთ ერდოღანის ამ განცხადებაზე, მაგალითად, ყაზახეთს.
– არც ჩვენ თითქოს?
– ბათუმში შაჰინის სკოლის დახურვა ერთგვარი ხარკი იყო ჩვენი მხრიდან, რის სამაგიეროდაც მივიღეთ ის, რომ სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენლობა დაიხურა სტამბოლში. ანუ თურქეთის მხრიდან ჩარევის ასეთი ფორმა იყო, ოღონდ უფრო დელიკატური. ბოლო ჩარევის მცდელობას უფრო რეკომენდაციის ფორმა აქვს, რომ არ დაირღვეს ქართულ-თურქული მეგობრობაო. ეტყობა, ერდოღანს ცუდი ისტორიკოსი მრჩევლები ჰყავს, თავი რომ დავანებოთ დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევას, იმიტომ რომ, ილღაზი, რომელიც მუსლიმთა გაერთიანებული კოალიციის ლაშქარს ხელმძღვანელობდა, იყო ერთ-ერთი თურქული ტომის ბელადი. ამდენად, მე უფრო მგონია, რომ ეს არის ტესტირება, ნიადაგის მოსინჯვა იმის შესამოწმებლად, თუ როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება ამ სიტუაციაში.
– ხომ არ იცით, რა ფორმით იყო მიწოდებული ეს რეკომენდაცია? საქართველოში თურქეთის ელჩის კომენტარი, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხიო, ადასტურებს, რომ თურქულმა მხარემ მსგავსი თხოვნით მართლაც მოგვმართა.
– ჯერჯერობით ამ ქმედებებს დელიკატობა ახლავს. ეს არ იყო ნოტის დონეზე, ღმერთმა დაგვიფაროს, არც პირველი პირების შეხვედრების დროს გამოთქმული მოსაზრება. დიპლომატიური არხებით გამოითქვა რეკომენდაციის სახით, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ელჩის ნათქვამიც მოწმობს, რომ რეკომენდაციის ფორმა ჰქონდა. მე არ მინდა, რომ ამ რეკომენდაციას ქართველი საზოგადოება გაღიზიანებითა და „ფეისბუქში“ აქტივობით შეხვდეს. ჩავთვალოთ, ეს არის ტესტი, რომელსაც ზრდილობიანი და მშვიდი პასუხი უნდა გაეცეს, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი საკითხია და ეს დღესასწაული უნდა აღინიშნოს ისე, როგორც ეკადრება ამ დღესასწაულს.
– თქვით, რომ ბათუმში შაჰინის სკოლის დახურვა ერთგვარი ხარკი იყოო, რამაც მოგვიტანა დივიდენდი სტამბოლში აფხაზეთის წარმომადგენლობის დახურვით. თუმცა ისიც გაუგებარია, რატომ უნდა გახსნილიყო ასეთი დაწესებულება ჩვენს პარტნიორ-მეგობარ თურქეთში?
– ჩვენ ბევრი ისეთი რამ არ ვიცით, რაც საქართველოში ხდება და მათ შორის, ბევრი ისეთი რამეც ხდება, რაც გამაღიზიანებელია ჩვენი მეზობლებისთვის. აფხაზეთის წარმომადგენლობა სტამბოლში არ იყო ოფიციალური, ისინი უწოდებდნენ ასე თავიანთ თავს. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია.
– აბა, რა დახურეს?
– აფხაზეთის თურქული ცენტრი. მის ხელმძღვანელს, მართალია, ერქვა აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენელი, მაგრამ ელჩი არ ყოფილა. დახურვაც არაზუსტია, უბრალოდ ამ ადამიანს შეუწყვიტეს ვიზის მოქმედების ვადა და თურქეთის ტერიტორიაზე დარჩენის უფლება აღარ მისცეს. მინდა, რომ ყველაფერი ზუსტად განიმარტოს. მე ვაკავშირებ ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან, თორემ შესაძლოა, უბრალო დამთხვევაც იყოს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთი მეორეში გაიცვალა. დღესაც საქართველოში დაყადაღებულია გიულენის სახელთან დაკავშირებული სასწავლებლების ანგარიშებიც და შენობებიც. ამდენად, ისინი ვერ ახერხებენ ახალი სასწავლო წლისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას.
– ეს იმიტომ ვიკითხე, რომ, თუ ტესტი იყო დიდგორის უქმედ გამოცხადების გადაწყვეტილების გაუქმება, ესე იგი, ამას აქვს გარკვეული მიზანი. რა მიზნის მიღწევას ცდილობს თურქეთი ამის დატესტვით და თუ არ გავითვალისწინებთ მის რეკომენდაციას, რას გააკეთებს?
– არაფერს, ეს მუქარა არ არის, რეკომენდაციაა. დარწმუნებული ვარ, ითქვა იმ ფორმით, რომ არასასურველია თურქული მხარისთვის ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა. თურქეთი ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას სამხრეთ კავკასიაში. ეს არის ტრადიციული ოსმალური პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებდნენ ბოლო ხუთი საუკუნის განმავლობაში. თურქეთისთვის უაღრესად გამაღიზიანებელია რუსეთის აქტივობა აქ. რომ არა ლენინის მთავრობის მიერ ქემალ ათა თურქის მთავრობის მოსყიდვა, თურქეთი არასდროს შეურიგდებოდა რუსეთის ფეხის მოკიდებას სამხრეთ კავკასიაში. ძლივს მოხერხდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთი არ ჩაბმულიყო რუსეთის წინააღმდეგ ომში. გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში კი თურქეთი უკვე „ნატოს“ წევრი გახდა, ანუ თურქეთმა გააგრძელა თავისი ისტორიული გეზი და ანტირუსულ, ანტისაბჭოთა კოალიციაში გაწევრიანდა. ისტორიულად თურქეთისთვის ჩრდილოეთის მიმართულებით ორი საკვანძო პუნქტია: კავკასია და ყირიმი, რომლის შესახებ რუსეთთან ვერ მოილაპარაკებს.
– თან, ყირიმი უკვე მიიერთა რუსეთმა.
– დიახ, მით უმეტს, დღეს რუსეთმა ყირიმი უკვე მიიერთა. თურქეთი ვერ მოილაპარაკებს რუსეთთან და თქვენი კითხვის, თუ რას მოიმოქმედებს თურქეთი ამ რეკომენდაციის შეუსრულებლობით, პასუხია, რომ გააძლიერებს თავის ყოფნას კავკასიაში. ჯერჯერობით იყენებს ეკონომიკურსა და ჰუმანიტარულ მეთოდებს და დიპლომატიურ ნაბიჯებს.
– დგება ეტაპი, რომ თურქეთმა დაიწყო მკა იმ მოსავლის მიღებით, რაც მან, განსაკუთრებით, აჭარაში დათესა ეკონომიკური და კულტურული გავლენით?
– ჯერ ადრეა, გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა წელში დიდ გავლენას მიაღწია თურქეთმა ჩრდილო კავკასიაში. შენობა არ შენდებოდა, თურქული კაპიტალი რომ არ ყოფილიყო ჩართული მახაჩყალიდან ვიდრე კრასნოდარამდე, მას მაშინ ჰქონდა დიდი გავლენა, მაგრამ რუსეთმა ნელ-ნელა ფეხი ამოაკვეთინა. აფხაზეთშიც შეეცადა თურქეთი ფეხის მოკიდებას, მაგრამ აფხაზეთშიც იგივე დაემართა 2008 წლის შემდეგ. დღეს იქ სუფთა თურქული ფირმები აღარ არსებობს: თუ არის რამე თურქული ფირმა, დაკომპლექტებულია თურქეთში მცხოვრები აფხაზებით. ვერც აზერბაიჯანში შეძლო თურქეთმა გადამწყვეტი ეკონომიკური გავლენის მოპოვება და ვერც საქართველოში. შეიძლება, ქართველმა საზოგადოებამ არც იცის, თუ როგორ ჭიდაობდნენ თურქული და რუსული ენერგეტიკული კომპანიები, რომელთა უკან მათი სახელმწიფოები იდგა, რომ ხელში ჩაეგდოთ ჩვენი ენერგეტიკული სექტორი. საბოლოოდ, რუსებმა იმძლავრეს და ჩვენი ენერგოსექტორის 72 პროცენტი რუსების ხელშია. ერთადერთი ადგილი, სადაც თურქეთმა უპირატესობას მიაღწია, არის აჭარა, ამიტომაა დღეს რუსეთი ძალიან დაინტერესებული, რომ როგორმე აჭარაში მოიკიდოს ფეხი ეკონომიკურად.
– ანუ ჩვენ თურქეთის გადამწყვეტი გავლენის საპირწონედ ისევ რუსეთი გვყავს?
– ჩვენი უბედურება ის არის, რომ ჩვენი სიღარიბის გამო, ვერ ვახერხებთ, ვიყოთ აქტიურები იმ ბრძოლაში, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორისაა საქართველოში.
– ირანის შემოსვლა შეამსუბუქებს თუ უფრო დაამძიმებს ვითარებას? მე მგონია, რომ, რაც ბევრი, უფრო დაცულები ვიქნებით.
– ირანი არის მესამე აქტიური ისტორიული მოთამაშე სამხრეთ კავკასიაში. ირანი, რომელსაც თურქეთი მიაჩნია, განსაკუთრებულ მეტოქედ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში, ცდილობს, ის ყველგან შეავიწროოს, უბრალოდ, წლების განმავლობაში ემბარგოს გამო იყო შეზღუდული. ამდენად, ირანი ცდილობს, აღადგინოს თავისი ეკონომიკური პოტენციალი სამხრეთ კავკასიაში. სომხეთში უფრო წინაა წასული, თუმცა იქ რუსეთმა წითელი აუნთო ირანს, ანუ ენერგეტიკული კოზირის გამოყენების საშუალებას არ აძლევს. ირანს ცოცხალი თავით არ უნდა, რომ მისმა ენერგომატარებლებმა ევროპისკენ თურქეთზე გაიაროს, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. დღეს ირანის პოლიტიკის დიდი ნაწილი ეთმობა იმას, რომ როგორმე სამხრეთ კავკასიიდან მიაწოდოს პორტებით თავისი ნავთობი და გაზი ევროპას, ამისთვის მას სჭირდებოდა მილსადენები სომხეთ-საქართველოს ტერიტორიაზე. რადგან ეს არ გამოდის, ამიტომ ირანმა გადაწყვიტა, სხვაგვარად გაუწიოს კონკურენცია თურქეთს სამხრეთ კავკასიაში. მაგალითად, ინფრასტრუქტურის მეშვეობით: ირანს უნდა, რომ გააკონტროლოს ქუთაისის აეროპორტი. იმიტომ რომ, გვერდზე არის ბათუმის აეროპორტი, რომელსაც თურქეთი აკონტროლებს, რათა მაქსიმალურად დაფაროს ის სივრცე, რომელიც თურქეთის გავლენისგანაა თავისუფალი.