მასხარა და ფეხსუსტი #18
დეზერტირებო, მთელი ქვეყნისა, შეერთდით!
რაკი ყველა სოფელს თავისი მასხარა და ფეხსუსტი ჰყავს, როგორც ჩანს, „გირჩმაც“ გადაწყვიტა თავისი ნიშის დაკავება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ხოლო, იმ მარტივი მიზეზით, რომ მასხარების ვაკანსიებიც შევსებულია და ფეხსუსტებისაც, სხვა გზით არჩია წასვლა და ეს ორივე შეითავსა.
ჰოდა, რადგან შეითავსა, ვითომ მარიხუანის საჯარო დათესვასაც არ მოერიდა (თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ ის კაცებიც არ ყოფილან, მართლაც კანაფი დაეთესათ), ანუ კანონის დაღრვევას და არც კანონში ხვრელების ძიებას, რომ ახალგაზრდებს ჯარში სამსახურისგან დააძვრენინოს თავი (ვითომ, მტერი თუ დაგვესევა, ჩემი კალთის უკან დამალვის იმედი აქვთ?!).
„გირჩელების“ მოტივი კიდევ გასაგები იქნებოდა (მასხრობაზე ფეხსუსტობის დამყნობას ლამობენ), რომ არა ახალგაზრდების ნაწილის აღტკინება, ოღონდ იდეზერტირონ და რწმენა-ურწმუნოებასაც კი გაცვლიან ზემოხსენებული პარტიის მიერ შექმნილი სექტის წევრობაზე, რაც, სხვათა შორის, ბადებს რიტორიკულ კითხვას, დებზე დაქორწინების შემთხვევაში რომ ჯარში სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, ვითომ იქორწინებდნენ, მაგალითად, ფორმალურად?!
აქედან გამომდინარე კი, აშკარაა, რომ მარქსის თანამედროვე „გირჩული“ პერიფრაზი ასეთია: დეზერტირებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! –