როგორ გახდა ზურაბ ალავიძე ორი მთავრობის მინისტრის მოადგილე და როგორ მოუტანა 197 000 ლარი „დარიალ ენერჯის“ გენდირექტორობამ #18
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე 1976 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება 1993-1998 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე მიიღო (ფაკულტეტზე – ფინანსები და კრედიტი); თუმცა 2007-2010 წლებში გრენობლის ბიზნესსკოლაშიც გაიღრმავა ცოდნა და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხიც მიიღო. ზურაბ ალავიძის შრომითი ბიოგრაფია 1996 წელს დაიწყო, „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მენეჯერად. 1997 წელს იმავე ბანკის მთავარი დილერი გახდა, 1998 წელს – სახაზინო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 1999 წელს კი – თვით ხაზინის დეპარტამენტის დირექტორიც. ამის პარალელურად, 1999-2006 წლებში ის „ქართული საფონდო კომპანიის“ გენერალურ დირექტორადაც მუშაობდა. 2005 წელს კი „ვი თი ბანკად“ წოდებული „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა, 2006-2008 წლებში „ვითიბი ბანკი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი-პრეზიდენტის მოადგილეც გახდა. 2008-2009 წლებში „ბესიკის ბიზნესცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. თუმცა 2009 წლის სექტემბრიდან ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა; 2011-2016 წლებში სააქციო საზოგადოება „დარიალი ენერჯის“ – გენერალურ დირექტორად; 2016 წლის ივნისიდან ნოემბრამდე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, 2016 წლის 29 ნოემბრიდან დღემდე კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია.
ზურაბ ალავიძემ თავისი პირველი დეკლარაცია 2009 წელს შეავსო, როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ და ოჯახის წევრად მიუთითა დედა, 1950 წელს დაბადებული მარინა კვირიკაშვილი. იმხანად ზურაბ ალავიძის საკუთრება იყო მიწის ნაკვეთი დაბა შეკვეთილში (500 კვ. მ.), საცხოვრებელი ბინა თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში და კომერციული ფართი წერეთლის გამზირზე (200 კვ. მ.); მარინა კვირიკაშვილს კი ეკუთვნოდა საცხოვრებელი ბინა კოსტავას ქუჩაზე (220 კვ. მ.). ამას გარდა, ზურაბ ალავიძეს ჰყავდა 2009 წლის „ტოიოტა კემრი“, მარინა კვირიკაშვილს – 2008 წლის „რენჯ როვერი“.
ზურაბ ალავიძეს ბანკებში სამი ვადიანი დეპოზიტი ჰქონდა გახსნილი, რომლებზეც, შესაბამისად, ერიცხებოდა: 168 000 ლარი, 58 800-58 800 ლარი. ქ-ნ კვირიკაშვილს კი ვადიან დეპოზიტზე –168 000 ლარი, შემნახველზე – 17 000 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში ზურაბ ალავიძეს ნაღდ ფულად 18 000 აშშ დოლარი ჰქონდა. იმხანად ზურაბ ალავიძე სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა: შპს „ბესიკის ბიზნესცენტრის“ დამფუძნებელი და მეოთხედი წილის მფლობელია. ამ საქმიანობამ და „ვი თი ბი ბანკის“ გენერალურმა დირექტორობამ მას 2008 წლის განმავლობაში 228 896 ლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა. ქ-ნმა კვირიკაშვილმა კი, როგორც მეორე სამშობიარო სახლის მიკროპედიატრმა, 9 290 ლარი აიღო.
ზურაბ ალავიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც მთავრობის ადმინისტრაცია პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, 1988 წელს დაბადებული ნინო ჟღენტი და ორი შვილი. რაც შეეხება ქონებას, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ზურაბ ალავიძის საკუთრებაა ბინა თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე (133 კვ.მ.), ბინა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე (83 კვ.მ.), იმავე მისამართზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართები (9,22 და 93,14 კვ. მ.). ნინო ჟღენტს კი ეკუთვნის ბინა ბაკურიანში (71,40 კვ. მ), ბინა თბილისში, გოგებაშვილის შესახვევში (270,80 კვ. მ.), ბინა ვარკეთილში (282, 56 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი მუხრანში (938 კვ. მ.) და ჰყავს ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“.
ზურაბ ალავიძეს საბანკო დეპოზიტებზე ერიცხება: 15 000 აშშ დოლარი, 35 000 აშშ დოლარი, 146 000 ლარი, 25 000 აშშ დოლარი, ანაბარზე კი – 8 000 აშშ დოლარი. ნინო ჟღენტს კი დეპოზიტზე 10 000 აშშ დოლარი ერიცხება. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული მხოლოდ მინისტრს ჰქონდა – 10 000 ევრო და 6 000 ლარი.
სამეწარმეო საქმიანობას მინისტრიც ეწევა და მისი მეუღლეც: ზურაბ ალავიძე არის შპს „ქარავან თბილისის“ პარტნიორი (თუმცა 2015 წელს შპს-ს მისთვის არანაირი შემოსავალი არ მოუტანია), „დარიალი ენერჯის“ დირექტორობით კი 197 414 ლარი მიიღო. ნინო ჟღენტმა, როგორც გურამ თავართქილაძის სასწავლო ცენტრის პატრნიორმა (5-პროცენტიანი წილი) 49 400 ლარი აიღო; როგორ შპს „მეგობრობა-ლენდისა“ და შპს „ზებრა ქიდსის“ პარტნიორმა, არაფერი.
ზურაბ ალავიძემ შემოსავალი ფართის გაქირავებითაც მიიღო: 68 980 ლარი. ნინო ჟღენტმა კი არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის შესრულებაში 30 515 ლარი აიღო.