ვიცი-არ ვიცი #18
ანუ გეხუმრე, არისტოფან!
თუმცა დანარჩენ ცივილიზებულ მსოფლიოში გულის ფანცქალით შეხვდნენ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას, ხოლო დიდ რუსეთში – იმედიანი გულის ძგერით, საბოლოოდ, ფანცქალიც და ძგერაც გაცუდდა.
იმდენადაც კი, რომ ჩრდილოეთით აშშ-ის მისამართით გული ისევ გაუცივდათ, ხოლო, თუ დონალდ ტრამპის მიერ ახლო აღმოსავლეთში გააქტიურებულ სამხედრო ოპერაციებს გავიხსენებთ, დანარჩენებსაც უნდა შეჩერებოდათ გულის ფანცქალი.
უფრო მეტიც, თუკი აშშ-ის აწ უკვე პრეზიდენტი კანდიდატობისას „ნატოს“ მოძველებულ ორგანიზაციად მოიხსენიებდა და ლამის მისი გაუქმების პირობასაც დებდა, სულ ახლახან აღმოჩნდა, რომ „ნატოზე“ მზეც ამოსდის და მთვარეც!
კერძოდ, Associated Press-სთან საუბრისას, აშშ-ის უმაღლესმა მთავარსარდალმა აღიარა (მომყავს ციტატა): „ვულფ ბლიცერს მივეცი ინტერვიუ, სადაც „ნატოს“ მოძველებული ორგანიზაცია ვუწოდე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც „ნატოზე“ კითხვა დამისვეს. მე მხოლოდ ორი სიტყვით ვუპასუხე, რომ „ნატო“ მოძველდა, ვინაიდან მაშინ „ნატოზე” ბევრი რამ არ ვიცოდი. ახლა კი ვიცი.“
უფრო ადრე კი, სახელდობრ, აპრილის დასაწყისში დონალდ ტრამპმა ისიც კი თქვა, რომ „ნატო“ აღარ არის მოძველებული ორგანიზაცია, ვინაიდან „ნატო“ ახლა ტერორიზმს ებრძვის (ვითომ მანამდე ორთაჭალის ბაღში იბრიქებოდა?!)“.
ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, „ნატოს“ ბიუჯეტის 72 პროცენტს კვლავ აშშ შეავსებს, მაგრამ აი, ჩვენ კი (აშშ) 41 პროცენტით შეგვიმცირებს დაფინანსებას, მაგრამ „ვიცი-არ ვიცი“ პათოსი გვაფრთიანებს, რომ იქნებ ხანი გამოხდეს და „ნატოსავით“ ჩვენც მოვუვიდეთ თვალში?! –