მზვერავული იაღლიში #18
ერიდე პირუტყვს, განსაკუთრებით – წყალში
თუმცა ჯერჯერობით შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვისკენ დაძრული რუსული სამხედრო ხომალდები უკან არ დაბრუნებულან (აი, ისინი, ჩრდილოელმა რომ ოკეანის გაღმელის მიერ ბაშარ ალ ასადის სამხედრო ბაზის დაბომბვის შემდეგ დაძრა), მაგრამ ბოსფორის სრუტეში ტრაგედია მაინც მოხდა.
კერძოდ, რფ-ის შავი ზღვის ფლოტის მზვერავი ხომალდი „ლიმანი“ თურქეთის სანაპიროსთან (ბოსფორიდან ჩრდილო-დასავლეთით), არც მეტი, არც ნაკლები, ჩაიძირა; ასევე, არც მეტი, არც ნაკლები, თურქულ სატვირთო გემთან შეჯახების შემდეგ.
როგორც თურქული მედია გვაუწყებს, ეკიპაჟის წევრებს თმაც კი არ შერხევიათ ოკუპანტურ თავებზე (მათი ევაკუაცია თურქულმა მხარემ განახორციელა, სულ 78-ნი ყოფილან) და, რაც მთავარია, დასჯახებიან გემს (ტოგოს დროშით მოცურავეს), რომელსაც პირუტყვი გადაჰყავდა (შეჯახების მიზეზად უამინდობას ასახელებენ).
აქვე გეტყვით, რომ „ლიმანი“ პოლონეთში დაუმზადებიათ, წყალში 1970-ში ჩაუშვიათ, ხოლო ბოლო განახლება მისთვის 1989 წელს ჩაუტარებიათ. აქედან გამომდინარე კი, ისიც გასაკვირია, თავისით რომ არ ჩაიძირა.
იმას გარდა, რომ, როგორც ჩანს, თვით მზვერავი გემებისთვისაც კი აქტუალური ყოფილა შეგონება: ერიდეთ პირუტყვებს, განსაკუთრებით, ბოსფორის მიდამოებში?! –