ტკბილმოუბარი და გაბღენძილები #18
თვალს გავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ
მაშინ, როდესაც მტერიცა და მოყვარეც კბილებს გვიღრჭიალებს (თითქოს ჩვენი მორევა დიდ ვაჟკაცობაში ეთვლებოდეთ), საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი რიჩარდ ნორლანდი ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს გვილოცავს.
თან, ისე ლაზათიანად, რომ ჩვენი დიდი შოთა ფრიად მოუწონებდა ტკბილმოუბრობას.
მომყავს ციტატა მილოცვის ტექსტიდან: „მე, რიჩარდ ნორლანდი, ვარ ამერიკის ელჩი საქართველოში 2012-2015 წლებში. მსურს, მოგილოცოთ აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე. ამერიკა ძალიან იღბლიანია, რომ ჰყავს საქართველოსნაირი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი კავკასიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში (მე რომ მკითხოთ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი „კავკასიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონია“). თქვენ მიაღწიეთ საოცარ პროგრესს, ამდენი პოლიტიკური და ეკონომიკური დაბრკოლების მიუხედავად.“
ჩვენ, ცხადია, ვიცით, რომ სრულიად დედამიწას გაუმართლა, რაკი ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე, თუმცა ეს მილოცვაც ნათლად ადასტურებს, რა განასხვავებს ჩრდილოეთს (და სამხრეთსაც) დასავლეთისგან (და მერე რა, რომ ენას ძვალი არ აქვს?!).
მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ავყვეთ ელჩის პათოსს, შევიშნოოთ დითირამბები და ჩვენი მხრიდან დავძინოთ: მართლაც, ქუდბედიანი ყოფილა ეს ოხერი აშშ, ჩვენნაირი პარტნიორი რომ ერგო. –